გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/2–2019) 090310019002848105
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.04.2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე –ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი –იამზე მურუსიძე
მოსარჩელე: ს--------–---–--------------------------------------------–--------------------------------------------–-------
წარმომადგენელი: მაია დვალი
მოპასუხე: ბ---------------
დავის საგანი: ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის 2860 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ---------------ს დაევალოს ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) 2860 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
სარჩელის საფუძვლები:
2016 წლის 1 ნოემბერს ბ---------------- ოჯახში შეივსო დეკლარაცია. ოჯახის სარეიტინგო ქულად განისაზღვრა 51070 და ოჯახს დაენიშნა დახმარება 260 ლარის ოდენობით. სამხარეო ცენტრში 2017 წელს განხორციელებული რევიზიის შედეგად გამოვლინდა, რომ ოჯახის წევრი მაკა ფურცხვანიძე შვილებთან ერთად დეკლარაციის შევსების დღისათვის ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, ოჯახი ხელოვნურად იყო გაერთიანებული, რაც ხელმოწერით დაადასტურა ოჯახის წევრმა ჟ---------------ემ. არსებული ინფორმაციით ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში ერთი წლით. მოქალაქეს 2018 წლის 18 ივლისს (წერილი N04–07/1196) გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. 30 აგვისტოს (წერილი N4–07/1410) გაეგზავნა გაფრთხოლება. მოქალაქემ აღნიშნლი გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტოში. სააგენტოს 2018 წლის 31 ოქტომბრის N0457966 გადაწყვეტილებით ბ---------------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მიზანშეწონილად მიაჩნია დავა გაგრძელდეს სასამართლოში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი მეუღლე და შვილები გადავიდნენ საცხოვრებლად ქ. ქუთაისში ბავშვის ავადმყოფობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე ბ---------------ს (პ/ნ 0----------) ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისმონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით: 030116700197.
დადგენილია, რომ 2016 წლის 21 დეკემბერს, ბ---------------მ განცხადებით მიმართა სსიპ ს--–---–-------------------------------------------–--------------------------------------------–------ს და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით, იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბ---------------- ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება, ვინაიდან ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა - 51070 ერთეულით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური დახმარების დანიშვნის თვე -6/2016.
დადგენილია, რომ ბ---------------- ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას. 2017 წლის 25 ოქტომბრის სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ აქტის თანახმად მოპასუხის ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული წევრი მაკა ფურცხვანიძე შვილებთან ერთად ორ წელზე მეტია ცხოვრობენ ქ. ქუთაისში. ოჯახი ხელოვნურადა არის გაერთიანებული, რაც ხელის მოწერით დაადასტურა ოჯახის წევრმა ჟ---------------ემ. არსებული ინფორმაციით ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში ერთი წლით.
დადგენილია, რომ ბ---------------მ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 2860 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუუნების ვალდებულებისაგან განთავისუფლება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 31 ოქტომბრის N04/57966 გადაწყვეტილებით ბ---------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
–ბ---------------- განცხადება
–გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ
–სოციალური სამსახურის 18.07.2018 წლის N 04– 07/1196 და 30.08.2018 წლის N04– 07/1410 და წერილები თანხის დაბრუნების თაობაზე.
–2017 წლის 25 ოქტომბრის აქტი სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესწავლის შედეგების შესახებ.
–2018 წლის 31 ოქტომბრის N04/57966 გადაწყვეტილება ბ---------------- ადმინისტრაციული საჩივრის (100834,03.10.2018 ) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
4.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ბ---------------- ოჯახმა ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობის თანხა სულ – 2860 ლარის ოდენობით. ბენეფიციარს წერილობით განემარტა თანხის დაბრუნების ვალდებულების შესახებ, რაც დღემდე არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
–სოციალური სამსახურის 18.07.2018 წლის N 04– 07/1196 და 30.08.2018 წლის N04– 07/1410 წერილები თანხის დაბრუნების თაობაზე.
–მოსარჩელის ახსნა – განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის წარმომადგენლის და მოპასუხის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს-------–---–--------------------------------------------–-------------------------------------------–-------- მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების, ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში, ს-------–---–--------------------------------------------–-------------------------------------------–-------- მიერ, სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე ბ---------------- მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, არასწორად მიღებული თანხის - 2860 (ორი ათას რვაას სამოცი) ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
7.2. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით, მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
7.3.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით „დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი.“
მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის, საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე წესის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
7.4. სასამართლო მიუთითებს ასევე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ წესი.
მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის, ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება), ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
7.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ბ--------------- რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, იღებდა სოციალურ დახმარებას. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხის ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული წევრი მაკა ფურცხვანიძე შვილებთან ერთად ორ წელზე მეტია ცხოვრობს ქ. ქუთაისში. ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული, რაც ხელის მოწერით დაადასტურა ოჯახის წევრმა ჟ---------------ემ. არსებული ინფორმაციით ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში ერთი წლით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ’’ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის, ან მისი რომელიმე წევრის მიერ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია: არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების, ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ, შემდეგი წესების დაცვით, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
7.7.განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ბ---------------- მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 2860 ლარს, რომლის დაბრუნება მოპასუხეს ადმინისტრაციული ორგანოს სოციალური სამსახურის 18.07.2018 წლის N 04– 07/1196 და 30.08.2018 წლის N04– 07/1410 წერილებით ეთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ, ისეთი გარემოების არსებობის, ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
7.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელე - ს--------–---–--------------------------------------------–-------------------------------------------–------ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, მოპასუხე - ბ---------------ს უნდა დაევალოს ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) 2860 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
7.9.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე - 6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას, ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში, მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს-------–---–-----------------------------------------–----------------------------------–---–----------------------------------–-------- სარჩელი ბ---------------- (პ/ნ 0----------) მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ბ---------------ს (პ/ნ 0----------) დაევალოს ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) 2860(ორიათასრვაასსამოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა №13) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი