გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210019002828362
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1596-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.03.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი: სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე: დ-------------–---–ი, მ-----------–---–ი

წარმომადგენელი: ა------------ე

მოპასუხე: შპს ,,ა-–-------------–------------–------ა’’

წარმომადგენელი: ა-----–---------ე

დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე შპს ,,ა-–-------------–------------–------ას’’ 2015 წლის 10 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, მოსარჩელეების დ-------------–---–ისა და მ-----------–---–ის მიმართ შემდეგი ფორმით:

,,ა---–---–---–ის საქმეში პ---–-–---–ი ბ------–---–ის მეუღლის ჩვენებაც დევს ქალბატონი წერს, რომ გარდაცვლილი მას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად კი ეჭვიანობა სახელდება” - არ შეესაბამება სიმართლეს.

“მკვლელობის ღამეს დაკავებული პ---–-–---–ი დ-------------–---–ი, ის ახლაც პ---–-–-ის ერთ-ერთ ს-----------–--ში მუშაობს’’ - არ შეესაბამება სიმართლეს.

1.2. დაეკისროს მოპასუხეს, შპს ,,ა-–-------------–------------–------ას’’ მოსარჩელეთა დ-------------–---–ისა და მ-----------–---–ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

(სასარჩელო მოთხოვნა თანხის ნაწილში შემცირდა 2019 წლის 21 თებერვალს, შუამდგომლობის საფუძველზე; იხ ტ. 2. ს.ფ. 7)

სარჩელის საფუძვლები

 

შპს ,,ა-–-------------–------------–------ამ’’ 2015 წლის 10 თებერვალს ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა მოსარჩელეების პირადი ცხოვრების, პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები, კერძოდ:

 

გადაცემის ფრაგმენტი (03:25 წუთიდან 03:45 წუთამდე) ,,ა---–---–---–ის საქმეში პ---–-–---–ი ბ------–---–ის მეუღლის ჩვენებაც დევს ქალბატონი წერს, რომ გარდაცვლილი მას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად კი ეჭვიანობა სახელდება“.

 

გადაცემის ფრაგმენტი (02:54 წუთიდან 03:00 წუთამდე) ,,მკვლელობის ღამეს დაკავებული პ---–-–---–ი დ-------------–---–ი, ის ახლაც პ---–-–-ის ერთ-ერთ ს-----------–--ში მუშაობს’’

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის ქმედება წარმოადგენს არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ საჯაროდ დ-------------–---–ისა და მ-----------–---–ის ცილისწამებას.

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნობს;

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

მოპასუხის განმარტებით შპს ,,ა-–-------------–------------–------ა’’ ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, შესაბამისად მის მიერ მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. ამავე დროს, მოპასუხე იურიდიული პირი მართალია არსებობს, თუმცა არარ ხორციელდება ინტერნეტ ტელევიზიის მაუწყებლობა, შესაბამისად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. მოპასუხე ასევე უთითებს სასარჩელო ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ა-–-------------–------------–------ამ’’ 2015 წლის 10 თებერვალს ინტერნეტ სივრცეში გაავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

გადაცემის ფრაგმენტი (03:25 წუთიდან 03:45 წუთამდე) ,,ა---–---–---–ის საქმეში პ---–-–---–ი ბ------–---–ის მეუღლის ჩვენებაც დევს. ქალბატონი წერს, რომ გარდაცვლილი მას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად კი ეჭვიანობა სახელდება“;

 

გადაცემის ფრაგმენტი (02:54 წუთიდან 03:00 წუთამდე) ,,მკვლელობის ღამეს დაკავებული პ---–-–---–ი დ-------------–---–ი, ის ახლაც პ---–-–-ის ერთ-ერთ ს-----------–--ში’’.

 

სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დაადასურა, რომ გავრცელებული ინფორმაციები და მათში მოხსენიებული გარემოებანი სომართლეა: მისი განმარტებით, ა---–---–---–ის საქმეში მართლაც დევს მ-----------–---–ის ჩვენება, ასევე ადგილი ჰქონდა სმს-ების ეიზოდსაც; ასევე ამ საქმეზე მართლაც დააკავეს დ-------------–---–ი და გადაცემის გასვლის მომენტისათვის ის გახლდათ პ---–-–-ის თანამშრომელი.

 

- იხ. კომპაქტ-დისკი (ს.ფ. 65);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.2. უდავოა, რომ შპს ,,ა-–-------------–------------–------ა’’ აღარ მაუწყებლობს.

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მნიშვნელოვანი ხასიათის სადავო გარემოებაა სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობა. სასამართლო თვლის რომ სარჩელი ხანდაზმულია. მსჯელობას აღნიშნულის შესახებ შემოგთავაზებთ სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სამართალწარმოებაში წარმოჩენილი ღირებულებათა კონფლიქტი (პრესის გამოხატვის თავისუფლება, პატივის და ღირსების წინააღმდეგ) აუცილებლად პრესის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, რაც თავის მხრივ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი;

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW): CASTELS VS. SPAIN; HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; LINGENS VS AUSTRIA; AUTRONIC AG VS SWITZERLAND; STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM; GORELISHVILI VS GEORGIA; JERSILD VS DENMARK; OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM; SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM; MALONE VS THE UNITED KONGDOM; WINGROWE VS THE UNITED KONGDOM; CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA; KYPRIANOU VS CYPRUS; PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK; RADIO FRANCE VS FRANCE; SUNDAY TIMES VS THE UNITED KINGDOM; HRICO VS SLOVAKIA; BARFORD VS DANMARK; FRESSOZ AND ROIRE VS FRANCE; BERGENS TIDENDE AND OTHERS VS NORVAY; MCVICAR VS THE UNITED KINGDOM; ALVES COSTA VS PORTUGAL; OTTO PREMINGER INSTITUT VS AUSTRIA; BLADET TROMSO AND STENSAAS VS NORWAY; DICHAND AND OTHERS VS AUSTRIA; JANOWSKI VS POLAND; BUSUIOC VS MOLDOVA; MULLER AND OTHER VS SWITZERLAND; WHITE VS SWEDEN; THOMA VS LUXEMBURG;

წინამდებარე სამართალწარმოებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის გადაწყვეტილება საქმეზე PETRENCO v. MODLOVA (2010 წლის 30 მარტი).

 

საქართველოს კონსტიტუცია;

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას;

 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.

 

ძნელია არ დაეთანხმო სხვადასხვა მეცნიერთა მიერ განვითარებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ „გამოხატვის“ მოთხოვნილება იმანენტურად ახასიათებს ადამიანს, როგორც მოაზროვნე არსებას. იგი განპირობებულია იმით, რომ გონება ადამიანის ბუნებრივი მონაპოვარია, ხოლო შემეცნების შესაძლებლობა - ამ გონების განუყოფელი ატრიბუტი. სწორედ აქედან წარმოდგება ადამიანის ბუნებითი უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, რომელსაც მას გონება კარნახობს ჭეშმარიტების სახით (თუნდაც ის ცდებოდეს). გამოხატვის თავისუფლება, როგორც საჯარო ინტერესის მიღწევის საშუალება, ნათლად დაასაბუთა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ - უენდელ ჰოლმსმა. მან შექმნა მეტაფორა - „იდეათა თავისუფალი ბაზარი“. ჰოლმსი, ყველაზე უფრო გააფთრებული და მცდარი შეხედულებების გამოთქმის დასჯადობის წინააღმდეგ გამოდიოდა.

 

მეორეს მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას, მისი ონტოლოგიური ბუნების გამო, სხვა ინტერესებში და უფლებებში შეჭრის დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც თავისთავად გამორიცხავს მის „აბსოლუტურ“ და თუნდაც სავსებით შეუზღუდავ ბუნებას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აღვნიშნეთ გამოხატვის თავისუფლება ერთდროულად ორმაგი ბუნებისა და ღირებულების მატარებელია და ის სხვა ძირითადი უფლებების რეალიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია, თავისთავად უკიდურესად რთულდება მისი შეზღუდვის, მასში ჩარევის გამართლების ლეგიტიმური გზების მოძებნა და გამოყენება. ამიტომაც, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა თავისთავად გულისხმობს რეალური, ჯანსაღი თავისუფლების დამკვიდრებას, რომელსაც არ ახლავს შიშის გრძნობა და ერთგვარი მოლოდინი იმისა, რომ გამოხატული შეხედულების გამო ადამიანი შეიძლება დაექვემდებაროს რეპრესიას, დევნას, შევიწროებას. ანდა ამან დააბრკოლოს მისი პროფესიული წინსვლა თუ კარიერული წარმატება.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ამ საერთაშორისო ხასიათის მქონე სამართლის წყაროს მე-19 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას გააჩნდეს საკუთარი აზრი ჩარევის გარეშე, აგრეთვე, თავისუფლებას, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი მედიის საშუალებით და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი ასევე შეიცავს აზრის, ინფორმაციის, იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების უსაზღვრო თავისუფლებას და მხოლო ვიწროდ განსაზღვრულ და კონკრეტულ პირობებში მიიჩნევს დასაშვებად ამ თითქმის უკიდეგანო თავისუფლების შეზღუდვას (სხვათა უფლებების დასაცავად და სხვა).

 

შესაბამისად, სასამართლომ ყოველ მოცემულ შემთხვევაში ძალიან ყურადღებით უნდა დაადგინოს ადგილი გვაქვს გამოხატვის თავისუფლებასთან, თუ პირის პატივისა და ღირსების შელახვასთან.

 

აუცილებელია აღინიშნოს, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის პატივისა და ღირსების შესაბამისი დაცვა, უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებები: 1. პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა; 2. პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელება; 3. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა;

 

აქვე ვახსენოთ, ”სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ,,ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს, ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას’’.

 

”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, კერძო პირის მიმართ ”დასაშვები კრიტიკის” ფარგლები მეტად ვიწროა. ამ ნორმის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ კერძო პირებს;

 

მოცემულ შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რომ მოპასუხე კომპანიას წარმოადგენს შპს ,,ა-–-------------–------------–------ას’’, რომელმაც ინტერნეტ მედიის საშუალებით გაავრცელა მოსარჩელებთან მიმართებით გარკვეული ინფორმაცია, რომლის შეჯერების საფუძველზე სახეზე გვაქვს შემდეგი სახის მოცემულობა. ერთ-ერთ სისხლის სამართლებრივ საქმეში (ე.წ ა---–---–---–ის საქმე) მოიპოვება მ-----------–---–ის ჩვენება, სადაც ქალბატონი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი, ა---–---–---–ი მას უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ასევე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებული გახლდათ ეჭვიანობა, ასევე ირკვევა, რომ დ-------------–---–ი მკვლელობის ღამეს დააკავეს აღნიშნულ საქმესთან მიმართებით, ხოლო შემდგომ გამოუშვეს და კვლავ განაგრძო პ---–-–-ის ერთ-ერთ ს-----------–--ში მუშაობა.

 

სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები ითხოვენ მათი პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით გავრცელებული ცნობების უარყოფას, აუცილებელია სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნეს ზემოთ ხსენებული სამი კრიტერიუმი, კერძოდ სახეზეა თუ არა 1. პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა; 2. პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელება; 3. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა;

 

მოცემულ საქმესთან მიმართებით, ცალსახაა, რომ მოპასუხის მიერ ნამდვილად მოხდა გარკვეული ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ რამდენად გახლდათ მოცემული ინფორმაცია ცილისმწამლებლური, შეიცავდა თუ არა ცრუ ცნობებს, რის გამოც მოსარჩელეებს შეელახათ პატივი და ღირსება, შეფასების საგანს წარმოადგენს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებმა (წარმომადგენელმა) საქმის მიმდინარეობისას აღნიშნეს, რომ ა---–---–---–ის საქმეში ნამდვილად დევს მ-----------–---–ის ჩვენება, სადაც ის ადასტურებს, რომ გარდაცვლილი მას უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, აღნიშნულს სასამრთლო ვერ მიიჩნევს ცრუ ფაქტების შემცველ ინფორმაციად, ასევე მოსარჩელეების მიერ აღიარებულ იქნა ის გარემოებაც, რომ მკვლელობის ღამეს ნამდვილად დააკავეს დ-------------–---–ი, ასევე დაკავების შემდგომ, როდესაც მოხდა დ-------------–---–ის განთავისუფლება მან კვლავ განაგრძო პ---–-–-ის ერთ-ერთ ს-----------–--ში მუშაობა შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოხდა დადგენილ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება. ანუ სახეზე არ გვაქვს არც ერთი ინფორმაცია, რომელიც ემყარება ცრუ გარემოებებს, რომ სასამართლოს შექმნოდა განცდა, რომ ნამდვილად მოხდა მოსარჩელეთა პატივისა და ღირსების შელახვა.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონიც ხომ ცილისწამების განმარტებას შემდეგნაირად ახდენა: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი......;

 

უზენაესის სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ,,ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. ამდენად, მოსარჩელემ, უპირველესად, სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ფაქტები, ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება“. ამავე გადაწყვეტილებით პალატა აღნიშნავს, რომ აუცილებელია მოხდეს მიჯნა ფაქტებსა და შეფასებით მსჯელობას (აზრს) შორის, ვინაიდან ,, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია“. (№ას-1278-1298-2011).

 

შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელის გავრცელებაც მოხდა მედია საშუალებების მიერ და შეესაბამება სიმართლეს არ შეიძლება მიჩნეულს იქნეს პირის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებად. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ მედია საშუალებები არის გზა საზოგადოების ინფორმირების. დაუშვებელია მოხდეს მედის თავისუფლების შეზღუდვა, როცა ის მოქმედებს კანონის დაცვით და სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

 

საბოლოოდ, ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორი განაპირობებს გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა უფლებათა შორის ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანად გადაწყვეტის შედეგებს და იმის გააზრებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა სახეზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება. ღირებულებათა ეს კონფლიქტი, თავისი ბუნებით გარკვეულწილად ერთ-ერთი ცნობილი ქართული ნაწარმოებიდან ამოღებულ ფრაზას გავს - „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“;

 

ყოველი ზემოაღნიშნული მსჯელობა და მათში გაკეთებული დასკვნები, თავისთავად განაპირობებს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ლეგალურ საფუძვლებს.

 

სასამართლოს ასევე სურს აღნიშნოს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას, მოპასუხე კომპანიას შეწყვეტილი აქვს საქმიანობა. მართალია იურიდიული პირთა რეესტრში შესაძლებელია მოპასუხე კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, თუმცა რეალურად ინტერნეტ ტელევიზიამ შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ პირობებში, სასამართლოს თუნდაც მოეღო სარჩელის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მაინც ვერ მოხდებოდა მისი რეალური აღსრულება, ვინაიდან მოპასუხე კომპანია შპს ,,ა-–-------------–------------–------ა’’ ვერ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას იმავე გზით რა გზითაც მოხდა სადავო ცნობების გავრცელება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოპასუხე კომპანია დღეის მდგომარეობით, როგორც აღვნიშნეთ აღარ არსებობს.

სასურველია მცირე ყურადღება დაეთმოს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებას: მოპასუხემ უარყოს....; საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, დადგენილია, რომ მოთხოვნის ასეთი ფორმულირება არ შეესაბამება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის რეგულაციას და ამიტომაც ასეთი მოთხოვნა უპერსპექტივოა (იხ. სუსგ. Nას-1084-1034-2014; ასევე Nას-677-638-2011; ასევე Nას-334-654-09);

 

6.1.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმასაც, ვინაიდან მხოლოდ იმ პირობებში შეგვეძლო გვესაუბრა მორალური ზიანზე, როდესაც სასამართლო მიიჩნევდა, რომ ნამდვილად მოხდა პირთა პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მოცემულ პირობებში სახეზე არ გვაქვს.

 

6.1.3. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე შესაგებელში უთითებდა სარჩელის ხანდაზმულების შესახებ და აღნიშნავდა, რომ მოცემული სადავო ინფორმაციის გავრცელება მოხდა 2015 წლის 10 თებერვალს, შესაბამისად მოსარჩელეს ქონდა კანონით დადგენილი 100 დღიანი სარჩeლის წარდგენის ვადა (სსკ-ს მე-19 მუხლი), თუმცა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი სარჩელი, რომელიც სასამართლოს მიერ იქნა წარმოებაში მიღებული თარიღდება 2016 წლის 15 ივნისით და მიუხედავად იმისა, რომ პირელი სარჩელი მხარემ წარადგინა სასმართლოში 2015 წლის 04 მაისს, აღნიშნული მაინც უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულად. მოცემული მოსაზრების დასამტკიცებლად მოპასუხე მხარე იშველიებს სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140-ე მულებს და განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება სასამართლოში სარჩელის წარდგენით, რაც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოს კანცელარიაში სარჩელის რეგისტრაციას, არამედ მის წარმოებაში მიღებას.

 

სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მოცემული სასარჩელო მოთხოვნა ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ ხანდაზმულად, ვინაიდან, ,,ხანდაზმულობის ვადას წყვეტს უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი განცხადება ან სარჩელი, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს, ხოლო თუ სასამართლო უფლებამოსილი პირის განცხადებას ან სარჩელს არ მიიღებს წარმოებაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება“. (საქმის №: ას-493-467-2015).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 600 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ხოლო, დანარჩენი 2400 ლარი (იის გათვალისწინებით, რომ მმოხდა სასარჩელო მოთხოვნის შემცირება, წარმოადგენს ზედმეტად გადახდილ თანხას) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეებს.

 

ასევე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვერ ანაზღაურდება მოსარჩელეთა ხარჯი ადვოკატის დახმარებისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მ-----------–---–ს და დ-------------–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

3. დ-------------–---–ს და მ-----------–---–ს უკან დაუბრუნდეთ, 04/05/2015 წელს, დ-------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის (3000 ლარის) ნაწილი _ 2400 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღები ბანკი/ხაზინა: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: TRESGE22; საგადახადო დავალება №1.

4. დ-------------–---–ს და მ-----------–---–ს უარი ეთქვათ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი