გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
330310018002750197
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7635-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - ი-----–- მ-------–--ე

წარმომადგენელი - ვ------- ჩ------ე

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენლები - ვ--–---- გ-------–---–ი, ი------–- ა------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 06 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–- მ-------–--ის მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსისა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - "სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესების დაცვით. საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული, მათი მომზადება-გამოცემისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის N1-----15 განაჩენით ი-----–- მ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა (ორი) წლის ვადით.

 

ი-----–- მ-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნა ყადაღა ი-----–- მ-------–--ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ უძრავ ქონებას - მდებარე ქ. თბილისი, ზ-------- ქ. N3, ბინა N60 (საკადასტრო კოდი 0----------------------).

 

ი-----–- მ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2018 წლის 26 იანვრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის N1-----15 განაჩენი (ი-----–- მ-------–--ის პირადი საქმე ტომი I, ნაწილი I (ს.ფ. 10-42);

 

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის N1/---------- განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–- მ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი. ი-----–- მ-------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ი-----–- მ-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნა ყადაღა ი-----–- მ-------–--ის (პ/ნ 0----------) კუთვნილ უძრავ ქონებას - მდებარე ქ. თბილისი, ზ-------- ქ. N3, ბინა N60 (საკადასტრო კოდი 0----------------------).

 

ი-----–- მ-------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 26 იანვრიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის N1/---------- განაჩენი (ი-----–- მ-------–--ის პირადი საქმე ტომი I, ნაწილი I (ს.ფ. 48-98);

 

3.3. 2018 წლის 06 ნოემბრის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადილობრივმა საბჭომ განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ ი-----–- მ-------–--ის დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საბჭოს №0-----–------- გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ შუამდგომლობა მოცემულ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, მისი ოჯახური პირობები და სხვა პიროვნული მახასიათებლები. თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობა გაუბრთხილებლობით. საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანხმლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადილობრივმა საბჭოს 2018 წლის 06 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 53-58).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–- მ-------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

 

პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).

 

პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.

 

ამავე მუხლის მე-3-მე-4 ნაწილების თანახმად: 3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. 4. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

აღნიშნული წესის მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.

 

მითითებული წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 06 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა გამოიწვიოს. სადავო გადაწყვეტილებით ი-----–- მ-------–--ის მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ დანაშაულის ხასიათის გათვალისწინება, სათანადო დასაბუთების გარეშე, იწვევს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის შესახებ კოდექსი ითვალისწინებს კანონისმიერ ზღვარს დანაშაულის კატეგორიის მიხედვით საკითხის განხილვის დასაშვებობისათვის. გარდა ამისა, პატიმრობის შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი ასევე ზღუდავს საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს მოითხოვოს მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. შესაბამისად, ხსენებული ფაქტორები კანონისმიერი ბოჭვით ზღუდავს მსჯავრდებულის უფლებას, მოითხოვოს მოუხდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. აღნიშნულის საწინაღმდეგოდ, შუამდგომლობის კანონისმიერი დასაშვებობის პირობებში საბჭო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტისას ერთმანეთს დაუპირისპიროს სხვადასხვა კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღოს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. ამდენად, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, წინააღმდეგობაში მოდის განსახილველი საკითხის გადაწყვეტის ძირითად პრინციპთან, შეფასდეს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რაც ერთმნიშვნელოვნად დინამიკური პროცესია.

 

პატიმრობის შესახებ კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-13 მუხლში მოცემულია საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისათვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალი. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:

 

ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 18 ივლისს ვ----–---- მ--------მა მიმართა ქალაქ ქუთაისში შპს "ქ----------------–--------------–-" ექიმ ი-----–- მ-------–--ეს, სადაც დადგა აღრიცხვაზე. 2013 წლის 07 იანვარს ვ----–---- მ--------ს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ექიმ ი-----–- მ-------–--ის მიერ. პაციენტს შეეძინა მამრობითი სქესის ახალშობილი და 2013 წლის 10 იანვარს გაწერილ იქნა სახლში, რამდენიმე დღეში გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მან მიმართა ექიმ ი-----–- მ-------–--ეს, რომელმაც გაუწია კონსულტაცია და ჩაუტარდა გარკვეული პროცედურები. ზემოაღნიშნულის დროს ექიმმა ი-----–- მ-------–--ემ არ მოახდინა პაციენტის ავადმყოფური მდგომარეობის სათანადო შეფასება და მკურნალობის ჩატარება, რის გამოც კიდევ უფრო გაუარესდა ვ----–---- მ--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და 2013 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა ქ---------------–---------------------–- მიყვანისთანავე.

 

ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; მოცემულ შემთხვევაში, ი-----–- მ-------–--ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა.

 

გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ი-----–- მ-------–--ე არ არის წარსულში ნასამართლევი.

 

დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებული ი-----–- მ-------–--ე არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. მეუღლე პროფესიით ექიმია, ოჯახი არის საშუალო მატერიალური ოჯახური მდგომარეობით. გარე სოციუმისაგან გრძნობს მხარდაჭერას. სარგებლობს სატელეფონო საუბრებისა და პაემნების უფლებით.

 

ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებული ი-----–- მ-------–--ეს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს, ვინაიდან არ ჩაუდენია.

 

განსახილველ შემთხვევაში, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, მისი ოჯახური პირობები და სხვა პიროვნული მახასიათებლები. თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობა გაუბრთხილებლობით. საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანხმლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 06 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილებით მხოლოდ ხსენებულ ფაქტორზე მითითება, სათანადო დასაბუთების გარეშე, იწვევს საკითხის ფორმალურ გადაწყვეტას დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დაუსაბუთებლობის გამო.

 

6.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ''ა'' ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასებას: აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ., რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამავე პუნქტის ''ე'' ქვეპუნქტის მიხედვით მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხის შეფასება ძირითადად ამ ორი კრიტერიუმის ურთიერთშეპირისპირების შედეგად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მსჯავრდების მიზანი, პირის რესოციალიზაცია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულებების ცვლილებაში უნდა აისახოს. მსჯავრებულის პიროვნული მახასიათებლები გამოკვლეულ უნდა იქნეს დინამიკაში, რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირის ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, სამომავლო ხედვა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. განსახილველ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს იმ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევასა და სათანადოდ შეფასებას, რომელიც მნიშვნელოვანია პირის რესოციალიზაციის საკითხის გადასაწყვეტად. ამასთან, როგორც საბჭოსადმი წარდგენილი შუამდგომლობით, ისე პენიტენციური დაწესებულების მიერ მომზადებული დახასიათებით დგინდება, მიშიკო მორჩაძის ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უარყოფითად შეფასებული არ არის, იგი ჩართულია დაწესებულებაში მიმდინარე სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში, დისციპლინური წესით დასჯილი არ ყოფილა, წახალისებულია 8-ჯერ ადმინისტრაციის მიერ. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ უარყოფით გარემოებებზე ყურადღების გამახვილებით საკითხის გადაწყვეტა, მისი, დადებითად მიჩნეულ კრიტერიუმებთან შეპირისპირების გარეშე, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერებასა და კანონშესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს. ამგვარი გარემოების თავიდან აცილების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი და უშუალოდ საბჭოს წევრთა მიერ მსჯავრდებულის პიროვნული შეფასების გათვალისწინებით დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს სწორედ მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს მოცემული სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისას განმარტოს თუ რას გულისხმობს თავად დისკრეციული უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ხელახლა განხილვისას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება განაპირობოს, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების

 

6.4 სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.

 

დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი, ამ უკანასკნელის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი, კერძოდ, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ ი-----–- მ-------–--ე პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში ხასიათდება დადებითად, თავაზიანობით. სასჯელი მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. მისთვის მოტივაცია არის ოჯახი და მისი პროფესიული საქმიანობა. გათავისუფლების შემდგომ გააგრძელებს მუშაობას კლინიკაში, რომლის დამფუძნებელი და მფლობელიც თვითონ არის.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 6 ნოემბრის №0-----–------- სადავო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებული, კერძოდ, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით შეფასებული არ არის ი-----–- მ-------–--ის მიმართებაში მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას. ამდენად, ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით, მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, გადაწყვეტილება მიიღოს მოსარჩელის რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი და უშუალოდ საბჭოს წევრთა მიერ მსჯავრდებულის პიროვნული შეფასების გათვალისწინებით დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს სწორედ მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 271 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 06 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–- მ-------–--ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს უნდა დაეკისროს ი-----–- მ-------–--ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, 271 მუხლებით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი-----–- მ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 06 ნოემბრის №0-----–------- გადაწყვეტილება და დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–- მ-------–--ის მიმართ.

 

3. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის - ი-----–- მ-------–--ის სასარგებლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).

 

მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე