გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002449047
#2/1625-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.03.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი- სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - თ-----------ა;
წარმომადგენელი - ი-–---------–--ე;
მოპასუხე - ა-–-------------------–--ი;
წარმომადგენელი- კ-----------–-----ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ა-–-------------------–--ს დაეკისროს კუთვნილი თანხის 8000 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, დაახლოებით 23:00 საათზე დასთან და დიშვილებთან ერთდ მოძრაობდა ქალაქის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისი დის საკუთრებაში არსებული ავტომობილით. მიდიოდა რძალთან, რომელიც მუშაობს სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში, რათა წამოეყვანა სახლში. ავტომანქანა გააჩერა კინოთეატრ საქართველოს ავტოსადგომზე, გადავიდა ავტომანქანიდან და შევიდა მაღაზია „ფუდმარტში„ რათა ბავშვებისათვის ტკბილეულობა შეეძინა, ამავე დროს დაურეკა რძალს, რომ სახლში წასულიყვნენ. ფუდმარტიდან გამოსვლის შემდეგ მანქანაში ელოდებოდა რძლის მოსვლას. ამ დროს ბავშვებმა თხოვეს ძირს გადასვლა, გადავიდნენ კვლავ ავტომანქანიდან და დაახლოებით 3 წუთში ისევ ჩასხდნენ მანქანაში, რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდა რძალი და წავიდნენ სახლში. სახლთან მისვლისას შეამჩნია, რომ აღარ ჰქონდა საფულე, სადაც ჰქონდა 8000 ლარის ოდენობით თანხა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოიტანა ბანკიდან, რათა მამისთვის ოპერაცია გაეკეთებია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასწრაფოდ მივიდა ადგილზე, სადაც ავტომობილი ჰყავდა გაჩერებული და დაიწყო საფულის ძებნა, მაგრამ ამაოდ ვერაფერი ვერ იპოვა. იმავე დღეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა პოლიციის მე-3 განყოფილებას, რათა დახმარება აღმოეჩინათ, პოლიციის მე-3 განყოფილებაში აცნობეს, რომ ტერიტორიულად ეკუთვნოდა პოლიციის მე-2 განყოფილებას და მათთვის უნდა მიემართა. მეორე დღეს მიმართა პოლიციის მე-2 განყოფილებას და აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ დაიწყო გამოძიება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სადაც ავტომანქანა ჰყავდა გაჩერებული, მიმდებარე ტერიტორიაზე არის რამდენიმე სათვალთვალო კამერა, რის შესახებაც პოლიციას განუმარტა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ პოლიციამ აცნობა, რომ სათვალთვალო კამერაზე აღმოჩნდა პიროვნება, რომელმაც ნახა თავისი საფულე, ასევე განუმარტეს, რომ ქმედება არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა მიემართა სასამართლოსთვის. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ა-–-------------------–--მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თავად მოსარჩელეს არ ახსოვს ზუსტად როდის დაკარგა საფულე, თუმცა მის მიერვე სარჩელზე დართული პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ გაცემული წერილობით პასუხში საფულის დაკარგვის ფაქტად მითითებულია 2017 წლის 27 ოქტომბერი. მოპასუხემ განმარტა, რომ მაღაზია „კოტონი„-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლაც იპოვა საფულე, მაგრამ მასში თანხა არ იყო. გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ამტკიცებს მოსარჩელე, რომ მოპასუხემ იპოვა სწორედ მისი საფულე, ან და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, რომ საფულეში ედო 8000 ლარი და ეს 8000 ლარი იპოვა ალ-------------------–----ა. მისმიერ ნაპოვნ საფულეში 8000 ლარი არ იყო. მოსარჩელე პოლიციაში ედავებოდა 6000 ლარის პოვნას, სარჩელში კი მოსარჩელემ 8000 ლარი მიუთითა. გარდა აღნიშულისა არ არის დადასტურებელი, რომ მოპასუხემ სწორედ მოსარჩელის მიერ დაკარგული საფულე იპოვა და არა სხვა. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ თანხა 10 000 ლარის ოდენობით, ბანკის მიერ გაცემულია 2017 წლის 05 ოქტომბრს, ხოლო პოლიციის მე-2 განყოფლების მიერ გაცემული წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელემ საფულე დაკარგა 2017 წლის 27 ოქტომბერს. ამ ორ თარიღს შორის არის საკმაო შუალედი 22 დღე, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, მოსარჩელეს 22 დღის მანძილზე ასეთი თანხა საფულით ეტარებინა. (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. ქუთაისში, კინოთეატრ საქართველოს ავტოსადგომზე თ-----------ამ დაკარგა საფულე, სადაც ედო ფულადი თანხა 8000 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2.2. 2017 წლის 28 ოქტომბერს თ-----------ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებას და აცნობა, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს ქ. ქუთაისში, წ-------–-- ქუჩაზე, მაღაზია კოტონთან გაურკევევლ ვითარებაში დაკარგა საფულე, სადაც განთავსებული ჰქონდა ფული და საბუთები.
2017 წლის 28 ოქტომბრის თ-----------ას გასაუბრების ოქმში, თ-----------ა აღნიშნავს, რომ საფულეში მოთავსებული იყო ფულადი თანხა 6000 ლარი, 350 ევრო, 15 აშშ დოლარი და 70 ლარამდე ხურდა ფული.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-თ-----------ას განცხადება;
-თ-----------ას გამოკითხვის ოქმი;
3.2.3. 2017 წლის 21 დეკემბრის ა-–-------------------–--ის გასაუბრების ოქმის თანახმად, 2017 წლის ოქტომბრის თვის ბოლოს, იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, წ-------–-- ქუჩაზე სავაჭრო ცენტრი „კოტონი„-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, იპოვა ძირს დაგდებული დიდი ზომის მუქი ფერის საფულე, სადაც იდო ქალბატონის საბუთები და რამდენიმე თურქული ლირის კუპიურა. სხვა თანხა საფულეში არ მოიპოვებოდა, საფულედან არც არაფერი ამოუღია. ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაიმე პრობლემები რომ არ მოჰყოლოდა საფულის წარდგენას პოლიციის განყოფილებაში, ამიტომ საფულე თეატრთან მდებარე ბინის ეზოში დატოვა, თავად წავიდა „არტ-კაფეში„, შემდეგ კი დაბრუნდა სახლში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-ა-–-------------------–--ის გამოკითხვის ოქმი;
3.2.4. 2018 წლის 24 იანვრის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების წერილში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს თ-----------ას მიერ დაკარგული საფულე ნაპოვნი იქნა ა-–-------------------–--ის მიერ. წერილის თანხმად ა-–-------------------–--ი ადასტურებს საფულის პოვნის ფაქტს, თუმცა უარყოფს მასში დასახელებული ფულადი თანხის არსებობას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-ქუთაისის საქალაქო სამმართელოს პოლიციის მე-2 განყოფილების 24.01.18 წ წერილი;
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის სარჩელში აღწერილ არგუმენტებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილია სს საქართველოს ბანკის მიერ გაცემული თ-----------ას კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 05 ოქტომბერს თ-----------ამ სს საქართველოს ბანკიდან გაიტანა სესხი 10 000 ლარის ოდენობთ. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა მას ესაჭიროებოდა მამის ოპერაციის გასაკეთებლად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მაყვალა მამასახლისმა განმარტა, რომ თ-----------ა არის მისი ძმიშვილი. 2016 წლიდან პერიოდულად აძლევდა თ-----------ას თანხას, ძმის მკურნალობისათვის. თ-----------ას მისთვის გადახდელი ჰქონდა 5550 ლარი. 2018 წელს თა-----ა აცნობა, რომ მისთვის გადასაცემი თანხა ბანკიდან გამოიტანა, თუმცა დაკარგა. მას შემდეგ თანხა არ დაუბრუნებია.
მოწმე თ----–--------ს განმარტებით, თ-----------ა არის მისი და. მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბანკიდან გამოიტანეს სესხი 10000 ლარი, ნაწილი თანხა 5550 ლარი მამიდასთვის ჰქონდათ გადასახდელი, აღნიშნულ თანხას მამიდა მამის მკურნალობისთვის აძლევდა. 2018 წლის ნოემბრის თვეში ქუთაისში, სავაჭრო ცენტრი „კოტონი„-ს წინ თ-----------ას ავტომანქანა ჰყავდა გაჩერებული, თავად აფთიაქში იყო შესული, აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ თ-----ს საფულე თან ჰქონდა, თუმცა რა დროს დაეკარგა საფულე არ იცის. მეორე დღეს განცხადებით მიმართა პოლიციის განყოფილებას. თ-----------ას საფულეში ჰქონდა სულ 8000 ლარი.
სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა მოპასუხე ა-–-------------------–--ის დედამ, ვ----–-------–-----ემ განმარტა, რომ ა-–-------------------–--ი სწვალობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე-2 კურსის სტუდენტია. 2017 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა ქ. ქუთაისში. პოლიციაში როცა დაიბარეს, ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო. შვილმა უამბო, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საფულე იპოვა, თუმცა მასში თურქული ლირა იყო მოთავსებული, თანხა არ აუღია. მოწმემ აღნიშნა, რომ შვილის გადმოცემით, მას შეეშინდა და საფულე გადააგდო. მოწმის განმარტებით, შვილის ნაამბობის შესაბამისად მიაჩნია, რომ ა-–-------------------–--ის მიერ სულ სხვა საფულეა ნაპოვნი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტებს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა-–------------------–--ის მიერ ნაპოვნი საფულე ეკუთვნოდა თ-----------ას და მასში მოთავსებული იყო 8000 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ-----------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე #ას-191-183-2016).
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
წარმოადგენილი მტკიცებულებებით, ვიდეოკამარების დათვალიერების შესახებ ოქმით, ასევე მოწმეთა ჩვენებით ვერ იქნა დადგენილი, რომ საფულე, რომელიც ქ. ქუთაისში იპოვა მოპასუხე ა-–-------------------–--მა ეკუთვნოდა თ-----------ას. არ დასტურდება, რომ საფულეში მოთავსებული იყო თანხა 8000 ლარის ოდენობით. ის გარემოება, რომ მოპასუხე ა-–-------------------–--მა 2017 წლის ოქტომბრის თვეში, სავაჭრო ცენტრ „კოტონი„-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა საფულე, არ ქმნის იმის ვარაუდსაც კი, რომ ეს ნივთი წარმოადგენდა მოსარჩელე თ-----------ას საკუთრებას და მასში მოთავსებული იყო 8000 ლარი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სსკ 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თ-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 240 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. თ-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე