გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2019
საქმის ნომერი
411210018002554190
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №411210018002554190

საქმე №2/185-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26.03.2019 წელი, ქ. ლაგოდეხი

 

შესავალი ნაწილი

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე - სს „თ----------ი“

წარმომადგენელი - და---- გოგოლაძე

 

მოპასუხეები - ლე--- ქა----ა, და---- მა----–--–ი, რა-----------–-–---–ი

წარმომადგენელი - გი-----ი და------ე

 

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს - ლე--- ქა----ას, და---- მა----–---–ს და რა-----------–-–---–ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4166.13 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 22 ნოებერს, მოსარჩელეს (რეორგანიზაციამდე სს „ბა--- კო--------ა“) და ლე--- ქა----ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 5000 ლარი, 12 თვის ვადით, წლიური 38% სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2013 წლის 22 ნოემბერს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები და---- მა----–---–თან და რა-----------––---–თან, რომლის საფუძველზეც, მათ იკისრეს სოლიდარულად პასუხისმგებობა ლე--- ქა----ას სასესხო ვალდებულებაზე.

 

მოპასუხემ 2014 წლის მაისსში, დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები და მას შემდგომაც მოპასუხე პერიოდულად კვლავ არღვევდა თავის ვალდებულებებს, ხოლო უკანასკნელი გადახდა მხარეს უფიქსირდება 2016 წლის 29 სექტემბერს. მოსარჩელემ მოითხოვა, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლე--- ქა----ა არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. მან მიუთითა, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, განმარტა, რომ 2015 წლის თებერვლის შემდგომ მას აღნიშნულ სესხზე არ განუხორციელებია გადახდები. მისთვის უცნობია 2016 წლის სექტემბრის თვეში ვის მიერ მოხდა 150 ლარის შეტანა მის ანგარიშზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის, 2013 წლის 22 ნოემბერს, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 5000 ლარი, 12 თვის ვადით, წლიური 38% სარგებლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 22 ნოემბრის №11-30881-000386 საკრედიტო ხელშეკრულება თანდართული გრაფიკით (ს.ფ. 15-22).

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 22 ნოემბერს, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები რა-----------–-–---–თან და და---- მა----–---–თან, რომლის საფუძველზეც, მათ იკისრეს სოლიდარულად პასუხისმგებობა ლე--- ქა----ას სასესხო ვალდებულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 22 ნოემბრის №11-30881-000360 და №11-30881-000361 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები (ს.ფ.23-28).

 

3.1.3. მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელისთვის სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი სასესხო ანგარიშიდან (ს.ფ. 29);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 30).

 

3.1.4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2018 წლის 20 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 1-14).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხემ ლე--- ქა----ამ უკანასკნელად მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა განახორციელა 2015 წლის 04 თებერვალს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა მის სასესხო ანგარიშზე, 2016 წლის 29 სექტემბერს, 150 ლარის შეტანის ფაქტი, რომელიც მიქცეულია სესხის ძირი თანხის დასაფარად და მიუთითა, რომ 2015 წლის შემდეგ მას თანხის შეტანა არ განუხორციელებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნომრებიდან გამომდინარე, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ლე--- ქა----ას ვალდებულების შესრულების მიზნით, მოპასუხემ ან მოპასუხისგან უფლებამოსილმა პირმა განახორციელა გადახდა 2016 წლის 29 სექტემბერს. მითითებული ფაქტის დასადასტურებლად, მოსარჩელე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, სესხის ოფიცერ მადონა აფციაურის მიერ შედგენილ, მოპასუხის მიერ თანხების შეტანის ამსახველ ცხრილზე (ს.ფ. 29), რომელიც არ არის დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის წარმომადგენლის განამრტებაზე, რომლის თანახმად, სასესხო ანგარიშზე თანხის შეტანისას, სესხის დაფარვა ხდებოდა შემდეგი მიმდევრობით: პირველ რიგში იფარებოდა პირგასამტეხლო, შემდგომ - სესხზე დარიცხული პროცენტი და ბოლოს სესხის ძირი თანხა. მითითებული ცხრილიდან კი ირკვევა, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს ჩარიცხული თანხით, განსხვავებით წინა პერიოდის - 2013 წლის 22 ნოემბრიდან 2015 წლის 04 თებერვლამდე ჩარიცხული თანხებისა, მთლიანად დაიფარა ლე--- ქა----ას სესხის ძირი თანხის ნაწილი, რაც ეწინააღმდეგება მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებას. ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ მოპასუხის სესხის თანხა შეტანილია 2015 წლის 21 იანვრს, 02 თებერვალსა და 04 თებერვალს და აღნიშულის შემდეგ ერთი წლის და ექვსი თვის შემდეგ, მხოლოდ 2016 წლის 29 სექტემბერს ფიქსირდება ვალდებულების შესრულება ლე--- ქა----ას მხრიდან, რის შემდგომაც არცერთი გადახდა აღარ არის განხორციელებული აღებული კრედიტის დასაფარად. ყველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე--- ქა----ას მიერ, 2016 წლის 29 სექტემბერს, ვალდებულების დასაფარად სასესხო ანგარიშზე თანხის შეტანა უტყარად არ დასტურდება და მან უკანასკნელად სასეხო ვალდებულების დასაფარად, თანხის გადახდა განახორციელა 2015 წლის 04 თებერვალს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 22 ნოემბერს, მოსარჩელესა და ლე--- ქა----ას შორის გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და ლე--- ქა----ს შორის 2013 წლის 22 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხეებთან - და---- მა----–---–სა და რა-----------––---–თან დადებულ იქნა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. აღნიშნული კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხოლო ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო არ მიიჩნევს დადასტურებულად ლე--- ქა----ას მიერ, 2016 წლის 29 სექტემბერს, ვალდებულების დასაფარად სასესხო ანგარიშზე თანხის შეტანის ფაქტს და თვლის, რომ მან უკანასკნელად სასეხო ვალდებულების დასაფარად, თანხის გადახდა განახორციელა 2015 წლის 04 თებერვალს, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის მარტის თვიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 20 ივლისს - მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლისა და 4 თვის შემდეგ. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც მოპასუხეს ანიჭებს უფლებას, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები არ ანაზრაურდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხეების - ლე--- ქა----ას, და---- მა----–--–ის და რა-----------–-–---–ის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 124,99 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №21) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე