გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 140210018002720870
საქმე № 2/2186-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ი----------–---–ი
მოპასუხე - ე------------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე ე------------------ეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 5440 ლარის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 11 აგვისტოს მოპასუხეს ასესხა 8770 ლარი 424 დღის ვადით. მოპასუხეს ნასესხი თანხიდან გადახდილი აქვს მხოლოდ ნაწილი, ხოლო გადასახდელი დარჩა 5440 ლარი, რასაც მიუხედავად არაეთგზის მოთხოვნისა არ აბრუნებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარცელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მან დააკონკრეტა შესაგებელში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ მას მოსარჩელის მიერ მითიტებული თანხა სესხად არ მიუღია და აღნიშნული ხელწრილით გაერთიანდა სხვადასხვა სესხის ხელშეკრულებები, თუმცა მიუთითა, რომ მას დავალიანება მთლიანად აქვს დაფარული, პერიოდულად თანხის გადახდით და პერიოდულად მისი კუთვნილი მაღაზიიდან ნივთების წაღებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 11 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
მტკიცებულება:
- 11.08.2016 წ. ხელწერილი
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 11 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული ხელწერილის მიხედვით, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 8770 ლარი 424 დღის ვადით.
მტკიცებულება:
- 11.08.2016 წ. ხელწერილი
3.2.2. ე------------------ის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ არის შესრულებული სრულად და მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 5440 ლარს.
მტკიცებულება:
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-625-ე, მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას, შესაბამისად, ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმის შინაარსი იძლევა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასაჩელო მოთხოვნის საფუძველს სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს, კერძოდ სესხის ხელწერილი, რომლის კანონიერება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც მან აღიარა, რომ მოსარჩელესთან მართლაც იმყოფებოდა სასესხო ურთიერთობაში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ თავის ახსნა - განმარტებით აღნიშნა, რომ მოპასუხეს გადასახდელ აქვს სესხის სახით მიღებული თანხის ნაწილი 5440 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში სადაოა სესხის დაფარვის საკითხი, მოპასუხის განმარტებით, ის მართლაც იმყოფებოდა მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობაში, თუმცა მან სრულად დაფარა აღებული სესხი და მასთან რაიმე სახის შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია.
6.3. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავის ახსნა - განმარტებით აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ასესხა 8770 ლარი, რაც აგრეთვე დასტურდება ხელწერილით, მოპასუხემ ნასესხი თანხიდან გადაიხადა ნაწილი და გადასახდელი დარჩა 5440 ლარი, რის საწინააღმდეგოდაც მოპასუხემ განაცხადა, რომ მან ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულად, თუმცა ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა - განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხე შესაგებელში არ მიუთითებია აღნიშნულ გარემოებებზე.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო განმარტავს, რომ არც ერთ მტკიცებულებას რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით არ გააჩნია და არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით (სსსკ 105-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო საქმეს განიხილავს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს ვალდებულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული. რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმის შესახებ, რომ მან ნასესხი თანხა სრულად დაუბრუნა მოსარჩელეს, სასამართლო მხოლოდ მის ახსნა - განმარტებას ვერ მიიჩნევს საკმარის არგუმენტად და მტკიცებულებად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ველდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.
ამდენად, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა და ვალდებულება შეუსრულებელია.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია რა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა მის მიერ ნასესხი თანხის არასრულად და შეთანხმებული ვადის დარღვევით გადახდაში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ი----------–---–ის სარჩელი ე------------------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა 5440 ლარი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 163.2 ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ი----------–---–ის სარჩელი ე------------------ის მიმართ, დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ე------------------ეს მოსარჩელე ი----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5440 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ე------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 163.20 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი