გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.10.2018
საქმის ნომერი
330310018002408469
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N3/2414-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - გ----–---–----ე

წარმომადგენელი - გ---–-----------ე

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ქ--------------–-–---–ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის №3-- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც აღიარებული იქნება გ----–---–----ის საკუთრების უფლება თბილისში, წ-----–ი, კ-------ას ქუჩა N53-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2015 წლის 7 აპრილს გ----–---–----ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, წ-----–ი, კ-------ას ქუჩა N53-ში მდებარე 854 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განცხადებაზე დართული დოკუმენტების მიხედვით, მითითებული მიწის ნაკვეთი ესაზღვრებოდა N01.---01.----018 საკადასტრო კოდის 431 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის თანამესაკუთრეს გ----–---–----ე წარმოადგენდა.

მტკიცებულება: განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 119, 118); საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 154, 156, 157, 159, 161, 163-164, 165); სიტუაციის ამსახველი გეგმა, ორთოფოტო (ს.ფ. 141, 140); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის N466 ოქმი (ს.ფ. 85-91).

 

3.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გ----–---–----ის 2015 წლის 7 აპრილის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გ----–---–----ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ ნაწილს - 430 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიენიჭა თვითნებურად დაკავებულის კატეგორია და მასზე აღიარებულ იქნა გ----–---–----ის საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწვეტილების შესაბამისად 2016 წლის 10 მარტს გაიცა N1---- საკუთრების მოწმობა, რომლის საფუძველზე ქალაქ თბილისში, წ-----–ი, კ-------ას ქუჩა N53-ში მდებარე 430 კვ.მ მიწის ნაკვეთზე N01.---01.----041 საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა გ----–---–----ის საკუთრების უფლება.

მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის N466 ოქმი (ს.ფ. 85-91); საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 167-168, 166).

 

3.3. ქალაქ თბილისში, წ-----–ი, კ-------ას ქუჩა N53-ში მდებარე N01.---01.----018 საკადასტრო კოდის 431 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა შორის 2016 წლის 28 ოქტომბერს შემდგარი შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაიყო ორ საკადასტრო ერთეულად, რომელთაგან 213 კვ.მ მიწის ნაკვეთზე N01.---01.----044 საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა გ----–---–----ისა და თამაზ ლობჟანიძის საკუთრების უფლება. მესაკუთრეთა 2016 წლის 4 ნოემბრის შეთანხმებისა და მოთხოვნის საფუძველზე კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაერთიანდა გ----–---–----ისა და თამაზ ლობჟანიძის საკუთრებად რეგისტრირებული N01.---01.----044 საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი და გია ლოჟანიძის საკუთრებად რეგისტრირებული N01.---01.----041 საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.---01.----045 და მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა 643 კვ.მ.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ამონაწერები, საკადატრო გეგმა (ს.ფ. 171-172, 173-174, 175); საჯარო რეესტრის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 177-178, 176), სიტუაციური ნახაზი, ორთოფოტო (ს.ფ. 139).

 

3.4. 2016 წლის 29 ნოემბერს გ----–---–----ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, წ-----–ი, კ-------ას მე-2 ჩიხი N16-ში მდებარე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, როგორც მის საკუთრებაში არსებული, N01.---01.----045 საკადასტრო კოდის 643 კვ.მ მიწის ნკავეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.

მტკიცებულება: განცხადება, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 61, 66, 67, 68), სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 136).

 

3.5. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1 თებერვლის N--- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დასახელებული კომისიის 2018 წლის 12 მარტის N3-- განკარგულებით გ----–---–----ეს უარი ეთქვა 2016 წლის 29 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, იგივე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიამ 2015 წლის 17 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით იმსჯელა და დაინტერესებულ პირს საკითხის ხელახლა განსახილველად მისთვის ხელსაყრელ ახალ გარემოებაზე არ მიუთითებია.

მტკიცებულება: თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის N3-- განკარგულება (ს.ფ. 82-84).

 

3.6. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, 2016 წლის 29 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასთან წარდგენილი განცხადებით გ----–---–----ემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე, რომელსაც მოიცავდა მის მიერ 2015 წლის 7 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასთან წარდგენილი განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთი და რომელზე უფლების აღიარებაზეც მას დასახელებული კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.

მტკიცებულება: 2016 წლის 29 ნოემბერსა და 2015 წლის 7 აპრილს საკუთრების უფლების აღიარების კომისიასთან წარდგენილი განცხადებები და საკადასტრო აზომვითი ნახაზები (ს.ფ. 61, 66, 67-68, 119, 118); სიტუაციური ნახაზები, ორთოფოტოები (ს.ფ. 136, 137).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 მარტის №3-- განკარგულების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა (მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს) კერძო პირების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთების მათ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა და მისი რეალიზების ძირითადი პირობები დაადგინა.

დასახელებული კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს მიენიჭა, რომელიც ამ უფლებამოსილებას კომისიის მეშვეობით ახორციელებდა, კომისია კი თავის ფუნქციებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით ასრულებდა. კანონში 2016 წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და მითითებული კომისია წარმოადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლეს („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი, 76 მუხლი).

ამავე კანონით, მისი მიზნებისათვის, განისაზღვრა, თუ რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად და ვინ წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირს. კერძოდ:

- თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული (კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტი);

- დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება (კანონის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით პირველი მუხლის მიხედვით განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო განკარგულებით დაუკმაყოფილებლად დარჩენილი განცხადებით გ----–---–----ე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას მიწის ნაკვეთზე, რომელსაც მოიცავდა მის მიერ 2015 წლის 7 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასთან წარდგენილი განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთი და რომელზე უფლების აღიარებაზეც მას დასახელებული კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებას, შეიცვალა გ----–---–----ის სასარგებლოდ, ან არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ასეთად ვერ ჩაითვლება სადავო განკარგულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე 2016 წელს განხორციელებული გაყოფისა და გაერთიანების ფაქტები, ვინაიდან საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლამდე არსებული მდგომარეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო განკარგულება გამოტანილია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს სარჩელის წარდგენის ეტაპზე - საქმეს ერთვის 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 38).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ----–---–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია