გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31583-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს ''ე----------'';
წარმომადგენელი - და-------------ე;
მოპასუხე - გ----------------ე;
წარმომადგენელი - დ---------–----------–---ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ----------------ეს მოსარჩელე შპს ''ე----------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს - 2 329.22 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ''ე----------'' და მოპასუხე გ----------------ეს 2016 წლიდან მოყოლებული კონსიგნაციის სახით აწვდიდა სხვადასხვა დასახელების პროდუქციას. გ----------------ეს მიღებული აქვს - 2 647.22 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. ამასთან, მას გადახდილი აქვს თანხის ნაწილი - 318 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი დავალიანება შეადგენს - 2329.22 ლარს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა პროდუქციის მიღების მომენტიდან, თუმცა მას ეს თანხა არ აუნაზღაურებია. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს დავალიანების თანხის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ----------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს და მას შპს ''ე----------ს'' მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია. მოპასუხემ მიუთითა, რომ 2011 წლიდან 2018 წლის იანვრამდე დასაქმებული იყო შპს ''ე---------ში'' გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. ელექტრონული ზედნადებები, რომლითაც მოსარჩელე ცდილობს დაადასტუროს მოპასუხისათვის 2329.22 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება, გამოწერილია თავად მოსარჩელის მიერ და მისი გამოწერა არ საჭიროებს მოპასუხის თანხმობას ან დასტურს. ამდენად, ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც რეგისტრირებულია და აქვს წვდომა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე, შეუძლია გამოწეროს ნებისმიერი რაოდენობის და ღირებულების ზედნადები მოპასუხის სახელზე, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მოპასუხისაგან ფულადი ვალდებულების მოთხოვნის საფუძველი. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე გ----------------ე 2011 წლიდან 2018 წლის იანვრამდე დასაქმებული იყო შპს ''ე---------ში'' გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მარტოოდენ გამყიდველის მიერ ცალმხრივად შექმნილი დოკუმენტი - სასაქონლო ზედნადებები მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს უდავოდ არ ადასტურებს, შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციით უცილოდ და სარწმუნოდ არ დგინდება მოპასუხე გ----------------ის ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ შეასრულოს დავალიანების - 2329.22 ლარის გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხე გ----------------ის მიერ დავალიანების თანხების გადაუხდელობას, წარმოდგენილი აქვს მიწოდებული საქონლის ზედნადებები შემოსავლების სამსახურის საიტიდან.
სასამართლო აღნიშნული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების და გამოკვლევის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტული მტკიცებულებებით უცილოდ არ დასტურდება მოპასუხე გ----------------ის მიერ კომპანიის კუთვნილი ქონების პირადი საჭიროებისთვის მითვისებისა თუ მოხმარების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელე სასაქონლო ზედნადებებზე უთითებს, როგორც მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად წარდგენილ მტკიცებულებებზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაზე. ამ კანონქვემდებარე აქტის 24-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№I----- დანართი) და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№I---09 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა. ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. მითითებული ინსტრუქცია არ ითვალისწინებს სასაქონლო ზედნადების მყიდველის მიერ ელექტრონული წესით დადასტურებას და არც საქმეში წარდგენილი სასაქონლო ზედნადებები არ შეიცავსმონაცემებს სასაქონლო ზედნადების მყიდველის მიერ დადასტურების შესახებ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამყიდველის მიერ ცალმხრივად შექმნილი დოკუმენტი - სასაქონლო ზედნადები მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს არ ადასტურებს. ასევე უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხე წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მოსარჩელის კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და მის უფლებამოსილებებში შედიოდა პროდუქციის რეალიზაცია და არა თავად მათი შესყიდვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების - მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულების არსებობის თაობაზე დადასტურება, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების და მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 16-36);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე,327-ე, 361-ე, 477-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.
წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა მოპასუხე გ----------------ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების არსებობა და მისი მოცულობა, რაც აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის საქონლის ღირებულების - 2329.22 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 50 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ''ე----------ს'' უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ''ე----------ს'' სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი