გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.04.2019
საქმის ნომერი
330210019002853893
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3021 - 19

გა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

01 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

მოსარჩელე - ა----------ა

წარმომადგენელი - მ-------–---------ა

მოპასუხე - გ-----------------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ-----------------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების: რ--------------–---–ის (დაბადებული: 2----–-–----------ს) და ლ--------------–---–ის (დაბადებული: 2-----–-–-----------ს) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, 250-250 (ორას ორმოცდაათი - ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 18 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე ა----------ა და მოპასუხე გ-----------------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2003 წლიდან. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–----------ს დაბადებული რ--------------–---–ი და 2----–-–-----------ს დაბადებული ლ--------------–---–ი. მხარეებს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა იყო ოჯახური თანაცხოვრების პერიოდშიც. მოპასუხე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა აგრესიას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამცირებას, რამაც ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ბავშვებს უწევდათ სტრესულ გარემოში ცხოვრება. მოპასუხე ფიზიკურადაც კი ძალადობდა მოსარჩელეზე. ა----------ამ მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხესთან ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შესახებ, თუმცა, მასთან დაშორების შემდეგაც, მოპასუხე აგრძელებდა აგრესიულ ქმედებების განხორციელებას, რის გამოც მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ორდერის ვადის გასვლის შემდგომ, მოპასუხე გ-----------------–---–მა კვლავ განაგრძო მორალური ძალადობა მოსარჩელეზე, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სახლში შემოჭრის მცდელობას, რის საფუძველზეც გამოიცა ორთვიანი დამცავი ორდერი. მხარეებს შორის დღემდე უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა. მოსარჩელე ა----------ა, მოპასუხის მხრიდან, არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ამჟამად ცხოვრობს დედასთან და ძმასთან ერთად. მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდაში და არ ეხმარება მათ მატერიალურად. როგორც მოსარჩელისათვის ცნობილია, მოპასუხე დასაქმებულია შპს ,--–--------------–----–-- და მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 1000 ლარია. მოპასუხე ვალდებულია, ზრუნავდეს არასრულწლოვან შვილებზე და სტაბილურ მატერიალურ დახმარებას უწევდეს მათ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50-50 (ორმოცდაათი-ორმოცდაათი) ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხე, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ თავად მოსარჩელე ა----------აც ვალდებულია, ზრუნავდეს არასრულწლოვან ბავშვებზე და გაიღოს ხარჯი მათი აღზრდა-განვითარებისათვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა----------ა და გ-----------------–---–ი 2003 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: რ--------------–---–ი (დაბადებული 2-----–-–----------ს) და ლ--------------–---–ი (დაბადებული 2----–-–-----------ს);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 17);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);

 

3.1.2. მოსარჩელე ა----------ას და მოპასუხე გ-----------------–---–ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. ბოლო თერთმეტი თვეა, ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მოსარჩელე ა----------ა დედასთან, ძმასთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, თ----------------------------–-----------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მხარეებს, ა----------ას და გ-----------------–---–ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. ა----------ას მოთხოვნის საფუძველზე გ-----------------–---–ის წინააღმდეგ ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო ერთხელ - დამცავი ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- შემაკავებელი ორდერი N------ (ს.ფ. 19).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ა----------ა არის ფარმაცევტი. იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2018 წლის 01 იანვრიდან, ა----------ას დღემდე შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 29 ნოემბრის მიმართვა N----------- (ს.ფ. 34);

 

3.2.2. მოპასუხე გ-----------------–---–ი 2018 წლის 01 დეკემბრიდან დასაქმებულია შპს ,--–--------------–----–-- და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1 500 ლარს. დასაქმებულს დამატებით არ ერიცხება ბონუსები. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი 2018 წლის დეკემბრამდეც იყო დასაქმებული კერძო კომპანიაში და ჰქონდა შემოსავალი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, გ-----------------–---–ის მიერ 2018 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის დეკემბრის თვეში - 1500 ლარს და 2019 წლის იანვრის თვეში - 1470 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

-სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 თებერვლის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 34-35);

 

3.2.3. არასრულწლოვანი ბავშვები, რ--------------–---–ი და ლ--------------–---–ი სწავლობენ საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანი რ--------------–---–ი ააიპ ,-----–---–------–------------------------–-------–-–-- ემზადება ინგლისურსა და ფიზიკაში, რისი ყოველთვიური გადასახადი ჯამში შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. ასევე, არასრულწლოვანი რ--------------–---–ი დამატებით ემზადება მათემატიკის წრეზე, სადაც სწავლების საფასური შეადგენს თვეში 60 (სამოცი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- 2018 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულება N4325 (ს.ფ. 21-22);

- 2018 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულება N4573 (ს.ფ. 23-24).

 

3.2.4. მოპასუხე გ-----------------–---–ი ცხოვრობს იჯარით მიღებულ უძრავ ქონებაში, მდებარე თბილისი, გ-------–---–-----------------------------------------------------–----------- საიჯარო გადასახადის გადახდა დაიწყება 2019 წლის 25 იანვრიდან და საიჯარო გადასახადი შეადგენს თვეში 250 აშშ დოლარს;

მოპასუხის განმარტებით, იგი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დედასთან და მეგობართან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი);

- 2019 წლის 25 იანვრის იჯარის ხელშეკრულება, კომუნალური გადახდის ქვითრები (ს.ფ. 52-55);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ა----------ამ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: რ--------------–---–ი (დაბადებული: 2----–-–----------ს) და ლ--------------–---–ი (დაბადებული: 2-----–-–-----------ს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ა----------ას და მოპასუხე გ-----------------–---–ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. ბოლო თერთმეტი თვეა ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მოსარჩელე ა----------ა დედასთან, ძმასთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, თ----------------------------–----------------------- მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხე თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილებზე და არ ეხმარება მათ მატერიალური თვალსაზრისით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხე მხარის მიერ ბავშვებზე ზრუნვისა და მათი რჩენა-აღზრდის მიზნით ფინანსური ხარჯების გაღების ფაქტს. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, არასრულწლოვანი ბავშვები, რ--------------–---–ი და ლ--------------–---–ი სწავლობენ საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანი რ--------------–---–ი ააიპ ,-----–---–------–------------------------–-------–-–-- ემზადება ინგლისურსა და ფიზიკაში, რისი ყოველთვიური გადასახადი ჯამში შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. ასევე, არასრულწლოვანი რ--------------–---–ი დამატებით ემზადება მათემატიკის წრეზე, სადაც სწავლების საფასური შეადგენს თვეში 60 (სამოცი) ლარს. დადგენილია, რომ ა----------ას და გ-----------------–---–ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. ა----------ას მოთხოვნის საფუძველზე, გ-----------------–---–ის წინააღმდეგ ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო ერთხელ - დამცავი ორდერი. გ-----------------–---–ს მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი აქვს ე.წ. ,,კომპაქტ-დისკი“, სადაც აღწერილია მხარეებს შორის კონფლიქტური ურთიერთობების წარმოშობის დეტალები და მათი მიმოწერა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2018 წლის 01 იანვრიდან, ა----------ას დღემდე შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება. მოსარჩელე ა----------ა არის ფარმაცევტი. იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე გ-----------------–---–ი 2018 წლის 01 დეკემბრიდან დასაქმებულია შპს ,--–--------------–----–-- და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1 500 ლარს. დასაქმებულს დამატებით არ ერიცხება ბონუსები. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი 2018 წლის დეკემბრამდეც იყო დასაქმებული კერძო კომპანიაში და ჰქონდა შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, გ-----------------–---–ის მიერ 2018 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის დეკემბრის თვეში - 1500 ლარს და 2019 წლის იანვრის თვეში - 1470 ლარს. ასევე დადგენილია, რომ გ-----------------–---–ი ცხოვრობს იჯარით მიღებულ უძრავ ქონებაში, მდებარე თბილისი, გ-------–---–-----------------------------------------------------–----------- საიჯარო გადასახადის გადახდა დაიწყება 2019 წლის 25 იანვრიდან და საიჯარო გადასახადი შეადგენს თვეში 250 აშშ დოლარს. მოპასუხის განმარტებით, მასთან ერთად აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დედა და მეგობარი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები. ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მოპასუხე მხარე თანახმაა, ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 50-50 (ორმოცდაათი-ორმოცდაათი) ლარი. ასევე, მოპასუხე მხარის მოსაზრებით, მის მიერ გადახდილი ალიმენტის თანხას მოსარჩელე მხარე მოიხმარს პირადი მიზნებისათვის და აღნიშნული არ იქნება ბავშვების ინტერესებისათვის გამოყენებული. მშობლის უპირველესი ვალდებულებაა, უზრუნველყოს თავისი შვილების მატერიალური კეთილდღეობა ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის სტაბილური შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვებს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მათ განვითარების ფართო წინაპირობებს.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეულისათვის 250-250 (ორას ორმოცდაათი - ორას ორმოცდაათი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----------ას მოთხოვნა - გ-----------------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების რ--------------–---–ის და ლ--------------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე გ-----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ-----------------–---–ს (პირადი N-----------), დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების: რ--------------–---–ის (დაბადებული 2----–-–----------ს, პირადი N-----------) და ლ--------------–---–ის (დაბადებული 2----–-–-----------ს, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, თითოეულზე 250-250 (ორას ორმოცდაათი - ორას ორმოცდაათი) ლარის, სულ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 18 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე გ-----------------–---–ს (პირადი N-----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა