განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/463-18
(#012120518005)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------------–---–ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–---–----------------–-------------------------–-------–-–--------------------------–----------–------------------------------–----–----------–------------------–-------------------------–-------–---------------------–------------------------–------------------------------------------–-------------------------------------------
ადვოკატი - ლელა გოძიაშვილი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 12 მაისს , დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩა N------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში გაშლილი ხელის მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში დარტყმით ნ-----–-----------მ სცემა მ----–------------ე. დარტყმის შედეგად მ----–------------ემ მიიღო სისხლჩაქცევები გულმკერდის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დარტყმის შედეგად მ----–------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისათვის ნ-----–-----------ს, წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 მაისს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით. ბარათი შედგენილია გამომძიებელ ნ-----–-----------–---–ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2018 წლის 12 მაისს მ----–------------ეს თავის საცხოვრებელ ბინაში, მისმა მეზობელმა ვინმე ნ-----–ამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა . (ტ. 1. სფ. 1)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მ----–------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის, 12 მაისს (დაახლოებით იქნებოდა საღამოს 20:00 საათი) იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ.რუსთავი, ბალანჩივაძის ქუჩა, კორპუსი N10, ბინა N13, თავის შვილთან ლ------------ესთან ერთად, როდესაც მას ტელეფონზე დაურეკა ნ-----–-----------მ და სთხოვა, რომ მასთან ასულიყო სახლში. რაზეც მოწმემ უარი განუცხადა. დარეკვიდან მალევე კარებზე გაისმა კაკუნის ხმა, მოწმის განმარტებით, როდესაც მან გააღო სახლის კარი კარებში დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-----–----------- რომელმაც, მარცხენა ხელში წაავლო ხელი და უთხრა, რომ მასთან წასულიყო სახლში, რადგან მისი ქმარიც მასთან იყო, რაზეც მ----–------------ემ უარი უთხრა (რადგან ბავშვისთვის უნდა ეჭმია საჭმელი) და შებრუნდა სახლის მისაღებ ოთახში, მას შეყვა ნ-----–-----------ც და უწმაწური სიტყვები უთხრა ( ,,შენ ვინ ხარ, რო უარი მითხრი ჩემს სახლში ამოსვლაზე“, ,,შენ ამ სახლს არცხვენ“ , ,,შენისთანებს ამ სახლში რა უნდა“.) და შემდეგ თმაში წაავლო ხელი და ჩაარტყა გულმკერდის არეში, რასაც შეესწრო მისი ქალიშვილი ლ------------ე. მოწმის განმარტებით ამ ფაქტის მერე ის ჩავიდა ეზოში ქმრის მოსაძებნად, როდესაც დაბრუნდა სახლში, ნ-----–----------- მეორედ ავიდა მასთან სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა, უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა და კარზე უკაკუნებდა. ხმაურზე ამოვიდნენ მეზობლები ნ------------ე და ი-------------ე, რომლებიც ცდილობდნენ მის გაჩერებას. მეზობლების მოსვლიდან დაახლოებით 10 წუთში სახლში ამოვიდა მისი ( მ----–------------ის) მეუღლეც მ--–---------------–---–ი და ნ-----–----------- წაიყვანა მის სახლში, რის შემდეგაც მან დარეკა 112-ში. მოწმის განმარტებით ნ-----–-----------მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პირველ ამოსვლაზე, მან გაწევ-გამოწევაში ნ-----–ა რ------ის მიერ ცხვირში დარტყმა ვერ იგრძნო, თუმცა მეორე დღეს ცხვირის მიდამოში აღენიშნებოდა სილურჯე. გულმკერდის არეში ტკივილი აღენიშნებოდა ერთი კვირის განმავლობაში, მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მანამდე ნ-----–-----------სთან კონფლიქტი არ ქონია. კონფლიქტის მიზეზად მოწმემ მისი ქმრისა და ნ-----–ას შორის არსებული ურთიერთობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მისი ქმარი ხშირად ადის ნ-----–ასთან ალკოჰოლური სასმელის დასალევად. (ტ.2 ს.ფ. 39-48 )
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დისტანციურად დაიკითხა, არასრულწლოვანი ლ------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 12 მიასს დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, დედა (მ----–------------ე) უმზადებდა საჭმელს რა დროსაც დედის (მ----–------------ის) ტელეფონზე დარეკა უცხო ნომერმა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ნ-----–-----------მ და მ----–------------ეს უთხრა, რომ ასულიყო მასთან სახლში, რაზეც მ----–------------ე არ დათანხმდა და გაუთიშა ტელეფონი, დაახლოებით 05 წუთში, მათთან სახლში ამოვიდა ნ-----–-----------, რომელიც იყო მთვრალ მდგომარეობაში და კარზე აბრახუნებდა. მ----–------------ემ (დედამ) გაუღო კარი და ნ-----–----------- შემოვიდა სახლში მ----–------------ეს მოქაჩა ხელი და უთხრა მასთან ასულიყო, რაზეც დედამისი არ დათანხმდა. ნ-----–-----------ს აღნიშნული არ ესიამოვნა და დაიწყო დედამისის მისამართით გინება და ყვირილი, მოკიდა თმაში ხელი, დაარტყა ცხვირში და დაკაწრა გულთან, რის გამოც მ----–------------ეს (დედას) მოსდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ის ნ-----–ა რ------ის მიერ მ----–------------ისადმი განხორციელებულ ძალადობის ფაქტს შეესწრო, იყო შეშინებული და ტიროდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი მამობილი მ--–---------------–---–ი ამ დროს იყო ეზოში და იგი არ შესწრებია ძალადობის ფაქტს. დედამისმა მ----–------------ემ მამობილს მ--–---------------–---–ს დაუძახა აივნიდან და უთხრა ამოსულიყო ნ-----–ა რ------ის სახლში წასაყვანად. მ--–---------------–---–ი ამოვიდა და ნ-----–----------- წაიყვანა სახლში. რის შემდეგაც მ----–------------ემ დარეკა პოლიციაში. მოწმემ დამატებით განმარტა რომ, ის და მისი დედა მარტო იყვნენ სახლში. (ტ.2 ს.ფ. 113-116 )
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ--–---------------–---–ი, რომლმაც განმარტა, რომ 2018 წლის 12 მაისს მისი დეიდაშვილის მეუღლესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ნ-----–-----------სთან. მათ რამდენიმე ჭიქა სასმელი დალიეს და ნ-----–-----------მ სთხოვა, ასევე დაეპატიჟებინა მისი მეუღლეც (მ----–------------ე), რაზეც მ--–---------------–---–მა უარი უთხრა და შემდეგ ნ-----–-----------მ თავად დაურეკა მ----–------------ეს და თავისთან დაპატიჟა. მოწმის განმარტებით ნ-----–----------- სახლიდან ისე გავიდა, რომ არც კი შეუმჩნევია. მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ნ-----–ას ჩხუბი მოსვლია მის მეუღლესთან მ----–------------ესთან. მოწმის განმარტებით ის პირადად არ შესწრებია ძალადობის ფაქტს. ნ-----–----------- ნახა როდესაც სახლში ბრუნდებოდა, მას კორპუსის კიბეზე შეხვდა და სახლში წაიყვანა. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ მ----–------------ეს თვალი ჰქონდა გაკაწრული. (ტ.2 ს.ფ. 78-83 )
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ი-------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 12 მაისს, საღამო ხანს გაიგონა ხმაური სადარბაზოში, როდესაც ავიდა ზედა სართულზე შეესწრო ნ-----–ა რ------ისა და მ----–------------ის შელაპარაკებას.(მ----–------------ე იდგა კარებთან, სადარბაზოში). მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ-----–----------- ავიდა მ----–------------ესთან და ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცყოფა. შელაპარაკება გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ის ნ-----–ა რ------ის და მ----–------------ის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებია, მ----–------------ეს და მის ქმარს მეზობლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ. (ტ.2 ს.ფ. 56-61)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ნ------------ე, რომელიც არის მ----–------------ის მეზობელი, ცხოვრობს მეოთხე სართულზე, მის პირდაპირ. 2018 წლის 12 მაისს, შეესწრო ნ-----–ა რ------ისა და მ----–------------ის შელაპარაკებას, რაც დაახლოეით 03 წუთი გრძელდებოდა. ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფას. მ----–-------------ე იდგა თავის კარებთან, ხოლო ნ-----–----------- სადარბაზოში. მოწმის განმარტებით ის ნ-----–ა რ------ის და მ----–------------ის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მ----–------------ე კონფლიქტური პიროვნება არ არის. (ტ.2 ს.ფ. 61-64 )
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელი ნ-----–-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში, 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ნ-----–ა რ------ის მიერ მ----–-----------ეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიერ დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ გამოკითხული ჰყავს დაზარალებული მ----–------------ე, ბრალდებული ნ-----–-----------, ორი მეზობელი, მ----–------------ის მეგობარი მ--–---------------–---–ი, მ----–------------ის არასრულწლოვანი ქალიშვილი ლ------------ე. გამოტანილი აქვს დადგენილება მ----–------------ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. მოწმის განმარტებით ნ-----–-----------ს გააცნო ბრალდების დადგენილება და გამოკითხა როგორც მოწმე, ასევე გაუცვალა იმ ეტაპისთვის მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება . (ტ.2 ს.ფ. 83-84 )
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი გ----------------–---–ი რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 21 მაისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:
პირადი გასინჯვის მონაცემებით(13.05.2018) მ----–------------ეს აღენიშნება სისხლჩაქცევები ცხვირზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულბით არ ეწინააღმდეგება წინაწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. (ტ.1 ს.ფ. 9-11)
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულზე არსებული დაზიანებები თავისი განლაგებითა და ლოკალიზაციით მდებარეობს სხეულის ისეთ ადგილებში, რაც არ გამორიცხავს მის მიყენებას თავად დაზარალებულის მიერ. (აღნიშნულ ფაქტს არც ადასტურებს და არც გამორიცხავს) (ტ.2. ს.ფ. 92-94)
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ-----–-----------მ კატეგორიულად უარყო მ----–------------ეზე რაიმე სახით ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ ის თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი მ----–------------ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად. მან მ----–------------ეს მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა (ტ.2 ს.ფ. 131-134 )
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება, რაც ადამიანის განუყოფელი უფლებებია.
ძალადობის უამრავი განმარტება არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ძალადობა არის ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთარი თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს (ან ამის ალბათობის მაღალი ხარისხი არსებობს) სხეულის დაზიანებებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრამვა, გადახრები განვითარებაში, ან სხვადასხვა სახის ზიანი. ძალადობის ცნების ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია მისი წინასწარ განზრახულობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით ძალადობა სამ ფართო კატეგორიად იყოფა იმის შესაბამისად, თუ ვინ ახორციელებს ძალადობის აქტს. ეს კატეგორიებია: საუკუთარი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პიროვნებათაშორისი ძალადობა და კოლექტიური ძალადობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე აქედან ძალადობა მატერიალური შემადგენლობისაა.
სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ის გარემოება, რომ მ----–------------ეზე ნ-----–-----------მ იძალადა და მიაყენა დაზიანებები, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება, როგორც დაზარალებულ მ----–------------ის ჩვენებით, ასევე მოწმე ლ------------ის ჩვენებით და ასევე ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი გ----------------–---–ი მიერ 2018 წლის 21 მაისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დადგინდა, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩა N------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში ნ-----–-----------მ გაშლილი ხელის მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში დარტყმით მ----–------------ეს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ნ-----–ა რ------ის ძალადობრივი ქმედებით მ----–------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ნ-----–ა რ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ-----–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში, როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ნ-----–ა რ------ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს რამდენიმე ალტერნატივას. კერძოდ, ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, ბრალდებულის ასაკს (58 წლისაა), იგი წარსულში არ არის შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულს დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნის თანდასწრებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–ა რ------ის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხის, ხასიათის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2. ნ-----–ა რ------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;
3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე