გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/159-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.04.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შ----- ძ--–----ე
წარმომადგენელი - ც. ბ------–---–ი; ლ. ჭ--–--ე
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - ი-–-- ბ--–-------ე
დაინტერესებული პირი - ე-----ი ჭ--–---–ი
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ი-–-- ბ--–-------ის მიერ 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული შემაკავებელი ორდერის (№003714) გაუქმება.
სარჩელში მითითებულია, რომ 2019 წლის 19 აპრილს პატრულ-ინსპექტორმა ი-–-- ბ--–-------ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №003714. ორდერის შედგენის საფუძვლად მითითებულია 2018 წლის აგვისტოს თვეში თითქოს ე----- ჭ--–---–ის მიმართ, შ----- ძ--–----ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მომავალშიც გრძნობს ე----- ჭ--–---–ი ძალადობის საფრთხეს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულს მოსარჩელის მხრიდან არ ჰქონია ადგილი. შემაკავებელი ორდერი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და სასამართლომ ის, როგორც უკანონოდ გამოცემული ორდერი უნდა გააუქმოს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორი ი-–-- ბ--–-------ე არ დაეთანხმა მოსარჩელის ახსნა - განმარტებას და აღნიშნა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ე----- ჭ--–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც გამოიკითხა ე----- ჭ--–---–ი, რომელმაც შეავსო სპეციალური კითხვარი და ვიანიდან ქულათა ჯამმა გადააჭარბა დადგენილ ნორმას, მის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მიაჩნია, რომ არ არსებობს შემკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
პატრულ ინსპექტორმა ი-–-- ბ--–-------ემ ასევე განმარტა, რომ მხარეებს შორის დავის საფუძველია შვილთან ურთიერთობის საკითხი და აღნიშნულის თაობაზე დავა აქვთ სასამართლოში.
2.2. დაინტერესებული პირი - ე-----ი ჭ--–---–ი და მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.2. დადგენი-–--, რომ 2019 წლის 19 აპრილს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის, ი-–-- ბ--–-------ის მიერ გაცემულია №003714 შემაკავებელი ორდერი შ----- ძ--–----ის მიმართ.
მტკიცებულება:
2019 წლის 19 აპრილის №003714 შემაკავებელი ორდერი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
სამოტივაციო ნაწილი
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენი-–--, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა 2019 წლის 19 აპრილს გამოსცა №003714 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლი ე-----ი ჭ--–---–ი მოძალადე შ----- ძ--–----ის მხრიდან განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. შ----- ძ--–----ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; აეკრძალა მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივი და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.
ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ხოლო ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის
,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს შ----- ძ--–----ის მხრიდან ე-----ი ჭ--–---–ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადგენა.
6.3. საქმის მასალების სრული და ობიექტური განსჯის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----- ძ--–----ის მიმართ უნდა გაუქმდეს 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული №003714 შემაკავებელი ორდერი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ე-----ი ჭ--–---–ის უფლებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიძიება და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმომადგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შ----- ძ--–----ე ძალადობს ე-----ი ჭ--–---–ზე.
კერძოდ, როგორც აღინიშნა, შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთი საფუძველია შ----- ძ--–----ის მიერ ე-----ი ჭ--–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა არამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
იმავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები: ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
იმავე მუხლის მე- 3 ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ არის შ----- ძ--–----ის მიერ ე-----ი ჭ--–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფატის დამადასტურებელი მტკიცებულება, ექსპერტის დასკვნა, ფოტოსურათი, მოწმის ჩვენება და ა.შ. ამდენად, არ არსებობს მტკიცებულება, რაც უდავოს დაადასტურებს შ----- ძ--–----ის მხრიდან ე-----ი ჭ--–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია.
სასამართლო ორდერის შემოწმების პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია ფსიქოლოგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით. ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ” პუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან (შვილთან ურთიერთობის დადგენა), ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, თუმცა აღნიშნული დამოკიდებულება სასამართლოს მხრიდან ვერანაირად ვერ დაკვალიფიცირდება ფსიქოლოგიურ ძალადობად, ანუ ისეთი ტიპის ურთიერთობის ფორმირებად, რომელიც მსხვერპლში იწვევს ემოციურ ტკივილს.
აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს. მისი გამოვლენისათვის საჭირო და მნიშვნელოვან კომპონენტია ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხსა და ინტენსიურობაზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნა და სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ როდესაც რეალურად არსებობს აუცილებლობა მსხვერპლის დაცვისა მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ პირის ახსნა-განმარტება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება გარემოში განვითარებული კონკრეტული მოვლენების მიმართ, რომელიც არ არის გამყარებული რელევანტური მტკიცებულებებით და ობიექტურ დამკვირვებელს არ უქმნის გონივრულ ეჭვს ძალადობის რაიმე ფორმით არსებობის შესახებ, ვერ გახდება შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვების საფუძველი. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ინარჩუნებს მის სამართლებრივ ძალას იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ძალადობის ფაქტი წარსულში, აწმყოში და არსებობის დასაბუთებული ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით იარსებებს მომავალში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება და ვერც მხარეთა მიერ იქნა მითითებული ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ან გონივრული ეჭვის საფუძველს შეუქმნიდა, რომ შ----- ძ--–----ის მიერ ხორციელდება ან არსებობს საშიშროება, რომ მომავალში განხორციელდება ძალადობა ე-----ი ჭ--–---–ის მიმართ.
ვინაიდან საქმის განხილვისას, უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა შ----- ძ--–----ის მხრიდან ე-----ი ჭ--–---–ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა გაუქმდეს შ----- ძ--–----ის მიმართ, იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ი-–-- ბ--–-------ის მიერ, 2019 წლის 19 აპრილს გამოცემული №003714 შემაკავებელი ორდერი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შ----- ძ--–----ის სარჩელი;
2. გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის, ი-–-- ბ--–-------ის მიერ 2019 წლის 19 აპრილს შ----- ძ--–----ის სახელზე გამოცემული №003714 შემაკავებელი ორდერი;
3. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.№11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე