გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32505-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს----------–----------------------–-–-ა
წარმომადგენელი - მ--------------
მოპასუხე - შპს „ე--------“
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა :
1.1. შპს „ე--------ს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 19 640 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „ე--------ს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს----------–----------------------–-–-ისათვის 2018 წლის 30 მარტის N15/3-171 ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით, უნდა მიეწოდებინა 39 280 ლარის ღირებულების 2 000 კგ თევზის კონსერვი (ზეთით) და 2 000 კგ თევზის კონსერვი (ტომატით), რომლის მოწოდება განხორციელდა 2018 წლის 26 ივნისს 50 დღის დაგვიანებით (სასაქონლო ზედნადები N ელ-0----------.
2018 წლის 30 მარტის N15/3-171 ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 % -ის ოდენობით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 392 800.00 ლარს და შესაბამისად საურავმა ჯამში შეადგეინა 19 640 ლარი.
აღნიშნული საურავის შესახებ შპს „ე--------ს“ ეცნობა საქართველოს ფოსტის მეშვეობით ს----------–----------------------–-–-ის საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სა----------–ოს 2018 წლის 24 სექტემბრის N23----9 წერილით. საურავი უნდა ჩაერიცხათ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ერთი თვის ვადაში და წარედგინათ გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რაც დღემდე არ განუხორციელებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს მოპასუხეს 19 640 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
შესაგებელში აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 30 მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე--------ი“ იღებდა ვალდებულებას შემსყიდველისთვის ეტაპობრივად, 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით მიეწოდებინა მზა და დაკონსერვებული თევზი.
2018 წლის 1 მაისის N10----2 წერილი, რომლითაც განსაზღვრული იყო შეკვეთის პირობები, შემსყიდველმა გაგზავნა არასწორი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და შპს „ე--------ს“ შეკვეთა რეალურად არ მიუღია. შეცდომა აღმოიფხვრა თავად შემსყიდველის მიერ და 2018 წლის 07 მაისს გაეგზავნა იგივე შეკვეთა შპს „ე--------ის“ დირექტორის ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი წერს, რომ ახალი შეკვეთის გაკეთება საჭირო არ არის და იგივე სახეობისა და რაოდენობის პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით. შესაბამისად, პირველი შეკვეთის შესრულება შპს „ე--------ს“ უნდა განეხორციელებინა 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით. ამდენად, დაუშვებელია ვადის ათვლა დაიწყოს 2018 წლის 07 მაისიდან.
მოპასუხე სადაოდ ხდის მოსარჩელის განმარტებას, რომ ვადაგადაცილება მოხდა 50 დღით. რეალურად, კომპანიამ პირველი შეკვეთა მიიღო 2018 წლის 07 მაისს, ხოლო მისი შესრულების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 14 მაისი. აღნიშნული შეკვეთა რიგი მიზეზების გამო ვერ შესრულდა 14 მაისამდე, თუმცა, შპს „ე--------მა“ 2018 წლის 29 მაისს წერილობით შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სა----------------–-–------------სო - სამეურნეო უზრუნველყოფის სა----------–ოს, რომ 30 მაისს შეეძლო შეკვეთილი პროდუქტების სრულად მიწოდება, რაზედაც მოსარჩელემ გამოთქვა თანხმობა და დამატებით მოითხოვა პროდუქტის წარმოშობისა და/ან ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატის, ასევე, საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნის წარდგენა.
მოპასუხის განმარტებით, შპს „ე--------მა“ 2018 წლის 1 ივნისს შემსყიდველის მიერ შეკვეთილი პროდუქცია სრულად მიიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სას---------------–-–--ს საწყობში, სადაც მოხდა მათ მიერ პროდუქციის ჩაბარება, თუმცა შემსყიდველმა აღნიშნული პროდუქცია არ ჩათვალა ოფიციალურად მიღებულად, რადგან ამ დროისათვის არ იყო მზად მათ მიერ მოთხოვნილი პროდუქციის წარმოშობისა და/ან ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატის, ასევე, საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა.
რაც შეეხება, პროდუქტის წარმოშობისა და/ან ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატს შპს „ე--------მა“ აღნიშნული სერტიფიკატები წარადგინა შესაბამის ვადაში, ხოლო აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნის მისაღებად, ლაბორატორიაში დაუყოვნებლივ გადაგზავნილ იქნა პროდუქტის ნიმუშები გამოსაკვლევად, რასაც ჭირდებოდა სულ მცირე 11 სამუშაო დღე.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ იქნა განმეორებით წარდგენილი ყოფილიყო საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა შპს „ე--------მა“ ვერ შეძლო აღნიშნული პირობის შესრულება 5 სამუშაო დღეში, რადგან ლაბორატორიის მიერ დასკვნის მომზადებას ჭირდება სულ მცირე 11 სამუშაო დღე, რაც არ იყო დამოკიდებული შპს „ე--------ზე“ და იგი ვერ დააჩქარებდა დასკვნის მომზადების პროცესს, რის შესახებაც ეცნობა შემსყიდველს და მათ აღნიშნული გარემოებების შესახებ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. როდესაც კომპანიამ შეძლო ლაბორატორიული დასკვნის მიღება, დაუყოვნებლივ წარუდგინა შემსყიდველს და ამასთანავე გამოიწერა პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი ზედნადები 2018 წლის 21 ივნისს.
შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ 2018 წლის 01 ივნისს რეალურად გადასცა შეკვეთილი პროდუქცია შემსყიდველს, ხოლო მან მის ოფიციალურ ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რადგან არ ახლდა განმეორებით ჩატარებული ლაბორატორიული დასკვნები. ამასთან, აღნიშნული დასკვნები შპს „ე--------ს“ უკვე წარდგენილი ქონდა და იგივე პროდუქციაზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარების აუცილებლობა გაურკვეველი იყო, თუმცა მაინც ჩაატარა ლაბორატორიული კვლევები და მიაწოდა შემსყიდველს, თუმცა აღნიშნულმა გარემოებებმა გამოიწვია ვადის გაჭიანურება და დაუშვებელია აღნიშნული ვადის გაჭიანურებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს შპს „ე--------ს“.
მოპასუხის განმარტებით, 2018 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელისგან მიიღო 2018 წლის 24 სექტემბრის წერილი, რომლითაც ეცნობა მის მიმართ მოთხოვნილი თანხის შესახებ, რაზედაც შპს „ე--------მა“ 2018 წლის 02 ოქტომბერს მიმართა წერილობით და ითხოვდა მოთხოვნილი თანხის წარმოშობის საფუძველში გარკვევას, თუმცა შემსყიდველისგან შპს „ე--------ს“ არავითარი პასუხი არ მიუღია. შესაბამისად კომპანია შემსყიდველთან ურთიერთობისას ყოველთვის ცდილობდა ურთიერთობის გარკვევას მოლაპარაკების გზით, რაზედაც სამწუხაროდ, საპირისპირო პასუხებს ვერ იღებდა. ამასთან, 2018 წლის 27 ივნისს კომპანიამ წერილობით მიმართა შემსყიდველს და ითხოვდა პირგასამტეხლოს მიზნებისთვის იმ დღეების გამოკლებას, რომელიც არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით, თუმცა აღნიშნული წერილის პასუხი შპს „ე--------ს“ არც წერილობითი და არც ზეპირი ფორმით არ მიუღია.
ამდენად, შპს „ე--------ი“-ს განმარტებით, მოსარჩელის მოსაზრება, რომ ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევა მოხდა 50 დღით მცდარია. ვინაიდან, პირველი შეკვეთა განხორციელდა 2018 წლის 07 მაისს, რომლის შესრულების ვადა წარმოადგენდა 14 მაისი, 14 მაისიდან 30 მაისამდე შპს „ე--------ი“ აღიარებს პასუხისმგებლობას პროდუქციის მიწოდების ვადის გადაცილებაზე, თუმცა, 29 მაისს შპს „ე--------მა“ შესთავაზა ვალდებულების შესრულება შემსყიდველს, მათ არ მიიღეს ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, 2018 წლის 30 მაისიდან შპს „ე--------ს“ არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ე--------ს“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 მარტის N15/3-171 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტია: მზა და დაკონსერვებული თევზის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 392 800.00 ლარით და ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 01 მარტის ჩათვლით.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებით. 6.3. პუნქტით, მიღება - ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
ხელშეკრულების დანართი N 1 - ით განისაზღვრა ფასების ცხრილი, შესყიდვის ობიექტის დასახლება, მწარმოებელი ქვეყანა/კომპანია, რაოდენობა, ზომის ერთეული, შესყიდვის ობიექტის სრული ტექნიკური მახასიათებლები, ერთეულის ღირებულება, ჯამური ღირებულება, მიწოდების ადგილი და მიწოდების ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 15/3-171 (ს.ფ 16-20);
- დანართი N 1 (ს.ფ. 21 - 22)
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის 2018 წლის 01 მაისის წერილის თანახმად, შპს „ე--------ს“ დაევალა მიმდინარე წლის 7 მაისის ჩათვლით სას---------------–-–--ს ლოჯისტიკის სამსახურის მატერიალური მარაგების განყოფილების საწყობში, მისამართზე: ქ. თბილისი, ქ------------- N 1. მიეწოდებინა თევზის კონსერვი (ზეთით (სკუმბრია)) – 2 000 კგ, თევზის კონსერვი (ტომატით (სკუმბრია)) – 2 000 კგ. ამასთან, ამავე ხელშეკრულების დანართი N 1 - ის თანახმად, დაევალა პროდუქტზე წარედგინა საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნა და მასთან ერთად წარმოშობის და/ან ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი (ქართულ ენაზე და/ან ნათარგმნი ნოტარიულად დამტკიცებული).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი N MIA 018010----2 (ს.ფ. 23)
3.1.3. 2018 წლის 26 ივნისს შპს „ე--------ს“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ას შორის გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი N15----4 მასზედ, რომ სას---------------–-–--ს მატერიალური მარაგების სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო მომწოდებელმა ჩააბარა თევზის კონსერვი (ზეთით) – 2 121.600 კგ - თანხით - 20 834.11 ლარი, თევზის კონსერვი (ტომატით) – 19 159.425 კგ - თანხით - 188 145.55 ლარი. აღნიშნული პროდუქცია შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 24);
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 25)
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ის 2018 წლის 24 სექტემბრის წერილით შპს ,,ე--------ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 30 მარტის N15/3 -171 ხელშეკრულების და 01 მაისის N100----2 წერილის საფუძველზე 2018 წლის 07 მაისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 39 280 ლარის ღირებულების 2 000 კგ თევზის კონსერვი (ზეთით) და 2 000 კგ თევზის კონსერვი (ტომატით), რომლის მიწოდებაც განხორციელდა 2018 წლის 26 ივნისს 50 დღის დაგვიანებით.
ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10 % -ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 19 640 ლარი. საურავი მიმწოდებელს უნდა ჩაერიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ერთი ვადაში და წარედგინა გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რაც დღემდე არ არის განხორციელებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ა საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სა----------–ოს შეტყობინება, საფოსტო შეტყობინება (ს.ფ 26 -28).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ე--------“-ის მხრიდან პროდუქციის მიწოდება განხორციელდა 45 დღის დაგვიანებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი (ს.ფ. 23)
- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ. 24);
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 25)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმიწფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს----------–----------------------–-–-ა საფინანსო - სამეურნეო უზრუნველყოფის სა----------–ოს წერილი (ს.ფ. 73)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსი 477-ე, 417-ე, 420-ე,მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება - მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
დადგენილია, რომ შპს „ე--------ს“ და ს----------–----------------------–-–-ას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 30 მარტის N15/3-171 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებისა და 2018 წლის 01 მაისის N MIA018010----2 წერილის საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2018 წლის 07 მაისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 39 280 ლარის ღირებულების თევზის კონსერვი.
დადგენილია, რომ მოპასუხემ მიწოდების ვადა დაარღვია.
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 19 640 ლარის გადახდა. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს მსჯელობის საგანია შესრულდა თუ არა გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
მოპასუხის განმარტებით, მცდარია მოსაზრება რომ ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევა მოხდა 50 დღით. ვინაიდან, პირველი შეკვეთა განხორციელდა 2018 წლის 07 მაისს, რომლის შესრულების ვადას წარმოადგენდა 14 მაისი. 14 მაისიდან 30 მაისამდე შპს „ე--------ი“ აღიარებს პასუხისმგებლობას პროდუქციის მიწოდების ვადის გადაცილებაზე, თუმცა, 29 მაისს შპს „ე--------მა“ შესთავაზა ვალდებულების შესრულება შემსყიდველს და მათ არ მიიღეს ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, 2018 წლის 30 მაისიდან შპს „ე--------ს“ არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, არ არსებობდა ლაბორატორიული კვლევის განმეორებით ჩატარების საჭიროება, ვინაიდან გარდა იმისა, რომ კვლევის შედეგები იდენტური იყო, უკვე წარდგენილი იყო დაწესებულებაში მისი შედეგები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ მიზეზს და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას ეკისრება გულმოდგინედ მოქმედების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მან უნდა გამოიჩინოს სათანადო გულისხმიერება და განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, წინასწარ განჭვრიტოს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკები და მიიღოს სათანადო ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები სცდება მოპასუხის კონტროლის სფეროს, თუმცა ეს ისეთი გარემოებებია რაც არის წინასწარ განჭვრეტადი და მეწარმის მიერ წინდახედულობის ნორმების სათანადოდ დაცვის პირობებში, ექვემდებარება გათვალისწინებას და მისი მიზეზით ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილებას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ბრალის გამომრიცხველი გარემოებები უსაფუძვლო და დუსაბუთებელია. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
თუმცა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ შპს „ე--------“-ის მიერ ვალდებულების შესრულება განხორციელდა 50 დღის დაგვიანებით, ვინაიდან, მოსარჩელე 2018 წლის 02 ოქტომბრის წერილით ადასტურებს რომ მიწოდება 2018 წლის 21 ივნისს განხორციელდა, რასაც ადასტურებს ასევე სასაქონლო ზედნადები N ელ-038----061 21.0-.2018 წ.
შესაბამისად, მოსარჩელე მხარე თავად აღიარებს, რომ ვალდებულება მოპასუხე მხარეს 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით უკვე შესრულებული ჰქონდა და უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს მოთხოვნა 2018 წლის 26 ივნისის (მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დრო) ჩათვლით. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 45 დღეს, 2018 წლის 7 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 9.3. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მომწოდებელს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის 0,1 %-ის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს 0.05 % -მდე. შესაბამისად, ერთ დღეში გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 196.4 ლარით ( 392 800-ის 0.05 %= 196.4) და გადაცილებული დღეების შესაბამისად მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 8 838 ლარის გადახდა. (196.4*45=8 838)
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი (8 838 ლარის ნაწილში), მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 265.5 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს----------–----------------------–-–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ე--------ს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ს----------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ, დაეკისროს - 8 838 ლარის გადახდა;
3. შპს „ე--------ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 265.5 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე