გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
330210018002790697
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/37621-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე შპს „ე-–----“

წარმომადგენელი ა-------------–---–ი

მოპასუხე შპს „ქა-------–-----------------–----------ა“

წარმომადგენელი ქ----------------–---–ი, კ---------------–ი

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ქა-------–----------------–----------ს“, შპს „ე-–----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურება, რაც საბრუნავი საშუალებების გამოუყენებლობიდან გამომდინარე შეადგენს - 196 253 ლარს, ხოლო ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის სხვაობიდან გამომდინარე - 289282 ლარს.

 

სარჩელის მიხედვით, 2012 წლის 20 აპრილს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ალტერნატიული აუდიტორული შემოწმების ჩატარება 2012 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 15 ივნისამდე, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

 

საწარმოში ჩატარებული 2012 წლის 27 ივლისის გასვლითი საგადასახადო შემოწმების თანახმად, შპს „ე-–----ს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ძირითადი თანხა 480 280 ლარი, ჯარიმა 190 929 ლარი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2012 წლის 22 ნოემბერს გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა #8--, რომელსაც არ დაეთანხმა მოსარჩელე და გასაჩივრების შემდგომ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 19 აპრილის #7-- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირდა 159 428 ლარით. მოსარჩელემ ასევე გაასაჩივრა #7-- საგადასახადო მოთხოვნაც, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შპს ე-–----მ მიმართა სასამართლოს და მოსარჩელის სარჩელი 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის დასკვნის საფუძველზე გამოცემული აქტები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ნაწილში. სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციებში უცვლელად იქნა დატოვებული. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კომპანიის ფულად სახსრებზე დავის მთელ პერიოდში დადებული იყო საგადასახადო ყადაღა, მას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი საბრუნავი საშუალებების გამოუყენებლობის და ვალუტის კურსის ვარდნის გამო.

 

მოპასუხეს არაერთხელ დაევალა და ჰქონდა საშუალება გამოესწორებინა მის მიერ შედგენილი არასწორი აქტი/დასკვნა, მიუხედავად აღნიშნულისა, მან არ განახორციელა მისთვის, როგორც შემმოწმებლისთვის დაკისრებული კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულება.

 

მოსარჩელის განმარტებით დავა გრძელდებოდა - 2012 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის თანახმად შპს ე-–----ს ფულად სახსრებზე მოხსნილი იქნა საგადასახადო ყადაღა.

 

შპს ფ-----------------------------ს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელის ფულად სახსრებზე არ იქნებოდა გამოყენებული შეზღუდვა 2012 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, მოსარჩელის მიერ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 196 253 ლარს. მიყენებული ზიანი კურსთა შორის სხვაობიდან გამომდინარე ეროვნულ ვალუტის და აშშ დოლარის თანაფარდობაზე გაანგარიშებით 289 282 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ქა-------–-----------------–----------ის“ წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოპასუხე კომპანიის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს აქტები მოსარჩელის მიმართ ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ დაუდგენია, რომელი აქტიდან გამომდინარეობდა ზიანი და რა თანხას შეადგენდა იგი თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებით და საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ალტერნატიული აუდიტორული კომპანიის მიერ შედგენილი აქტი წარედგინება საგადასახადო ორგანოს, რომელიც საბოლოოდ ამოწმებს მის საფუძვლიანობას, ხოლო საგადასახადო ორგანოს მითითების შემთხვევაში ხდება აუდიტორული დასკვნის კორექტირება, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც.

 

შესაბამისად, აუდიტორული დასკვნა საბოლოოდ მოწმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამხდელისთვის საგადასახადო ორგანოს მიერ თანხების დარიცხვის საფუძველი არის ამავე ორგანოს მიერ გამოცემული აქტები და არა აუდიტორული კომპანიის აქტი. პასუხისმგებლობაც გადამხდელის მიმართ არასწორად დარიცხული თანხების გამო წარმოეშობა საგადასახადო ორგანოს. შპს „ქა-------–-----------------–----------ა“ მოქმედებდა შესაბამისი ორგანოს მითითების შესაბამისად სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 20 აპრილს შპს „ე-–----ს“ და შპს „ქა-------–----------------–----------ს„ შორის დაიდო ხელშეკრულება ალტერნატიული აუდიტის ჩატარების შესახებ.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს „ქა-------–-----------------–----------ის“ მიერ მოსარჩელისთვის ალტერნატიული აუდიტის ჩატარება 2012 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 15 ივნისამდე, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 აპრილის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ალტერნატიული აუდიტის ჩატარების შესახებ (ს.ფ 21-23)

 

3.1.2. შპს ,,ქა-------–-----------------–----------ას” 2012 წლის 27 ივლისის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ძირითადი თანხა 480 280 ლარი, ჯარიმა 190 929 ლარი.

3.1.3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 8 აგვისტოს სათათბირო საბჭოს სხდომის #4 ოქმის საფუძველზე განხორციელდა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგების კორექტირება და მომზადდა 2012 წლის 22 ოქტომბრის დასკვნა.

კორექტირების შედეგად გადასახდელის გადამხდელს გაეგზავნა 2012 წლის 22 ნოემბრის #8-- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს ე-–----ს გადასახდელად დაერიცხა - 1038675.24 ლარი.

3.1.4. მოსარჩელე არ დაეთანხმა შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს და წერილობითი პოზიცია წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 8 იანვრის №2-------- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

 

3.1.5. 2013 წლის 19 აპრილს შემოსავლების სამსახურმა გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა №7--, რომლის მიხედვით შპს „ე-–----ს“ მიმართ დარიცხული თანხები შემცირდა 159 428 ლარით.

 

2013 წლის 19 აპრილის საგადასახადო მოთხოვნა №7-- მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 18 ივნისის №2---- ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 19 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ 24-33)

- 2012 წლის 24 ოქტომბრის დასკვნა (ს.ფ 304-308)

- საგადასახადო მოთხოვნა #7--; #8-- (ს.ფ 73-74)

 

3.1.6. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 19 აპრილის №7-- საგადასახადო მოთხოვნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 19 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ 24-33)

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ 34-52)

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ს.ფ 54-55)

 

3.1.7. დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 12 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო შპს „ე-–----ს“ ფულად სახსრებს 1010019.69 ლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 12 დეკემბრის ბრძანება (ს.ფ 75)

 

3.1.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანებიდან ირკვევა, რომ ძალადაკარგულად გამოცხადდა შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „ე-–----ს“ საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 1 იანვრის ბრძანება (ს.ფ 77)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლომ განიხილა შპს „ე-–----ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრებას, რომელიც განიცადა საბრუნავ საშუალებებზე შემოსავლების სამსახურის მხრიდან ყადაღის დადების შედეგად. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი წარმოადგენს. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს ამ ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობისა და სარჩელში გადმოცემული ფაქტების საფუძვლიანობა.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „ფ-----------------------------ს“ მმართველი პარტნიორის სახელით გაცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვით გაანგარიშებულია მოსარჩელისთვის მიყენებული სავარაუდო ზიანი.

 

ინფორმაციის მიხედვით: „იმ შემთხვევაში თუ შპს „ე-–----ს“ მიერ მისი ფულადი სახსრები/საბრუნავი საშუალებები შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 22 ნოემბერს გაცემული საგადასახადო მოთხოვნა #8-- საფუძველზე დადებული ყადაღისაგან იქნებოდა თავისუფალი, აღნიშნული ფულადი სახსრების დაყადაღების - 2016 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში, კომერციულ ბანკებში განთავსების შემთხვევაში, საშუალო სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთზე გაანგარიშებით - შპს „ე-–----ს“ მიერ მიღებული სარგებელი იქნებოდა - 196 253 ლარი. მიმართვის პირველ პუნქტში დაფიქსირებულ ვადებში, შპს „ე-–----“-სათვის მიყენებული ზიანი კურსთა შორის სახვაობიდან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის ლარსა და აშშ დოლარის თანაფარდობაზე გაანაგარიშებით შეადგენს 289 282 ლარს“.

 

სასამართლოს მოსაზრებით, შპს „ფ-----------------------------ს“ მმართველი პარტნიორის გაცემული ინფორმაცია გაზიარებას არ ექვემდებარება, რადგან არ ირკვევა რა კრიტერიუმით დაადგინა ავტორმა დასახელებული რაიდენობით შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. სასამართლოს მოსაზრებით, საწარმოს მიმართ მიყენებული ზიანის მოცულობა შესაძლებელია დადგინდეს კომპეტენტური საექსპერტო და/ან აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელშიც როგორც მინიმუმ აღნიშნული იქნება ავტორის უფლებამოსილება აწარმოოს სათანადო საშემფასებლო საქმიანობა. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიზნებისათვის მოსარჩელეს ევალება მტკიცებულების წარდგენა, რომელიც მყარად დაადასტურებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსთვის აშკარაა, რომ წარმოდგენილი წერილი დავის გადაწყვეტისთვის ხარისხობრივად უვარგისი მტკიცებულებაა და იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

ამასთანავე სადავო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია განიმარტოს მიუღებელი შემოსავლის არსი: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ განაცდური სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

 

მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა.

 

მოსარჩელე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით და შპს “ე-–----ს“ უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა ზიანის არსებობას, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ელექტრო სისტემების და შემადგენელი ნაწილებით ვაჭრობა. შესაბამისად, მისი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა აღნიშნული ტექნიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება და არა კომერციულ ბანკებში ანგარიშზე თანხების განთავსების შედეგად შემოსავლის მიღება. შპს „ე-–----ს“ წარმომადგენლის განმარტების მიხედვით შემოსავლების სამსახურის დაყადაღებული სახსრების გამოყენებაც საზოგადოების ძირითადი საქმიანობის მიზნით იგეგმებოდა და ამ თანხების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება გათვალისწინებული არ იყო.

 

სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და, რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაბუთებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოთხოვნის ავტორმა დაამტკიცოს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება სხვადასხვა პერიოდში ანგარიშზე თანხის განთავსების და შედეგად მიღებული შემოსავლის თაობაზე. მხოლოდ დასახელებული გარემოების დადასტურების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რომ სახეზეა უშუალოდ მოპასუხის მოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, როგორც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესითაა განსაზღვრული. მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის ქმედებით მას მიადგა მატერიალური ზიანი და მან საბრუნავ საშუალებებზე ყადაღის დადებით დაკარგა შემოსავალი, სასამართლოს მოსაზრებით არ ქმნის მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია. ამავე მსჯელობიდან გამომდინარე უსაფუძვლოა მეორე სასარჩელო მოთხოვნაც კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნები არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს "ქა-------–-----------------–----------ას" (ს/ნ 2--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დატვირთვა: 1) სანომრე ნიშანი - O------, მარკა-მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერ LC150, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A--------- 2) სანომრე ნიშანი - T-----, მარკა-მოდელი - მერსედეს-ბენც E 320, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2001, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A--------.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ე-–----ს“ სასარჩელო მოთხოვნები შპს „ქა-------–-----------------–----------ის“ მიმართ 485 535 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს "ქა-------–-----------------–----------ას" (ს/ნ 2--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დატვირთვა: 1) სანომრე ნიშანი - O------, მარკა-მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერ LC150, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2015, საიდენტიფიკაციო ნომერი - J----------------- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A--------- 2) სანომრე ნიშანი - T-----, მარკა-მოდელი - მერსედეს-ბენც E 320, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2001, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A--------.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე