გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
110210018002790352
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002790352

№ 2/1111-2018 წელი

„გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11აპრილი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _სს ,,ლ--------------’’;

წარმომადგენელი_ ნ--------------;

მოპასუხე _ ვ-----------

წარმომადგენელი - მ--------------;

დავის საგანი_ თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოპასუხე ვ----------ს სს ,,ლ--------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 8627.5 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 6185.92 ლარი, პროცენტი_ 1284.16 ლარი, პირგასამტეხლო 857.42 ლარი და ხარჯი -300 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები: 2018 წლის 8 იანვარს სს ,,ლ---------------'' და ვ----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 7800 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი_ 48 %, კრედიტის ვადა- 2019 წლის 8 იანვრამდე. ხელშეკრულებითვე განისაზღვა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო კრედიტის ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე (სრულზე, ან არასრულზე). მსესხებელს სესხის თანხა უნდა გადაეხადა გრაფიკის შესაბამისად, რომელიც არის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. მან გადაიხადა მხოლოდ სამი თვის თანხა, ხოლო 2018 წლის მაისიდან დაარღვია გრაფიკი და გადახდა აღარ განუხორციელებია, შესაბამისად გადაუხდელი დარჩა ძირი თანხა 6185.92 ლარი, რომელზედაც მოხდა პირგასამეტეხლოს 0.41%-ის დარიცხვა ყოველდღიურად, 2018 წლის 8 მაისიდან, 2018 წლის 17 დეკემბრამდე, ანუ დავალიანების ცნობის გაცემამდე. სულ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8627.5 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6185.92 ლარი, პროცენტი- 1284,16 ლარი, ჯარიმა 857.42 ლარი და აღნიშნულ საქმეზე გაწეული აღსრულების ხარჯი - 300 ლარი. სესხი წარმოადგენდა ავტოსესხს, რომლის უზრუნველყოფის საგანი იყო მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა. სარჩელის შემოტანის დროისათვის ავტომანქანა ვერ იქნა მოძიებული, ვინაიდან იყო დაშლილი, შესაბამისად მასზე ბანკი მოთხოვნას ვერ წარმოადგენდა. თუმცა ბანკმა გირავნობის მოწმობის, ავტომობილის მოძიების და სააღსრულებო ღონისძიების გატარების მიზნით გასწია ხარჯი 300 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ სესხის თანხა მთლიანად მოიხმარა მესამე პირმა კ------------------------- და მან ვ----------- წინაშე აიღო პასუხისმგებლობა თავისი ხელწერილით, რომ დაეფარა ვალი, შესაბამისად ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი აქვს კ. ზ--------- და არა ვ. ო------ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა გაიტანა ვ----------მ, ამასთან, შეუსაბამოდ მაღალია მოთხოვნილი პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. 2018 წლის 8 იანვარს სს ,,ლ---------------'' და ვ----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 7800 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი_ 48 %, კრედიტის ვადა- 2019 წლის 8 იანვრამდე. ხელშეკრულებითვე განისაზღვა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო კრედიტის ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე (სრულზე, ან არასრულზე). მსესხებელს სესხის თანხა უნდა გადაეხადა გრაფიკის შესაბამისად, რომელიც არის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, მოპასუხის ახსნა-განმარტებას, 2018 წლის 8 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

3.2.მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ლ---------------'' ვ. ო----- მის საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 8 იანვარს ჩაურიცხა სესხის თანხა, საიდანაც თანხა - 7 750 ლარი მოპასუხის მიერ განაღდებული იქნა იმავე დღეს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ვ. ო----- ანგარიშის ამონაწერს.

 

3.3. მსესხებელმა ვ----------მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სესხის დაფარვისათვის გადაიხდა მხოლოდ 3 თვის თანხა, რის შემდგომ გადასახდელმა ძირმა თანხამ შეადგინა 6185.92 ლარი. ვ----------მ სესხის დაფარვის გრაფიკი დაარღვია 2018 წლის მაისის თვიდან. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ბანკის მიმართ მისი დავალიანება შეადგენს 8327.5 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6185.92 ლარი, პროცენტი- 1284,16 ლარი, ჯარიმა 857.42 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, 2018 წლის 14 მაისის გაფრთხილების წერილს, 2018 წლის 17 დეკემბრის დავალიანების ცნობას.

 

3.4. სესხი წარმოადგენდა ავტოლომბარდის სესხს და იგი უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანით. სარჩელის შემოტანის დროისათვის ავტომანქანა ვერ იქნა მოძიებული. ბანკმა გირავნობის მოწმობისათვის, ავტომობილის მოძიების და სააღსრულებო ღონისძიების გატარების მიზნით გასწია ხარჯი 300 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2018 წლის 17 დეკემბრის დავალიანების ცნობას, გირავნობის მოწმობას, ავტოლომბარდის მიხედვით გაწეული ხარჯის ამონაწერს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ლ---------------- ’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით; სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე , 361-ე,417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე, 867-ეუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის (ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოქმედი რედაქცია) თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.

 

_ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2018 წლის 8 იანვარს სს ,,ლ---------------'' და ვ----------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 7800 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი_ 48 %, კრედიტის ვადა- 2019 წლის 8 იანვრამდე. ხელშეკრულებითვე განისაზღვა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო კრედიტის ძირითადი თანხის 0.41% ყოველვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე (სრულზე, ან არასრულზე). მსესხებელს სესხის თანხა უნდა გადაეხადა გრაფიკის შესაბამისად, რომელიც არის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი.

 

დადგენილია, რომ სწორედ ვ----------სთან დაიდო 2018 წლის 8 იანვრის სესხის ხელშეკრულება, ხელშეკრულებაზე მან მოაწერა ხელი და ამით იკისრა ვალდებულება სესხის დაფარვაზე. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ანგარიშის ამონაწერით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 იანვარს ვ----------ს მის ამგარიშზე ჩაერიცხა სესხის თანხა 7800 ლარი.

 

რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა მესამე პირმა კ------------- ზ---------- და წარმოადგინა ხელწერილი, რომლითაც ვინმე კ------------- ზ--------- კისრულობს ვალდებულებას, სს ,,ლ--------------'' გაუსტუმროს ვ----------- სესხის თანხა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ სს ,,ლ---------------'' და კ-------------- ზ--------- შორის მოხდა ორმხრივი, სახელშეკრულებო შეთანხმება სესხის თანხის მიღების ან/და დაფარვის თაობაზე.

 

6.2.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა ვ----------მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სესხის დაფარვისათვის გადაიხდა მხოლოდ 3 თვის თანხა, რის შემდგომ გადასახდელმა ძირმა თანხამ შეადგინა 6185.92 ლარი. ვ----------მ სესხის დაფარვის გრაფიკი დაარღვია 2018 წლის მაისის თვიდან.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება ხელშეკრულების შეწყვეტის (როგორც ვადამდე, ისე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო) შემთხვევაში, პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება/შენარჩუნდება ხელშეკრულების განსაზღვრული პირობების შესაბამისად და მსესხებელი ვალდებული იქნება სხვა გადასახდელებთან ერთად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით ან/და იძულებით აღსრულების წესით სრულად დაფარივის დროს, ბანკის წინაშე ასევე დაფაროს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დარიცხული პირგასამტეხლოს და პროცენტის თანხები.

 

ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8327.5 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6185.92 ლარი, პროცენტი- 1284,16 ლარი და ჯარიმა 857.42 ლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ბანკის მიერ დადგენილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური 48% შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან წლიური 48% სრულად შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პროცენტის თანხის 1284,16 ლარის დაკისრების ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 სესხის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოფის საგანი გადმოეცემა ბანკს, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციამდე პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება/შენარჩუნდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მთლიანი დავალიანების თანხაზე, დავალიანების სრულად დაფარვამდე. ამასთან, ბანკის მიერ მიღებული უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, შესაბამისი წილით შემცირდება დავალიანება, ხოლო დარჩენილ დავალიანებაზე კვლავ გაგრძელდება/ შენარჩუნდება პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

ამავე ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, თუ ბანკის მიერ მოთხოვნის წარდგენის/აღსრულების ეტაპისათვის ვერ ხდება უზრუნველყოფის საგნის მოძიება, მიუხედავად მოუძიებლობის მიზეზისა (ქონების გადამალვა, განადგურება, ქონების ჩამორთმევა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ქონების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა და ა.შ) მსესხებელი აცხადებს თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე, ბანკმა საკუთარი არჩევანით მოითხოვოს: ა) მსესხებლისაგან სხვა შესაბამისი ღირებულების მქონე უზრუნველყოფის საგნის წარმოდგენა, ან ბ) ხელშერულების ვადამდე შეწყვეტა და ვალდებულების სრულად დაფარვა მსესხებლის ნებისმირი ქონებიდან.

 

დადგენილია, რომ სესხი წარმოადგენდა ავტოლომბარდის სესხს და იგი უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანით. სარჩელის შემოტანის დროისათვის ავტომანქანა ვერ იქნა მოძიებული, ვინაიდან იყო დაშლილი, აღარ არსებობდა და შესაბამისად, ბანკი მოსარჩელისაგან ქონების გადაცემას, ან რეალიზაციას ვერ მოითხოვდა, თუმცა ავტომობილის მოძიების და სააღსრულებო ღონისძიების გატარების მიზნით გასწია ხარჯი 300 ლარის ოდენობით, რომლის მოპასუხეზე დაკისრებას სრულიად კანონიერად ითხოვს და ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად (ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მოქმედი რედაქცია), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. (სამოქალაქო კოდექსის ხელშეკრულების დადებისას მოქმედი რედაქცია).

 

სესხის ხელშეკრულების 2.2.8. პუნქტის თანახმად, განისაზღვა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო კრედიტის ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე (სრულზე, ან არასრულზე).

 

ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება ხელშეკრულების შეწყვეტის (როგორც ვადამდე, ისე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო) შემთხვევაში, პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება/შენარჩუნდება ხელშეკრულების განსაზღვრული პირობების შესაბამისად და მსესხებელი ვალდებული იქნება სხვა გადასახდელებთან ერთად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით ან/და იძულებით აღსრულების წესით , სრულად დაფარივის დროს ბანკის წინაშე ასევე დაფაროს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დარიცხული პირგასამტეხლოს და პროცენტის თანხები.

 

მოცემულ შემთხვეაში დადგენილია, რომ მსესხებელმა ვ----------მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სესხის დაფარვისათვის გადაიხდა მხოლოდ 3 თვის თანხა, რის შემდგომ გადასახდელმა ძირმა თანხამ შეადგინა 6185.92 ლარი. ხელშეკრულების შესაბამისად უკვე დარჩენილ ძირ თანხაზე ყოვედღიურად დაირიცხა ჯარიმა 0.41% 2018 წლის მაისის თვიდან, დავალიანების ცნობის გაცემამდე , ანუ 2018 წლის 17 დეკემბრამდე და ამ თანხამ შეადგინა 857.42 ლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ჯარიმის, იგივე პირგასამტეხლოს თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პროცენტი არ აღემატება კანონით განსაზღვრულ წლიურ პროცენტს და ასევე შესაბამისი და სამართლიანია ძირი თანხის ოდენობასთან და შეუსრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაშიც.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სარჩელზე გადახდილია ბაჟი 258.82 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 258.82 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ--------------ს '' (ს/კ 2--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ვ----------ს (პ/ნ 1----------) სს ,,ლ--------------ს '' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 6185 (ექვსი ათას ას ოთხმოცდახუთი) ლარისა და 92 (ოთხმოცდათორმეტი) თეთრის, პროცენტის - 1284 (ათას ორას ოთხმოცდაოთხი) ლარისა და 16 (თექვსმეტი) თეთრის, ჯარიმის - 857 (რვაას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 42 (ორმოცდაორი) თეთრის, აღსრულების ხარჯის - 300 (სამასი) ლარის, სულ - 8627 (რვა ათას ექვსას ოცდაშვიდი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის გადახდა.

 

3. მოპასუხე ვ----------ს (პ/ნ 1----------) სს ,,ლ--------------ს '' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 258 (ორას ორმოცდათვრამეტი) ლარისა და 82(ოთხმოცდაორი) თეთრის ანაზღაურება.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე