გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 421210018002558541
(2/138-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.04.2019 წელი ქ. მარტვილი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
მარტვილის მუნიციპალიტეტში დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი მელანო შალამბერიძე
მოსარჩელე - მა-- ჯა---ი
მოსარჩელის წარმომადგენლები - მა-- კე---–-ა, ხა------ და-----ი
მოპასუხე - ალ------ კი---–-–---–ი
მოპასუხის წარმომადგენელი - ინ-- გი-------ე
დავის საგანი - ალიმენტის გაზრდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ალ------ კი---–-–---–ისთვის შვილის მა----- კი---–-–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის -70 ლარის გაზრდა 200 ლარამდე.
მოსარჩელის განმარტებით, სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე ალ------ კი---–-–---–ს შვილის მა----- კი---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის 200 ლარის გადახდა მა----- კი---–-–---–ის სრულწლოვანებამდე, რაც მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შემცირდა 70 ლარამდე. მოპასუხე არ იხდის დაკისრებულ ალიმენტის თანხას და აქვს 10 000 დავალიანება ლარამდე. როგორც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის, ასევე დღემდე, მალავს შემოსავალს და ქონებას, კერძოდ, მოპასუხე მუშაობს ქალაქ ფოთში, ყავს ავტომანქანა „ოპელ ვექტრა“, რომელსაც იყენებს ტაქსის სახით, ასევე, მუშაობს საქართველოს ცემენტის კომპანიაში ცემენტის გადამზიდ მანქანაზე მძღოლად, ქ.ფოთის პორტში სამეწარმეო საქონლის გადამზიდ მანქანაზე (სუპერ მაზი). მოპასუხის ოჯახს მოეხსნა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში, ასევე, არის მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე.
ამ გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის 200 ლარამდე გაზრდას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მისი მატერიალური მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, პირიქით გაუარესდა, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად იხდის ალიმენტის თანხას, მაინც დაუგროვდა გადაუხდელი ალიმენტის დავალიანება. მოპასუხის განმარტებით, იგი არსად არ მუშაობს, არის ავადმყოფი, ჰყავს ცოლ-შვილი, ბავშვი დაავადებულია თანდაყოლილი გულის მანკით და საჭიროებს სისტემატურ მკურნალობას. ავტომანქანა, რომელიც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სურათის სახით, ეკუთვნის მის მამას, ოქ---- კი---–-–---–ს, რომელიც ეხმარება მატერიალურად. სხვა შემოსავალი არაფერი გააჩნიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.მოსარჩელე მა-- ჯა---ს და მოპასუხე ალ------ კი---–-–---–ს ჰყავთ საერთო შვილი - მა----- კი---–-–---–ი(დაბადების თარიღი-2--- წლის 2- ივ---ი);
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა;
3.2. მა-- ჯა---ი თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში და მშობლებთან ერთად, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში;
სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს
3.3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ალ------ კი---–-–--–ს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2- ივ---ს დაბადებული მა----- კი---–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის 200 ლარის გადახდა 2011 წლის 29 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3.4.მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შემცირდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და ალ------ კი---–-–---–ს მოპასუხე მა-- ჯა---ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2- ივ---ს დაბადებული მა----- კი---–-–---–ის რჩენა-აღზრდისთვის ყოველთვიურად ალიმენტი 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით 2012 წლის 28 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3.5. ალ------ კი---–-–---–ს აქვს ალიმენტის თანხის დავალიანება 10 000 ლარამდე.
სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს
3.6.მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ალ------ კი---–-–---–ის მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, შეიძინა ავტომანქანა, ასევე, დასაქმებულია და მუშაობს საქართველოს ცემენტის კომპანიაში ცემენტის გადამზიდ მანქანაზე მძღოლად, აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინა ავტომანქანების ფოტოსურათები, თუმცა ამ ავტომანქანების მოპასუხისადმი კუთვნილების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანების მხოლოდ ფოტოსურათები ვერ ასაბუთებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი ეკუთვნის მოპასუხეს, ან იგი დასაქმებულია და მუშაობს ამ ავტომანქანის მძღოლად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება შეიძლება სასამართლოს დადასტურებულად მიეჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმებოდა. მოცემულ შემთხვევაში კი, პირიქით, მოპასუხემ წარმოადგინა მოწმეები, მა---- ბე----ე (ალ------ კი---–-–---–ის მეუღლე) და ემ----- ას---–---–ი (მეზობელი), დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ალ------ კი---–-–---–ი დღემდე უმუშევარია და ავტომანქანა, რომლის ფოტოსურათებიც წარმოადგინა მოსარჩელე მხარემ, ეკუთვნის ალ------ კი---–-–---–ის მამას, ოქ---- კი---–-–---–ს, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ცალკე, სხვა მისამართზე ცხოვრობს, თუმცა მათ მატერიალურად ეხმარება. (სხდომის ოქმი, 8.04.2019 წ);
რაც შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახი ამორიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და არ იღებს საარსებო შემწეობას, აღნიშნული არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ალიმენტის გაზრდას, იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე დაოჯახებულია, ყავს ავადმყოფი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც მუდმივად მეთვალყურეობას საჭიროებს და დაუსაქმებელი მეუღლე, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან.
ამდენად, მოსარჩელემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ალ------ კი---–-–---–ის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობის შეცვლა განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებათა სტაბილურობის ხასიათით, რომელიც საფუძვლად დაედო ალიმენტის თავდაპირველი ოდენობის განსაზღვრას. სასამართლო, საკითხს ალიმენტის ოდენობის გადიდებასთან დაკავშირებით წყვეტს მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, ანუ მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელი პირის როგორც მატერიალური, ისე ოჯახური მდგომარეობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 2012 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოსარჩელეს დაეკისრა ალიმენტი 70 ლარის ოდენობით, არ შეცვლილა ალიმენტის გადამხდელის ფინანსური ან სხვაგვარი მდგომარეობა. მოპასუხე ისევ ისე უმუშევარია, ოჯახში დამატებითი სხვაგვარი შემოსავალიც არ გააჩნია, კმაყოფაზე ისევ ისე, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყავს ცოლ-შვილი. შესაბამისად, მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც მოსარჩელის მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა არ შეცვლილა, ამ ეტაპზე შეუძლებელია ალიმენტის თანხის გადიდება, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ალიმენტის გაზრდის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 365-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1.არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მა-- ჯა---ის სარჩელი მოპასუხე ალ------ კი---–-–---–ის მიმართ ალიმენტის გაზრდის თაობაზე.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, არ გასაჩივრდება.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია