განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1----18
(#00---------5)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
08 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლე----------–--ნი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ჟ------ ძე ც------–-ძე (დაბადებული - 1----–-–-----------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------- საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------------------------8), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - სო----------–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 01 იანვარს, დღის საათებში, ქ.თბილისში, ქავთარაძის ქ-----ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ც------–-ძე უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდვე შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით - 0,07 გრამს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 01 იანვარს, დღის საათებში, ქ.თბილისში, ქავთარაძის ქ-----ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ც------–-ძე უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდვე შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით - 0,07 გრამს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - გ------- ც------–-ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია გ------- ც------–-ძის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კ-----------------ძემ განმარტა, რომ მუშაობს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ობიექტების დაცვის განყოფილების ინსპექტორად. მის ფუნქციაში შედის შიდა ტერიტორიაზე მეთვალყურეობა, ასევე, გარე პერიმეტრის კონტროლი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე არის სახანძრო კიბე, რომელიც კონტროლდება ვიდეოკამერის მეშვეობით და მასზე უცხო პირთა ასვლა აკრძალულია. 2018 წლის 01 იანვარს, შუადღისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაცვის ოთახში არსებულ კომპიუტერის მონიტორზე კ-----------------ძემ დაინახა, რომ სახანძრო კიბეზე ადიოდა უცნობი პიროვნება, რის შემდეგაც იგი გავიდა დაცვის ოთახიდან და დაუძახა უცნობ პიროვნებას, რაზეც ეს უკანასკნელი მობრუნდა. კ. მ---------ემ, გამომდინარე იქიდან, რომ ევალება მეტადონის განყოფილების კონტროლიც, იცნო მეტადონის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი პირი - გ------- ც------–-ძე, რომელიც დაემორჩილა მის მოთხოვნას, ჩამოსულიყო კიბიდან. ამ დროს ბრალდებულმა უკანა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდი, რომლის შიგთავსიც არ ჩანდა და წინა მხარეს ჩაიდო, თან სთხოვდა არ დაეკავებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდა თვითდაზიანებას ქვით, რომელიც მან დაბლიდან ხელში აიღო. ამის შემდგომ, მან მალევე გადააგდო ქაღალდი, რომელიც მისი თქმით, მისი არ იყო და ფეხი დააბიჯა, რა დროსაც ქაღალდი გაიხა და გამოჩნდა ცარიელი შუშის კოლბა, შპრიცები, ყვითელი აბები და რამდენიმე პოლიეთილენი. ამ დროს მოწმე გ. ც------–-ძისგან დაახლოებით 1- 1.5 მეტრის მოშორებით იდგა. კ-----------------ძემ თავისი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, იცოდა, რომ ასეთ პოლიეთილენში შესაძლოა ნარკოტიკი ყოფილიყო, ამიტომ გამოიძახა ოპერატიული სამსახური. სამსახურის უფროსს კი - დ---------------–---–ს მოახსენა ვითარება, რის შემდეგაც დ-------–--ლის მიერ გამოძახებულ იქნენ მე-2 განყოფილების თანამშრომლები. მათ მოსვლამდე ოპერატიული სამსახურის მიერ დაცული იქნა შემთხვევის ადგილი. გამოძახებული განყოფილების თანამშრომლების მიერ მოხდა ქაღალდში მოთავსებული ნივთების და ნივთიერების ამოღება, რა დროსაც თავადაც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მოწმე აღნიშნავს, რომ ოპერატიული ჯგუფის უფროსმა ც------–-ძე ჩაიყვანა დაცვის ოთახში, სადაც იგი იქცეოდა არაადეკვატურად, კერძოდ, ხილთან დადებული დანით აპირებდა თავის დაზიანებას, თუმცა, აღნიშნული განზრახვა მას სისრულეში აღარ მოუყვანია.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ--------------–-–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს დაცვის პოლიციის პირველ განყოფილებაში ოპერატიული ჯგუფის ინსპექტორად. მათ გვერდზე არის „ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრი“. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე გაუგებრობას ან უკანონობას აქვს ადგილი, იძახებენ მათ, რაზეც რამდენიმე წუთში ახდენენ რეაგირებას. 2018 წლის 01 იანვარს, „ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრიდან“ მოხდა მათი გამოძახება. როდესაც იგი ადგილზე მივიდა, კერძოდ, შენობის უკანა მხარეს რკინის კიბესთან, საიდანაც ხშირად არის გაპარვის შემთხვევები ან იყენებენ რაიმე უკანონო ქმედებების ჩასადენად, ბრალდებული - გ------- ც------–-ძე უკვე ძირს იყო დაწოლილი, ხელში კი ქვა ეჭირა, მის გვერდით იყო პატარა შუშის ფლაკონი, შპრიცი და ყვითელი ტაბლეტები, რომლებიც მისივე თქმით, თავად გადააგდო. მისი დანახვისას ც------–-ძემ ქვას ხელი გაუშვა და დაემორჩილა, რის შემდეგაც იგი ქვემოთ - დაცვის ოთახში ჩაიყვანეს. იგი იქცეოდა არაადეკვატურად, თითქოსდა შეშლილი იყო, რის გამოც იქვე დაადეს ხელბორკილები.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ-–--------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 01 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ ქავთარაძის ქ------ში მდებარე „ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრში“ შეკავებული ჰყავდათ პიროვნება, რომელმაც გადააგდო ნივთიერება, სავარაუდოდ, ნარკოტიკი. ხელმძღვანელობის მიერ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც, მათ შორის, მისი მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო ქაღალდის პაკეტი, 2 ცალი სამედიცინო შპრიცი, 2 ცალი მოყვითალო ფერის პაკეტი, რომელშიც იყო მუქი ფერის მასა, რამდენიმე ცალი მოყვითალო ფერის ტაბლეტი, ბამბა და ფხვიერი მასა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე, მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები, ამოღებული ნივთები დაილუქა, გადაეცა გამომძიებლებს და დაინიშნა მასზე ექსპერტიზა. მოწმეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული ერთი მოწმის დაკითხვაში და გაცვლილი აქვს ოქმი ბრალდებულისათვის.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ-–-----იამ განმარტა, რომ 2018 წლის 01 იანვარს, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქავთარაძის ქ------ში მდებარე „ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრში“ შეკავებული ჰყავდათ პიროვნება, რომელმაც გადააგდო ნივთიერება, სავარაუდოდ, ნარკოტიკი. როდესაც ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გ------- ც------–-ძე დაცვის ოთახში იმყოფებოდა. მან გამოკითხა მოწმეები, მათ შორის, ბრალდებული გ------- ც------–-ძე, ამოღებულ ნივთებსა და ნივთიერებებზე დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა და გააცნო მას ბრალდების შესახებ დადგენილება.
4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ------- ნე-------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მე-4 განყოფილების უფროს ექსპერტად. 2018 წლის 01 იანვარს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ის თავის კოლეგა ხ------- მ---------ესთან ერთად გავიდა ქავთარაძის ქ------ში. ჯანმრთელობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღობესთან, გრუნტის ნიადაგიდან ამოღებულ იქნა “PSP”-ს ქაღალდის შეფუთვა და იქვე დაყრილი მოყვითალო ფერის აბები, მცირე ზომის გატეხილი ქილა წარწერით „ვალერიანი“, ორი ცალი შპრიცი, ბამბა, ხელსახოცში გახვეული თეთრი ფერის მასა, ასევე ორი მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში შეფუთული პაკეტი, რომელშიც იყო მუქი ფერის მასა. მათ დააფიქსირეს აღნიშნული საგნებისა და ნივთიერებების მდებარეობა და განლაგება, შემდეგ კი დაუყონებლივ დალუქეს, მოათავსეს ერთ პაკეტში და გადასცეს გამომძიებელს.
4.6. 2018 წლის 01 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისი, პ-----------------------ა-ს უკანა ეზოში, სადაც რკინის კონსტრუქციის კიბით ავდივართ, რკინის ღობე არის დაზიანებული. დაზიანებული ნაწილის გავლით გავდივართ დაახლოებით მეტრს, სადაც შენობის კუთხიდან მარცხენა მხარეს დაახლოებით მეტრში მიწის ნიადაგზე დევს ქაღალდის შეფუთვა წარწერით „PSP„ დახეულ მდგომარეობაში, რომელშიც მოთავსებულია მოყვითალო ფერის აბები, ორი ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის მომცრო ზომის შეფუთვა, მცირე ზომის შუშის ქილა გატეხილ მდგომარეობაში. ბამბის ქულა, მის გვერდით ნიადაგზე დევს ორი ცალი ერთჯერადი საინექციო შპრიცი, ხელსახოცი რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის მასა, რომლებიც ამოღებულ იქნა შესაბამისი წესების დაცვით. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: 2- ცალი მოყვითალო ფერის აბი, ორი ცალი ერთგრამიანი საინექციო შპრიცი, ხელსახოცი თეთრი ფეერის მასით, ორი ცალი მცირე ზომის მოყვითალო შეფუთვა მასში არსებული მუქი ფერის მასით, მცირე ზომის შუშის ბოთლის ნამსხვრევები წარწერით „ვალერიანი“, ქაღალდის შეფუთვა წარწერით „PSP” და ბამბის ქულა, რომლებიც ცალ-ცალკე მოთავსდა ქაღალდის კონვერტებში და დაილუქა პაკეტში შტრიხკოდით FCD8-----.
4.7. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 05 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #6------ქრ დასკვნის მიხედვით: N1 და N3 მოყვითალო ფერის, მრგვალი ფორმის 2- (ოცდაერთი) ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 3,5482 გრამი და ხელსახოცში გახვეული თეთრი ფერის ნივთიერება, გრანულების სახით, წონით - 0,371 გრამი არ შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. (ობ.N4-5) 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის ცარიელი ორი ცალი შპრიცის შიდა კედლებზე არ აღინიშნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები. (ობ.N2-3) თავმილღობილ ყვითელ პოლიეთილენის ორ ცალ ნაჭერში, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონებით - 0,0544 გრამი და 0,0545 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი) და ჰეროინის შემცველ ნარევს, საერთო წონით - 0,1089 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი), წონაა - 0,0048 გრამი და ჰეროინის წონაა - 0,07 გრამი. (ობ.N1) N5-7 მცირე ზომის მინის ფლაკონის ნამსხვრევებზე, ქაღალდის ეტიკეტზე რუსულენოვანი წარწერით „ვალერიანი“, ბამბაზე და ქაღალდის ცარიელ პაკეტზე, წარწერებით „პსპ“ არ აღინიშნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები. (ობ.N2-3)
4.8. აღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს ექსპერტებმა ნ----------–---–მა და პე------–--–---–აძემ, რომლებიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.
4.9. ბრალდებულმა გ------- ც------–-ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 01 იანვარს, „ნარკოლოგიური პრევენციის ცენტრში“ იგი იმყოფებოდა თავისი კუთვნილი წილი მეტადონის მისაღებად, რის შემდეგაც გადაწყვიტა მოენახულებინა ამავე შენობის მესამე სართულზე მყოფი მეგობარი. ვინაიდან მის სანახავად საჭირო იყო საშვი და ექიმის თანხმობა, რაც მას არ გააჩნდა, გადაწყვიტა შენობის უკანა მხარეს არსებული კიბით ასვლა. ნახევარი მანძილის გავლის შემდეგ, მას დაუძახა დაცვის თანამშრომელმა, რომ დაბლა ჩასულიყო, რასაც დაემორჩილა. მას პოლიციის თანამშრომლებმა იქვე უთხრეს, რომ რაღაც გადააგდო, თუმცა არაფერი თან არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც გამოკითხა გამომძიებელმა დაცვის პოლიციის ოთახში, ის გაათავისუფლეს. 2018 წლის 28 იანვარს, მან კვლავ მისცა ჩვენება, ამჯერად განყოფილებაში გამომძიებლებს, რა დროსაც მათი მხრიდან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, კერძოდ, სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაიყვანდნენ „კაპეზეში“. ამის შემდეგ, იგი შეიყვანეს სხვა ოთახში და ლ-–-----ია, პოლიციის ორ თანამშრომელთან ერთად, კვლავ სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული, რის შემდგომ თავად დაწერეს ჩვენება, რაზეც მოაწერინეს ხელი და უთხრეს, რომ იყო თავისუფალი. მან აღნიშნულ ჩვენებას ხელი მოაწერა, რადგან იყო შეშინებული. მისთვის ასევე არ განუმარტავთ, რომ არ იყო ვალდებული ჩვენება მიეცა საკუთარი თავის წინააღმდეგ. აღნიშნული ჩვენების მიცემამდე მისმა ძმამ ჰკითხა გამომძიებლებს, თუ საჭიროებდა იგი ადვოკატს, თუმცა, უთხრეს რომ არ იყო საჭირო ადვოკატი და მისი არარსებობა პრობლემას არ წამოადგენდა. 31 იანვარს კი, როდესაც მას ბრალი წარუდგინეს, თავი სრულად ცნო დამნაშავედ და დაეთანხმა თავის აღიარებით ჩვენებას, რადგან იმ დრომდე მოჰყვა ის შიში და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც 28 იანვარს ჩვენების მიცემისას, განიცადა. გარდა ამისა, ბრალდებულმა ჯვარედინი დაკითხვისას, ასევე, განაცხადა რომ იგი, როდესაც შეჩერებული იქნა დაცვის თანამშრომლების მიერ, ფეხი დააბიჯა რაღაც ქაღალდის პარკს, თუმცა, შიგნით რა იყო მოთავსებული არ იცის და იგი მას არ ეკუთვნოდა.
4.10. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.12. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.13. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.14. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
5.7. სასამართლო ბრალდებულ გ------- ც------–-ძის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 2018 წლის 01 იანვარს, დღის საათებში, ქ.თბილისში, ქავთარაძის ქ.N2-ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ც------–-ძე უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდვე შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით - 0,07 გრამს.
5.8. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, მოწმე კ-----------------ძე არის პიროვნება, რომელმაც უშუალოდ დაინახა როგორ გადააგდო ქაღალდის პაკეტი გ------- ც------–-ძემ, რომელზე ფეხის დადგმის შემდეგ გამოჩნდა ცარიელი შუშის კოლბა, შპრიცები, ყვითელი აბები და რამდენიმე პოლიეთილენი. აღნიშნული მოწმის ჩვენება გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით: კერძოდ, საქმის არსებით სხდომაზე დაკითხული მოწმეების - დ--------------–-–--ლის, ლ-–--------ას, ლ-–-----იას, გ------- ნე-------ის ჩვენებებით, 2018 წლის 01 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.
5.9. გ------- ც------–-ძის მიერ გადაგდებული ნივთიერების დადგენის კუთხით, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული (იხ. 2018 წლის 01 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) სასამართლო ასევე, მხედველობაში იღებს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 05 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #6------ქრ დასკვნას, რომლითაც დადგინდა, რომ თავმილღობილ ყვითელ პოლიეთილენის ორ ცალ ნაჭერში, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონებით - 0,0544 გრამი და 0,0545 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი) და ჰეროინის შემცველ ნარევს, საერთო წონით - 0,1089 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი), წონაა - 0,0048 გრამი და ჰეროინის წონაა - 0,07 გრამი.
5.10. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას კი მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ, გ------- ც------–-ძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი.
5.11. დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვაში ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ მოწმეები საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას აცხადებდნენ - „გ------- ც------–-ძემ გადააგდო რაღაც ნივთიერება, რომელიც, სავარაუდოდ, იყო ნარკოტიკი“, ვარაუდი კი, დაცვის მხარის პოზიციით, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულ პოზიციას სასამართლო, ბუნებრივია, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოწმეები, რომლებმაც აღნიშნული განცხადება გააკეთეს არიან დაცვის განყოფილებისა და პოლიციის თანამშრომლები, შესაბამისად, ისინი არ არიან სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირები - ექსპერტები, რომ მათ შეეფასებინათ, თუ რას წარმოადგენდა მათ მიერ დანახული და შემდგომ ამოღებული ნივთიერება. სწორედ ნივთიერების დადგენის კუთხით იქნა დანიშნული ქიმიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა გ------- ც------–-ძის მიერ გადაგდებულ ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობა 0,07 გრამის ოდენობით.
5.12. გარდა ამისა, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში მიუთითებდა, რომ 2018 წლის 28 იანვრის აღიარებითი ჩვენება გ------- ც------–-ძისგან მიღებულია სამართლადამცავების მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ იკვეთება არავითარი მტკიცებულება/ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ პოზიციას, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ 2018 წლის 28 იანვრის გ------- ც------–-ძის გამოკითხვიდან მის მიმართ ბრალის წაყენებამდე გასულია 3 დღე, თუმცა, 31 იანვარს, იგი ხელს აწერს ბრალდების შესახებ დადგენილებას, სადაც აღნიშნავს, რომ ეთანხმება მასში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (მიუხედავად, იმისა, რომ ეს ბრალდებულის უნივერსალური და ექსკლუზიური უფლებაა). თავად ბრალდებული კი, ამ ხელმოწერას იმით ხსნის, რომ ის შიში და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც რამდენიმე დღით ადრე (2019 წლის 28 იანვარს) ჩვენების მიცემისას განიცადა, კვლავ გამოყოლილი ჰქონდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ გ------- ც------–-ძის ამგვარი პოზიცია ემსახურება მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ვინაიდან მას არსად განუცხადებია სამართალდამცავ ორგანოებში აღნიშნული ზეწოლის შესახებ, მით უფრო, რომ იმ პერიოდისათვის ბრალდებულს არ ჰქონია შეზღუდული თავისუფლება და არც სასამართლოში წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მის მიერ ნათქვამს დაადასტურებდა.
5.13. ამდენად, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება-გაანალიზებით ცალსახაა, რომ დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსიები/პოზიციები არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, რაც საფუძველი იქნებოდა იმისა, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს შეეფასებინა და შემდგომში მიეჩნია უტყუარ მტკიცებულებებად. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ თავის დასკვნით სიტყვაში დაფიქსირებული პოზიციები, აღნიშნული პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, არასარწმუნო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც სასამართლო მათ ვერ გაიზიარებს.
5.14. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.15. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ც------–-ძემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. გ------- ც------–-ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე.
7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
7.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, ასევე, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს.
7.8. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
7.9. სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ------- ც------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.
7.10. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ც------–-ძეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (უკანონო შეძენა-შენახვა) უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ნივთები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ც------–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ გ------- ც------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
3. მსჯავრდებულ გ------- ც------–-ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს, განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდის მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 08 აპრილიდან.
4. მსჯავრდებულ გ------- ც------–-ძეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
5. მსჯავრდებულ გ------- ც------–-ძეს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ნივთები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე