გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210019002884687
2-154-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 აპრილი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე ნ------------შვილი
წარმომადგენელი მ---------–-შვილი
მოპასუხე გი--------------ძე
ადვოკატი ხ------------------შვილი
დავის საგანი ალიმენტის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გი--------------ძეს გადახდეს ალიმენტი 2014 წლის 30 იანვარს დაბადებული სა----------ძის სარჩოდ, თვეში 300 ლარის ოდენობით;
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეები არიან 2014 წლის 30 იანვარს დაბადებული სა----------ძის მშობლები და ცალ-ცალკე ცხოვრობენ, სა----------ძე დედასთან ცხოვრობს, მოპასუხე არ ზრუნავს მის რჩენაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო 60 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 მხარეები არიან 2014 წლის 30 იანვარს დაბადებული სა----------ძის მშობლები და ცალ-ცალკე ცხოვრობენ, სა----------ძე დედასთან ცხოვრობს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სა----------ძის დაბადების მოწმობა (ს.ფ.14);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - სასამართლოს, მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის სარჩოდ გადასახდელი ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 100 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე, 1214-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;
1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მოსარჩელესთან, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მისი შემოსავალი არის ხელფასი, - თვეში 400 ლარი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემულ შემთხვევაში, გარდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელფასის შესახებ ცნობისა, სხვა მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი არ არის;
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს, ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 100 ლარი;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ აქვს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;
ამ საფუძვლით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან განთავსებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია;
ამდენად, მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთავარ სხდომამდე სარჩელი ნაწილობრივ ცნო - 60 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ, მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ალიმენტის, 60 ლარის გადახდევინების მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს
თანხის იმ ნაწილს, რაშიც სარჩელი ცნო (720 ლარი) და დაკისრებულ თანხას შორის (1200 ლარი) სხვაობიდან (480 ლარი) გამომდინარე, - 14.40 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გი--------------ძეს დაეკისროს ნ------------შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 2014 წლის 30 იანვარს დაბადებული სა----------ძის სარჩოდ - 2019 წლის 7 მარტიდან, თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;
2. გი--------------ძეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 14 (თოთხმეტი) ლარი და 40 (ორმოცი) თეთრი, რაც შეტანილი უნდა იქნეს სახელმწიფო ხაზინაში კოდზე 300463150;
სახელმწიფო ბაჟის შემტან ხ---------------–-შვილს დაუბრუნდეს 2019 წლის 22 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი