განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
110100119002964476
დავის ტიპი
259 1
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110100119002964476

№1/94-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-–-- გ--–-------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნუ-------------------------------ძ-, დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 3----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქალაქი ს---------------------–---------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, კერძოდ, ცხოველის წვალება);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 4 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ.ს-------–-, გ----------–-ს ქუჩაზე მდებარე შპს „ს------------------------ი-“ შენობის შიდა და გარე ტერიტორიის დასასუფთავებლად მივიდა დამლაგებლად მომუშავე ნუ------ ს-------ძ-. ავტოსადგურის შენობაში შესვლის დროს, პირველ სართულზე, სადაც მგზავრთა მოსაცდელი დარბაზია, შენიშნა თეთრი ფერის ძაღლი, რომელსაც დაბინძურებული ჰქონდა მოსაცდელი დარბაზი. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ნუ------ ს-------ძ-მ, თან ნაქონი ხის ტარიანი ნიჩაბის ლითონის ასაღები ორჯერ დაარტყა ძაღლს ზურგის არეში, რა დროსაც ძაღლი იატაკზე დავარდა. ვინაიდან ნუ------ ს-------ძ-ს ძაღლი მკვდარი ეგონა, ფეხებში მოჰკიდა ხელი, წაიღო და ავტოსადგურის გარე ტერიტორიაზე არსებულ სანაგვე ურნაში ჩააგდო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ძაღლი არ მომკვდარა და ცოცხალია.

2. ნუ------ ს-------ძ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნუ------ ს-------ძ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - ლა-–-------------ი-, მუ-----------–--ი-, ნი-------------ი-, ბე--------------ი-, და--------------ი- და ია-----–-------ი- გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულ - ნუ------ ს-------ძ-ს გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ნუ------ ს-------ძ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი ზნეობა. მსგავსი ქმედების კრიმინალიზაცია მიზნად ისახავს ცხოველისადმი მოპყრობის ზნეობრივი ნორმების დაცვის უზრუნველყოფას. როცა ადგილი აქვს სხვისი ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას, მაშინ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი შეიძლება იყოს საკუთრება. დანაშაულის საგანია, როგორც შინაური, ისე გარეული ცხოველები, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვის საკუთრებაში იმყოფებიან. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალებაში. ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობად შეიძლება ჩავთვალოთ ცემა, ჭრილობების მიყენება, საჭმლისა და წყლის გარეშე დატოვება, გამოყენება არასამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის, სხვადასხვა სახის ორთაბრძოლებში, რის შედეგადაც ცხოველები იღებენ დასახიჩრებას ან იღუპებიან. სასტიკ მოპყრობად ჩაითვლება აგრეთვე, სამედიცინო ან ბიოლოგიური კვლევის დროს (სამეცნიერო ექსპერიმენტი) გაუმართლებელი წვალება, ტანჯვა, ცხოველებზე ნადირობა არაჰუმანური საშუალებებით და სხვ. მსგავსი ქმედება დამთავრებულად ჩაითვლება, თუ მას შედეგად მოჰყვება ცხოველის დაღუპვა ან დასახიჩრება, ე.ი დანაშაულს მატერიალური შემადგენლობა აქვს. სსკ 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ქმედების ობიექტური შემადგენლობის მეორე ფორმასაც ითვალისწინებს, სახელდობრ, ცხოველის წვალებას. მასში შეიძლება ვიგულისხმოთ ზოგიერთი ზემოაღნიშნული ქმედება, თუკი მას შედეგად არ მოჰყვება ცხოველის დასახიჩრება ან დაღუპვა. დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, შერაცხადი პირი. დანაშაულის სუბიექტური მხარე განზრახვას გულისხმობს მისი ორივე სახით. ქმედების მოტივს კანონმდებელი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა ის მხედველობაშია მისაღები სასჯელის ინდივიდუალიზაციისას.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ნუ------ ს-------ძ-მ ჩაიდინა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, კერძოდ, ცხოველის წვალება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

11. ნუ------ ს-------ძ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნუ------ ს-------ძ-ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნუ------ ს-------ძ- არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ასევე, გასათვალისწინებელია ბრალდებულის თანამშრომლობა გამოძიებასთან (მისცა აღიარებითი ჩვენება, ითანამშრომლა გამოძიებასთან), რომლითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი. სასამართლოს მიაჩნია, ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, შეძლებს დააფიქროს ნუ------ ს-------ძ-, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნუ------ ს-------ძ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

ნუ------ ს-------ძ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე