გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.03.2019
საქმის ნომერი
140310117001861023
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117001861023

საქმე № 3/92-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 მარტი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნინო არაბული

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: ნ----- ბ--–--–---–ი

 

მოპასუხეები: შპს ,,კ-----–---ი“, შ----- ხ--------–---–ი

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,კ-----–---ის“(ს.მ 4--------) და შ----- ხ--------–---–ის (პ.ნ 5----------) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

სარჩელის თანახმად, 2017 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შპს ,,კ-----–---ს“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 77 501,31 ლარის ოდენობით. 2015 წლის 16 ოქტომბერს №0---5--- შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება, ხოლო 2016 წლის პირველი მარტის №0---28 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,კ-----–---ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

შპს ,,კ-----–---მა“ სამეწარმეო საქმიანობის დროს 2014 წლის 10 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, იმავე თვეში მოახდინა საბაჟოზე შემოტანილი ნავთობის ბიტუმის რეალიზაცია და შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, არ წარადგინა მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის დღგ-ს დეკლარაციები, შესაბამისად არ განხორციელდა ბიუჯეტის წინაშე გადასახადის დარიცხვა. დავალიანება წარმოიშვა დასკვნით, 2014 წლის დეკემბრის თვის გადასახადის პერიოდზე 2015 წლის 15 ოქტომბერს, რის გამოც თავისუფლად ხდებოდა ფულადი სახსრების მოძრაობა, შპს ,,კ-----–---ის“ საბანკო ანგარიშებზე, რაც საშუალებას აძლევდა დამფუძნებლებს საკუთარი მატერიალური ინტერესებისთვის გამოეყენებინათ ფულადი საშუალებები. სამეწარმეო საქმიანობის შემდგომ, შ----- ხ--------–---–მა შეიძინა ავტომობილები, კერძოდ, 2015 წლის 31 იანვარს ავტომობილი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: A--3---U-, 2015 წლის 16 მაისს ავტომობილი Mercedesbenz C 230 KOMPRESSOR, სახელმწიფო ნომრით: O--6---Y-, 2015 წლის 13 ივნისს ავტომობილი - BMW, სახელმწიფო ნომრით R--4---B-. აღნიშნულ პერიოდში შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შ----- ხ--------–---–ს შემოსავლების მიღების ფაქტი არ უფიქსირდება. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით, შპს ,,კ-----–---ი“ შ----- ხ--------–---–მა სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა 2014 წლის 22 აგვისტოს იმ მიზნით, რომ 2014 წლის 1 ნოემბერს მისი მეშვეობით საბაჟოზე შემოეტანა 172 643, 47 ლარის ღირებულების საქონელი, ნავთობის ბიტუმი, რომლის რეალიზაციის შემდეგ მონაგები თანხა ნაცვლად იმის, რომ საგადასახადო ვალდებულებები შეესრულებინა, მიმართა პირად საკუთრებაში. აღნიშნული ოპერაციის შემდეგ შპს ,,კ-----–---მა“ შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, რაც ადასტურებს იმას, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისგან თავის არიდებას. შემოსავლების სამსახურის პოზიციის თანახმად, ვინაიდან მათ მიერ განხორციელებულმა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა, აღნიშნული გარემოებების და სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით, ითხოვენ შპს ,,კ-----–---ის“ და შ----- ხ--------–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეები, რომელთაც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის თარიღი, სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ასევე არ წარმოუდგენიათ შესაგებელი.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. შპს ,,კ-----–---ი“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 22 აგვისტოდან, მისი იურიდიული მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კ-----–---ი; დირექტორი, მესაკუთრე და 100 % წილის მფლობელი არის შ----- ხ--------–---–ი (ს.ნ 5----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2014 წლის 22 აგვისტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. შპს ,,კ-----–---ის“ (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 77 501,31 ლარს. 2015 წლის 16 ოქტომბერს №0---5--- შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ახსნა-განმარტება;

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 01 მარტს გამოცემული იქნა ბრძანება №0---28 შპს ,,კ-----–---ის“ (ს/ნ 4--------) საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით მის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 01 მარტის ბრძანება №0---28;

 

3.4. 2014 წლის 10 ნოემბერს, 11 ნოემბერს, 15 ნოემბერს შპს ,,ო--–--ის“, შპს ,,ს--------–-+“-ს, შპს ,,ე-–--ის“ სახელზე გასხვისდა შპს ,,კ-----–---ისგან“ ნავთობის ბიტუმი და ბიტუმოვანი ქონებისგან მიღებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების გადამუშავების სხვა ნარჩენები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ნავთობრუდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები №158038, №158039, №158040, №158117, №158127, №158128, №158129, №159345;

 

3.5. 2014 წლის 10 ნოემბერს შპს ,,კ-----–---ის“ სახელზე განხორციელდა ნავთობის ბიტუმის და ბიტუმოვანი ქონებისაგან მიღებული ნავთობის ან ნავთობპრუდუქტების გადამუშავების სხვა ნარჩენების აღრიცხვა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ნავთობრუდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები №037422, №037423, №037424, №037425, №037426, №037427, №037428, №037436, №037437, №037438, №037439;

 

3.6. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2019 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით შ----- ხ--------–---–ის (პ/ნ 5----------) 2014 წლის საანგარიშო წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამისად, მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 0 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 21 თებერვლის №17036-21-11 სამსახურეობრი ბარათი;

 

3.7. შ----- ხ--------–---–ს (პ.ნ 5----------) ხელფასის სახით დამსაქმებელი შპს ,,ავტომობილი 2003“-სგან მიღებული აქვს (საგ-პერიოდი 2014 02) 35 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ახსნა-განმარტება, ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი;

 

3.8. შ----- ხ--------–---–ის (პ.ნ 5----------) სახელზე 2015 წლის 31 იანვარს გაფორმდა ავტომობილი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: A--3---U-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი სააქართველოს შინაგან სააქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს ვებ-გვერდიდან; სსიპ საქართველოს შსს მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 06 მარტის №2 17 005 3---- წერილი;

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი შპს ,,კ-----–---ის“ და შ----- ხ--------–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეები ცნობილი უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ, გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; ამასთან, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას, ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს შპა ,,კ-----–---ს“ და შ----- ხ--------–---–ს შორის იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, დასტურდება. ვინაიდან დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შპს ,,კ-----–---ი“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 22 აგვისტოდან, დირექტორი, მესაკუთრე და 100 % წილის მფლობელი არის შ----- ხ--------–---–ი (პ.ნ 5----------), შესაბამისად არსებობს მათ შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი გარემოება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1.საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6.ე.წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1.კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

შპა ,,კ-----–---ის“ და შ----- ხ--------–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,კ-----–---ის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა 2014 წლის 22 აგვისტოდან, მის მიერ ნავთობპრუდუქტების რეალიზაცია მოხდა ამავე წელს, ნოემბრის თვეში, რის შემდეგაც შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, ამასთან, საყურადღეობოა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს №0---5--- შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება შპს ,,კ-----–---ის“ სახელზე, შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში - 2014 წლის ნოემბრის თვიდან 2015 წლის 16 ოქრტომბრამდე პერიოდში თავისუფლად ხდებოდა ფულადი სახსრების მოძრაობა შპს ,,კ-----–---ის“ საბანკო ანგარიშებზე, რაც საშუალებას აძლევდა დამფუძნებელს, დირექტორს - შ----- ხ--------–---–ს საკუთარი მატერიალური ინტერესებისთვის გამოეყებინა ზემოაღნიშნული ფულადი სახსრები. ამასთან საყურადღებოა ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2019 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით შ----- ხ--------–---–ის 2014 წლის საანგარიშო წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შესაბამისად, მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 0 ლარს, ხელფასის სახით დამსაქმებელი შპს ,,ავტომობილი 2003“-სგან კი მიღებული აქვს (საგ-პერიოდი 201402) 35 ლარი, ამავე პერიოდში, შ----- ხ--------–---–ის სახელზე 2015 წლის 31 იანვარს გაფორმდა ავტომობილი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: A--3---U-. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებას, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ შპს ,,კ-----–---ის“ დაფუძნება რეალურად ემსახურებოდა შ----- ხ--------–---–ის მატერიალურ ინტერესს, ისინი საგადასახადო კოდექსის მიზნებისთის არიან ურთიერთდამოკიდებული პირები და მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

შესაბამისად, შ----- ხ--------–---–ი და შპს ,,კ-----–---ი“ აღიარებული უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შპს ,,კ-----–---ის“ და შ----- ხ--------–---–ის მიმართ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,კ-----–---ი“ და შ----- ხ--------–---–ი აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად;

3. შპს ,,კ-----–---ს“ და შ----- ხ--------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 100 (ასი) ლარი;

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული