გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210118002522541
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/19753-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე ქე-----------–-------

წარმომადგენელი ხა----------------

მოპასუხე შპს „კ-------------------“

წარმომადგენელი ლო--------------–---–-

დავის საგანი ნოტარიუსის მიერ გაცემული

სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნაა

 

1.1. ნოტარიუს ოთ----–-------–---–ის 2018 წლის 07 ივნისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, საპროცენტო სარგებელი განისაზღვროს 877.65 ლარით, ნაცვლად 2347.08 ლარისა, ხოლო პირგასამტეხლო განისაზღვროს 1075.48 ლარით, ნაცვლად 1814.62 ლარისა.

 

2017 წლის 15 ივლისს ქ------------–------სა და შპს „კ-------------------“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N---------, რომლის საფუძველზეც, მსესხებელმა ქ------------–------მა მიიღო 5490 ლარი, 1080 დღის ვადით, 2020 წლის 21 ივლისამდე, ყოველთვიური 5,83% სარგებლით, რაც წლიურად შეადგენს 69,96%, პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.219%, დღიურად შეადგენს 11.69 ლარს, თვიურად 6,57%.

2018 წლის 07 ივნისს კრედიტორის განცხადების საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი N---------, რომელშიც სესხის ძირითად ოდენობად მითითებულია 5337,94 ლარი, პროცენტი 2347.08 ლარი, პირგასამტეხლო 1814.62 ლარი.

 

მოსარჩელემ სადავოდ გახადა სააღსრულებო ფურცელში მითითებული დავალიანების მოცულობა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში და აღნიშნა, რომ მსესხებელმა ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად გადაიხადა შემდეგი თანხები: 2017 წლის 21 ივლისს -65 ლარი; 21 აგვისტოს - 367.99 ლარი, 22 სექტემბერს - 380 ლარი, 24 ოქტომბერს - 381.19 ლარი, 2018 წლის 21 თებერვალს - 500 ლარი. 2018 წლის 07 ივნისს სააღსრულებო ფურცლის აღებით, მოსარჩელემ შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთის ათვლა უნდა მოხდეს 2018 წლის 21 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე, სამი თვის ვადაში, რაც შეადგენს 877.65 ლარს. ვალდებულების შესრულების ვადისგადაცილების პერიოდი შეადგენს არა 156 დღეს, არამედ 92 დღეს, შესაბამისად, გადაუხდელი ძირი თანხის 5337.94 ლარის 0.219% დღეში შეადგენს 11.69 ლარს, ხოლო გადაცილებულ 92 დღეზე - 1075.48 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა. დაეთანხმა პირგასამტეხლოს შემცირებას 400 ლარით, ამასთან, განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადასახდელი პროცენტის ოდენობა შეადგენს არა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ 2347.08 ლარს, არამედ 2311.98 ლარს. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად მსესხებელს გადახდილი აქვს 1694.18 ლარი. გადახდილი თანხების გადანაწილება კრედიტორის მიერ ხდებოდა სესხის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.12. პუნქტის 2.12.2. ქვეპუნქტით დადგენილი რიგითობით, რომლის მიხედვით, ჯერ იფარება პირგასამტეხლო (არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პროცენტი და ბოლოს ძირი. გადახდილი თანხით 523.73 ლარით დაიფარა პირგასამტეხლო, 1018.39 ლარით პროცენტი და 152.06 ლარით ძირი თანხა. გრაფიკით გათვალისწინებული მესამე გადახდა მსესხებელმა განახორციელა ვადაგადაცილებით, ნაცვლად 21 სექტემბრისა გადაიხადა 22 სექტემბერს. შესაბამისად, დაერიცხა პირგასამტეხლოც 11.92 ლარი, ამ დროისათვის გადასახდელ თანხასთან ერთად. მეოთხე გადახდა ნაცვლად 23 ოქტომბრისა განახორციელა 24 ოქტომბერს. ამ შემთხვევაშიც, გადასახდელ თანხას დაემატა პირგასამტეხლო 11.81 ლარის ოდენობით, რაც გაიქვითა 24 ოქტომბერს გადახდილი 381.19 ლარიდან. ამ გადახდით ძირი თანხა შემცირდა 5337.94 ლარამდე. მეხუთე გადახდა მოსარჩელემ ნაცვლად 2017 წლის 21 ნოემბრისა განახორციელა 2018 წლის 21 თებერვალს, მხოლოდ 500 ლარის ოდენობით, ამ მომენტისათვის მას გადასახდელი ჰქონდა 21 ნოემბრიდან-21 თებერვლამდე ოთხი თვის თანხა, რომელსაც გადაცილებულ 92 დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო 5337.94 ლარის 0.219%, დღეში 11.69 ლარი, 92 დღეზე 1075.48 ლარი. დარიცხულ პირგასამტეხლოს 1075.48 ლარს გამოაკლდა გადახდილი 500 ლარი და გადასახდელად დარჩა 575.48 ლარი, ამის შემდეგ, გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ყოველდღიური პირგასამტეხლო, რამაც ჯამში, შეადგინა 1814.62 ლარი.

 

გადაუხდელ ძირ თანხას 5337.94 ლარს 2017 წლის 23 ოქტომბრის შემდეგ ერიცხებოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი თვეში 5.83 %-ის ოდენობით, დღეში 10.23 ლარის ოდენობით, რამაც 226 დღეზე (სააღსრულებოს ფურცლის გაცემამდე -2018 წლის 07 ივნისამდე პერიოდში) შეადგინა 2311.98 ლარი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 15 ივლისს მოპასუხე შპს “კ-------------------ა“ და ქ------------–------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „კ--------------------“ გასცა სესხი მოსარჩელე ქ------------–------ზე 5490 ლარის ოდენობით, თვეში 5.83% სარგებლის დარიცხვით, 1080 დღის ვადით.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.9 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დარჩენილი ძირი თანხის 0.219% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.07.2017 სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.12. პუნქტის 2.12.2. ქვეპუნქტის მიხედვით, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით იფარება მისი ვალდებულებები გამსესხებლის მიმართ შემდეგი რიგითობით: დარიცხული პირგასამტეხლო; დარიცხული სარგებელი; სესხის ძირითადი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.07.2017 სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.3. 07.06.2018 ნოტარიუს ოთ----–-------–---–ის მიერ შპს „კ-------------------ს“ მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N---------) აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა -5337.94 ლარი, პროცენტი - 2347.08 ლარი, პირგასამტეხლო - 1814.62 ლარი. აღნიშნულის შედეგად, დაიწყო იძულებითი აღსრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი;

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 15 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ქე-----------–-------ს მიერ კრედიტორის შპს „კ-------------------ს“ წინაშე გადასახდელი დავალიანების მოცულობა პროცენტის ნაწილში შეადგენს 2311.98 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში 1814.62 ლარს.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცელს პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში და აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის მიერ 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, გადახდილია ჯამში, 1694.18 ლარი, რითაც სრულად დაიფარა ამ დრომდე გრაფიკით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება. რადგან მსესხებელმა 2018 წლის 21 მარტიდან შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვაც ამ პერიოდიდან, უნდა დაიწყოს და შეწყდეს 2018 წლის 07 ივნისს. (სააღსრულებო ფურცლის გაცემით).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2017 წლის 15 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესასრულებლად გადახდილია 1694.18 ლარი.

 

სესხის ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად მსესხებელს უნდა გადაეხადა 367.91 ლარი, საიდანაც ნაწილით იფარებოდა ძირი თანხა, ნაწილით პროცენტი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ გრაფიკის დარღვევა დაიწყო მესამე გადახდის ვადის გადაცილებიდან, როდესაც ნაცვლად 21 სექტემბრისა გადაიხადა 22 სექტემბერს. შესაბამისად, ამ დროისათვის გადასახდელ თანხასთან ერთად, დაერიცხა პირგასამტეხლოც 11.92 ლარი, მეოთხე გადახდა ნაცვლად 23 ოქტომბრისა განახორციელა 24 ოქტომბერს. ამ შემთხვევაშიც, გადასახდელ თანხას დაემატა პირგასამტეხლო 11.81 ლარის ოდენობით, რაც გაიქვითა 24 ოქტომბერს გადახდილი 381.19 ლარიდან. ამ გადახდით ძირი თანხა შემცირდა 5337.94 ლარამდე. მეხუთე გადახდა მოსარჩელემ ნაცვლად 2017 წლის 21 ნოემბრისა განახორციელა 2018 წლის 21 თებერვალს, ისიც არასრულად 500 ლარის ოდენობით, ამ მომენტისათვის მას გადასახდელი ჰქონდა 21 ნოემბრიდან-21 თებერვლამდე ოთხი თვის თანხა, რომელსაც გადაცილებულ 92 დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო 5337.94 ლარის 0.219%, დღეში 11.69 ლარი, 92 დღეზე 1075.48 ლარი. დარიცხულ პირგასამტეხლოს 1075.48 ლარს გამოაკლდა გადახდილი 500 ლარი და გადასახდელად დარჩა 575.48 ლარი. ამის შემდეგ, გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ყოველდღიური პირგასამტეხლო, რამაც ჯამში, შეადგინა 1814.62 ლარი.

 

ამდენად, გადახდილი თანხების გადანაწილება კრედიტორის მიერ ხდებოდა სესხის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.12. პუნქტის 2.12.2. ქვეპუნქტით დადგენილი რიგითობით, რომლის მიხედვით, ჯერ იფარება პირგასამტეხლო (არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პროცენტი და ბოლოს ძირი. ჯამში, გადახდილი თანხით 523.73 ლარით დაიფარა პირგასამტეხლო, 1018.39 ლარით - პროცენტი და 152.06 ლარით - ძირი თანხა.

 

გადაუხდელ ძირ თანხას 5337.94 ლარს 2017 წლის 23 ოქტომბრის შემდეგ ერიცხებოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი თვეში 5.83 %-ის ოდენობით, დღეში 10.23 ლარის ოდენობით, რამაც 226 დღეზე (სააღსრულებოს ფურცლის გაცემამდე -2018 წლის 07 ივნისამდე პერიოდში) შეადგინა არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული 2347.08 ლარი, არამედ, 2311.98 ლარი. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოპასუხე შპს „კ-------------------ს“ წარმომადგენელმა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ქე-----------–-------ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, ქ------------–------სა და შპს „კ-------------------“ შორის ვალდებულება ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა მოსარჩელეზე გასცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებელს ეკისრებოდა შეთანხმებულ ვადებში, სესხის თანხის მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად დაბრუნების ვალდებულება. მსესხებელმა დაარღვია სესხის თანხის გადახდის გრაფიკით შეთანხმებული ვადები და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის 2018 წლის 07 ივნისისათვის გამსესხებლისათვის დასაბრუნებელი ჰქონდა ძირი თანხა 5337.94 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამ ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარეობს, რომ სარგებლის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

სესხის ხელშეკრულებით ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 5.83%-ს, რომელიც დაანგარიშდება სესხის ძირითადი თანხის მიმდინარე ვალდებულებიდან. როგორც 3.2.1. პუნქტით დადგინდა, გადაუხდელ ძირ თანხას პროცენტის სახით, სესხის გაცემიდან 2018 წლის 07 ივნისამდე პერიოდში, ერიცხებოდა სარგებელი, რამაც მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის გამოკლებით, შეადგინა 2311.98 ლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა. პირგასამტეხლოს ნაწილში, მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მოცულობას ვალდებულების შესრულების ვადის მხოლოდ 92 დღით გადაცილების გამო. სასამართლომ 3.2.1. პუნქტით დადგენილად ჩათვალა ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 21 ნოემბრიდან დაირღვა გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება მსესხებლის მიერ, საიდანაც დაიწყო ვადაგადაცილების ვადის ათვლა, 2018 წლის 21 თებერვალს გადახდილი 500 ლარით, დაიფარა ამ დროისათვის დარიცხული პირგასამტეხლო და დარჩენილ გადაუხდელ პირგასამტეხლოს 575.48 ლარს ემატებოდა, 2018 წლის 21 თებერვლის შემდეგ, 2018 წლის 07 ივნისამდე, გადაუხდელ ძირ თანხაზე ყოველდღიური პირგასამტეხლო, 11.69 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს მოცულობა 1814.62 ლარის ოდენობით, შეესაბამება, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

მოპასუხე შპს „კ-------------------ს“ წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და დაეთანხმა პირგასამტეხლოს მოცულობის შემცირებას 400 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

"ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი და მეორე მუხლების თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით; ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს; გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ; დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ე) განმცხადებლის ხელმოწერას. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.

 

მითითებული ნორმა ცხადყოფს, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა ხდება, როგორც წესი, კრედიტორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, სწორედ კრედიტორია პასუხისმგებელი ინფორმაციის სანდოობასა და სარწმუნოებაზე, რაც ასევე გამომდინარეობს უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებიდანაც.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო თვლის რომ 2017 წლის 15 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 07 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ფასია 2208.57 ლარი, რადგან მოსარჩელე ითხოვს პროცენტის ნაწილში, მისი დავალიანება შემცირდეს 1469.43 ლარით, პირგასამტეხლოს ნაწილში - 739.14 ლარით. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, მოსარჩელეს წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 290 ლარი. აქედან გამომდინარე, 240 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 435,1 ლარის ნაწილში, (400 ლარით შემცირდა პირგასამტეხლო, 35.1 ლარით -პროცენტი), რადგან სასამართლომ ამ თანხით, შეამცირა კრედიტორის მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ. აქედან გამომდინარე, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 19.70%. ამ ნაწილში, მოპასუხემ ცნო მოთხოვნა, აქედან 35.1 ლარით პროცენტის შემცირების მოთხოვნა ცნო მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნიდან სარჩელის ცნობის გამო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 18.91%, რაც შეადგენს 9.45 ლარს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დარჩენილი 0.79 %-ის (19.70-18.91) პროპორციულად - 0.39 თეთრის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქე-----------–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ოთ----–-------–---–ის 2018 წლის 07 ივნისის სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N---------), ქე-----------–-------ს მიერ კრედიტორის შპს „კ-------------------ს“ სასარგებლოდ გადასახდელი დავალიანების მოცულობიდან პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში და გადახდელი თანხის ოდენობა პროცენტის ნაწილში განისაზღვროს: 2311.98 ლარით, პირგასამტეხლოს ნაწილში - 1414.62 ლარით.

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „კ-------------------“ მოსარჩელე ქე-----------–-------ს სასარგებლოდ 0,39 თეთრის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

2.1.დაუბრუნდეს მოსარჩელე ქ------------–------ს ხა----------------ს მიერ, მის სარჩელზე, 2018 წლის 26 ივნისის N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 290 ლარიდან 249.45 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

მოსამართლე მაკა ჭედია