გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№030210018002508397
№2/733-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.03.2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ლ---- ც--–---–---,მოპასუხეები: თ----- ხ----–---, კ--- უ-------–---,დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს თ----- ხ----–---ს და კ--- უ-------–---ს დაეკისროთ ვალდებულება, მათ საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული გაზის გამათბობლის და წყლის გამაცხელებლის მოხნა და გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისი სპეციალისტის მიერ მონტაჟის განხორციელება კანონით განსაზღვრულ ადგილას ისე, რომ აღნიშნულით ზიანი არ მიადგეს მოსარჩელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
მოსარჩელე ლ---- ც--–---–--- და მოპასუხეები თ----- ხ----–--- და კ--- უ-------–--- არიან მეზობლები, ცხოვრობენ ქ. ფოთი, ა---–- რ------ გ------ ქ---- N--/3--ში. მოსარჩელე წარმოადგენს აღნიშნული ფართის მესაკუთრეს, ცხოვრობს მე-5 სართულზე. მეზობლებთან, კერძოდ: თ----- ხ----–----- და კ--- უ-------–---- ოჯახებთან აქვს კონფლიქტური სიტუაცია, რაც იმით არის განპირობებული, რომ ზემოთაღნიშნულ პირებს გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები, არასწორად აქვთ დამონტაჟებული.
თ----- ხ----–--- ცხოვრობს მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის ქვევით (ქ. ფოთი, გ------ ქ---- 1-----ში, მე-4 სართულზე), ხოლო კ--- უ-------–--- კი მისი საცხოვრებელი ფართის გვერდით (ქ. ფოთი, გ------ ქ---- N--/---ში, მე-5 სართულზე). ზემოთ ხსენებული გაზის ტექნიკებიდან უმეტესწილად არის გამონაბოლქვი და თვით გაზიც ჟონავს, რის გამოც მოსარჩელის ბინაში სუნთქვა შეუძლებელია, საცხოვრებელ ფართს აქვს ორი აივანი, ერთი მისაღები ოთახის მხრიდან, მეორე სამზარეულოს მხრიდან. თ----- ხ----–---ს გამათბობელი დამონტაჟებული აქვს მე-4 სართულის პირდაპირ აივანზე (მისაღები ოთახის მხარე) ასევე, წყლის გამათბობელი მეორე აივანზე (სამზარეულოს მხარე), აგრეთვე კ--- უ-------–---ს წყლის გამათბობელი დამონტაჟებული აქვს მოსარჩელისა და მისი საცხოვრებელი ფართის გამყოფ კედელზე, ხოლო გამავალი მილი მიშვერილი აქვს მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის მხარეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ერთადერთი საშუალება, რომლითაც სახლში ჰაერი მოძრაობს არის ამ ორ აივანზე გასასვლელი კარი, სახლში ცხოვრობს ამ ეტაპისთვის მარტო. არაერთხელ თხოვა მოპასუხეებს გამართულ მდგომარეობაში დაემონტაჟებინათ და შესაბამისი სპეციალისტის მიერ განხორციელებულიყო მონტაჟი გაზის გამათბობლისა და წყლის გამაცხელებლის კანონით განსაზღვრულ ადგილას, თუმცა მოპასუხეები სიცოცხლისათვის საშიში გამათბობლის გამოყენებას კვლავ განაგრძობენ.
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მისი დიაგნოზია მწვავე სუბარაქნოიდული ჰემორაგია, ცერებრალური შეშუპება, შუა არტერიის ანევრიზმა, სისტემატურად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას და მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ზემოაღნიშნული მიზეზებით მავნე გარემოში უწევს ცხოვრება, არანაირი საშუალება არა აქვს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის ან გაერიდოს ამ გარემოს. არაერთხელ მიმართა თხოვნით და გაფრთხილებით მოპასუხეებს, მაგრამ უშედეგოდ.
მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე ლ---- ც--–---–---მ უარი განაცხადა მორალური ზიანის სახით მოპასუხეებისთვის 3000 ლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელო მოთხოვნა არ ცნეს, მათი განმარტებით, გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები დამონტაჟებული აქვთ შპს „ს------ ჯ-------- გ------ სერთიფიცირებული თანამშრომლების მიერ კანონის შესაბამისად და მოსარჩელეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ამავე დროს მოსარჩელე სისტემატიურად ავიწროებს მათ, რეკავს ცხელ ხაზზე, 112-ში და იძახებს სპეციალისტებს, რომლებმაც არაერთხელ შეამოწმეს, როგორც მათი ტექნიკა, ასევე მოსარჩელის ბინა და რაიმე სახის დარღვევა ან გაზის გაჟონვა და გამონაბოლქვი ვერ დააფიქსირეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ლ---- ც--–---–--- და მოპასუხეები თ----- ხ----–--- და კ--- უ-------–--- არიან მეზობლები, ცხოვრობენ ქ. ფოთი, ა---–- რ------ გ------ ქ---- N--/3--ში. მოსარჩელე წარმოადგენს აღნიშნული ფართის მესაკუთრეს, ცხოვრობს მე-5 სართულზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.2. თ----- ხ----–--- ცხოვრობს მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის ქვევით (ქ. ფოთი, გ------ ქ---- 1-----ში, მე-4 სართულზე), ხოლო კ--- უ-------–--- კი მისი საცხოვრებელი ფართის გვერდით (ქ. ფოთი, გ------ ქ---- N--/---ში, მე-5 სართულზე).
აღნიშნული გარემოება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.1.3. მოპასუხეებს თავიანთ ბინებში დამონტაჟებული აქვთ გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეებს თავიანთ ბინებში გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები დამონტაჟებული აქვთ წესების დარღვევით და მათი გამონაბოლქვი და გაზის გამონაჟონი ზიანს აყენებს მოსარჩელის ჯანმრთელობას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 174-ე, 175-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
ამავე კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
6.4. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერდა მოსარჩელის ბინა, ასევე მოპასუხეთა ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციალისტები, კერძოდ: შპს „ს------ ჯ-------- გ------ სერთიფიცირებული თანამშრომლები, მენეჯერი დ----- მ–------- და მთავარი ოსტატი ი-----–- ხ------–--, რომლებმაც მოსარჩელის მიერ მითითებული ბინის ყველა წერტილიდან, სათანადო აპარატურის მეშვეობით შეამოწმეს მოპასუხეთა ბინებიდან გაზის გამათბობელისა და წყლის გამაცხელებლებიდან შესაძლო გამონაბოლქვის ან გაზის გაჟონვის საფრთხეები, მათი განმარტებით, აღნიშნული ტექნიკიდან მოსარჩელის ბინაში CO-ს და მეთანის გაჟონვის საფრთხე ნულის ტოლია. მათ მიერ განხილულ იქნა ნებისმიერ საფრთხე, კერძოდ, ჩართულ იქნა მოპასუხეთა გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები, გაღებულ იქნა მოსარჩელის ბინის აივნის კარები და ფანჯრები, რა დროსაც დასახელებული მავნე ნივთიერების შემადგენლობა აპარატზე 0% დაფიქსირდა, გარდა ამისა აღნიშნეს, რომ შემოწმდა მოპასუხეთა ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები, რომლებიც დამონტაჟებულია მათი სერთიფიცირებული სპეციალისტების მიერ წესების სრული დაცვით და ამ ტექნიკიდან მოსარჩელეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
საგულისხმოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო ახორციელებდა ადგილზე დათვალიერებას სპეციალისტების და მხარეთა მონაწილეობით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ გრძნობდა მოპასუხეთა ბინებიდან გაზისა და გამონაბოლქვის სუნს, რაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდა, ხოლო ამ დროისთვის მავნე ნივთიერების შემადგენლობა აპარატზე 0% ფიქსირდებოდა.
დ----- მ–-------მ და ი-----–- ხ------–--მ სხდომაზე განმარტეს, რომ ლ---- ც--–---–---მ ადრეც რამოდენიმეჯერ განახორციელა ზარი, როგორც 112-ში, ასევე მათ ცხელ ხაზზე და ყველა გამოძახებაზე შემოწმდა როგორც მისი ბინა, ასევე მოპასუხეთა ტექნიკა, მაგრამ დარღვევა ან რაიმე სახის მავნე ნივთიერების გაჟონვა არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
მოსარჩელეს სარჩელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო განხილული და გამოკვლეული მტკიცებულებებით ის ფაქტი, რომ მოპასუხეთა ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები მოსარჩელეს ზიანს აყენებს ან მათი მონტაჟი განხორციელებულია წესების დარღვევით, არ დასტურდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ლ---- ც--–---–---ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე