გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
190210019002868073
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-292-19

(საქმე N190210019002868073)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მარტი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე - ზ------ კ--–----–-–--ი

წარმომადგენელი - ნ------- ც--–---

მოპასუხე - მ--- ხ----ე

წარმომადგენლი - ბ--–- ბ------

დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ------ კ--–----–-–--ისთვის შვილების - 2----–-–------------------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2----–-–----------- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის ყოველთვიურად - 190-190 ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 70-70 ლარის გადახდის დაკისრება .

 

სარჩელის საფუძვლები:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ------ კ--–----–-–--ს შვილების - 2----–-–------------------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2----–-–----------- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 190-190 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის უმუშევარი, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა და სანამ ექნება შემოსავალი შეძლებს 70-70 ლარის გადახდას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მ--- ხ----ემ სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის მითითებით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ შეცვლილა მისი მატერიალური მდგომარეობა. შვილებს სჭირდებათ იმაზე მეტი, ვიდრე სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის თანხაა. შესაბამისად, არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების კანონით განსაზღვრული ფაქტობრივი წინაპირობები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზ------ კ--–----–-–--ს და მ--- ხ----ეს ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი, - 2----–-–------------------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ი და 2----–-–----------- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ი. მხარეები დაშორდნენ შეუთანხმებლობის გამო და შვილები ცხოვრობენ დედასთან. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით ზ------ კ--–----–-–--ს შვილების სასარგებლოდ თითოეულისთვის 100-100 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა . იმ პერიოდში იგი მუშაობდა სასაზღვრო დაცვის პოლიციის სამმართველოში და მის ხელფასი შეადგენდა 566.40 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 21-22).

 

3.1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ზ------ კ--–----–-–--ს შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაეზარდა და დაეკისრა თითოეულისათვის 140-140 ლარის გადახდა. იმ პერიოდისთვის გაზრდილი იყო ზ------ კ--–----–-–--ის ხელფასი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-24).

 

3.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ------ კ--–----–-–--ს შვილების - 2----–-–------------------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2----–-–----------- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 190-190 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 25-40).

3.1.4. 2018 წლის 01 აგვისტოს ზ------ კ--–----–-–--ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გაემგზავრა საზღვარგარეთ სამუშაოდ. იმავე წლის 22 დეკემბერს იგი დაბრუნდა საქართველოში და ამ პერიოდიდან არის უმუშევარი, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

პასპორტის ასლი ( ს.ფ. 41-42).

 

3.1.5. ზ------ კ--–----–-–--მა მოპასუხესთან დაშორების შემდგომ შექმნა ახალი ოჯახი და ყავს ორი შვილი - 2014 წლის 13 აპრილს დაბადებული დემნა კ--–----–-–--ი და 2017 წლის 24 აპრილს დაბადებული მათე კ--–----–-–--ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დაბადების მოწმობები ( ს.ფ.43-44).

3.1.6. ალიმენტის დაკისრების შემდგომ მოსარჩელის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა შეცვლილია, იგი არის უმუშევარი, მეორე მეუღლესთან შეძენილი ორივე შვილი დაავადებულია სხვადასხვა დაავედებებით, რაც საჭიროებს ფინანსებს, აქვს ფინანსური ვალდებულებები, ყავს პენსიონერი და ავადმყოფი მშობლები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ბავშვების დაბადების მოწმობები, მშობლების საპენსიო ცნობები, ავადმყოფობის ცნობები, სესხის ხელშეკრულებ ( ს.ფ. 46-60, 62, 63).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ზ------ კ--–----–-–--ის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა გაურესებულია ამჟამად, თუმც ალიმენტის ოდენობის შემცირება 190 ლარიდან 70 ლარამდე (130 ლარით თითოეული ბავშვისთვის) შეუსაბამოა ალიმენტის მიმღები პირების ინტერესებთან და მოთხოვნილებებთან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ------ კ--–----–-–--ისთვის შვილების - 2----–-–------------------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2----–-–----------- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად - 190-190 ლარის ოდენობით უნდა შემცირდეს ნაწილობრივ და განისაზღვროს თითოეულისათვის 160 – 160 ლარის ოდენობით ე.ი. შემცირდეს 30 -30 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო თავისი მოთხოვნის დასაბუთება, რის შესაბამისად, სარჩელიც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ გამოიკვეთა მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმ სახის ცვლილება, რაც გახდებოდა მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირების საფუძველი, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები;

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ------ კ--–----–-–--ს შვილების - 2----–-–------------------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2----–-–----------- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 190-190 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ გ------- და გ---–- კ--–----–-–--ები არიან არასრულწლოვნები, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. ისინი ცხოვრობენ დედასთან, მ--- ხ----ესთან ერთად, გ-------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რაც დამატებით სახსრებს საჭიროებს მკურნალობისათვის.

 

მოპასუხე არ იმყოფება ქორწინებაში. იგი დაკავებულია არასრულწლოვანი შვილების აღზრდით.

 

მოსარჩელეს ყავს ორი შვილი მეორე ქორწინებიდან, რომლებიც არიან მის კმაყოფაზე, ამჟამად არის უმუშევარი.

 

ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ორივე მშობელია ვალდებული, არასრულწლოვანი უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით.

 

ამდენად, მხარემ ნაწილობრის შესძლო დადასტურება იმ გარემოებისა, რომ გადაწყვეტილებით ალიმენტის დადგენის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა (როგორც მატერიალური ისე ოჯახური) და აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი 190-190 ლარის ოდენობით. თუმც ამ თანხის შემცირება 70-70 ლარამდე შეუთავსებელია ბავშვების (ალიმენტის მიმღები პირების) ინტერესებთან.

 

სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით შემცირება, იმ ფონზე, როდესაც შეცვლილი არ არის ალიმენტის მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, შესაძლებელია შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

მოპასუხე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ბავშვს აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.

 

ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 70-70 ლარი, მცირეა დღეის მდგომარეობით არასრულწლოვნებისთვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით, უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა.

 

მინიმალური ზღვრის ქვემოთ ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ გამონაკლის გარემოებებში, როდესაც სარწმუნოობის მაღალი სტანდარტით შეფასებისას, მშობლის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობლიობაში ობიექტურად გამორიცხავს მისთვის ალიმენტის თუნდაც მინიმალური ოდენობით გადახდის შესაძლებლობას. ფაქტობრივ გარემოებათა ასეთი ერთობლიობა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ რადიკალურად არ შეცვლილა ალიმენტვალდებული პირის, ასევე ალიმენტის მიმღების ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობა, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ------ კ--–----–-–--ის მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. ვინაიდა, დავა განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რა დროსაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილია 50 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს უკან. დარჩენილი 50 ლარიდან , ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 37,50 ლარი (რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ნაწილი 12,50 ლარი (დაკმაყოფილებული თანხის 3%) დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-855-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ზ------ კ--–----–-–--ის სარჩელი .

2. შემცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა და ზ------ კ--–----–-–--ს დაეკისროს შვილების - 2----–-–------------------ს დაბადებული გ------- კ--–----–-–--ისა და 2----–-–----------- დაბადებული გ---–- კ--–----–-–--ის სასარგებლოდ თითოეულისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად - 160-160 ლარის გადახდა 2019 წლის 26 თებერვლიდან.

3. ზ------ კ--–----–-–--ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ სს „ლიბერთი ბანკი“-ში 2019 წლის 16 იანვარს საგადახდო დავალება # 19123673 ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი.

4. მ--- ხ----ეს დაეკისროს ზ------ კ--–----–-–--ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 12.50 ლარის ოდენობით, ხოლო 37.50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ამავე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი