გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3102-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე ბ--- ბი----–---–ი
წარმომადგენელი მ---–---------------
მოპასუხე სს „და------------------–-----------------------ო“
წარმომადგენელი ა-------------------
დავის საგანი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 სს „და------------------–-----------------------ოს“ ბ--- ბი----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. სს „და------------------–-----------------------ოს“ ბ--- ბი----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
2018 წლის 11 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება და დამზღვევს გადაეცა დაზღვევის პოლისი, რომლითაც დაზღვეული იქნა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა „Do-------------r”, სახ. ნომერი - V------. ავტომანქანის საბაზრო ღირებულება იყო 20 000 აშშ დოლარი და სადაზღვევო თანხაც განისაზღვრა ამავე ოდენობით. სადაზღვევო პრემია შეადგენდა 860 აშშ დოლარს.
აღნიშნული თანხა 2018 წლის 11 ივლისს და ამავე წლის 13 აგვისტოს გადახდილი იქნა მოსარჩელის მიერ. 2018 წლის 15 აგვისტოს მოხდა სადაზღვევო შემთხვევა. მოსარჩელე მოძრაობდა თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მის სამოძრაო ზოლში, რა დროსაც საპირისპირო ზოლიდან გადმოვიდა შემხვედრი ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა შორს მანათებელი მაშუქებით. ვინაიდან მანქანებს შორის მანძილი იყო მცირე, გარდაუვალი შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელე გადავიდა სავალი გზის გვერდზე, სადაც უსწორომასწორობის გამო ვერ მოახერხა საჭის დამორჩილება და დაეჯახა გზის დამცავი ბეტონის მოაჯირს.
მოსარჩელის გადმოცემით, ვინაიდან იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციასა და მზღვეველის ცხელ ხაზზე დარეკა შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირმა და აცნობა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ. მოპასუხის წარმომადგენელები გამოცხადნენ ადგილზე და სურათები გადაუღეს ავტომობილს და თავადვე უზრუნველყვეს დაზიანებული მანქანის გადაყვანა. საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებული ალკოტესტის შედეგად დადგინა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.
ბ--- ბი----–---–მა 2018 წლის 21 დეკემბერს მოპასუხისგან მიიღო პირველი წერილი, სადაც ატყობინებდნენ, რომ კომპანია მზად იყო შეესრულებინა დაზღვევით გათვალისწინებული ყველა პირობა, მაგრამ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საექსპერტო კვლევა და ამის შემდეგ მიღებული იქნებოდა შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
2018 წლის 28 დეკემბრის წერილით მოპასუხემ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, რითაც მზღვეველი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან. მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხის გადაწყვეტილებას და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას სრულად.
მოსარჩელე აქვე უთითებს, რომ მან და მისმა ოჯახმა მიიღეს მორალური ტრამვა, რამაც გამოიწვია მამის გარდაცვალება. მას ნერვიულობის შედეგად გაუსკდა ანევრიზმა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით 50 000 ლარის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სს „და------------------–-----------------------ომ“ სასარჩელო მოთხოვნები შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით არ ცნო.
მოპასუხე ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეებს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება და გადაეცა დაზღვევის პოლისი, რომლითაც დაზღვეული იქნა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა „Do-------------r”, სახ. ნომერი - V------, თუმცა განსახილველ დავასთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს უხეშ გაუფრთხილებლობას. 2018 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიაში წარდგენილი განაცხადით დგინდება, რომ მოსარჩელე შეჯახებამდე მოძრაობდა 80 კმ/სთ სიჩქარით.
2018 წლის 24 სექტემბრის #---–-----–--- 2018 წლის 5 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პასუხის შესაბამისად დასტურდება, რომ ქ. თბილისში ზღვის გზაზე, ი-------------------–---------------–-----------------–-----------------------------------------------–-- 2018 წლის 1 აგვისტოდან პასუხის გაცემამდე პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დასაშვები იყო არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
2018 წლის 28 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, „დ--------------- მძღოლის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების მოთხოვებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
საქართველოს შსს სამართალდარღვევათა შესახებ ბაზაში არსებული მონაცემებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ავტო-სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას ახორციელდებდა უშუალოდ ბ--- ბი----–---–ი. იმავდროულად 2018 წლის 11 ივლისის ხელშეკრულების გაფორმდებამდე და პოლისის გაცემამდე წინა სამი წლის განმავლობაში მოსარჩელე 12-ჯერ იყო ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, რომელისთვისაც დადგენილია 50 და მეტი ლარის ოდენობით სახდელი. თუმცა მან დაზღვევის განცხადში აღნიშნა, რომ ჯარიმის ოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღებული აქვს არაუმეტეს ხუთი.
ამასთან, მოპასუხის მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაციით დ-------------- ავტომაქანას სახ. ნომრით - V------ საქართველოში შემოყვანამდე მინიჭებული აქვს სტატუსი - წყლით დაზიანებული, ჩამოწერილი.
მოპასუხის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების დაზიანება განხორციელდა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით, ხოლო მზღვეველი სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლდება მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია მათ შორის უხეში გაუფრთხილებლობით.
მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს მორალური ზიანის დაკისრების ნაწილშიც და განმარტავს, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების დარღვევის ფაქტს, რაც გამორიცხავს მისი არსებობის შემთხვევაშიც ზიანის ანაზღაურების მოვალეობას. ამასთან, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 11 ივლისს ბ--- ბი----–---–ს და სს „და------------------–-----------------------ო“ შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება. იმავე დღეს სადაზღვევო კომპანიამ გასცა ავტომობილის დაზღვევის პ---–------------------ რომლითაც დაზღვეული იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული „Do-------------r”, სახ. ნომრით- V------. ავტომანქანა დაზღვეული იქნა 20 000 აშშ დოლარით, ხოლო ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 860 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 20-26)
- ავტომობილის დაზღვევის პოლისი #M----------8 (ს.ფ 19)
3.1.2 2018 წლის 15 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ბ--- ბი----–---–ის კუთვნილი ავტომობილი „Do-------------r”.
მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მოძრაობდა თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მის სამოძრაო ზოლში, რა დროსაც საპირისპირო ზოლიდან გადმოვიდა შემხვედრი ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა შორს მანათებელი მაშუქებით. ვინაიდან მანქანებს შორის მანძილი იყო მცირე, გარდაუვალი შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელე გადავიდა სავალი გზის გვერდზე, სადაც უსწორომასწორობის გამო ვერ მოახერხა საჭის დამორჩილება და დაეჯახა გზის დამცავი ბეტონის მოაჯირს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ 32)
3.1.3. ინტერნეტ გვერდის ამონარიდიდან ირკვევა, რომ დ-------------- ავტომაქანას სახ. ნომრით - V------ საქართველოში შემოყვანამდე მინიჭებული აქვს სტატუსი - წყლით დაზიანებული, ჩამოწერილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- CARFAX - ის ინტერნეტ გვერდის ამონარიდი (ს.ფ 106-111)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 28 დეკემბრის მოპასუხის წერილის თანახმად, მოსარჩელე ბ--- ბი----–---–ს უარი ეთქვა ზარალის ანაზღაურებაზე. მოძრაობის წესების დარღვევის არსიდან (სიჩქარის გადამეტება) და დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, კომპანიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან აუცილებელი ყურადღებიანობის (წინდახედულობის) მოთხოვნები დაირღვა უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაზიანება განხორციელდა უხეში გაუფრთხილებლობით. მზღვეველმა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „და------------------–-----------------------ოს“ წერილი #134 (ს.ფ 34)
3.2.2. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელის ბრალეულმა ქმედებამ, რომელიც უხეში გაუფრთხილებლობით ხასიათდება, სასამართლოს დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი მსჯელობიდან:
სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას, ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის დამახასიათებელი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად.
მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.
ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის მოქმედების დადგენით, მისი შეფასებით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულებით. უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს იმ წესებისა და მითითებების დარღვევას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტებზე: საქართველოს შსს სამართალდარღვევათა შესახებ ბაზაში არსებული მონაცემებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ავტო-სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას ახორციელდებდა პირადად ბ--- ბი----–---–ი. 2018 წლის 11 ივლისის ხელშეკრულების დადებამდე წინა სამი წლის განმავლობაში მოსარჩელე არაერთხელ (თორმეტჯერ) იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ავტომობილის მართვისას დაშვებული გადაცდომებიდან გამომდინარე.
2018 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიაში წარდგენილი განაცხადით დგინდება, რომ მოსარჩელე შეჯახებამდე მოძრაობდა 80 კმ/სთ სიჩქარით.
2018 წლის 5 ნოემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პასუხის შესაბამისად დასტურდება, რომ ქ. თბილისში ზღვის გზაზე, ი-------------------–---------------–-----------------–-----------------------------------------------–-- 2018 წლის 1 აგვისტოდან პასუხის გაცემამდე პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დასაშვები იყო არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
2018 წლის 28 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნის შესაბამისად ირკვევა, რომ „დ--------------- მძღოლის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მხრიდან დარღვეულია უსაფრთხო გადაადგილების მინიმალური სტანდარტი კერძოდ, მოსარჩელემ მნიშვნელოვნად გადააჭარბა გზის მონაკვეთზე დასაშვებ სიჩქარეს და აღნიშნული ქმედება სასამართლოს შეფასებით ექცევა უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.
2018 წლის 15 აგვისტოს ბ--- ბი----–---–ის მხრიდან მოძრაობის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დარღვევა დადასტურებულია მტკიცებულებებით და აღნიშნული ფაქტის მიმართ სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენაც, რომელიც ეფუძნება თავად მოსარჩელის როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის შესაფებას, რომელიც სისტემატურად არღვევს მოძრაობის წესებს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა ბ--- ბი----–---–ი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად ჩვიჯმეტჯერაა დაჯარიმებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 72-76)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ 32)
- მოსარჩელის განცხადება (ს.ფ 89)
- ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წერილი (ს.ფ 91)
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევები (ს.ფ 92-105)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ბ--- ბი----–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 829-ე, 413-ე მუხლები; „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. 2018 წლის 15 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ბ--- ბი----–---–ის ავტომობილი. მოსარჩელე მოძრაობდა თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მის სამოძრაო ზოლში, რა დროსაც საპირისპირო ზოლიდან გადმოვიდა შემხვედრი ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა ჩართული შორს მანათებელი მაშუქებით. ვინაიდან მანქანებს შორის მანძილი იყო მცირე, გარდაუვალი შეჯახების თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელე გადავიდა სავალი გზის გვერდზე, სადაც უსწორომასწორო გზის გამო ვერ მოახერხა საჭის დამორჩილება და შეეჯახა დამცავი ბეტონის მოაჯირს.
2018 წლის 28 დეკემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #--------8 დასკვნის შესაბამისად ირკვევა, რომ „დ--------------- მძღოლის მოქმედება, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. აღნიშნული და სხვა მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მხრიდან დარღვეულია უსაფრთხო გადაადგილების სტანდარტი და ბ--- ბი----–---–მა მნიშვნელოვნად გადააჭარბა გზის მონაკვეთზე დასაშვებ სიჩქარეს. აღნიშნული ქმედება სასამართლოს შეფასებით ექცევა უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით;
სასამართლო განმარტავს, რომ განხრაზი ან უხეში გაუფრთხილებლობა შეფასებითი კატეგორიაა და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის მონაწილის – პირის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, კონკრეტული მოქმედებების დადგენით და აღნიშნული მოქმედებებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი დამოკიდებულებით.
პირის რაიმე სახით არსებული უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, რომელსაც ადილი აქვს მომეტებული საფრთხის შემცველი სატრანპორტო საშუალების მართვისას აღიქმება უხეშ გაუფრთხილებლობად. საგზაო მოძრაობისას კანონით დადგენილი უსაფრთხო მანევრირება, თუ მოძრაობისას შესაბამისი წინდახედულობის გამოჩენა მძღოლის მხრიდან წარმოადგენს სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც დაცვა მძღოლის ვალდებულებას წარმოადგენს და შესაბამისად, მისი დარღვევა შესაბამისი სანქციის გამომწვევი გარემოებაა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი, მეორე და მეექვსე პუნქტების თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება;
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს;
თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. თუ დასახლებულ პუნქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე ავტო საგზაო შემთხვევის ადგილას მოძრაობდა დასაშვებ სიჩქარეზე მეტით კერძოდ - 80 კმ/სთ სიჩქარით.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე დგინდება, რომ მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა ემოძრავა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
ავტომანქანა წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის უგულებელყოფა სასამართლოს მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს, რომელსაც შედეგად მოყვა მანქანის დაზიანება.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით უნდა დავასკვნათ, რომ ბ--- ბი----–---–ის ავტომობილის დაზიანე განპირობებულია თავად მოსარჩელის მოქმედებით და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით ზიანი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
6.2. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის დაკისრების ნაწილშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლების ნაწილია. „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. იგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, რაც ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვაა. აღსანიშვანია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ასევე დაცულია ადამიანის სულიერი წონასწორობაც, ნებისმიერი ხელყოფა, რომელიც არსებითად აზიანებს ამ სიკეთეს, მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შესაძლოა გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
ამასთან, მორალური ზიანის ისევე როგორც ზოგადად ზიანის სამოქალაქო ამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, თვით ზიანის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; ზიანის მიმყენებლის ბრალი.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება ქონებრივი ზიანის მიყენების შემთხვევებში გათვალისწინებული არაა, მითუმეტეს, რომ ზიანი თავად მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობის შედეგს წარმოადგენს.
ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებანი არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, რაც თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ბ--- ბი----–---–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე