გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2018
საქმის ნომერი
330310018002466233
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3262-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - დ------ გ--–-----ი

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 3 აპრილის №9-- ბრძანება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელახლა, ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელე - დ------ გ--–-----ის განაცხადი შესყიდვის პროგრამის ფარგლებში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, 2014 წლის 24 იანვარს, დ------ გ--–-----ის სახელზე გაცემული იქნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო №0--------), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია აფხაზეთი, გ-----, ლ--------------, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - ქ. თბილისი, ისანი, ს----------------------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 24.01.2014 წ. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. (ს.ფ. 16-17)

 

3.2. საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, დ------ გ--–-----ის სახელზე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის №1----------- მოწმობის თანახმად, დ------ გ--–-----ი წარმოადგენს მარჩენალდაკარგულის სტატუსის მატარებელ პირს და იგი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, დ------ გ--–-----ის სახელზე გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 16-17)

 

3.3. 2017 წლის 10 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ბ------------------------ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი, ნაგებობა №2, საერთო ფართით - 111,44 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია - ზ---–---------ის სახელზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 10 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14)

 

3.4. დ------ გ--–-----მა, 2014 წლის 27 ნოემბერს, №- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სადაც განმარტა, რომ ოჯახის წევრები (ლ-–- გ--–-----ი, ა------–-----ი, მ------ გ--–-----ი და მ-------–-----ი) ხელმოწერით ადასტურებდნენ, რომ იგი, მათი სახელით წარმოადგენდა ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და ქონდა უფლებამოსილება ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის განხორციელების პრინციპების, კრიტერიუმებისა და პროცედურების" შესაბამისად, ოჯახის სახელით გაევლო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა. ასევე ხელმოწერით ადასტურებდნენ, რომ სამინისტროს ქონდა უფლება საჭიროებისამებრ გადაემოწმებინა განმცხადებლის მიერ მიწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დ------ გ--–-----ის 2014 წლის 27 ნოემბრის №- განცხადება (ს.ფ. 43-44);

 

3.5. 2017 წლის 13 მარტს, დ------ გ--–-----მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სადაც მოითხოვა მის მიერ შევსებულ განაცხადში (აპლიკაციაში) ოჯახის წევრების: შვილის - ლ-–- გ--–-----ის, რძლის - მ-------–-----ის, შვილიშვილების - ა------–-----ის, მ------ გ--–-----ის ამოღება. ამასთან, დ------ გ--–-----მა მოითხოვა, რომ მისი აპლიკაციის განხილვა მომხარიყო ერთი სულის შემადგენლობით.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, დ------ გ--–-----მა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, დ------ გ--–-----ი ოჯახის ერთადერთი წევრია; ჰყავს ერთი შვილი - ლ-–- გ--–-----ი, შვილიშვილები - ა-------------- გ--–-----ები, და-ძმა - ა-------–-----ია და გ-----------–--ე; დ------ გ--–-----ი არის პენსიონერი და უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია; დ------ გ--–-----ის ოჯახი სიღარიბის დაძლევის პროგრამაში არ იმყოფება; იგი ცხოვრობს ნათესავის ოჯახთან ერთად სახლში; მისი საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.

 

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით შემოწმდა დ------ გ--–-----ის საცხოვრებელი პირობები მისამართზე - ქ. თბილისი, ს-------------------; შევსებული იქნა მონიტორინგის ფორმა და აღნიშნულის შესაბამისად შედგა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ განაცხადს აკეთებს მხოლოდ დ------ გ--–-----ი, რომელიც 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისში, ს--------------------ში, თუმცა პარალელურად უწევს ბ------------------ში (იტალიური ეზო ს--------------ში) სიძის - ზ---–---------ის ბინაში ყოფნა, ამ უკანასკნელ მისამართზე ცხოვრობს მისი შვილი - თ--------------ე. განმცხადებლის მეუღლე - ბ------ გ--–-----ი გარდაიცვალა 2013 წელს და დასაფლავებულია რ---ში; თ-------–-----ი - მული ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს ქუჩაზე, მეუღლე ყავს გარდაცვლილი; დ------ გ--–-----ის ერთი თვის შემოსავალია - 497 ლარი; ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდება; დ------ გ--–-----ი მარჩენალდაკარგულია.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დ------ გ--–-----ის 2017 წლის 13 მარტის №1------ განცხადება (ს.ფ. 66);

- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 45-56);

- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 72-77).

 

3.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ დ------ გ--–-----ს განესაზღვრა/დაუდგინდა სოციალური კრიტერიუმის სარეიტინგო ქულა შემდეგ კრიტერიუმებში: ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1,5 ქულა; დამისამართება ქ. თბილისი - 2,5 ქულა; მარჩენალდაკარგული - 1,5 ქულა, სულ მიენიჭა - 5,5 ქულა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სოციალური კრიტერიუმის სარეიტინგო ქულის დადგენის შესახებ აქტი (ს.ფ. 41);

 

3.7. 2018 წლის 5 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, დამატებით მოკვლევის მიზნით იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ს-----------------------ში, სადაც განმცხადებელი - დ------ გ--–-----ი არ დახვდათ. კარი გააღო მისმა დამ - ლ--------------მ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი და წავიდა შვილთაშვილის სანახავად მისამართზე ქ. თბილისი, ბ---------------------ში. ამის შემდეგ ტელეფონზე ესაუბრნენ დ------ გ--–-----ს, რომელმაც მიუთითა, რომ იყო შვილიშვილთან ბ---------------------ში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 5 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი (ს.ფ 78)

 

3.8. 2018 წლის 6 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის მიხედვით, დამატებით მოკვლევის მიზნით იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ბ------------------------ში, შვილის - თ-------–-----ის მიერ დაგირავებულ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობენ: 1) განმცხადებელი, 2) შვილი - თ---, 3) სიძე - ზ---–---------ე (არ დახვდათ), 4) შვილიშვილი - თ--------------ე, 5) ა--------------ე, 6) გ--------------–-–---–ი - თ---ს მეუღლე, რომელიც რ---ში იმყოფებოდა, 7) ნ---------–-–---–ი.

 

დადგინდა, რომ აღნიშნული სახლი ეკუთვნის ზ---–---------ეს, განმცხადებლის სიძეს, რომელთანაც შვილი - თ-------–-----ი გაყრილია. ზ---–---------ე ცხოვრობს რ---ში, კერძოდ ამბროლაურის რაიონის სოფ. ჟ--–-–ი. განმცხადებელი 1 კვირაა რაც ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 6 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმი (ს.ფ 79)

 

3.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ----------------------------------------–-----------–------–---------–-ს 2018 წლის 2 მარტის №0------------ მიმართვით, დ------ გ--–-----ს, მისი 2018 წლის 20 თებერვლის №9------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ შევსებული განაცხადი განხილული იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ო------) და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო, ვინაიდან, რეალურად ცხოვრობდა შვილის მიერ დაგირავებულ ბინაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მ----------------------------------------–-----------–------–---------–-ს 2018 წლის 2 მარტის №0------------ მიმართვა (ს.ფ. 80);

 

3.10. დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 3 აპრილის №9-- ბრძანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 16 თებერვლის №- ოქმის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, დ------ გ--–-----ს, იმ ეტაპზე უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 3 აპრილის №9-- ბრძანება (ს.ფ. 13)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ------ გ--–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 3 აპრილის №9-- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტიც, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის (შემდგომ - დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - დ------ გ--–-----ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ასევე, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ დ------ გ--–-----ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გ-----, ლ-----------------.

 

შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არა დევნილი პირიც), რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინა სამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას წარმოადგენს ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის 5-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ წარედგინება მინისტრს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დევნილი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის პროცედურას ითვალისწინებს „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-4 მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხოლო მე-6 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის 3-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს ენიჭება პრიორიტეტი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დ------ გ--–-----მა, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მისაღებად. კრიტერიუმების გათვალისწინებით და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით მიენიჭა - 5,5 ქულა. კერძოდ, ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1,5 ქულა; დამისამართება ქ. თბილისში - 2,5 ქულა; მარჩენალდაკარგული - 1,5 ქულა.

 

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დ------ გ--–-----ს ეცნობა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ფარგლებში, ამ ეტაპზე ეთქვა უარი კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. ამასთან, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას თუ რა მოიაზრება კონკრეტულად საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარ ინფორმაციის მიწოდებაში.

 

მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დ------ გ--–-----ს განაცხადში თავდაპირველად მითითებული ჰქონდა, რომ იგი ცხოვრობდა დის ბინაში ქ. თბილისში, ს--------------------ში, თუმცა გადამოწმების დროს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის მიერ ვერ მოხდა აღნიშნული ფაქტის დადასტურება, კერძოდ 2018 წლის 6 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების გასაუბრების ოქმის მიხედვით, დ------ გ--–-----ი ერთი კვირაა რაც ცხოვრობს ქ. თბილისში, პ------ ბ------------------ში, რამაც შემდგომში გავლენა იქონია მისი განაცხადის განხილვაზე.

 

სასამართლო მიუთითებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე, რომელშიც მითითებულია, რომ განაცხადს აკეთებს მხოლოდ დ------ გ--–-----ი; იგი 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისში, ს--------------------ში, თუმცა პარალელურად უწევს პ------ ბ------------------ში, სიძის ბინაში ყოფნა, რადგან ამ მისამართზე ცხოვრობს მისი შვილი - თ--------------ე და რომელიც მისი მეუღლის - ზ---–---------ის ბინაა; განმცხადებლის მეუღლე - ბ------ გ--–-----ი გარდაიცვალა 2013 წელს და დასაფლავებულია რ---ში; თ-------–-----ი - მული ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ-------------–----–----ს ქუჩაზე, მეუღლე ყავს გარდაცვლილი; დ------ გ--–-----ის ერთი თვის შემოსავალია - 497 ლარი; ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდება; დ------ გ--–-----ი მარჩენალდაკარგულია. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ბ------------------------ში მდებარე ბინა (არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი, ნაგებობა №2, საერთო ფართით - 111,44 კვ.მ.) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია - ზ---–---------ის სახელზე.

 

ამასთან, დ------ გ--–-----ის მიერ, სამინისტროსადმი მიმართულ, 2014 წლის 27 ნოემბრის №- განცხადებაში ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ბ--------------------. ასევე, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2018 წლის 6 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების გასაუბრების ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ იგი ერთი კვირაა რაც ცხოვრობს ქ. თბილისში, ბ------------------ში არის არასწორი ინფორმაცია და მას იმ მომენტში ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მისივე განმარტებით, მას საკუთარი ბინა არ გააჩნია და შესაბამისად ნათესავებთან, თუმცა სხვადასხვა ადგილას უწევს ღამის გათენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელე - დ------ გ--–-----ი თავიდანვე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მას ასევე უწევდა ქ. თბილისში, პ------ ბ---------------------ში ყოფნა, ხოლო ის გარემოება, რომ 2018 წლის 5 და 6 თებერვალს, მონიტორინგის ჯგუფის მიერ დადგინდა დ------ გ--–-----ის ზემოთ მითითებულ მისამართზე ყოფნის ფაქტი, არ ნიშნავს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 - „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 - „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №7 დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია - თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით - 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით - 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 1 ქულა. ასევე, ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად ერთ-ერთი კომპონენტია დევნილ ოჯახში ასაკით პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო ან ოჯახი, რომლის წევრთა ნახევარზე მეტი არის ასაკით პენსიონერია.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დ------ გ--–-----ი ოჯახის ერთადერთი წევრია; ჰყავს ერთი შვილი - ლ-–- გ--–-----ი, შვილიშვილები - ა-------------- გ--–-----ები, და-ძმა - ა-------–-----ია და გ-----------–--ე; დ------ გ--–-----ი არის პენსიონერი და უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია; დ------ გ--–-----ის ოჯახი სიღარიბის დაძლევის პროგრამაში არ იმყოფება; იგი ცხოვრობს ნათესავის ოჯახთან ერთად სახლში; მისი საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა. ამდენად, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომლითაც მოსარჩელეს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე უარი ეთქვა საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხე მხარემ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც გამოცემული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, რადგან მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე პერიოდულად ცხოვრობს შვილის მიერ დაგირავებულ ბინაში, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 3 აპრილის №9-- ბრძანება დ------ გ--–-----ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო, ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 აპრილის №9-- ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს დ------ გ--–-----ის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე (საცხოვრებელი ფართის შესყიდვა) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ------ გ--–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 აპრილის №9-- ბრძანება;

 

3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება დ------ გ--–-----ის განაცხადი შესყიდვის პროგრამის ფარგლებში (საცხოვრებელი ფართის შესყიდვა);

 

4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2018 წლის 28 მაისს, სს ,,თ----------ში" დ------ გ--–-----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი (საკრედიტო საგადახდო დ----–------, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - სს თ----------ი, ბანკის კოდი TBCBGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, მიმღები ბანკის კოდი TRESGE22).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი