გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - მ-----–--------------ი
წარმომადგენლები - დ---------------–---–ი
მოპასუხე - გ-----------------ე
წარმომადგენელი - მ---------------ე
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ-----------------ეს მოსარჩელე მ-----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხე გ-----------------ეს მოსარჩელე მ-----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით
სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება:
2017 წლის 28 აგვისტოს, ს--------ს მუნიციპალიტეტში მდებარე ბულვარის ტერიტორიაზე მ-----–--------------სა და გ-----------------ეს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც გ-----------------ემ მოსარჩელეს რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში და მიიღო სხეულის დაზიანებები.
ს--------ს რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ-----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. განაჩენის თანახმად, გ-----------------ეს სასჯელის სახეთ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
გ-----------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელემ მიიღო მნიშნელოვანი ტრავმა სახის არეში, დაუფიქსირდა ცხვირის ძვლების მოტეხილობა ფრაგმენტების მცირე ცდომით, ძგიდემ განიცადა დეფორმაცია, ცხვირის ფორმისა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის მიზნით დასჭირდა ოპერაციის გაკეთება ცხვირის ძვლების რეპოზიციით, თაბაშირის დადებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოსარჩელეს არაერთხელ მოუწია სამედიცინო დაწესებულებებში გამოცხადება დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებებით. სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯმა შეადგინა 675 ლარი, ხოლო დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებების ხარჯმა შეადგინა - დაახლოებით 200 ლარი.
აღნიშნულმა ქმედებამ მოსარჩელეს ასევე მიაყენა მორალური ზიანი, რაც ფსიქოლოგიურ ტრავმაში გამოიხატა, კერძოდ: მოპასუხის ქმედება საზოგადოების თავშეყრის ადგილას განხორციელდა, მან არამხოლოდ ფიზიკური, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, რითიც შეულახა პატივი და ღირსება, უფრო მეტიც, ერთი კვირის განმავლობაში გადაადგილება უწევდა დეფორმირებული ცხვირით, სახეზე არსებული სიმახინჯე და ნაკლი კი რთული აღსაქმელია დაზარალებულისთვის, გარდა ამისა, ორი თვის განმავლობაში სახეზე ეტყობოდა ძალადობის კვალი, რის გამოც ერიდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობას. მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით დასჭირდა შესაბამისი სპეციალობის მქონე ექიმის კონსულტაცია და დამატებითი სამედიცინო მედიკამენტების მიღება.
მოსარჩელეს მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი და დასაქმების სფეროდან ყოველთვიურად მიღებული შემოსავალი მინიმუმ 2000 ლარია, თუმცა მოპასუხის ქმედების გამო დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვეღარ შეძლო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, რის გამოცა მიადგა მატერიალური ზიანი 4000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, მოსარჩელეს გახსნილი აქვს კაფე, რომელიც დედის სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა რეალურად მოსარჩელე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 2000 ლარია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, მატერიალური ზიანიდან გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ხარჯის - 675 ლარის ნაწილში. მატერიალური ზიანის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში მოპასუხემ გამორიცხა მოთხოვნის დაკმაყოფილება მიზეზობრივი კავშირის არარსებობის გამო. ასევე არ ცნო მოთხოვნა მორალური ზიანის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს--------ს რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, გ-----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
განაჩენით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქალაქ ს-------ში მდებარე ბულვარის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ-----------------ემ სახის არეში რამდენეჯერმე დაარტყა ხელი მ-----–--------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხასიათის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
განაჩენის თანახმად, გ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.10.2017 წლის განაჩენი;
3.1.2. მ-----–--------------ს 2017 წლის 29 აგვისტოს, შპს „ა-------------–----ა ს-------ში“ ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება, დიაგნოზით ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა თვალბუდის ჰემატომა. ასევე გაეწია სამედიცინო მომსახურება კლინიკაში შპს „ს. ხ-----–---–--------–----------------------------–----ა“, სადაც 2017 წლის 31 აგვისტოს ჩაუტარდა ცხვირის ძვლების რენტგენოგრაფია, ჩაუტარდა ოპერაცია, დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე ნევროლოგის კონსულტაცია, რომლის დიაგნოზითაც დაუდგინდა ქალა ტვინის ტრავმა - თავის ტვნის შერყევა და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა.
ჯამში მკურნალობის ხარჯი შეადგენს 675 ლარს. მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები;
- სამედიცინო დანიშნულებები და კალკულაციები
3.1.3. მ-----–--------------ს შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი, რომლის ფარგლებში ეწევა ჩურჩხელის, ტყლაპის, სუნელების, ჩირის დამზადება რეალიზაციას და ჭიქებით ნატურალური წვენების ჩამოსხმა-რეალიზაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სერთიფიკატი;
- ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ გ-----------------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მ-----–--------------ამ ვერ შეძლო მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსის ფარგლებში, ასევე ოჯახის წევრის სახელზე გახსნილ კაფეში ბიზნეს საქმიანობის განხორციელება 2 თვის განმავლობაში.
იმისთვის, რომ მოხდეს პასუხისმგებლობის მოპასუხისთვის დაკისრება, უნდა არსებობდეს შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მოსარჩელე ითხოვს მატერიალური ზიანის სახით იმ ზიანის მოპასუხისთვის დაკისრებას, რასაც ის მიიღებდა 2 თვის განმავლობაში ბიზნეს საქმიანობის განხორციელებით, თუმცა არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგება თვეში შეადგენდა მინიმუმ 2000 ლარს და დაახლოებით 2 თვის მანძილზე, რომ ვერ ახორციელებდა ბიზნეს საქმიანობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით დადგენილია ფაქტი, რომ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს მოპასუხემ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი მოსარჩელეს, რის გამოც მა----–--- მი--------მა მსუბუქი ხასიათის დაზიანება მიიღო ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამდენად, განაჩენში არ არის საუბარი სხვა სახის ზიანის არსებობაზე.
შესაბამისად, თუკი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბიზნეს საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობით გამოწვეული ზიანი მიზეზშედეგობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ამის მტკიცების ტვირთი თავად მოსარჩელეს აკისრია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად დამდგარი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით მ-----–--------------ს წარმოეშვა დამატებითი ხარჯი სატრანსპორტო საშუალების დაქირავების მიზნით.
უდავოა, რომ მოსარჩელე საჭიროებდა სამედიცინო მომსახურების მიღებას, თავდაპირველად წნორში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო შემდგომში საჭირო გახდა სამედიცინო მომსახურების თბილისში მიღება და მოსარჩელეს რამოდენიმეჯერ მოუხდა თბილისში ჩამოსვლა. თავად ცხოვრობს დ--- ს-------ში. გადაადგილება კი ხდებოდა დაქირავებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, რომლის ხარჯი, მოსარჩელის განმარტებით 200 ლარი დაჯდა. მართალია, მოპასუხე არ დაეთანხმა ხარჯის ოდენობას, თუმცა არსებითი შედავება ოდენობასთან დაკავშირებით მას არ განუხორციელებია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მ-----–--------------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკამყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით 5000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს, რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
უდავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, რაც გამოიხატება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, გამომდინარეობს მოპასუხე გ-----------------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან. მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რისთვისაც გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით მოსარჩელეს მოუხდა სატრანსპორტო ხარჯების გაწევაც.
ამდენად, მოსარჩელეს აქვს უფლება ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხეს მოსთხოვოს სამედიცინო მომსახურების ხარჯის 675 ლარის და სატრანსპორტო მომსახურების ხარჯის - 200 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დარჩენილი 4125 ლარის ანაზღაურებას, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ დაახლოებით 2 თვის პერიოდში ბიზნეს საქმიანობიდან იგი აღნიშნული ოდენობით მოგებას მიიღებდა და რომ აღნიშნული ფაქტი ვერ დადგა მოპასუხის ქმედების გამო. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 2000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია მოცემული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენას. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე.ი. კანონით პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებირვი ზიანისთვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი“ (იხ. სუსგ №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი). ეს ნორმა იმპერატიული ხასიათისაა, ვინაიდან არამატერიალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, ამ ნორმით დაცული ერთ-ერთ სიკეთე, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისთვის ანაზღაურება არის ადამიანის ჯანმრთელობა. შესაბამისად, მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა წარმოადგენს, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვასა და ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებას ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებაში კი უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მის ორგანიზმის შინაგან პროცესებს (იხ. სუსგ. #ას-1156-1176-2011). კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე გ-----------------ემ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით ხელყო მოსარჩელის ჯანმრთელობა, რაც მას მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამავდროულად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი დაკმაყოფილება გონივრულ ფარგლებში უნდა მოხდეს და გონივრულად მიიჩნევს მორალური ზიანის სახით 1000 ლარის დაკისრებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან. რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----–--------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გ-----------------ეს მ-----–--------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 875 ლარის ოდენობით.
3. გ-----------------ეს მ-----–--------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
4. გ-----------------ეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახ. ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე