გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/21165-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელეები: გი-------------–---–ი, პ/ნ 0----------, ალ--------------------–---–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: რე-----–-------ე
მოპასუხე: ლე------–----ე
წარმომადგენელი: და-------–----ე, პ/ნ 0----------
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. ლე------–----ეს ალ--------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 42 092,85 ლარის ოდენობით.
1.2. ლე------–----ეს გი-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 42 092,85 ლარის ოდენობით.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სასაქონლო ნიშნების - „მი-–----------ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 7------, რეგისტრაციის ნომერი 2----) და „Mi-------D“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი 7------, რეგისტრაციის ნომერი 2----) - რეგისტრაცია და მითითებული სასაქონლო ნიშნები აღირიცხოს ალ--------------------–---–ისა და გი-------------–---–ის სახელზე თანაბარწილად.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მხარეები არიან შპ------------------–--ს“ საწესდებო კაპიტალის მე-------------------------ი. საწარმო რძის პროდუქტების წარმოება-რეალიზაციას ეწეოდა და დღეს, მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მიმდინარეობს. 2013 წელს, მხარეები, როგორც შპ------------------–--ს“ დამფუძნებლები, ერთად მუშაობდნენ საწარმოს სასაქონლო ნიშნების დიზაინზე და მხარეთა ერთობლივი მონაწილეობით შემუშავდა სადავო სასაქონლო ნიშნები, „მი-–----------ი“ და „Mi-------D“-ი, რომლებსაც შპ------------------–--“ იყენებდა. მოსარჩელეთა განმარტებით, მოსარჩელეებს ეგონათ, რომ მხარეთა მიერ ერთობლივად შემუშავებული სადავო სასაქონლო ნიშნები მათ შემუშავებაში მონაწილე ყველა პირს ეკუთვნოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სადავო სასაქონლო ნიშნები საქპატენტში მხოლოდ მოპასუხეზე ყოფილა რეგისტრირებული. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ სადავო სასაქონლო ნიშნების განვითარება-რეკლამირების მიზნით, მოსარჩელეები უარს ამბობდნენ შპ------------------–--დან“ დივიდენდების მიღებაზე. სარეკლამო ხარჯის სახით მოსარჩელეების მიერ თანაბარწილად გაღებულმა თანხამ ჯამში 84 185, 70 ლარი შეადგინა, რასაც ადასტურებს მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე დართული ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 31-35). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ მოპასუხემ სადავო სასაქონლო ნიშნები თავის სახელზე არაკეთილსინდისიერად დაირეგისტრირა, მოითხოვეს სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა სახელზე თანაბარ წილად რეგისტრაცია, ისევე როგორც - მოსარჩელეთა ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრების გამო, მოპასუხეზე თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 42 092, 85 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ მიიჩნია, რომ სადავო სასაქონლო ნიშნები 2015 წლიდან მართებულად არის რეგისტრირებული მოპასუხის საკუთრებად. მოპასუხემ განმარტა, რომ დივიდენდის განაწილება საწარმოში პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა დივიდენდების გადანაწილება და მოსარჩელეებს არ უთქვამთ უარი დივიდენების მიღებაზე სადავო სასაქონლო ნიშნების განვითარების მიზნით, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ შესაბამისი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს მათი არარსებობის გამო არ წარმოუდგენია. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს არც სარეკლამო ხარჯის გაღების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლო ზეპირ ახსნა-განმარტებას ემყარება, რაც გამორიცხავს როგორც სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის გაუქმების, ასევე ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპ------------------–--“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2005 წლის 8 ოქტომბრიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით 2--------. სამეწარმეო რეესტრის 2018 წლის 8 იანვრის ამონაწერით დადგენილია, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო დ------------ გი--------------–---–ი და საწარმოს პარტნიორები არიან ლე------–----ე (25%-იანი წილი), და-------–----ე (25%-იანი წილი), გი-------------–---–ი (25%-იანი წილი) და ალ--------------------–---–ი (25%-იანი წილი). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გაუქმდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია, ვინაიდან შპ------------------–--ს“ რეგისტრირებული მონაცემები არ შეიცავდა საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ს.ფ. 15-23, 25-26).
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით დადგენილია, რომ შპ------------------–--ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მიმდინარეობს. შპ-------------ა“ და შპ--------–---–-----------------ს“ განცხადება მოვალე შპ------------------–--ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულია სასამართლოს წარმოებაში და მოვალე შპ------------------–--ს“ მეურვედ დანიშნულია სს------------–---------------–--------ო (ს.ფ. 27-28).
3.1.3. საქართველოს ინტელექტიალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის სარეგისტრაციო მოწმობებით დადგენილია, რომ სასაქონლო ნიშანი „მი-–----------ი“ რეგისტრირებულია ლე------–----ის სახელზე 2015 წლის 1-------დან, ხოლო სასაქონლო ნიშანი „Mi-------D“-ი რეგისტრირებულია ლე------–----ის სახელზე 2015 წლის 6-----------დან. (ს.ფ. 29-30).
3.1.4. საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადგენილია, რომ სარეკლამო მომსახურების მიზნით, შპ------------------–--ს“ მიერ შპ------------სათვის 2015 წლის 22 ივლისს გადახდილია 68 180.40 ლარი, ხოლო შპ-----------------–----------------------ს მიერ შპ----------------–--------------------თვის“ 2016 წლის 1 ნოემბერს გადახდილია 2 397.51 ლარი, 2016 წლის 1 დეკემბერს - 5 419.54 ლარი, 2016 წლის 21 დეკემბერს - 4 154.58 ლარი, ხოლო 2017 წლის 30 იანვარს - 4 033.67 ლარი (ს.ფ. 31-35).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. აღნიშნულის მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნეს სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს ეკისრებოდა მის მიერ მითითებული იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომელზედაც მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს. კერძოდ - რომ მოსარჩელეებმა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნების განვითარებაში 84 185, 70 ლარის ოდენობით ხარჯი გაიღეს. მოსარჩელე მხარის თანახმად, მოსარჩელეები უარს ამბობდნენ შპ------------------–--დან“ მათი კუთვნილი დივიდენდების მიღებაზე და სანაცვლოდ, დივიდენდის თანხებს სადავო სასაქონლო ნიშნების განვითარებისთვის იყენებდნენ. საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მოსარჩელის აღნიშნული ახსნა-განმარტება და მიიჩნია, რომ განსახილველი სადავო გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელეს შესაბამისი მტკიცებულებების (მაგ. საწარმოს პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილებები) წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება. საგულისხმოა ასევე, რომ მოსარჩელე მხარემ სადავოდ არ გახადა გარემოება, რომ მოსარჩელეების მიერ დივიდენდების თანხის მიღების, ან ამ თანხის სადავო სასაქონლო ნიშნის განვითარების მიზნით გამოყენების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არა აქვს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება ამ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ იურიდიულ პირებს შორის გარკვეული ვალდებულებითი ურთიერთობების არსებობის ფაქტი, მაგრამ არ დასტურდება გი--------------–---–-სა და ალ--------------------–---–ის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნების განვითარების მიზნით თანხების გაღების გაქტობრივი გარემოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას სადავო სასაქონლო ნიშნების განვითარებისთვის გაღებული სადავო თანხისა და მოპასუხის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნების არაკეთილსინდისიერად რეგისტრაციის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სასაქონლი ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნების არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის გაუქმებასა და ამ სასაქონლო ნიშნების მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრაციის თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიღო მოსარჩელეებისგან 84 185,70 ლარის ღირებულების სიკეთე, რადგან სადავო სასაქონლო ნიშნების მხოლოდ მოპასუხეზე რეგისტრაციით, მოპასუხე 84 185,70 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელეთა ხარჯზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია საფუძველს, შეამოწმოს სადავო თანხის მოპასუხის მიერ მიღების საფუძვლიანობა, რადგან მოსარჩლე მხარემ ვერ შეძლო მოპასუხის კუთვნილი სადავო სასაქონლო ნიშნების განვითარების მიზნით, მოპასუხის სასარგებლოდ 84 185,70 ლარის გამოყენების ფაქტის დადასტურება.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩლეთა მოთხოვნას მოპასუხეზე თითოეული მოსარჩლის სასარგებლოდ 42 092, 85 ლარის დაკისრების თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 3 000 ლარი (ს.ფ. 50-51). ვინაიდან სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გი-------------–---–ისა და ალ--------------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე