გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34645-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მარტი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - სს ''მ---------------------ი'';
წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი
მოპასუხე - ნ-----–-------–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-----–-------–---–ს სს ''მ---------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირითადი თანხის - 2940.1 ლარის, სარგებლის - 2452.85 ლარის და პირგასამტეხლოს - 980 ლარის გადახდა.
2019 წლის 19 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის ნაწილში და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.
2. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მაისს შპს ''მ---------------------ს'' და ნ-----–-------–---–ს შორის გაფორმდა T---------- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 3000 ლარი, 36 თვის ვადით. სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი 63.6%.
3.1.2. დადგენილია, რომ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ბ--------, გამოშვების წელი - 1996, საიდენტიფიკაციო ნომერი W---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 20-24).
- შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობები და საკრედიტო შეთანხმება (ს.ფ 25-27).
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 28).
3.1.3. მოპასუხის მიერ განხორციელდა სესხის გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა მხოლოდ ორჯერ და 2017 წლის 15 აგვისტოს არასრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილი (ს.ფ 29).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი).
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხეს სს''მ---------------------ის'' წინაშე ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად და ერიცხება დავალიანება, სესხის ძირითადი თანხა - 2940.1 ლარი, ასევე დარიცხული სარგებელი 2452.85 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანებების შესახებ. (ს.ფ. 31).
3.1.5. დადგენილია, რომ შპს ''მ--------------------ის'' შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და ნაცლად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 56).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 63.6%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''მ---------------------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 54-ე, 62-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ''მ---------------------ის'' და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი ძირი თანხის _ 2940.1 ლარის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 15 მაისს შპს ''მ---------------------ს'' და ნ-----–-------–---–ს შორის გაფორმებული T---------- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 3000 ლარი, 36 თვის ვადით. სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 63.6%-ით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 15 მაისს შედგენილი სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5.3%-ის დარიცხვის ნაწილში.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5.3%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც სს ''მ---------------------ი'' მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე''. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 15 მაისის ხელშეკრულების დებულება (მე-3-ე პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს სს ''მ---------------------ის'' წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად. კერძოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს არც სესხის თანხა და არც საპროცენტო სარგებელი არ დაუფარავს. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის კი გასულია სრული 15 თვე და 15 კალენდარული დღე. ასევე დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია არ მომხდარა და ავტომანქანა დაზიანდა ავტოავარიის შედეგად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 24% (ყოველთვიური 2%).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრებას - 15 თვის და 15 კალენდარული დღეზე, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხაა - 2940.1 ლარი, რომლის წლიური 24% შეადგენს - 705.62 ლარს, ყოველთვიურად, მსესხებლის მიერ საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა კი - 58.8 ლარს. ამდენად, საპროცენტო სარგებლის თანხა უნდა განისაზღვროს - 2940.1 ლარის წლიური 24%, რაც წლიურად შეადგენს - 705.62 ლარს, თვეში - 58.8 ლარს, 15 თვის განმავლობაში - 882.03 ლარს, რასაც ემატება 15 დღის საპროცენტო სარგებელი - 1.96X15=29.4 ლარის ოდენობით და ასევე გრაფიკის შესაბამისად 2017 წლის 15 აგვისტოს გადასახდელი თანხიდან დარჩენილი _ 37.64 ლარი, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 949.06 ლარს.
საბოლოოდ მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა უნდა განესაზღვროს - 3886.16 ლარით (2940.1+949.06 ლარი).
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 191.18 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ-----–-------–---–ს სს ''მ---------------------ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 28.47 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება, 117.60 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრიც ცნობისა და მოსარჩელის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად), ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან სს ''მ---------------------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 04.12.18წ სასამართლო განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ''მ---------------------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე - ნ-----–-------–---–ს მოსარჩელე სს ''მ---------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3886.16 ლარის ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 2940.1 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 949.06 ლარი.
3. ნ-----–-------–---–ს მოსარჩელე სს ''მ---------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 28.47 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. სს ''მ---------------------ს'' სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (188.81 ლარი) საგადასახადო დავალება #1---------, თარიღი 2---------წ, გადამხდელი შპს "მ---------------------ი", გადამხდელის ბანკი სს"თ-----------) ) - 117.6 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი