გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28721-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ზ----- ჩ-----–---ი
წარმომადგენელი - მ---–---- ჩ-----–---ი
მოპასუხე - მ------ მ---------ა
წარმომადგენელი - ფ------ კ-----–---–ია
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელის ნაწილობრივ გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შევიდეს ცვლილება 2--- წლის 29 აგვისტოს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემულ №--------- სააღსრულებო ფურცელში მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში, კერძოდ, გაუქმდეს მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მოთხოვნილი საპროცენტო სარგებელი 3 303 ლარი სრულად; გაუქმდეს მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.12%-ის მოთხოვნა სრულად და საბოლოოდ მოსარჩელეს შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვროს 15 000 ლარით.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 27 სექტემბერს მოსარჩელე ზ----- ჩ-----–---სა და მოპასუხე მ------ მ---------ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №---------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ გამსესხებლისგან მ------ მ---------ასაგან ისესხა თანხა 15 000 ლარი, ერთი წლის ვადით, დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 27 სექტემბერი.
სესხი იყო სარგებლიანი და მისი ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა ძირითადი თანხის 3.67 %-ს, რაც თვეში შეადგენდა 550,50 ლარს. სესხის უზრუნველსაყოფად მხარეთა შეთანხმებით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თ------–----ოს რაიონი, სოფელი მ-----–--ი, საკადასტრო კოდი 8-----------.
მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის 27 სექტემბრამდე სრულად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს გადაუხადა საპროცენტო სარგებელი. 2016 წლის 04 ნოემბერს მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მ------ მ---------ამ სანოტარო ბიუროში თანხმობა განაცხადა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის თანხად მოსარჩელეს გადასახდელად განსაზღვროდა 15 000 ლარი და შესაბამისად, მისი გადახდის შემთხვევაში თანახმა იყო გაუქმებულიყო იპოთეკის ვალდებულება უძრავ ქონებაზე, მდებარე თ------–----ოს რაიონი, სოფელი მ-----–--ი, საკადასტრო კოდი 8-----------.
მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 37636.72 ლარით, საიდანაც 15000 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი - 3303 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 0.12%-ს, რაც დღეში შეადგენს 18 ლარს, თვეში 540 ლარს (მოთხოვნა სრულად პირგასამტეხლოს ნაწილში 35 თვე), 2015 წლის 28 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, ამ შემთხვევაში 2--- წლის 30 აგვისტომდე. პირგასამტეხლომ შეადგინა 19 332.72 ლარი, რაც არის შეუსაბამოდ მაღალი. სააღსრულებო ფურცელი მხარემ წარადგინა აღსრულების ბიუროში, სადაც დაწყებულია აღსრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ 8 თვის სარგებლის გადახდის ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 27 სექტემბერს მოსარჩელე ზ----- ჩ-----–---სა (მესაკუთრე) და მოპასუხე მ------ მ---------ას (იპოთეკარი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №---------), რომლის საფუძველზე მ------ მ---------ამ ზ----- ჩ-----–---ს ასესხა 15 000 ლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.67 %-ის დარიცხვით.
დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 27 სექტემბერი.
მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ზ----- ჩ-----–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თ------–----ოს რაიონი, სოფელი მ-----–--ი, საკადასტრო კოდი 8-----------. იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სესხის თანხის მსესხებლის მიერ მიღების ფაქტი არ არის სადავო მხარეებს შორის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 5-7)
- 2--- წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).
- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 23-24).
3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-13 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს - ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).
3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).
3.1.4. 2--- წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 29 აგვისტოს ნოტარიუსის ე-–---- შ----–---–ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ვალდებულების შესრულების დროა 2015 წლის 27 სექტემბერი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 15 000 ლარით, ყოველთვიურად 3,67% გადაუხდელი თანხა 3303 ლარი, 2015 წლის 28 სექტემბრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126,00 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
2--- წლის 30 აგვისტოს მ------ მ---------ამ კერძო აღმასრულებელს ე-----–ე ღ--------ეს მიმართა განცხადებით, აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და მოთხოვნის აღსრულების მიზნით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 29 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 26-28).
- განხადება (ს.ფ 29).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ზ----- ჩ-----–---ის ვალდებულება 2--- წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ნაწილში შეადგენს 1806 ლარს.
მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის დავალიანების არსებობას (3303 ლარის ოდენობით) და უთითებს, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 27 სექტემბრამდე საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ ზ----- ჩ-----–---ს გადახდილი აქვს 4 800,00 ლარი (600,00 ლარი 8-ჯერ) საპროცენტო სარგებლის დასაფარად (იხ, 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:29:08). ეს გარემოება დამატებით დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შემოსავლის ორდერებითა და ხელშეკრულებაზე გაკეთებული ჩანაწერით (ს.ფ. 78-84; 96).
კრედიტორს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საერთო ჯამში უნდა მიეღო საპროცენტო სარგებელი 6606,00 ლარი (3,67% - 550,5 ლარი, ყოველთვე ერთი წლის განმავლობაში), როგორც აღინიშნა, მსესხებლის მიერ გადახდილია 4800,00 ლარი. შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის სახით მოვალის მიერ დარჩენილია გადასახდელი 1806,00 ლარი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მსესხებელს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.
ამასთან მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ 2--- წლის 27 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნების ვადა მხარეებს არ გაუზრდიათ, რამდენადაც ვადის გაზრდის შესახებ შეთანხმება მათ შესაბამისი წესით არ დაურეგისტრირებიათ (იხ, 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:19:22 – 16:19:43).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადაოდ ხდის საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდის ფაქტს. როგორც აღინიშნა, 6606,00 ლარიდან დასტურდება მსესხებლის მიერ მხოლოდ 4800,00 ლარის დაფარვის ფაქტი, ხოლო დარჩენილი 1806,00 ლარის გადახდის ფაქტს, მოსარჩელე ვერ ადასტურებს.
შესაბამისად, მოსარჩელის მითითება სარგებლის გადახდის ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კანონით გათვალისწინებული წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების გარემოებას. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას მ------ მ---------ას განცხადებაზე (იხ. ს.ფ. 25), სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული განცხადება ვერ იქნება შეფასებული მხარის აღიარებად, რომელიც დაადასტურებდა 2015 წლის 27 სექტემბრამდე არსებული სარგებლის დავალიანების გადახდის ფაქტს. ასეთი გარემოება აღნიშნულ განცხადებაში დაფიქსირებული არ არის. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება სარგებლის სრულად გადახდის თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დასაბუთებულია, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2--- წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მ------ მ---------ამ ზ----- ჩ-----–---ს ასესხა 15 000 ლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.67 %-ის დარიცხვით. დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 27 სექტემბერი. სესხის თანხის მსესხებლის მიერ მიღების ფაქტი არ არის სადავო მხარეებს შორის.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.
2--- წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 29 აგვისტოს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი.
დადგენილია, რომ კრედიტორმა ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და გადასცა სესხის თანხა ზ----- ჩ-----–---ს, რის საფუძველზეც მსესხებელს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დააბრუნოს სესხის თანხა - 15 000 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალე ზ----- ჩ-----–---ს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია. დადგენილია, რომ მსესხებელს საპროცენტო სარგებლის სახით, სესხის დაბრუნების ვადისა და გადახდილი თანხის გათვალისწინებით, კრედიტორის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 1806 ლარი. ამასთან, დადგენილია, რომ მხარეები ვადის გაგრძელებაზე არ შეთანხმებულან.
ამასთან, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილია პირგასამტეხლო - 2015 წლის 28 სექტემბრიდან ძირი თანხის 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, მსესხებელს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 2015 წლის 28 სექტემბრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში; დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს; ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლო ნაცვლად 0,12%-ისა (ძირი თანხის), უნდა განისაზღვროს ძირი თანხის 0,02%-ით 2015 წლის 27 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ნაწილობრივ დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასი განისაზღვრება სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული შესასრულებელი ვალდებულების მოცულობისა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შესასრულებლად განსაზღვრული ოდენობების სხვაობით, რადგან ამ ოდენობით მცირდება კრედიტორის წინაშე მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 22635,72 ლარს (პროცენტის 3303 ლარისა პირგასამტეხლოს 19332,72 ლარის შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების მოთხოვნის გათვალისწინებით).
განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილდა მოთხოვნის 22.49 %, რის შესაბამისი პროპორციული ბაჟი - 152.70 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ----- ჩ-----–---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 2--- წლის 29 აგვისტოს გაცემულ სააღსრულები ფურცელში №--------- და ზ----- ჩ-----–---ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სარგებლის ნაწილში განისაზღვროს - 1 806 ლარით, ხოლო პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0,02%-ით, 2015 წლის 27 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის - 152,70 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 203,64 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე