გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/8169-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ჩუ--------------ი
წარმომადგენელი - ლუ----------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლა------------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება ჩუ--------------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე
1.2. დაევალოს მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განახორციელოს ჩუ--------------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ჩუ--------------ი საქართველოში შემოვიდა 2--0--2----–--–----------------- სასაზღვრო გამშვებ პუნქტ - თბილისის აეროპორტის საშუალებით (TBILISI_AIRPORT).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაცია (ს.ფ. 99)
3.1.2 საქმეში არსებული მტკიცებულებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 ივნისის N---------- გადაწყვეტილებით ჩუ--------------ის მიენიჭა შრომითი ბინადრობის მოწმობა 2016 წლის 22 ივნისიდან 2017 წლის პირველ მაისამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 12 აპრილის N---------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 1 მარტამდე, ხოლო ამავე ორგანოს 2018 წლის 02 თებერვლის N---------- გადაწყვეტილებით ჩუ--------------ის გაუგრძელდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა 2019 წლის 3 (სამ) იანვრამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 ივნისის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 84-85);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 12 აპრილის N---------- გადაწყვეტილება (ს. ფ. 86-87);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 88-89)
3.1.3. 2018 წლის 27 ნოემბერს ჩუ--------------იმ (CH--------------Y დაბ: 3-.1--1---–-- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო განვითარების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის გაცემა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მას (ჩუ--------------ის) დაევალა ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე ”საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით“ დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 29.11.2018 წლის №1---------/7 გადაწყვეტილება გამოქვეყნდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე.
ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციისას ჩუ--------------ის გადაეცა სამახსოვრო ბარათი, რომელშიც მითითებულია ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული დაინტერესებული პირის უფლება-მოვალეობები. სამახსოვრო ბარათში არსებული ინფორმაციის მიღება ჩუ--------------იმ დაადასტურა ხელმოწერით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ჩუ--------------ის განცხადება (ს.ფ. 116-119);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის №1---------/07 გადაწყვეტილება (ს.ფ 83);
- ჩუ--------------ის პასპორტი (ს.ფ 104);
-მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის წერილი (ს.ფ. 82);
- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 90-91).
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში 2018 წლის 29 ნოემბრის №1---------/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა ჩუ--------------ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის №1---------/1 წერილი (ს.ფ. 103).
3.1.6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 24 დეკემბრის S---------------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ჩუ--------------ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 24 დეკემბრის S---------------- წერილი (ს.ფ. 102).
3.1.7. საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ჩუ--------------იმ განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია არ წარადგინა, (,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული სააგენტოსათვის მიმართვის მომენტისათვის დარჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის 40 (ორმოცი) კალენდარული დღის დამადასტურებელი დოკუმენტი), ამის გამო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 16 ივლისის №----- ბრძანების თანახმად სააგენტომ, 2018 წლის 17 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებით განუხილველად დატოვა 2018 წლის 27 ნოემბრის №1--------- განცხადება, ჩუ--------------ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 80-81).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩუ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩუ--------------ის განცხადება საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე. ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
6.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს ჩუ--------------ის განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ჩუ--------------ის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ასევე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის და „მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ჩუ--------------ის დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარმოდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2018 წლის 07 დეკემბრამდე.
განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge -ზე განთავსება.
კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობის წესი და ის პროცედურები, რომლებიც ემსახურება მხარის ინფორმირებას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა შესაბამისი განაცხადის ფორმის წარდგენის შემდგომ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღო სამახსოვრო ბარათი, რომლის თანახმადაც მას ეცნობა გადაწყვეტილების გაცნობის წესი და მისი გამოქვეყნების პროცედურა, რის შემდგომაც განმცხადებელს შეეძლო თვალყური ედევნებინა მისი განცხადების განხილვის მიმდინარეობისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ განცხადების ჩაბარების ეტაპზე განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იბარებს მისთვის წარდგენილ განაცხადსა და თანდართულ საბუთებს, თუმცა მის კომპეტენციას არ მიეკუთვნება წარდგენილი მოთხოვნასთან ერთად თანდართული მასალის სრულყოფილების შემოწმება და მოქალაქისათვის მითითება, თუ რა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო. აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს უშუალოდ საქმის განმხილველი პირი, რომელიც შესაბამისი გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირს, დამატებით თუ რა დოკუმენტის წარდგენა არის საჭირო მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოში განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია ჩაიბაროს განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები.
სასამართლოს მიხედულებით, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ადგენს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების მე-5 მუხლი. შესაბამისად, მოთხოვნის წარდგენამდე განმცხადებელს უნდა გამოეჩინა უფრო დიდი წინდახედულება, ვინაიდან ინფორმირებული იყო, თუ რა დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მოიპოვებოდა შესაბამისი ნებართვა. მით უფრო, იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჩუ--------------ი მანამდეც იცნობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ბინადრობის საკითხების მინიჭებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების სპეციფიკას, ვინაიდან მას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 20 ივნისის N---------- გადაწყვეტილებით მიენიჭა შრომითი ბინადრობის ნებართვა 2016 წლის 22 ივნისიდან 2017 წლის პირველ მაისამდე, ხოლო შემდგომ ორჯერ გაუგრძელდა საქართველოში შრომითი ბინადრობის ვადა. ამასთანავე, განმცხადებლისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განმარტებული იყო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდის მონაცემები და მითითებული იყო მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობის შესახებ. სასამართლოს განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, თითქოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა საკმარისად დაუსაბუთებელია. სასამართლოსათვის წარმოდგენლი ჩუ--------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცის ფორმა N IV – 100/ა (იხ. ს. ფ. 24)) განსაზღვრული დიაგნოზი ვერ შეფასდება, როგორც ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობა, რომლის გამოც მოსარჩელეს არ შეეძლო მისთვის დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ ჩუ--------------იმ არ უზრუნველყო იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოსათვის წარმოსადგენად, შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 17 დეკემბერს მიიღო №1--------- გადაწყვეტილება საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №1--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ჩუ--------------ის უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ჩუ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი