გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1965-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 მარტი, 2019 წ . თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - სსიპ შე-------–----------------
წარმომადგენელი - ლა–--------–---–-----------------ე
მოპასუხე - და--------–--------–---–ი
წარმომადგენელი - თ---------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს და--------–--------–---–ს (პ/ნ 0----------) 7 745 694.34 (შვიდი მილიონ შვიდას ორმოცდახუთი ათას ექვსას ოთხმოცდათოთხმეტი ლარის და ოცდათოთხმეტი თეთრის) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს „და------------------ას“ 2017 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 7 087 501.33 ლარის ოდენობით, ასევე დამატებით დარიცხული არაღიარებული 658 193.01 ლარი. დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების შედეგად გაცემული საგადასახადო მოთხოვნებით, კერძოდ, 2012 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით კომპანიას დაერიცხა 3 904 677.58 ლარი, 2013 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით 1 253 992.48 ლარი, ხოლო 2014 წლის 02 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნით კი 532 697.57 ლარი. შპს „და------------------ა“ იმყოფება გადახდისუუნარობის რეჟიმში, რაც განპირობებულია კომპანიის დირექტორის და ერთადერთი პარტნიორის - და--------–--------–---–ის მხრიდან კომპანიის სტატუსისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის ბოროტად გამოყენებით. მოპასუხე მხარე არღვევდა მასზე დაკისრებულ ფიდუციურ მოვალეობებს, რაც დადასტურდება იმ გარემოებით, რომ კომპანია შედიოდა ურთიერთობაში, რომლის ღირებულება უტოლდებოდა სამ მილიონ ლარს, იმ პირობებში, როდესაც მისი კაპიტალიზაცია ნოლი ლარის ტოლი იყო. აღნიშნული კი ფაქტიურად იწვევდა რისკების მხოლოდ კრედიტორ მხარეზე გადაკისრებას და შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსის ბოროტად გამოყენებას. მოპასუხის მხრიდან საწარმოს არაგულისხმიერად მართვა ასევე დასტურდებოდა იმ გარემოებით, რომ მის მიერ გაშვებულ იქნა საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა. ამასთან, კომპანიასა და შემ------–---------------ს შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში, კომპანიის მიერ განხორციელდა სამსახურის მინავიტრაჟების სამუშაოები და მოგვიანებით, საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მიზნით წარდგენილ მოთხოვნაზე, და--------–--------–---–მა წერილობით განმარტა, რომ სამუშაოები თავის დროზე განხორციელდა ქვემოიჯარის მიერ და დღეის მდგომარეობით ვეღარ ხდება მისი მოძიება. ეს ფაქტი ასევე ადასტურებს მოპასუხის მიერ კომპანიის მიმართ არსებული ფიდუციური ვალდებულებების დარღვევას, სახელშეკრულებო ეტაპზე რისკების გაუთვლელობასა და გულისხმიერების ვალდებულების დარღვევას. მით უფრო, რომ ქვემოიჯარის მიმართ არ განხორციელებულა სამოქალაქო წესით სარჩელის აღძვრა, რაც კიდევ ერთი დასტურია უფლების არაჯეროვანი გამოყენებისა. ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებს, რომ სახეზეა და--------–--------–---–ის მიმართ გამჭოლი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მათი განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. მხარის არცერთი არგუმენტი არ წარმოადგენს კომპანიის დირექტორისა და ერთადერთი პარტნიორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. მოპასუხის მითითებით, მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, თითქოს კომპანია არაადეკვატური კაპიტალიზაციის ფარგლებში აფორმებდა ძვირადღირებულ კონტრაქტებს, არასწორია. კომპანია მითითებულ პერიოდში ახორციელებდა აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას, გააჩნდა შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა, რაც საჭირო იყო საქმიანობისათვის. ამასთან, კანონმდებლობით არ იყო აკრძალული თუნდაც დადგენილი კაპიტალის გარეშე კომპანიის დაფუძნება ან შემდგომი საქმიანობის განხორციელება. მოპასუხის მითითებით, ქვეკონტრაქტორის მოუძიებლობა, არ შეიძლება დაედოს დირექტორის პასუხისმგებლობას საფუძვლად, ვინაიდან სამეწარმეო კონკურენტულ გარემოში, რომელიმე ქვეკონტრაქტორის მოუძიებლობა არანაირ ვალდებულებას არ წარმოუშობს დირექტორს სხვა კრედიტორების მიმართ.
მოპასუხის მიზანს წარმოადგენდა წარმატებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, რისთვისაც სს „თიბ-----–------თან“ გაფორმებული ჰქონდა სალიზინგო ხელშეკრულება და კომპანიამ შეიძინა სპეციალიზებული ავტომანქანები. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კი თავად მოპასუხის ქონება დაიტვირთა იპოთეკით. არსებული სამეწარმეო კონკურენციის ფარგლებში, ვინაიდან ვერ შეძლო კომპანიამ განვითარება, დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა მისი ბინის რეალიზაცია და კომპანიის დავალიანების დაფარვა. ამასთან, ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ გაშვებულ იქნა საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრების ვადა, კავშირში არ იყო დავასთან, ვინაიდან გაურკვეველი იყო ამ კუთხით ზიანის გამოწვევა, მოსარჩელე სწორედ აღნიშნული გადასახადების დაკისრებას ითხოვდა მხარისათვის. მოპასუხის განმარტებით, გამჭოლ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა შესაძლოა დღის წესრიგში დამდგარიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც კომპანიის პარტნიორის ან/და დირექტორის საქმიანობა მიმართულია გადასახადებისაგან თავის არიდებისაკენ, როდესაც ხდება კომპანიის „ინსტრუმენტად“ გამოყენება, კომპანიის სახსრების პირადი მიზნებისათვის გამოყენება. მოსარჩელე კი ასეთ გარემოებებზე ვერ მიუთითებდა, რისი მტკიცების ვალდებულებაც მის მხარეზეა. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე ვერ ადასტურებდა პასუხისმგებლობის ფაქტობრივ საფუძვლებს, სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „და------------------ა“ 2005 წლის 18 ნოემბრიდან ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. კომპანიის 100%-იან წილის მესაკუთრე პარტნიორსა და დირექტორს წარმოადგენს და--------–--------–---–ი.
(მტკიცებულება: შპს „და------------------ას“ რეგისტრაციის შესახებ ბრძანება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 23-25, 31-32)
3.2.2. 2012 წლის 29 დეკემბრის N0------- საგადასახადო მოთხოვნით შპს „და------------------ას“ დაერიცხა საერთო ჯამში 3 904 677.58 ლარი, 2013 წლის 26 დეკემბრის N5---- საგადასახადო მოთხოვნით 1 253 992.48 ლარი, ხოლო 2014 წლის 02 ოქტომბრის N0----- საგადასახადო მოთხოვნით კი 532 697.57 ლარი.
(მტკიცებულება: საგადასახადო მოთხოვნები, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებები, გადამხდელის ბარათები, ს.ფ. 42-54)
3.2.3. 2017 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით შპს „და------------------ას“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შედარების აქტის თანახმად შეადგენს 7 087 501.33 ლარს.
(მტკიცებულება: შედარების აქტი, ს.ფ. 41)
3.2.4. 2009 წლის 28 მაისს საქ--------–----------------------------სა და შპს „და------------------ას“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიისათვის გაგზავნილი წერილის პასუხად, რომლითაც მოთხოვნილ იყო საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა, კომპანიამ სსიპ შემ------–---------------ს წერილობით განუმარტა, რომ სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულ იქნა კომპანიის ერთ-ერთი ქვემოიჯარის მიერ და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ვერ ხერხდება მისი მოძიება, რის გათვალისწინებითაც კომპანია ვერ ახდენდა სამინისტროს შენობაში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრითი სამუშაოების შესრულებას.
(მტკიცებულება: ხელშეკრულება, წერილი, ს.ფ. 55-64)
3.2.5. შე-------–----------------ს 2014 წლის 02 აპრილის ბრძანების თანახმად, შპს „და------------------ას“ 2014 წლის 10 მარტის საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს N5---- საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული დარიცხვები, სამსახურის მიერ საჩივრის დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
(მტკიცებულება: ბრძანება, ს.ფ. 26-27)
3.2.6. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ 2008 წლის 11 მარტს სს „თიბ-----–------სა“ და შპს „და------------------ას“ შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშერულება, რომლის უზრუნველსაყოფად 2009 წლის 03 თებერვალს სს „თიბ-----–------სა“ და და--------–--------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. სს „თიბ-----–------ის“ მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, შპს „და------------------ას“ სს „თიბ-----–------ის“ მიმართ არ გააჩნია დავალიანება, ხოლო სს „თიბ---------ს“ მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად კი ბანკში გაცემული კრედიტების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების რეალიზაცია მოხდა აუქციონზე, რითაც დაიფარა მხარეთა შორის არსებული ორი საკრედიტო ხელშეკრულება.
(მტკიცებულება: ხელშეკრულებები, ინფორმაციები, ს.ფ. 126-141)
3.2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ შე-------–----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „და------------------ას“ შე-------–----------------ს სასარგებლო დაეკისრა 84 416.13 ლარის გადახდა, რომლის აღსრულების მიზნით, 2018 წლის 21 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
(მტკიცებულება: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 222-229)
3.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შეწყდა შპს „და------------------ას“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ამავე განჩინებით დადგინდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში შპს „და------------------ის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების რეგისტრაცია. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
(მტკიცებულება: განჩინება, ს.ფ. 214-218)
3.2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს „და------------------ის“ რეგისტრაცია.
(მტკიცებულება: გადაწყვეტილება, ს.ფ. 244)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სსიპ შე-------–----------------ს სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-9 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ამ მუხლის მიხედვით საზოგადოების პარტნიორს (პარტნიორებს) ეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა მაშინ, როცა პარტნიორები ბოროტად იყენებენ საზოგადოების პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას. აღნიშნული კი გულისხმობს პარტნიორის მხრიდან საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის გამოყენებას პირადი ინტერესებისათვის, რაც უშუალოდ პარტნიორის ნებისმიერი ფორმით მიღებულ სარგებელს ზრდის და უმთავრესად იგი სხვა პირის, მათ შორის საზოგადოების კრედიტორების ინტერესებს ხელყოფს და აზიანებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში Nას-1307-1245-2014 და Nას-1158-1104-2014 პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია შემდეგი: „პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის აღნიშნული წესი გამომდინარეობს იმ დოქტრინიდან, რომელსაც სამეწარმეო სამართლში „კორპორატიული საფარველის გაჭოლვის“ ან სხვაგვარად „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დოქტრინა ეწოდება. „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ გამოყენების საჭიროება, როგორც წესი, წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა ვალდებულება წარმოეშვა კომპანიას, მაგრამ იგი არ არის გადახდისუნარიანი. კრედიტორი, გადახდისუნარიანი პირის ძიებაში, უჩივის კომპანიის პარტნიორს და მიუთითებს, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ის პირადად აგებს პასუხს კომპანიის სახელით წარმოშობილი ვალდებულებებისათვის. ასეთ შემთხვევაში, როდესაც კომპანია გადახდისუუნაროა და კრედიტორი ითხოვს გადახდას პარტნიორისაგან, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დანაკარგი მესამე პირს თუ პატნიორს დააკისროს. ყოველ ასეთ შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის პრინციპის უპირობო გამოყენება გამოიწვევდა შედეგს, რომელიც ყოველთვის კრედიტორს აზარალებს“. „გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული საფუძველია კომპანიის „არაადექვატური კაპიტალიზაცია“. გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების მიზნებისათვის არაადექვატური კაპიტალიზაცია არ გულისხმობს კანონით დადგენილი მინიმალური კაპიტალის ქონას (მრავალ ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ასეთი მოთხოვნა კომპანიების მიმართ აღარ არსებობს). არაადექვატურ კაპიტალიზაციაში იგულისხმება ის შემთხვევა, როცა კომპანიის კაპიტალი ძალიან მცირე ან შეუსაბამოა იმ კომპანიის საქმიანობის სახისათვის და იმ რისკების დასაზღვევად, რომელსაც კომპანიის ბიზნეს საქმიანობა წარმოშობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ იგულისხმება მოსალოდნელი ეკონომიკური საჭიროებები და არა ფორმალურ-სამართლებრივი მოთხოვნები. „არაადექვატური კაპიტალიზაციის“ ელემენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არასახელშეკრულებო (არანებაყოფლობით) კრედიტორებთან მიმართებაში პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენებისას.“
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შე-------–---------------- კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის საფუძვლად მიუთითებს არაადეკვატურ კაპიტალიზაციაზე და განმარტავს, რომ და--------–--------–---–ი, როგორც საზოგადოების დამფუძნებელი ერთადერთი პარტნიორი, ბოროტად იყენებდა საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსს და სახეზე იყო კომპანის აქტივის ნოლი ლარის შეფარდება დაახლოებით რვა მილიონ ლარ დავალიანებასთან მიმართებით. ამასთან, მხარე მიუთითებს, რომ შემ------–---------------თან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულების ღირებულება უტოლდებოდა სამ მილიონ ლარს, რითაც ხდებოდა რისკების მხოლოდ კრედიტორ მხარეზე გადატანა და საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსის ბოროტად გამოყენება.
სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის ზემოაღნიშნული განმარტება, რომ ადგილი აქვს არაადეკვატურ კაპიტალიზაციას, ვინაიდან მარტოოდენ ბიზნეს რისკების დაზღვევაზე მსჯელობა რაიმე სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისათვის, არ შეიძლება გახდეს პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის საფუძველი, იმ მოცემულობაში, როდესაც მოდავე მხარე ვერ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებაზე, კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რაც რისკებს არაგამართლებულად ხდის არაადეკვატური კაპიტალიზაციის პირობებში. თავად მოსარჩელის მიერ მოყვანილი საქ--------–----------------------------სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარე არ უთითებს და არ განმარტავს, რომ თუნდაც აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას ხსენებული რისკის გაუთვალისწინებლობის გამო დაირღვა და ვერ შესრულდა ვალდებულება. მოსარჩელე მხოლოდ საგარანტიო პერიოდში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ მოქმედ საგარანტიო პერიოდში კომპანიის ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე აცხადებს პრეტენზიას. ამდენად, მხოლოდ ზოგადი სახის მითითება არაადეკვატური კაპიტალიზაციის გამო პასუხისმგებობის პარტნიორზე დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
„პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს“ (იხ. სუსგ-ის გადაწყვეტილებები საქმეზე Nას-1307-1245-2014 და Nას-1158-1104-2014).
სადავო შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე და--------–--------–---–მა ბოროტად გამოიყენა შპს „და------------------ას“ პასუხისმგებლობის შეზღუდული სამართლებრივი ფორმა და მისი მოქმედება, როგორც საზოგადოების პარტნიორისა, მიმართული იყო განზრახ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებისაკენ.
6.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში - სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში - მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში - დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
სამეწარმეო საზოგადოების დირექტორატი წარმოადგენს საზოგადოების მართვის მნიშვნელოვან რგოლს. საზოგადოების საქმიანობის სწორად წარმართვა, სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება, უშუალოდ დირექტორის მოვალეობაა და მისი ვალდებულება, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, ყოველთვის უნდა გამომდინარეობდეს ზრუნვის მოვალეობიდან, რომ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოქმედება ყველაზე ხელსაყრელი და მისაღებია კომპანიის ინტერესებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში დირექტორის ე.წ. „ზრუნვის მოვალეობასთან“ დაკავშირებით განმარტებულია შემდეგი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე კომპანიის წესდებით.“ „ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.“
საზოგადოების წინაშე დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში Nას-245-230-2014 მტკიცების ტვირთთან მიმართებით განმარტებულია შემდეგი: „მტკიცების თვალსაზრისით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მოსარჩელე საზოგადოების ვალდებულებას წარმოადგენს ზიანის არსებობის ფაქტის დამტკიცება, მან უნდა მიუთითოს და წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს საწარმოს მატერიალური დანაკლისის ფაქტს, რომელიც დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგია, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია გააქარწყლოს ეს გარემოება იმგვარად, რომ იგი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და თუნდაც მატერიალური დანაკლისის არსებობის შემთხვევაში, ეს მდგომარეობა არ არის დირექტორის ბრალეული ქმედების შედეგი.“
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხე და--------–--------–---–ის მხრიდან მისი როგორც დირექტორის ე.წ. „ფიდუციური მოვალეობების“ დარღვევის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ის კომპანიაში ახდენდა არასწორ ბუღალტრულ ანგარიშგებას, რამაც კომპანიას წარმოუშვა მნიშვნელოვანი საგადასახადო დავალიანება. მხარის განმარტებით, მან არ გაასაჩივრა 2013 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები, ვერ გათვალა რისკები და დაარღვია გულისხმიერების მოვალეობა, როდესაც ქვემოიჯარის მიმართ არ აღძრა თუნდაც სამოქალაქო სარჩელი და არ უზრუნველყო იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რაც საჭირო იყო საქ--------–----------------------------სთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო პერიოდში. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სანდო კონტრაქტორთან ურთიერთობა, რითაც ვერ შეასრულა სამინისტროს წინაშე ნაკისრი საგარანტიო ვალდებულებები.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ საფუძვლებს დირექტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც დადასტურდება პირის მიზანმიმართული, შეგნებული მოქმედება ზიანი მიეყენებინა საზოგადოებისათვის. აღნიშნული არ მოიაზრებს ნებისმიერ შემთხვევას, რომელიც შესაძლოა საზოგადოების ინტერესებიდანაა ნაკარნახევი, თუმცა შემდგომში გამოდგა მცდარი. საწინააღმდეგოს გაზიარების შემთხვევაში, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება საზოგადოებისათვის მომგებიანი, ყველა შემთხვევაში წარმოშობდა დირექტორისათვის პირადი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლითაც დადგინდებოდა და--------–--------–---–ის კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება. მოქმედება, რომელიც არ იქნებოდა ნაკარნახევი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან და რომელიც ზიანის მომტანი გახდებოდა მისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის განმარტება დაუსაბუთებლად უნდა იქნეს ცნობილი და სარჩელი და--------–--------–---–ისათვის, როგორც კომპანიის დირექტორისათვის და როგორც კომპანიის პარტნიორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, არ არსებობს მხარეთათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შე-------–----------------ს სარჩელი მოპასუხე და--------–--------–---–ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხნას ყადაღა მოპასუხე და--------–--------–---–ის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს:
2.1. ავტომანქანა MER-------------------- (VIN კოდი: W----------------) სახელმწიფო ნომრით NN-----;
2.2. ავტომანქანა FO-- M----- 1.8---- (VIN კოდი: W----------------) სახელმწიფო ნომრით RO----;
2.3. იარაღი NA---, იარაღის N4----;
2.4. იარაღი WA-------------, იარაღის ნომერი 2-----;
2.5. იარაღ SK- -, იარაღის ნომერი Ю-----;
2.6. იარაღი IZ--------------, იარაღის ნომერი 0--------;
2.7. იარაღი MC--------, იარაღის ნომერი 1----.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი