გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7861-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - კ---------------ი
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - თ---------------ა
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი
თარჯიმანი - ე-–---------–---
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 დეკემბრის №0---------გ გადაწყვეტილება.
1.3. სახელი „კ------“ ცნობილი იქნეს კანონიერად და დაევალოს მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შესაბამისი ცვლილება შევა მოსარჩელის დაბადების სააქტო ჩანაწერში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
2.2. მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 12 ოქტომბერს კ---------------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა მოითხოვა. კერძოდ, განმარტა, რომ ითხოვს მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში (აქტის N--, რეგ. 1--------- წ) ბავშვის სახელი „კ------“ შესწორდეს სახელით „კ------“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კ---------------ის განცხადება - ს/ფ 88.
3.1.2. კ---------------- დაიბადა 1----–-–------------------ს თბილისში, მისი დაბადების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 1----–-–------------ს დაგვიანებით, თბილისში, ისნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში (აქტი N--). ჩანაწერის ორივე ეგზემპლარში მითითებულია ბავშვის სახელი „კ------“. დაბადების რეგისტრაციისას გაცემულია მოწმობა N1-----, რომლის დედანი წარდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და რომელშიც ბავშვის გრაფაში სახელი გადასწორებულია „კ------“-ზე (სახელი გადასწორებულია დამოწმების გარეშე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №60 დაბადების სააქტო ჩანაწერი - ს/ფ 94-97.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილება - ს/ფ 98-99.
3.1.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილებით კ---------------ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილება - ს/ფ 98-99.
3.1.4. 2018 წლის 05 ნოემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა კ---------------მა და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში (აქტის N--, რეგ. 1----------–) ბავშვის სახელი „კ------“ სახელით „კ------“-ზე შესწორება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული საჩივარი - ს/ფ 169-170.
3.1.5. საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის ინფორმაციით, თბილისის 26 კომისრის (ისნის) რაიონის აღმასკომის 1960-1964 წლების სხდომის ოქმებში, გადაწყვეტილება კ----------------ს წლოვანების აღდგენის შესახებ არ აღმოჩნდა. 1985 წლის 19 იანვარს თბილისის ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებულია ქორწინების აქტი N1--, კ-----------------ის (ქორწინებამდე - ო-------ს) მიმართ. საცოლის მონაცემების შევსების საფუძველია კ----------------------–----ის შსგ-ს მიერ გაცემული პასპორტი. 1985 წლის 29 აგვისტოს თ---–------------------------- მიერ რეგისტრირებულია განქორწინების აქტის N2-- ჩანაწერი, რომელშიც ქალის მხარე არ არის სრულყოფილად შევსებული. სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროდან მიღებული ინფორმაციით კ------ (კ------) ო-------ს მიმართ სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემისას შევსებული განცხადება-ანკეტა არ აღმოჩნდა, 2002 წლის პირადობის მოწმობის გაცემისას შევსებული ფორმა N1-ის თანახმად, მოქალაქის სახელია - კ------, დოკუმენტის გაცემის საფუძველია კ----------------------–----ის შსგ-ს მიერ გაცემული პასპორტი. საქართველოს ეროვნული არქივიდან მიღებული ინფორმაციით N1-----–----–-- სკოლის დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 დეკემბრის №0---------გ გადაწყვეტილება - ს/ფ 116-118.
3.1.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 დეკემბრის №0---------გ გადაწყვეტილებით კ------ (კ------) ო-------ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 დეკემბრის №0---------გ გადაწყვეტილება - ს/ფ 116-118.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილებასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 დეკემბრის №0---------გ გადაწყვეტილებას. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: - დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.
”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად კი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, ხოლო ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა.
”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.
”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს კ---------------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა მოითხოვა. კერძოდ, განმარტა, რომ ითხოვს მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში (აქტის N--, რეგ. 1--------- წ) ბავშვის სახელი „კ------“ შესწორდეს სახელით „კ------“. ასევე დადგენილია, რომ კ---------------- დაიბადა 1----–-–------------------ს თბილისში, მისი დაბადების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 1----–-–------------ს დაგვიანებით, თბილისში, ისნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში (აქტი N--). ჩანაწერის ორივე ეგზემპლარში მითითებულია ბავშვის სახელი „კ------“. დაბადების რეგისტრაციისას გაცემულია მოწმობა N1-----, რომლის დედანი წარდგენილი იქნა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და რომელშიც ბავშვის გრაფაში სახელი გადასწორებულია „კ------“-ზე (სახელი გადასწორებულია დამოწმების გარეშე).
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კ----------------ს დაბადების აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარში გადასწორების გარეშე დაფიქსირებულია სახელი - „კ------“, ხოლო დაბადების მოწმობა შეიცავს სახელის გადასწორებულ მონაცემს, არ დგინდება კ----------------ს დაბადების აქტის ჩანაწერში სახელის არასწორად მითითების ფაქტი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონიერად მიჩნევისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 05 დეკემბრის №0---------გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც კ---------------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ---------------ი დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, რის გამოც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 367-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი