გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.03.2019
საქმის ნომერი
330310018002733363
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/7292-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

11 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - მ-–-------------ე

წარმომადგენელი - გ--------------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენლები: გ---–------–------ი; ი------–---------ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. 06.02.2019 წ. სხდომის ოქმი)

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-–-------------ის მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით მ-–-------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით სასჯელის სახით განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 87-92);

 

3.2. 2016 წლის 17 იანვარს N-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა N-- პენიტენციურ დაწესებულებაში, 05.02.2016 წლის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის №---- ბრძანების საფუძველზე მ-–-------------ეს სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 87-92);

 

3.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მსჯავრდებულ მ-–-------------ის მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 87-92).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-–-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N--- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).

 

პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.

 

ამავე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილების თანახმად: 3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. 4. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №--- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

აღნიშნული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.

 

მითითებული წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სატრანსპორტო დანაშაული, კერძოდ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა გამოიწვიოს. სადავო გადაწყვეტილებით მ-–-------------ისთვის მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ დანაშაულის ხასიათის გათვალისწინება, სათანადო დასაბუთების გარეშე, იწვევს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის შესახებ კოდექსი ითვალისწინებს კანონისმიერ ზღვარს დანაშაულის კატეგორიის მიხედვით საკითხის განხილვის დასაშვებობისათვის. გარდა ამისა, პატიმრობის შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე ზღუდავს საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს მოითხოვოს მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. შესაბამისად, ხსენებული ფაქტორები კანონისმიერი ბოჭვით ზღუდავს მსჯავრდებულის უფლებას, მოითხოვოს მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. აღნიშნულის საწინაღმდეგოდ, შუამდგომლობის კანონისმიერი დასაშვებობის პირობებში საბჭო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტისას ერთმანეთს დაუპირისპიროს სხვადასხვა კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღოს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. ამდენად, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, წინააღმდეგობაში მოდის განსახილველი საკითხის გადაწყვეტის ძირითად პრინციპთან, შეფასდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რაც ერთმნიშვნელოვნად დინამიკური პროცესია.

პატიმრობის შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

სწორედ ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №--- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლში მოცემულია საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისათვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური მდგომარეობა, ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ის გარემოება რომ ნასამართლეობის არმქონეა, წახალისებულია რვაჯერ, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული აქვს სოციალურ აქტივობებში, თუმცა საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სატრანსპორტო დანაშაული, კერძოდ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვი. დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილებდა და ვერ გადაწონიდა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილებით მხოლოდ ხსენებულ ფაქტორზე მითითება, სათანადო დასაბუთების გარეშე, იწვევს საკითხის ფორმალურ გადაწყვეტას დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დაუსაბუთებლობის გამო.

 

6.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №--- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ''ა'' ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასებას: აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ., რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამავე პუნქტის ''ე'' ქვეპუნქტის მიხედვით მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხის შეფასება ძირითადად ამ ორი კრიტერიუმის ურთიერთშეპირისპირების შედეგად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მსჯავრდების მიზანი, პირის რესოციალიზაცია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულებების ცვლილებაში უნდა აისახოს. მსჯავრებულის პიროვნული მახასიათებლები გამოკვლეულ უნდა იქნეს დინამიკაში, რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირის ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, სამომავლო ხედვა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. განსახილველ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს იმ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევასა და სათანადოდ შეფასებას, რომელიც მნიშვნელოვანია პირის რესოციალიზაციის საკითხის გადასაწყვეტად. ამასთან, როგორც საბჭოსადმი წარდგენილი შუამდგომლობით, ისე პენიტენციური დაწესებულების მიერ მომზადებული დახასიათებით დგინდება, მ-–-------------ის ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უარყოფითად შეფასებული არ არის, იგი ჩართულია დაწესებულებაში მიმდინარე სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში, დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია 8-ჯერ ადმინისტრაციის მიერ. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ უარყოფით გარემოებებზე ყურადღების გამახვილებით საკითხის გადაწყვეტა, მისი, დადებითად მიჩნეულ კრიტერიუმებთან შეპირისპირების გარეშე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერებასა და კანონშესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს. ამგვარი გარემოების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი და უშუალოდ საბჭოს წევრთა მიერ მსჯავრდებულის პიროვნული შეფასების გათვალისწინებით დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს სწორედ მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს მოცემული სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას განმარტოს თუ რას გულისხმობს თავად დისკრეციული უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ხელახლა განხილვისას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება განაპირობოს, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები მოიცავენ მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებასა და გამოკვლევას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს სრულყოფილი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, ზეპირი მოსმენის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-–-------------ის მოუხდელი სასჯელის ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხთან დაკავშირებით;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 271-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-–-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №------–------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-–-------------ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე;

 

3. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის - მ-–-------------ის სასარგებლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე