განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2019
საქმის ნომერი
190100118002246185
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-10-18

(№012161217002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

05 აპრილი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი

 

დაცვის მხარე: ადვოკატი მადონა მიქელაძე

 

ბრალდებული: რ--------------–-ა

მამის სახელი: ვ-–--------ი

დაბადებული: 14.06.1--- წ.

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გალი, ა-------ა

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ა-------------–-------------ში.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:

 

- 2017 წლის 16 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. რუსთავში, ლ------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინა N---ის მისაღებ ოთახში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ--------------–-ამ მეუღლის, ნ-------–-ას დედას, ჟ-------–---–---–ს, თავის არეში ხელის ოთხჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რასაც შეესწრო ჟ-------–---–---–ის არასრულწლოვანი შვილი, 2001 წლის 28 მაისს დაბადებული ნ------–-ა.

 

- 2017 წლის 16 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.რუსთავში, ლ------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინა N---ის მისაღებ ოთახში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ--------------–-ამ მეუღლის დას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, 2001 წლის 28 მაისს დაბადებულ ნ------–-ას, რომელსაც რ--------------–-ა მცირეწლოვანი შვილის გაციებას აბრალებდა, თავის არეში ხელის ერთჯერადი დარტყმის, თმის მოქაჩვის და ზედა კიდურებში ჯაჯგურის შედეგად მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული ჟ-------–---–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის რ--------------–-ას სიდედრი. 2017 წლის 16 დეკემბერს, ღამის 12 სთ-ზე რ--------------–-ა შვილის სანახავად მივიდა მათ სახლში, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ქალიშვილი ნ-------–-ა და მცირეწლოვან შვილთან, ნ--–---------–-ასთან ერთად. მთვრალი რ--------------–-ას ხმამაღალ საუბარზე გაღვიძებულმა მისმა მეორე ქალიშვილმა, ნ------–-ამ, რ------ს უსაყვედურა ხმამაღალი საუბრის გამო, რაც მათ შორის კამათში გადაიზარდა. კამათისას ნ------–-ას რ--------------–-ამ თმაში მოჰკიდა ხელი და ანჯღრევდა. იგი მიეხმარა ნ------–-ას და ნ-------–-ას უთხრა, მთვრალი რ------ როგორმე გაეყვანათ სახლიდან. შეძიძგილავებისას რ--------------–-ამ მასაც ჩაარტყა თავში რამდენჯერმე ხელი, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული ნ------–-ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულთან თავიდანვე არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, რადგან ყოველთვის ცდილობდა მის გაღიზიანებას. 2017 წლის დეკემბერში (რიცხვი არ ახსოვს) ღამის საათებში, კარზე ბრახუნმა გააღვიძა. ადგა და გავიდა სამზარეულოში, სადაც მთვრალი რ--------------–-ა მის დედას ჟ-------–---–---–ს და მის დას ნ-------–-ას ეჩხუბებოდა. მან ხელში აიყვანა დისშვილი ნ--–---------–-ა და აკოცა, რის გამოც რ--------------–-ამ ხელი ჰკრა, მარცხენა მკლავზე ხელი მოუჭირა, თმით მოქაჩა და გაარტყა, რა დროსაც ტკივილი განვიცადა. ასევე მის დედას, ჟ-------–---–---–ს მისი მიხმარებისას გაარტყა. ნ-------–-ა აშველებდათ და როგორც იქნა გაიყვანა მთვრალი რ------ სახლიდან. ამის შემდეგ მან დარეკა პოლიციაში (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------–-ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულ რ--------------–-ას მეუღლე. 2017 წლის 16 დეკემბერს ჰქონდა მიმოწერა რ--------------–-ასთან, რომელსაც სურდა მათი შვილის ნ--–---------–-ას ნახვა. გვიან მისულ რ--------------–-ას კარი მისმა დედამ ჟ-------–---–---–მა გაუღო. იგი იცმევდა და თან ბავშვს აქცევდა ყურადღებას, რადგან ტიროდა; ესმოდა დედის, დის და რ------ს კამათის ხმა, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა, არ დაუნახავს. დაინახა მხოლოდ, რომ მისი და ნ------–-ა რ--------------–-ამ თმებით ათრია. მან მოახერხა და რ--------------–-ა სახლიდან გაიყვანა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N-007447917 დასკვნის თანახმად 1,2,3) მოქ. ჟ-------–---–---–ს 16.12.17წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება (ტ.2. ს.ფ. 95-97).

 

2.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N-007447717 დასკვნის თანახმად 1,2,3) მოქ. ნ------–-ას 16.12.17წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები ორივე ზედა კიდურის მიდამოში, სისხლნაჟღენთი მარჯვენა მტევნის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ტ.2. ს.ფ. 98-100).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ალექსანდრე ბარათაშვილმა.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს: გამომძიებლებმა თორნიკე გაჩეჩილაძემ, ირინა ზურაბაშვილმა და პატრულ-ინსპექტორმა გივი მჟავანაძემ, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები. ასევე გამოქვეყნებული საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

2.6. ბრალდებულმა რ--------------–-ამ საბოლოო სიტყვის ეტაპზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ითხოვა პატიება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამ დანაშაულის ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია და მსხვერპლი - ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა-სისტემატურ შეურაცხყოფა-შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური კუთხით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს ცემა და სხვაგვარი ძალადობა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულის ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ცემის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობრივი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას.

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება - იგივე ქმედების ჩადენა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. ძალადობის მოწმედ ყოფნა, უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს (განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროების მქონეს) ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.

 

ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

რ--------------–-ას შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, დამამძიმებელი გარემოება - საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულთა პოზიციის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ რ--------------–-ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

- რ--------------–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა გადაირიცხოს მისი პირობის დარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

- რ--------------–-ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 16 დეკემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ--------------–-ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, რ--------------–-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

2. რ--------------–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა გადაირიცხოს მისი პირობის დარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. რ--------------–-ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 16 დეკემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

 

4. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი