გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-9-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.04.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე - გ------- დ----------ი,მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი,წარმომადგენელი - პ----- ც------–--ე,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 2-----------ის №0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც გადამოწმების შემდეგ ცვლილება შევა მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულაში და ვიზიტის ხელახალი განხორციელებისას რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდება ახალი ქულის მინიჭება. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გაუცემელი თანხის ანაზღაურება.
მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 4 ოქტომბერს გარდაეცვალა დედა, რის შემდგომაც ითხოვა ვიზიტის განხორციელება ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ დემოგრაფიული ცვლილებების გამო, ვიზიტი განხორციელდა 2018 წლის 30 ოქტომბერს და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულამ აღნიშნული გადამოწმების შემდგომ შეადგინა 6----, რაც ითვალისწინებს ფულად სოციალურ დახმარებას 30 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ 20 დეკემბერს კვლავ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი ვიზიტის განხორციელების მიზნით, იმ საფუძვლით, რომ მინიჭებული ქულა შეუსაბამო იყო მის მდგომარეობასთან, რაზედაც ეთქვა უარი. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, C------------------------–ი, მეორე ჯგუფის პენსიონერი, მიღებული აქვს სხეულის მძიმე დაზიანებები ციხეში სასჯელის მოხდისას. პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია და სარეიტინგო ქულით განსაზღვრული სოციალური დახმარება 30 ლარი არ შეესაბამება მის რეალური ფინანსურ მდგომარეობასა და საჭიროებებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ოჯახის მიერ მიწოდებული მონაცმების საფუძველზე შეივსო დეკლარაცია, რაც დამოწმებულია უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. დეკლარაცია დამუშავდა და ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად არ არსებობს სარეიტინგო ქულის შეცვლის საფუძველი. რაც შეეხება ოჯახის განმეორებით შეფასებას შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 მაისიდან გ------- დ----------ის და დედა მ-----–- დ----------ის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა სარეიტინგო ქულა 12130 და მათი შემწეობა განსაზღვრული იყო 60-60 ლარით. 2018 წლის 04 ოქტომბერს დედა მ-----–- დ----------ი გარდაიცვალა, დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილების გამო მოსარჩელემ მიმართა სოციალურ სამსახურს და განმეორებითი შეფასების შემდგომ სარეიტინგო ქულა გახდა 60 220.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-ამონაწერ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს. ფ. 17)
-განცხადება (ს. ფ. 51)
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 04 აპრილის სხდომის ოქმი 16:11:15)
-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2019 წლის 04 აპრილის სხდომის ოქმი 16:20:26)
3.1.2. 2018 წლის 26 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა გ------- დ----------მა და ითხოვა 2018 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილი დეკლარაციის გადახედვა, რათა სწორად მოხდეს სარეიტინგო ქულის მინიჭება, რაზედაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 2-----------ის №0--------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 29 ნოემბრიდან. ასევე განემარტა, რომ ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა, ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-განცხადება (ს. ფ. 51-52)
-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 2-----------ის №0--------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 25-26);
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ მოსარჩელის დედის გარდაცვალება მოახდენდა თუ არა გავლენას სარეიტინგო ქულის შემცირება-გაზრდაზე; მოპასუხემ როგორც საჩივარი არ განიხილა მოსარჩელის 2018 წლის 2-------------- განცხადება, ასევე არ გაეწია სამართლებრივი დახმარება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, არ შეუმოწმებია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია, კერძოდ შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ 2017 წლის 26 მაისის მდგომარეობით მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 12 130, ხოლო 2018 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით 41 160 ქულას და მისი შემწეობის ოდენობა განსაზღვრული იყო 120 ლარით, ოჯახის თითოეულ წევრზე 60-60 ლარით. გაურკვეველია მოსარჩელის დედის გარდაცვალების შემდგომ 2018 წლის 30 ოქტომბერს შესვებული დეკლარაციის საფუძველზე, 29 ნოემბერს როგორ მიენიჭა მოსარჩელეს სარეიტინგო ქულა 6----. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი; ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება; ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება;
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 2-----------ის №0--------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესსაბამისად, კი განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. აღნიშნული ასევე განმტკიცებულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესით, რომლის მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ წარმოდგენილა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ისე გაუმჯობესდა რამაც სარეიტინგო ქულის გაზრდა გამოიწვია.
სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში, განმარტავს, რომ საქართველოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში გადამოწმების გზით. ამასთან, „ოჯახის დეკლარაციის" შევსებისა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრას შორის არსებული დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს უშუალოდ სარეიტინგო ქულის მინიჭების დროს არსებული ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული უკანასკნელი საჯარო ინფორმაციები და სარეიტინგო ქულის განსაზღვრა სწორედ ამგვარ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოახდინოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია გ------- დ----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები. ამასთან დადგენილია, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს შედგენილი დეკლარაციის საფუძველზე მოსარჩელეს 2018 წლის 29 სექტემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 41 160, თუმცა დედის გარდაცვალების შემდგომ 2018 წლის 30 ოქტომბერს შესვებული დეკლარაციის საფუძველზე, 29 ნოემბერს მიენიჭა 60 220 მოქმედი სარეიტინგო ქულა. განსახილველ შემთხვევაში გაურკვეველია რამ გამოიწვია სარეიტინგო ქულის ასეთი ცვლილება. მით უმეტეს, რომ არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობის ცვლილების ამსახველი რაიმე მტკიცებულება და მხოლოდ ოჯახის წევრის გარდაცვალებამ როგორ გამოიწვია სარეიტინგო ქულის ისეთი გაზრდა, რამაც შემწეობის განახევრება გამოიწვია. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა გ------- დ----------მა და ითხოვა 2018 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილი დეკლარაციის გადახედვა, რათა სწორად მოხდეს სარეიტინგო ქულის მინიჭება, რაზედაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 2-----------ის №0--------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 29 ნოემბრიდან. სასამართლო განმატავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის 178-ე მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემითანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი; ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტის შემოღების მთავარ მიზანს წარმოადგენს პირის უფლებრივი მდგომარეობის სწრაფი და ეფექტური აღდგენა გადაწყვეტილების მართლზომიერების შიდაუწყებრივი შემოწმების გზით, რაც შესაძლებელს ხდის ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღებას, ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის გადამოწმებას და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებას სასამართლო პროცედურების თავიდან აცილების გზით. ამდენად, ადმინისტრაციული საჩივრის მთავარი დანიშნულებაა, დამატებითი სასამართლო დანახარჯების გარეშე გამოვლინდეს და დადგინდეს პირის მოთხოვნის მართლზომიერება. გ------- დ----------ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში შეტანილი განცხადება მართალია არ შეიცავს პირდაპირ მოთხოვნას შეფასების გაუქმების თაობაზე, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი განცხადება პასუხობს მისთვის წაყენებულ მთავარ მოთხოვნებს - საჩივრის მიზანს - საკითხზე იმსჯელოს ზემდგომმა თანამდებობის პირმა და გადაამოწმოს ქვემდგომი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს მოსარჩელესთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა გაეწია სამართლებრივი დახმარება. იმ შემთხვევაში თუ მიაჩნდა რომ აღნიშნული განცხადება არ წარმოადგენდა საჩივარს უნდა მიეთითებინა მოსარჩელესთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. მით უმეტეს, მოსარჩელე განცხადებაში თავადვე მიუთითებს კანონის მოთხოვნის შესახებ წლის განმავლობაში განმეორებით ოჯახის შეფასების შეუძლებლობის შესახებ და კატეგორიულად ითხოვსდეკლარაციის გადახედვასა და სარეიტინგო ქულის მინიჭების გადამოწმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. Aამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 2-----------ის №0--------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 29 ნოემბრიდან. ასევე განემარტა, რომ ოჯახის ვამამდელი გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა, ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო. სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ მოსარჩელის დედის გარდაცვალება მოახდენდა თუ არა გავლენას სარეიტინგო ქულის შემცირება-გაზრდაზე, განეხილა მოსარჩელის 2018 წლის 2-------------- განცხადება თავისი შინაარსიდან გამომდინარე, როგორც საჩივარი, ასევე გაეწია სამართლებრივი დახმარება. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა და თანხის ანაზღაურება, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. 8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. განსახილველ შემთხევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- დ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 2-----------ის №0--------- გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი