გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34168-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი - ო-------------–--ე
მოპასუხე - სს ,,ს--------------------------–---''
წარმომადგენელი - ა-–-------------------ე
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს ,,ს-------------------------–---"-ს მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაევალოს ,,შ----------------ს“ სახ: N------- აღდგენა;
1.2. მოპასუხე სს ,,ს-----------------------ს“ დაეკისროს ნ-----–---- ბ-------ის (მესამე პირი) სასარგებლოდ ავტომანქანა ,,მ----------ს“ სახ: NA-------- დაზიანების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 3300 ლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხე სს ,,ს-----------------------ს“ დაეკისროს ნ-----–---- ბ-------ის (მესამე პირი) სასარგებლოდ ავტომანქანა ,,მ----------ს“ სახ: NA-------- ექსპერტიზისთვის გადახდილი საფასურის 200 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 29 დეკემბერს ს----------–----–---------------------------ოსა და სს ,,ს--------------------------–---ს“ შორის დაიდო N--- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ს-----------------------მ აიღო ვალდებულება აღედგინა შ---------------ს ბალანზე მყოფი ავტომანქანები.
2018 წლის 2------------–ს ქ.თბილისში, ჰ----–----------–-------ე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა ,,შ----------------“ სახ: N-------. შ---------------მ აცნობა აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს ხელშეკრულების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, ს-----------------------მ უარი განაცხადა დაზიანებული მანქანის აღდგენაზე, მიიჩნია, რა რომ შ---------------ს თანამშრომლის მიერ დარღვეული მოძრაობის წესი იყო უხეში გაუფრთხილებლობა. რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე, შემდეგ გარემოებათა გამო: N--- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 5.1. მუხლის 5.1.1. ნაწილის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უნაკლოდ. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში, სადაც გაწერილია სადაზღვევო რისკები განმარტებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსი, კერძოდ: ,,ავტოსაგზაო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდა ავარია). აღნიშნული დათქმა რათქმა უნდა გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შ---------------ს თანამშრომლის ბრალის მიუხედავად ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა: როგორც ხელშეკრულება, ასევე კანონმდებლობა უთითებს გარემოებებს, რომლის დროსაც ს----------------------- ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი და ასევე გარემოებებს რომლის არსებობისას მზღვეველს არ გააჩნია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებული პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ვინაიდან ხელშეკრულებაში არ ყოფილა ნახსენები უხეში გაუფრთხილებლობა და არც სსკ-ის 829-ე მუხლის გამოუყენებლობაზე შეთანხმებულან მხარეები, ამ ურთიერთობაზე ჩვეულებრივ ვრცელდება სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესი. რაც შეეხება სადაზღვევო რისკების ჩამონათვალში მითითებულ პუნქტს _ „ავტოსაგზაო შემთხვევა (არა აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდება ავარია) _ აღნიშნული ჩანაწერი არ შეიძლება ჩაითვალოს სსკ-ის 829-ე მუხლის მოქმედების გამომრიცხველ გარემოებად და არ ნიშნავს რომ მხარეები შეთანხმდნენ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის მიერ ნებისმიერი განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე; მიზეზისა და ბრალის გაიგივება არ წარმოადგენს სწორ სამართლებრივ შეფასებას.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მძღოლის მიმართ მართალია შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, თუმცა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დასტურდება რომ შსს-ს ავტომანქანის მძღოლის მიერ დარღვეულ იქნა ავტომობილის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები. შესაგებელზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანის მძღოლი დ.ო-----–---–ი მოძრაობდა რა გზის მე-3 სამოძრაო ზოლში, ასრულებდა არა მე-3 ზოლიდან მე-4 ზოლში გადასვლის (გადაჯგუფების) მანევრს არამედ მარჯვნიდან მარცხნივ მობრუნების მანევრს, ანუ ახორციელებდა მობრუნებას უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთით, რათა გზა განეგრძო საპირისპირო მიმართულებით, რა დროსაც გზა გადაუჭრა 20 მეტრით მის უკან მომავალ ავტომანქანას. აღნიშნული კი ცალსახად წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას და შესაბამისად სადაზღვევო კომპანიის უარი დაეფუძნა სსკ-ის 829-ე მუხლს და ხელშეკრულების მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულება შეიცავს დებულებას დამზღვევის ბრალის მიუხედავად ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა როგორც ავტომანქანის აღდგენის ასევე მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა. ასევე უსაფუძვლოა მე-3 სასარჩელო მოთხოვნა იმ გარემოების გათვალისწინებითაც რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მესამე პირის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების დაფარვას, რომელიც ამ უკანასკნელმა თავისი ინიციატივით განახორციელა. მით უფრო რომ ხარჯი გაწეულია ვინმე რ---------ის მიერ, სარჩელით კი მოსარჩელე ითხოვს გაწეული ხარჯის ნ-----–---- ბ-------ისათვის ანაზღაურებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 29 დეკემბერს, ერთის მხრივ, ს----------–----–---------------------------ოს, როგორც „შემსყიდველსა“ და მეორეს მხრივ სს ,,ს--------------------------–---“-ს, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შემსყიდველის ბალანსზე არსებული დანართი N2-ით განსაზღვრული შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულების და დანართი N1, N2, N3, N4 და N5-ის პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება;
- 2017 წლის 2-----------ის N--- ხელშეკრულების დანართი N1, N2, N3, N4 და N5.
3.1.2 2018 წლის 2------------–ს დამდგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ს----------–----–---------------------------ოს ბალანსზე რიცხული, დაზღვეული ავტომანქანა ,,შ----------------“ სახელმწიფო ნომრით C------, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლო დ-------- ო-----–---–ი.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულ იქნა ავტომანქანა ,,შ----------------“-ს მძღოლის მიერ ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, თუმცა დ-------- ო-----–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;
- ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა;
3.1.3. 2018 წლის 2------------–ს განხორციელებული ავტოავარიის შედეგად დაზიანდა მესამე პირის ნ-----–---- ბ-------ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება „M--------------------”, გამოშვების წელი 2001, სახელმწიფო ნომრით A--------; მიყენებული მატერიალური ზიანი სასაქონლო ექსპერტიზის თანახმად საორიენტაციოდ განისაზღვრა 3300 ლარით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
- ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N0--------.
3.1.4. სს „ს--------------------------–---“-მ უარი განაცხადა ს----------–----–---------------------------ოს ბალანსზე რიცხული ,,შ----------------ს“ სახელმწიფო ნომრით C------ დაზიანებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების შესახებ დამზღვევის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ს--------------------------–---“-ს 2018 წლის 08 ივნისის წერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას მას ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამდენად შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის 2------------–ს ქ.თბილისში, ჰ----–------------ე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ს----------–----–---------------------------ოს თანამშრომლის უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით განხორციელებული ქმედების შედეგია.
სასამართლომ მიუთითებს რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. უხეში გაუფრთხილებლობა სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევა, შეუსრულებლობაა, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა.
უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, მაგალითად: მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, გადაკვეთს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ხაზს და იმოძრავებს მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, მკვეთრად არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არ ემორჩილება უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. თუ დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩადენისას უხეშად არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მიუხედავად მისი დანიშნულებისა, წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რაც ავალდებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს დაიცვას სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციები საგზაო მოძრაობის შესახებ და მათ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულების ფარგლებში. აღნიშნული მოთხოვნა ასევე ვრცელდება ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლებზეც რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონი ანიჭებთ უფლებამოსილებას, გადაუხვიონ ყველასათვის სავალდებულო რეგულაციებს, მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით, რათა მაქსიმუმამდე შემცირდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის იმაზე მეტი ზიანის მიყენების რისკი, ვიდრე ეს აუცილებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის ბრალეული ქმედებით, თუმცა სადავოა აღნიშნული ქმედება განხორციელდა მარტივი თუ უხეში გაუფრთხილებლობით.
სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო მხედველობაში იღებს ავტოსაგზაო შემთხვევის განხორციელების დროსა (01:00სთ) და ადგილს და ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ 2018 წლის 27 მარტის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე დატოვებული სამუხრუჭე კვალის სიგრძის მიხედვით ავტომობილი ,,მ----------“ დამუხრუჭების დაწყების წინ მოძრაობდა დაახლოებით 83 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო რაც შეეხება ავტომობილ ,,შ----------------ს“ სიჩქარეს, მისი დადგენა ექსპერტიზის გზით შეუძლებელია. მძღოლ ნ-----–---- ბ-------ეს თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარითაც რომ ემოძრავა, მას ტექნიკური თვალსაზრისით კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულველყოფა არ შეინიშნება. კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია, ავტომობილ ,,შ----------------ს“ მძღოლის დ-------- ო-----–---–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა უგულველებყოფით („მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდითნ როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულების და სიჩქარის გათვალისწინებით“) რომლის დაცვის დროსაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
საყურადღებოა სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის კვლევით ნაწილში ექსპერტის მიერ განვითარებული მსჯელობაც, „ავტომობილებზე არსებული დაზიანებელი ძალების მიმართულებებისა და მძღოლების ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე მივდივართ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მექანიზმი განვითარებულია შემდეგნაირად: კერძოდ, ავტომობილი ,,მ----------“ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობს ქ.თბლისში ჰ----–----------–-------ე. თავისი სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა მეოთხე სამოძრაო ზოლში, დაახლოებით 83 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ავტომობილი ,,შ----------------“, რომელიც მოძრაობს მის წინ მესამე სამოძრაო ზოლში, ასრულებს არა მესამე სამოძრაო ზოლიდან მეოთხე სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრს, არამედ იგი ასრულებს მარჯვნიდან მარცხნივ მობრუნების მანევრს, რა დროსაც დაახლოებით 20 მეტრ მანძილში გზას უჭრის ავტომობილ ,,მ--------ს“, რომელიც ეჯახება მას უკანა მარცხენა ფრთაში თავისი წინა მარცხენა კუთხით.
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და ზემოხსენებული მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზღვეული ავტომანქანის ,,შ----------------ს“ მძღოლის დ-------- ო-----–---–ის ქმედება სცდება მარტივი გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით ჩადენილი ქმედების ფარგლებს და სახეზეა დამდგარი შედეგისადმი პირის უხეში გაუფრთხილებლობა.
საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 417-418-ე, 799-ე 829-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი კი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი.
დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, რეალური ხელშეკრულებაა, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ერთის მხრივ დამზღვევი და მეორეს მხრივ მზღვეველი. ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სადაზღვევო შემთხვევა კი წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს - იგი უკვე დამდგარი ვითარებაა, რომლის დადგომის ალბათობაც გათვალისწინებულია დაზღვევის ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 29 დეკემბერს, ერთის მხრივ, ს----------–----–---------------------------ოს, როგორც „შემსყიდველსა“ და მეორეს მხრივ სს ,,ს--------------------------–---“-ს, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმებული N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შემსყიდველის ბალანსზე არსებული დანართი N2-ით განსაზღვრული შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების და დანართი N1, N2, N3, N4 და N5-ის პირობების შესაბამისად.
დადგენილია რომ 2018 წლის 2------------–ს განხორციელებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ს----------–----–---------------------------ოს ბალანსზე რიცხული, დაზღვეული ავტომანქანა ,,შ----------------“ სახელმწიფო ნომრით C------; ასევე მესამე პირის ნ-----–---- ბ-------ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება „M--------------------”, სახელმწიფო ნომრით A--------; უდავო გარემოებაა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულ იქნა დ-------- ო-----–---–ის ბრალეული ქმედებით.
განსახილველ შემთხვევაში სს „ს--------------------------–---ს“ წინააღმდეგ სამინისტროს მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ემყარება სადაზღვევო კომპანიის მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატა სადაზღვევო კომპანიის მიერ მოსარჩელისა და მესამე პირისათვის ზემოხსენებული სადაზღვევო შემთხვევებიდან გამომდინარე ზიანის აუნაზღაურებლობაში. კერძოდ მოპასუხე ს-----------------------მ უარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენასა და მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დააფუძნა იმ გარემოებას, რომ დაზღვეული ავტომანქანა ,,შ----------------“-ს მძღოლის მხრიდან ადგილი ქონდა ბრალეულ ქმედებას, საკუთარი ქმედების შესაძლო შედეგის მიმართ სუბიექტურ დამოკიდებულებას უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, რაც სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავს მზღვეველის ვალდებულებას აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
2017 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელესა და სს ,,ს--------------------------–---“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დანართი N2-ით (სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი) გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო პირობების თანახმად, სადაზღვევო რისკი მოიცავდა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევებს, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევას (არა აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდა ავარია), ასევე მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანს სადაზღვევო ანაზღაურების წლიური ლიმიტის ფარგლებში.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ ხელშეკრულების თანახმად ს-----------------------ს გააჩნდა ვალდებულება აენაზღაურებინა დამდგარი ზიანი, დაზღვეული ავტომანქანა ,,შ----------------“-ს მძღოლის მხრიდან შედეგის მიმართ უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით ბრალის არსებობის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან ხელშეკრულების დანართი N2-ის თანახმად დაზღვეული იქნა ავტოსაგზაო შემთხვევა, იმისდა მიუხედავად თუ ვისი ვისი მიზეზით მოხდა ავარია;
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო ეთანხმება მოპასუხე მხარის არგუმენტაციას რომ „ბრალი“ და „მიზეზი“ არ წარმოადგენს სამართლებრივად იდენტურ ცნებებს და სახელშეკრულებო დათქმა იმის თაობაზე, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება „ავტოსაგზაო შემთხვევა იმისდა მიუხედავად თუ ვისი მიზეზით მოხდა ავარია“ _ არ გულისხმობს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოვალეობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. ამასთანავე, თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალის დოგმატიკას ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას. გაუფრთხილებლობა სამოქალაქო სამართალში იყოფა: უხეშ გაუფრთხილებლობად (culpa lata) და მარტივ გაუფრთხილებლობად (culpa levis). უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი ქმედებით სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, რის გამოც განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა ხშირად ერთ სიბრტყეზე განიხილება. ხოლო მარტივი გაუფრთხილებლობისა გონივრული წინდახედულებისა და ყურადღებიანობის დარღვევის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
რაც შეეხება, მიზეზობრივ კავშირს (მიზეზობრიობას) იგი სამართალდარღვევის აუცილებელი ობიექტური ელემენტია. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი და პირდაპირი შედეგია. თუმცა მიზეზობრივი კავშირის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს რომ დამდგარი შედეგი ბრალად უნდა შეერაცხოს პირს. შედეგის შერაცხვა ორ ეტაპად ხორციელდება (ობიექტური და სუბიექტური შერაცხვა) და მხოლოდ შედეგის სუბიექტური შერაცხვის შედეგად, იქცევა იგი ბრალეულ მიზეზობრიობად.
გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1.პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა ავტომანქანა ,,შ----------------“-ს მძღოლის ბრალეული ქმედებით უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, რაც განაპირობა მის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების აშკარა უგულვებელყოფამ.
6.3. სასამართლო განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით. „თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს“ (იხ. 2015 წლის 30 ოქტომბრის #ას-1319-1257-2014 გადაწყვეტილება).
რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების, დანართი N2-ით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი არ შეიცავს დებულებას, მძღოლის უხეში გაუფთხილებლობის პირობებში ან/და ბრალეულობის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების მოვალეობის შესახებ, ხოლო ხელშეკრულების 20.1. პუნქტის თანახმად გაწერილია, რომ ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-----------------------ს არ ეკისრება დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად და მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ როგორც დაზღვეული ავტომანქანის აღდგენის, ასევე მესამე პირის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის/ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----–---------------------------ოს სასარჩელი სს ,,ს--------------------------–---''-ს მიმართ 2017 წლის 2-----------ის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო მამულაშვილი