გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/873-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე სს ,,ლ--------------“
წარმომადგენელი ნ--------–-–---–ი
მოპასუხე გ--–----------–---–ი
წარმომადგენელი - მ---------------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე გ--–----------–---–ს მოსარჩელე სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2791.95 ლარის გადახდა, აქედან: ძირითადი თანხა 1436.90 ლარი, მომსახურების საკომისიო - 659.24 ლარი და ჯარიმა - 695.81 ლარი.
1.2 მოპასუხე გ--–----------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მხარეებს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული იქნა #1------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ლ-------- ექსპრესი), ლ-------- ექსპრესის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 1500 ლარი და კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე. მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. წლიური საპროცენტო განაკვეთი - 68%. სტანდარტული პირობების მე-8 მუხლის შესაბამისად მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს კრედიტორს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.4%-ის ოდენობით. მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დარღვეული იქნა 12.02.2018-ში, დავალიანება ერიცხება აღნიშნული პერიოდიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით. ბ---მა 2018 წელს წერილით მიმართა მსესხებელს და განუმარტა, რომ 5 დღის განმავლობაში ნებაყოფლობით დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხები და დარიცხული ჯარიმა. აღნიშნულ წერილს მსესხებლის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხეს სს „ლ--------------ს“ მიმართ სესხზე #1------- ერიცხება დავალიანება - 2791.95 ლარი (საიდანაც ძირი თანხაა - 1436.90 ლარი, პროცენტი 659.24 ლარი, ჯარიმა - 659.81). ხელშეკრულება შეწყდა დავალიანების ცნობის გაცემის დღეს 2018 წლის 12 ოქტომბერს და მოთხოვნა დაყენებულია 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე გ--–----------–---–მა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით გ--–----------–---–ს ბ---ში სესხის გაფორმებისას არ დასჭირვებია შემოსავლების დადასტურება, არ მოუთხოვიათ თავდები, ისე დაუმტკიცეს სესხი; იმ მომენტში იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, ვინაიდან აღნიშნული თანხა სჭირდებოდა მამის საფლავის გასაკეთებლად და არ დააკვირდა შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც არის კანონშეუსაბამო. შესაბამისად, მოპასუხე არ ცნობს სარჩელს, მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ამასთან, აქვს ჯანმრთელობის პრობლება და ვერ შეძლებს აღნიშნული თანხის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები უდავო ფაქტებს არ ასახელებენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მხარეებს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება #1-------. კრედიტის თანხა შეადგენდა 1500 ლარს, ხოლო გადახდის ვადად განისაზღვრა 24 თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 ნოემბრის #1------- სწრაფი სესხის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 17-35)
- სესხის დაფარვის გრაფიკი ს.ფ. 16;
3.2.2. დადგენილია, რომ გ--–----------–---–ს წერილობით ეცნობა სს ,,ლიბრთი ბ---ის'' მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი გაფრთხილება (ს.ფ 36-37);
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 2791.95 ლარს (საიდანაც ძირი თანხაა - 1436.90 ლარი, პროცენტი 659.24 ლარი, ჯარიმა - 659.81 ლარი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ ( ს.ფ 15)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1 საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლ--------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე , 317-ე (მე-2 ნაწილი), 361-ე, 417-ე, 418-ე, 625-ე, 873-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში სს ,,ლ-------- ბ---სა'' და გ--–----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა N1------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს წარმოეშობა სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად - სესხის აღების შემდეგ მფლობელი ვალდებულია გადაუხადოს ბ---ს სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება კალენდარული წლის 365 დღეზე გაანგარიშებით. სარგებელი ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, გ--–----------–---–მა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. ამდენად, დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის ძირითადი თანხა არ იქნა დაბრუნებული შეთანხმებულ ვადაში, მის მიერ ასევე არ იქნა გადახდილი სესხის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ 2017 წლის 11 ნოემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობის დაანგარიშების სისწორეს. მოპასუხე მხარე მიუთითებს კანონშეუსაბამო, მაღალ საპროცენტო განაკვეთზე.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ძირი თანხის 0,4% თითოეულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისრა 2018 წლის 11 ოქტომბრამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრებით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, ვინაიდან ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. ვადის გადაცილების პერიოდისა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 50 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. აქედან გამომდინარე მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 38 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი 12 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ლ--------------ს“ (ს/ნ 203828304) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გ--–----------–---–ს (პ/ნ 31001018351) სს „ლ--------------ს“ (ს/ნ 203828304) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა 2146.14 ლარის ოდენობით (ძირი თანხა 1436.90 ლარი; მომსახურების საკომისიო 659.24, შემცირებული პირგასამტეხლო 50 ლარი);
3. გ--–----------–---–ს სს „ლ--------------ს“ (ს/ნ 203828304) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 38 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოშიდა ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა