გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310019002940689
№ 3/43-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2019 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი მარიამ წულაძე
მოსარჩელე ს------- ჩ--------
მოპასუხეები: (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) შ-- ფ------ ს----–---- ს-----------–--ს ინსპექტორ-გამომძიებელი უ--- ძ------;
ქ---- ს---------
წარმომადგენელი ი----- ე--------ე
მოთხოვნა - შემაკავებელი ორდერის გაუქმება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ--- ძ------ს მიერ 2019 წლის 08 აპრილს შედგენილი N007329 შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 08 აპრილს ფ------ ს----–---- ს-----------–--ს ინსპექტორ-გამომძიებლის უ--- ძ------ს მიერ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი N007329 კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. ს------- ჩ--------ს აეკრძალა მსხვერპლთან ქ---- ს---------სთან მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლობა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; აეკრძალა რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო საშუალებებით, სოციალური ქსელით და სხვა საშუალებების გამოყენებით კონტაქტი. შემაკავებელი ორდერით მსხვერპლი განცალკევდა ე.წ. მოძალადისაგან და გადაყვანილი იქნა მიმღებ ოჯახში ჩ-------–---ში. შემაკავებელი ორდერის ვადად განისაზღვრა 30 დღე. 2019 წლის 07 აპრილს მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილი ქ---- ს--------- დაბადებული 2--- წლის 2- ივნისს საღამოს 20 საათისათვის დაბრუნდა სახლში. სახლში დაბრუნებამდე ცდილობდა მასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. მოსარჩელეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არც იმ დღეს და არც ადრე. ბავშვს კითხა, რომ რატომ დააგვიანა და სად იყო ამ ხნის განმავლობაში, რაზეც გახდა აგრესიული, ისტერიკებით შეუტია, რომ სახლიდან გაიქცეოდა და დაემუქრა, შევიდა მის ოთახში გადაყარა ნივთები, არია საძინებელი მის ხმაზე შევიდა მოსარჩელის დედა მ------- ჩ-------- და დედამთილი ზ---- ნ--------ე. ასევე, ნ---- ს--------–--ე. ისინი შეეცადნენ, რომ დაემშვიდებინათ ქ----, მათაც უკვირდა, რომ ბავშვი სრულიად არაადეკვატური იყო. ვინაიდან მისი ხმა არ ესმოდა ხმას აუწია. არ მოუსმინა და მის ოთახში შევიდა და როცა შეაღო კარი, ნახა რომ ფანჯრიდან გაპარულიყო. დაუწყო ძებნა ქუჩაში და მეზობლის ქალმა უთხრა, რომ ქ---- სწრაფად მირბოდა. დაუკავშირდა მის მეგობრებს. ისევ ეძება და მიაკითხა მის მეგობარს მ---- მ----------ს სახლში, სადაც დედამისმა უთხრა, რომ მ---- სოფელშია და მისი შვილი იქ არ იყო. წავიდა. ყველგან დარეკა თუ სადმე შესაძლო იყო ბავშვი მისულიყო და ბოლოს გაარკვია, რომ ქ---- მ-----თან და დედამისთან ერთად პოლიციაში წასულიყო საჩივრის შესატანად. გაუკვირდა და მივიდა პოლიციაში, სადაც მიმდინარეობდა ქ---- ს---------ს დაკითხვა და კანონიერ წარმომადგენლად დაკითხვას ესწრებოდა მ---- მ----------ს დედა, თუ რატომ მისთვის გაუგებარია. ის დარწმუნებული არის, რომ მისი შვილი სწორედ მან მიიყვანა პოლიციაში და საჩივრის შეტანა მისი ინიციატივა იყო. მოსარჩელეს შვილისთვის არაფერი დაუშავებია, მისი მოქმედება არანაირად კანონის ფარგლებს არ გასცილებია. გაუგებარია რატომ ესწრებოდა მისი შვილის დაკითხვას მ---- მ----------ს დედა, რომლის სახელი და გვარი არ იცის, რომელიც როგორც შემდგომ გაიგო პირობით მსჯავრდებულია და აღრიცხვაზეა პრობაციის ბიუროში. ჰყავს ერთი წლის და რვა თვის შვილი. მეუღლე სამუშაოდაა პოლონეთში. ბუნებრივია მისი შვილი უსაფრთხოდ იყოს, რაიმე არ შეემთხვეს და ცდილობს აკონტროლოს, რომ რაიმე ხიფათს არ გადაეყაროს. ისწავლოს და აღიზარდოს ნორმალურ პირობებში. შემაკავებელი ორდერი სრულიად დაუსაბუთებელია და მითითება იმაზე, რომ არსებობდა რაიმე საფრთხე მისი მხრიდან.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შ-- ფ------ ს----–---- ს-----------–--ს ინსპექტორ-გამომძიებელმა უ--- ძ------მ მხარი დაუჭირა მის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს და განმარტა, რომ მხარეების თანხმობის შემთხვევაში წინააღმდეგი არ არის გაუქმდეს.
ქ---- ს---------მ განმარტა, რომ მას არ სურს თავის საცხოვრებელ სახლში დაბრუნება და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, წინააღმდეგი არ არის შემაკავებელი ორდერის გაუქმების.
ქ---- ს---------ს წარმომადგენელმა ი----- ე--------ემ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა კანონის დარღვევით. არასრულწლოვნის დაკითხვა განხორციელდა ღამის საათებში, რაც დაუშვებელია. ასევე, არასრულწლოვანი გადაყვანილი იქნა მისთვის არაჯანსაღ გარემოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ--- ძ------ს მიერ 2019 წლის 08 აპრილს შედგენილი N007329 შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 08 აპრილს ფ------ ს----–---- ს-----------–--ს მიმართა ქ.ფ------ ბ------------ს ქ.N---ში მცხოვრებმა 2--- წელს დაბადებულმა ქ---- ს---------მ და განაცხადა, რომ კონფლიქტი აქვს დედასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვა პოლიციის დახმარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N889033 შეტყობინების რეგისტრაციის ბარათი.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2019 წლის 08 აპრილს 01:40 საათზე ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ--- ძ------ს მიერ გამოცემულ იქნა N007329 შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ს------- ჩ--------ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ქ---- ს--------- ცხოვრობს, ს.ჩ--------ს აეკრძალა ქ.ს---------სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ს.ჩ--------ს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 08 აპრილის N007329 შემაკავებელი ორდერი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის„ „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს------- ჩ-------- არის ქ---- ს---------ს დედა, შესაბამისად, მათზე უნდა გავრცელდეს მითითებული კანონის მოქმედება.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის არაპირდაპირი, ,,ფარული“ ფორმა,, რომელიც შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული. ფსიქოლოგიური ძალადობა შესაძლოა შეიცავდეს ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს და არსებობდეს ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ასევე, დამოუკიდებლად ან/და ერთდროულად იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ამ სახის ძალადობა დამახასიათებელია მხარეთა ურთიერთობის დისბალანსის დროს, მათ შორის კონფლიქტის აღმოცენების, განვითარებისა და შემდგომ ეტაპზეც კი. ამდენად, გამონათქვამები (ვერბალური თუ წერილობითი სახით გავრცელებული) რომლებიც იწვევენ ადამიანის წყენას, შეურაცხყოფას, გაღიზიანებას, აგრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, მიმართულია მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და პატივის და ღირსების შელახვისკენ, ბუნებრივია ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. ,,კლიმატის“ ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობის შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მის ემოციურ მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.
სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად, თუმცა აღნიშნული ღონისძიების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების.
,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" 52-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვანი არ შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.
მოზარდობა (13-18 წელი)
ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ეს ეტაპი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული განვითარების ფაზა ბავშვებისათვის.
ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები (ფიზიკური და სქესობრივი მომწიფება) გავლენას ახდენენ მისი ემოციების ცვლილებაზე.
ამ დროს ბავშვი კოგნიტურად ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ემოციურად და სოციალურად.
იდენტობის ჩამოყალიბება, მშობლებისგან დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილი, თვითდამკვიდრების მოთხოვნილება, თანატოლების წრე ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური წრე - ესენია ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური მახასიათებლები ამ ასაკში.
ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია: ბავშვის მოსაზრებები, ბავშვის იდენტობა, ოჯახური გარემოსა და ურთიერთობების შენარჩუნება, ბავშვზე ზრუნვა, მისი დაცვა და უსაფრთხოება, დაუცველობა, ბავშის უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვით, ბავშვის განათლების უფლება.
ინტერესი უნდა მოერგოს: ინდივიდუალური ბავშვის კონკრეტულ სიტუაციას, პირად კონტექსტს, მდგომარეობას, საჭიროებას.
საქმის კონკრეტულ გაქტობრივ კონტექსტში უნდა განისაზღვროს, თუ რომელია შესაბამისი ელემენტები საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის, მიენიჭოს მათ კონკრეტული შინაარსი და პრიორიტეტი ერთმანეთთან მიმართებაში.
დაცული უნდა იქნას ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ გარანტიებსა და უფლების სათანადო გამოყენებას.
ბავშვის ინტერესის დაცვა გულისხმობს, რომ მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
გაუცხოებული ბავშვი გულისხმობს ბავშვს, რომელიც ჭარბად და შეუპოვრად გამოხატავს ზედმეტად ნეგატიურ გრძნობებსა და რწმენებს, როგორიცაა ბრაზი, სიძულვილი, უარყოფა, და/ან შიში მშობლის მიმართ, რაც პროპორციულად მნიშვნელოვნად არ შეესაბამება ბავშვის ამ მშობელთან რეალურ გამოცდილებას. გამოხატავენ მშობლის უარყოფას მკვეთრად, ამბივალენტობის გარეშე, ძლიერ ეწინააღმდეგებიან ან საერთოდ უარს ამბობენ კონტაქტზე უარყოფილ მშობელთან, ბავშვის ნეგატიური შეხედულებები და გრძნობები მნიშვნელოვნად დამახინჯებული და გადაჭარბებულია, იშვიათი მოვლენაა განქორწინებული მშობლების ბავშვების დიდ პოპულაციაში.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გაუქმება და განმარტა, რომ ორდერი გამოცემული იყო კანონის დარღვევით.
მოპასუხის ქ---- ს---------ს წარმომადგენლი, რომელიც არის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფ------ ს----–---- განყოფილების წარმომადგენლი დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას და აღნიშნა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა კანონის დარღვევით. არასრულწლოვნის დაკითხვა განხორციელდა ღამის საათებში, რაც დაუშვებელია. ასევე, არასრულწლოვანი გადაყვანილი იქნა მისთვის არაჯანსაღ გარემოში.
ქ---- ს---------მ განმარტა, რომ მას არ სურს თავის საცხოვრებელ სახლში დაბრუნება და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, წინააღმდეგი არ არის შემაკავებელი ორდერის გაუქმების.
მოპასუხე - შ-- ფ------ ს----–---- ს-----------–--ს ინსპექტორ-გამომძიებელმა უ--- ძ------მ მხარი დაუჭირა მის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს და განმარტა, რომ მხარეების თანხმობის შემთხვევაში წინააღმდეგი არ არის გაუქმდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეები თანხმდებიან შემაკავებელი ორდერის გაუქმებასთან დაკავშირებით და მოპასუხეებმა ფაქტობრივად ცნეს სარჩელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ--- ძ------ს მიერ 2019 წლის 08 აპრილს შედგენილი N007329 შემაკავებელი ორდერი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს------- ჩ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ფ------ ს----–---- ს-----------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის უ--- ძ------ს მიერ 2019 წლის 08 აპრილს შედგენილი N007329 შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მდებარე მისამართზე: ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე