გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 3/1733-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - ა--- თ----–
წარმომადგენელი - თ----- ბ-----
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ--- დ-------–---–ი
თარჯიმანი - ს--------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის №1--------- გადაწყვეტილება (ა--- თ----–ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე);
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა--- თ----–ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის №1--------- გადაწყვეტილება (ა--- თ----–ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე) მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და სააგენტოს მიერ ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს-----------------–---–--------–-----------–----------–-–-----------------------------–------------–------- დეკანის 2019 წლის 07 მარტის N2----- ცნობის თანახმად ა---ან თ----–ი 2018 წელს ჩაირიცხა (27.09.2018 ბრძანება N---------) ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------–-- 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რეგისტრირებულია მ----–------------–-------- მ----–---- სპეციალობის სერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტად. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება 2024 წლის ივლისში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-----------------–---–--------–-----------–----------–-–-----------------------------–------------–------- დეკანის 2019 წლის 07 მარტის N2----- ცნობა (ს.ფ. 13);
3.1.2. 2019 წლის 04 თებერვალს, ა--- თ----–მა სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ N1--------- განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოსარჩელე ა--- თ----–ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 05 თებერვალს, წერილობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა – არსებობდა თუ არა ა--- თ----–ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის S---------------- წერილობითი მიმართვით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ა--- თ----–ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.
2019 წლის 06 მარტის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს N1--------- გადაწყვეტილებით, ა--- თ----–ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ა--- თ----–ის 2019 წლის 04 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 61-64);
-სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 65-66);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 05 თებერვლის წერილი (ს.ფ. 47);
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის S---------------- წერილი (ს.ფ. 46);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12).
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 05 მარტის ინფორმაციის თანახმად ა--- თ----–ზე ინფორმაცია არ მოიპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 05 მარტის ცნობა (ს.ფ. 59)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის №1--------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.
,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა ა--- თ----–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს და მიღებული ინფორმაციის შედეგად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
6.3. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ასევე მიუთითოს ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის S---------------- წერილი წარმოადგენს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კომპეტენტური ორგანოს დასკვნას.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.
ამრიგად, უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად იგი უფლებამოსილია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
როგორც აღინიშნა, ა--- თ----–ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,გ’’ ქვეპუნქტები. სასამართლო პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა თვლის, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
ამასთან, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და შესაბამისად, გაეცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის წერილის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. შესაბამისად, ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც მოპასუხეს შეეძლო გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ბინადრობის მაძიებელი პირი - ა--- თ----–ი 2018 წელს ჩაირიცხა (27.09.2018 ბრძანება N---------) ი------------–---–--------–-----------–----------–-–---------------------–-- 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რეგისტრირებულია მ----–------------–-------- მ----–---- სპეციალობის სერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტად. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება 2024 წლის ივლისში. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 05 მარტის ინფორმაციის თანახმად ა--- თ----–ზე ინფორმაცია არ მოიპოვება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მოსაზრებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნული ცხადყოფს, რომ სადავო აქტი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის №1--------- გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რაც ქმნის წანამძღვრებს მისი ბათილად ცნობისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი იქნა ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რაც სამართლებრივ საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ ა--- თ----–ის სახელზე გაიცეს სასწავლო ბინადრობის ნებართვა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც ა--- თ----–ს მიანიჭებს სასწავლო ბინადრობის ნებართვას.
6.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის №1--------- გადაწყვეტილება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ა--- თ----–ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომელის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს ა--- თ----–ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა--- თ----–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 06 მარტის №1--------- გადაწყვეტილება.
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა--- თ----–ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ.
4. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე ა--- თ----–ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე