განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 აპრილი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ
თამარ შუბითიძის მდივნობით
პროკურორ - მ--- ჟ-----ს,ადვოკატ – ია თ-------ს მონაწილეობით,განსასჯელ – ა-–------ ო--------ის დაუსწრებლად,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–------ ა------–ის ძე ო--------ის (დაბადებული 1----–-–---------ს, რეგისტრირებული: თ---–------------------------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ა-–------ ო--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. საზოგადოებრივი ქონების ფარულად გატაცება საცავში შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1--- წლის 4 მარტს, დაახლოებით 05:00 საათზე, ა-–------ ო--------მა ტექნიკური საშუალების გამოყენებით გაჭრა ქ------–--–-----------------------ში მდებარე „თ---–----–--------------“ ვაჭრობის №3- საიჯარო მაღაზიის შესასვლელი კარების ბოქლომი, უკანონოდ შეაღწია მაღაზიაში და ფარულად დაეუფლა იაპონური წარმოების ელექტროგენერატორს, ღირებულს 1200 აშშ დოლარად და საღებავის საფრქვევს - ღირებულს 40 000 რუსულ რუბლად. ნაქურდალი ნივთები ჩაალაგა ვაზ 2--- მარკის სახ№О 5------- ავტომანქანის საბარგულში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ა-–------ ო--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 1--- წლის 4 მარტს დათვალიერდა ქ------–--–------------------------ში მდებარე „თ---–----–--------------“ ვაჭრობის №3- საიჯარო მაღაზია და აღნიშნული მაღაზიის შესასვლელი კარიდან 30 მეტრში გაჩერებული ვაზ 2--- მარკის სახ№О 5------- ა/მანქანა, რა დროსაც ამოღებული იქნა გადაჭრილი ჩამოსაკიდი ბოქლომი, კარიდან ამონაჭერი რკინის ფურცელი, პულივიზატორიდან აღებული 2 დაქტილოფირი, კასეტები, კალკულატორი, 3 ცალი ბლოკნოტი, ქურთუკი, მართვის მოწმობა გაცემული ა-–------ ო--------ის სახელზე და ა/მანქანის ტექ.პასპორტი გაცემული გ---–----- ო--------ის სახელზე, მინის საჭრელი ე.წ. „ნაჟოვკა“, იაპონური წარმოების „ჰონდას“ ფირმის წითელი ფერის გენერატორი, 1 ცალი პულივიზატორი, სახრახნისების ნაკრები, 1 ცალი წითელი ფერის და 1 ცალი მონაცრისფრო ბალონები, რეზინის მილებითა და საჭრელით. ამოღებული ნივთები დაილუქა.
მოწმე კ------ მ----------ას ჩვენებით, არის განსასჯელ ა-–------ ო--------ის და, გ---–----- ო--------ი კი მისი ყოფილი რძალია. 1--- წლის იანვარში (ახალი წლის დღეებში) მასთან სტუმრად მივიდა ა-–------ ო--------ი, რომლისგანაც შეიტყო, რომ ახალ წლამდე კონფლიქტი მოსვლია მეუღლესთან და სახლიდან წამოსულა, შერიგებას კი არ გეგმავდა. მოწმის ჩვენებით, მისი ძმა მართავდა ვაზ 2--- მარკის ა/მანქანას, სახ№-----, რომელიც გაფორმებული იყო გ---–----- ო---------ის სახელზე. მოწმის ინფორმაციით, მეუღლეებს შორის ჩხუბის შემდეგ, ა-–------ი ხსენებული მანქანით აღარ დადიოდა, მანქანა გაჩერებული იყო, თუმცა გასაღები ვისთან ინახებოდა მოწმისათვის უცნობია. მოწმის ჩვენებით, ახალი წლის შემდეგ ა-–------ ო--------ი აღარ უნახავს.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, №3- თ---–----–-------------- მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ამოღებული ხელის კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია (ექსპერტი ლ---------–---–ი).
„თ---–----–--------------“ ვაჭრობის №3- საიჯარო საწარმოს დირექტორ ზ-------–---–-- 0---------– ხელწერილის თანახმად, ამ უკანასკნელმა გამომძიებლისაგან ჩაიბარა იაპონური წარმოების „ჰონდას“ ფირმის წითელი ფერის გენერატორი, 1 ცალი პულივიზატორი და სახრახნისების ნაკრები.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მოწმე ს------ მ--------ის ჩვენებით, 1--- წლის მარტის თვის მდგომარეობით მუშაობდა შსს ორგანოებში. 3 მარტს 09:00 საათიდან 4 მარტის 07:30 საათამდე მორიგეობდა სამსახურში, №1 საავადმყოფოს მიმღებში თანამშრომელ ზ--------–---–თან ერთად. სამუშაოს დასრულების შემდეგ ზ--------–---–თან ერთად წავიდა გლდანის ა/მანქანების ბაზრობაზე, დაახლოებით 09:30 საათზე სახლში დაბრუნებულს კი გზად შეხვდა ნათლული გ---–----- ო---------ი. გ---–------მ უთხრა, რომ დედამისის ეზოდან მოუპარავთ მისი კუთვნილი ა/მანქანა და სთხოვა დახმარება ისნის რაიონის პოლიციაში განცხადების შეტანაში. ს----------მა ა/მანქანაში ჩაისვა გ---–----- და მივიდნენ მის სახლში მოპარული ა/მანქანის ტექ.პასპორტის ასაღებად, თუმცა გ---–-----მ ვერ იპოვა და ივარაუდა, რომ ავტომობილში იყო დარჩენილი. აღნიშნულის შემდეგ გ---–-----მ და ს------მ დააპირეს პოლიციაში წასვლა, თუმცა ეზოს კართან დახვდნენ ვაკის რაიონის პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცველებისგან შეიტყვეს, რომ მანქანა მათთან იყო. მოწმის ჩვენებით, პოლიციელებმა აჩვენეს მანქანა, რომელიც იდგა ჭ-------------------ის ეზოში, ნორმალურ მდგომარეობაში, ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა და არც დასაქოქი სადენები იყო ჩამოყრილი, მის საბარგულში კი იდო გაზისა და ჟანგბადის ბალონები და წითელი ფერის გენერატორი. მოწმის ჩვენებით, ხსენებული ა/მანქანით დადიოდა გ---–-----ს მეუღლე ა-–------ ო--------ი, თავად არასდროს უმართავს იგი და არც ის იცის, ვის ჰქონდა გასაღები.
მოწმე ა------- მ--------ის ჩვენებით, ა-–------ ო--------ი არის მისი მეუღლის, კ------ მ----------ას ძმა. ბოლოს განსასჯელი ნახა 1--- წლის იანვარში, როდესაც ა-–------ი ახალი წლის დღეებში სტუმრად მივიდა მათთან და მას შემდეგ არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. მოწმის ინფორმაციით, ა-–------სა და მის მეუღლეს გ---–-----ს შორის მოხდა ჩხუბი და 1--- წლის ნოემბრის თვიდან განსასჯელი წასული იყო სახლიდან.
დაზარალებულ თ---------- წ----–-–---–ის ჩვენებით, 1--- წლის მარტის თვის მდგომარეობით იყო ქ------–--–------------------------ში მდებარე „თ---–----–--------------“ ვაჭრობის №3- საიჯარო მაღაზიის დირექტორის მოადგილე. 4 მარტს, გამთენიისას შეატყობინეს მაღაზიის გაქურდვის ფაქტი და შემთხვევის ადგილზე მისულმა ეზოში ნახა ლ------ი ფერის ვაზ 2--- მარკის ა/მანქანა, რომელშიც იდო მათი მაღაზიის კუთვნილი „ჰონდას“ ფირმის გენერატორი, პულივიზატორი და ქანჩების ნაკრები, რაც გამოძიების მიერ დაბრუნებული იქნა მაღაზიისათვის. დაზარალებულის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებულ ა/მანქანას, რომელიც გაფორმებული იყო მეუღლის სახელზე, მართავდა მისთვის უცნობი პირი - ა-–------ ო--------ი, ასევე ცნობილია, რომ განსასჯელის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მათი მაღაზიიდან წინა წლებში მომხდარი ქურდობისას წაღებული სხვადასხვა დასახელების ნივთები.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე გ---–----- ო--------ის ჩვენებები (ფაქტობრივი გარემოებები უმეტესწილად ერთნაირადაა მითითებული, თუმცა არის გარკვეული წინააღმდეგობები და უზუსტობები), კერძოდ:
04.03.1--- და 05.03.1--- წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, გ---–----- ო--------ი 1983 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა-–------ ო--------თან და 1--- წლის 24 ნოემბრამდე ცხოვრობდნენ ერთად საბანაკო დასახლება, პირველი ქუჩა, ბ-------–-. 1--- წლის 25 ნოემბერს მეუღლეებმა იჩხუბეს და განსასჯელი სახლიდან წავიდა დეკემბრის ბოლოს. 1--- წლის 8 დეკემბერს, მან და მეუღლემ ერთად შეიძინეს ლ------ი ფერის ა/მანქანა ვაზ 2--- სახ№О 5-------, რომელიც გაფორმდა გ---–-----ს სახელზე, თუმცა მართავდა ა-–------ი, ვინაიდან ქალბატონმა არ იცოდა მანქანის მართვა. მანქანას აჩერებდნენ სახლის ავტოფარეხში, რომლის გასაღებიც ჰქონდა ა-–------ს. მეუღლის სახლიდან წასვლის შემდეგ, ა/მანქანა დარჩა გ---–-----სთან, ავტოფარეხის გასაღები კი ჰქონდა განსასჯელს, ვინაიდან იქ ინახავდა სხვადასხვა ნივთებს. მოწმის ჩვენებით, 1--- წლის 9 იანვარს ბავშვების სანახავად მივიდა ა-–------ი, გამოიცვალა და წავიდა ისე, რომ მანქანა არ წაუყვანია. მეორედ მივიდა 1--- წლის იანვრის შუა რიცხვებში და მანქანა წაიყვანა 1 დღით, დილიდან საღამომდე. მოწმის ინფორმაციით, მათ მანქანას ჰქონდა 1 გასაღები და ინახებოდა მასთან, ზ/აღნიშნული დღის შემდეგ კი ა-–------ს მანქანა არ წაუყვანია. 1--- წლის 4 მარტს, 09:00 საათზე, დედამ ლ----- ბ--–----მა გ---–-----ს უთხრა, რომ მანქანა აღარ იყო ეზოში და ხომ არ იცოდა, სად იყო. დედის განმარტებით, 3 მარტს დაძინებამდე მანქანა ადგილზე იყო, გაღვიძებულს კი აღარ დახვდა. მოწმე გაემართა ნათლიასთან, ს------ მ--------თან, რომელსაც შეხვდა სახლთან, უამბო მანქანის დაკარგვის ამბავი და რჩევა ჰკითხა, თუ როგორ მოქცეულიყო. მოწმის ჩვენებით, ს------ს ა/მანქანით მივიდნენ გ---–-----ს სახლში, ბავშვები გაუშვა დედასთან 3-4 სახლის მოშორებით და სახლიდან გამოსულს შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა მოთხოვნითაც სახლიდან გამოიტანა კუთვნილი ა/მანქანის რგოლზე აცმული 4 გასაღები. პოლიციელების კითხვაზე, უპასუხა, რომ ჰყავდა ვაზ 2--- მარკის ა/მანქანა სახ№О 5-------, რომელიც მოპარეს და პოლიციაში მიდიოდა განცხადების შესატანად. პოლიციის თანამრომლებმა მიიყვანეს ვაკეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც იდგა მისი ა/მანქანა და რომელშიც მოთავსებული იყო წითელი ფერის გენერატორი, გაზის ბალონი, მინის საჭრელი, სახრახნისები, აგრეთვე სხვადასხვა მოწმისა და მისი მეუღლის კუთვნილი ნივთები. მოწმის ჩვენებით, 1--- წელს ა-–------მა მანქანის კარის გასაღებები შეცვალა და სახლიდან წასვლამდე მასთან ინახებოდა, მას შემდეგ კი, განსასჯელმა გასაღებები მეუღლეს დაუტოვა და იცოდა, რომ ინახებოდა სახლში ლარნაკში. სწორედ აღნიშნული გასაღებები წარუდგინა პოლიციელებს 4 მარტს, თუმცა ვერ ხსნის, რატომ არ განუცხადა სამართალდამცველებს გასაღებების შეცვლის ფაქტი.
05.03.1--- წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, გ---–----- ო--------ი მეუღლესთან იყო კონფლიქტში დიდი ხნის მანძილზე, რის გამოც სახლიდან გააგდო, ვინაიდან ბინაც და ქონებაც მას ეკუთვნოდა, თუმცა ა-–------მა არ დაუბრუნა ა/მანქანა და მინდობილობა. აღნიშნულის გამო კვლავ იჩხუბეს და მეუღლის მოთხოვნით, ა-–------მა მანქანა 1--- წლის 3 მარტს დაახლოებით 15-16 საათზე გააჩერა დედამისის საცხოვრებელი სახლის ეზოში და გასაღები გადასცა გ---–-----ს. 1--- წლის 4 მარტს დილით, გ---–-----ს დედამ უთხრა, რომ ღამით მისმა მეუღლემ წაიყვანა მანქანა, რაზეც შვილმა უპასუხა, რომ ა-–------ი ვერ შეძლებდა, რადგან გასაღები მას ჰქონდა. პოლიციაში განცხადების შესატანად მიმავალ გ---–-----სა და მის ნათესავს ს------ მ--------ს მოწმის სახლთან შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს ჭ--------------ში, სადაც იდგა მოწმის მანქანა. გ---–-----მ პოლიციას გადასცა მეუღლის მიერ დატოვებული გასაღებები, თუმცა კარის გაღება ვერ შეძლეს.
10.05.1--- წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, გ---–----- ო--------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
17.06.2009 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, 1--- წელს დაკავებული და დაკითხული იყო მისი მეუღლის, ა-–------ ო--------ის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე. ქურდობის ჩადენამდე, ა-–------თან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა და განსასჯელი ხშირად არ მიდიოდა სახლში. მეუღლის მიერ მაღაზიის გაქურდვის თაობაზე მოწმემ შეიტყო პოლიციის თანამშრომლებისგან, თუმცა როდის და რა ნივთები მოიპარა ა-–------მა არ იცის.
05.07.2009 წლის დაკითხვის ოქმის თანახმად, გ---–-----მ და ა-–------მა ა/მანქანა შეიძინეს თანაცხოვრების პერიოდში, 1--- წელს. დაშორების შემდეგ, ა/მანქანა იდგა მოწმის დედის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-------------------ში და გასაღებები ჰქონდა გ---–-----ს, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ა-–------ს, რომელმაც 1--- წელსვე შეცვალა გასაღებები, მისთვის დაუტოვებია ძველი, უვარგისი გასაღებები. მოწმის ჩვენებით, პოლიციისაგან შეიტყო, 1--- წლის 4 მარტს მისი მეუღლის მიერ მაღაზიის გაქურდვის ფაქტი, მისი ბინიდან კი მოპარულ ნივთებთან ერთად ამოიღეს მისი კუთვნილი სხვადასხვა დასახელების ნივთებიც.
24.09.2009 წლისა და 04.01.2012 წლის დაკითხვის ოქმების თანახმად, ა/მანქანა ვაზ 2--- სახ№О 5------- 1--- წელს გ---–----- ო--------ს უყიდა დედამ და მიუხედავად იმისა, რომ გაფორმდა მის სახელზე, ა/მანქანას მართავდა ა-–------ ო--------ი. 1--- წლის 4 მარტს მოწმეს დედამ უთხრა, რომ მისი მეუღლე ა-–------ი ღობიდან გადასულა ეზოში და წაუყვანია ზ/აღნიშნული ა/მანქანა. მოწმის ჩვენებით, მის კუთვნილ ა/მანქანას მრავალი წელია ადევს ყადაღა, რის გამოც ვერ სარგებლობს და ადგება ზიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილი (1960 წლის რედაქცია) დასჯად ქმედებად მიიჩნევდა ქურდობას, ე.ი. საზოგადოებრივი ქონების ფარულად გატაცებას საცავში შეღწევით.
მოცემულ შემთხვევაში სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან (მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები) ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებასთან ა-–------ ო--------ის სავარაუდო კავშირზე (იმ ა/მანქანის განსასჯელის მფლობელობაში ყოფნაზე, რომელშიც აღმოჩენილი იქნა მაღაზიიდან მოპარული ნივთები) არის მისი ყოფილი მეუღლის გ---–----- ო--------ის საჯაროდ წაკითხული ჩვენებები. სხვა არცერთი მტკიცებულება არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც არ ადასტურებს ა-–-----------ის ბრალეულობას რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში, უფრო მეტიც, გამოკვლეული მტკიცებულებები არანაირ ინფორმაციას არ შეიცავენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.
რაც შეეხება ერთადერთ მტკიცებულებას - გ-----------ის ჩვენებებს (რაც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან მოწმის ადგილსამყოფელი დაუდგენელია), რაც მიუთითებს დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების ადგილსამყოფელთან - ა/მანქანასთან და არა უშუალოდ დანაშაულებრივ ფაქტთან ა-–-----------ის კავშირზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
ევროსასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალზე ფრთხილად და სათანადო წინდახედულობით უნდა შეფასდეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიღებულია ისეთ პირობებში, როდესაც დაცვის უფლება არაა უზრუნველყოფილი. ზოგიერთ გარემოებაში შეიძლება საეჭვო გახდეს გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებებზე მითითება მაშინ, როდესაც ბრალდება მთლიანად ან მეტწილად დაფუძნებულია პირის ჩვენებებზე, რომლის უშუალოდ დაკითხვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე, რაც მისცემდა სასამართლოს საშუალებას, რომ ერთმანეთისათვის შეედარებინა მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებები და ეჭვი შეეტანა მათ სანდოობაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა მოწმე გ---–----- ო--------ის ჩვენება (მისი სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხერხდა ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო და საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიებაში მიცემული ჩვენებები) და უშუალოდ შეეფასებინა მისი ქცევა, აგრეთვე მოვლენათა მის მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
... დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 118). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს არ შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმე, რადგან ეს უკანასკნელი გარდაიცვალა და სასამართლომ მისი ინფორმაცია მტკიცებულებად დაუშვა, განიხილავს აღნიშნულ ორ ნორმასთან მიმართებაში (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, § 40). აღნიშნულ კონტექსტში, სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერსებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 130).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობას, უპირატესად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა მათ ხელთ არსებული მტკიცებულების შეფასება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა, იმის ჩათვლით, თუ რამდენად სამართლიანად იყო მტკიცებულება მოპოვებული (inter alia, გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany), განაცხადი no. 22978/05 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, § 162.
ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი no. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27).
1) კერძოდ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი. მოწმის გარდაცვალების შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს სტანდარტული ფრაზაა, რომ იმის გამო, რომ მოწმე ვერ იკითხება სასამართლოზე, პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს.
2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო გარდაცვლილი მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშნველოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება (Ibid. § 131).
3) თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119).
საქმეზე ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ, პირი, რომელმაც გამომძიებელს განმცხადებლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, გარდაიცვალა და მისი დაკითხვა სასამართლოზე ვერ მოხერხდა. ამის გამო მოპასუხე სახელმწიფოს პასუხი არ უნდა ეგო, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საგულდაგულოდ გაანალიზეს ბრალდების მოწმის ჩვენებები და დაასკვნეს, რომ ისინი გამყარებული იყო რიგი სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების საქმე განიხილა სამართლიანმა სასამართლომ და მათ მიმართ არ ჰქონდა კოვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ (Ferrantelli and Santangelo v. Italy), განაცხადი no. 19874/92, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 52-53).
საქმეზე ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებელმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა თავის ნაცნობს, რასაც შედეგად მოყვა სიკვდილი. განმცხადებელს ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განმცხადებელი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უსამართლო იყო, ვინაიდან მას არ შეეძლო ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც მსჯავრდების ძირითად საფუძველს შეადგენდა. კერძოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა განმცხადებლის მსჯავრდება დააფუძნეს სამი მოწმის ჩვენებას და ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას. სამი მოწმიდან ორი მოწმე იყო თვითმხილველი და არცერთი მათგანის ჯვარედინი დაკითხვა სასამართლოში არ მოხერხდა, ვინაიდან ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორეს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ ჰქონდა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადება. მესამე მოწმე ირიბ ჩვენებას იძლეოდა. ბულგარეთის კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება პირის მსჯავრდება მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ემყარებოდეს. შესაბამისად, ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მსჯავრდებისთვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტორები: მოპასუხე სახელმწიფო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოწმე გარდაიცვალა და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა სასამართლო განხილვისას, მაგრამ მიიჩნია, რომ მეორე თვითმხილველი მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები, რის შედეგადაც ბრალდებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომელთა ჩვენებასაც ძირითადად დაეყრდნო სასამართლო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებაში და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დანიშვნაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, §§ 44-45).
საქმეზე მიკა შვედეთის წინააღმდეგ, განმცხადებელს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში. დაზარალებულმა განაცხადი შეიტანა პოლიციაში და დაიკითხა. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და ისარგებლა ქალთა კლინიკის კონსულტანტის მომსახურებით. თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაზარალებულმა თავი მოიკლა. განმცხადებელი თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ დააკავეს და წარუდგინეს ბრალი გაუპატიურებაში. ამ დროისთვის ბრალდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის სამედიცინო შემოწმების დასკვნა, კონსულტანტის შენიშნვები, დაზარალებულის წერილობითი ჩვენება. დაკავების შემდეგ, ჩატარდა განმცხადებლის სისხლის ნიმუშის დნმ-ის ანალიზი და დადგინდა იდენტობა დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილ სპერმას შორის.
მოცემულ საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებული გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და შვედეთის ხელისუფლებას არ შეიძლებოდა პასუხი ეგო იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ამასთან, დაზარალებული გარდაიცვალა განმცხადებლისთვის ბრალის წარდგენამდე და ამიტომ ამ უკანასკნელს მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ ჰქონია არც გამოძიების ეტაპზე, რაზეც სახელმწიფო ასევე არ აგებს პასუხს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, მტკიცებულებად დაეშვა დაზარალებულის ჩვენება, მოცემული პოლიციის პატაკში, თავისთავად არ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid. § 37).
ევროპული სასამართლოს გადასაწყვეტი იყო, ხომ არ ემყარებოდა მთლიანად ან ძირითადად, განმცხადებლის მსჯავრდება დაზარალებულის ჩვენებას ისე, რომ მისი უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე დარღვეულად ჩათვლილიყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, ვინაიდან ეროვნულ სასამართლოს წინაშე სხვა მოწმეებიც წარსდგნენ და წერილობითი მტკიცებულებაც იქნა განხილული (Ibid. § 38).
რაც შეეხება მეორე კითხვას, ხომ არ იყო დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის მსჯავრდებისთვის და საქმეში არსებობდა რიგი სხვა მტკიცებულებები, დოკუმენტებისა თუ ჩვენებების სახით, რომლებიც დეტალურად იქნა გამოკვლეული ეროვნული სასამართლოების მიერ; ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყო ნივთმტკიცებულებებით და ამიტომ დაზარალებულის ჩვენებას განმცხადებლის მსჯავრდებაში ძირითადი მნიშვნელობა არ ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელმა ისარგებლა სამართლიანი სასამართლოთი და მას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები არ დარღვევია (Ibid . §§ 39-42).
საქმეზე ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განმცხადებლების წინააღმდეგ საქმეში არსებობდა დაზარალებულის გამოძიების დროს დეპონირებული ჩვენება. დაზარალებულის გარდაცვალების გამო, ბრალდებულებს არ შეეძლოთ მისი სასამართლო განხილვის დროს დაკითხვა. ამასთან, დაზარალებული იყო რეგისტრირებული ალკოჰოლიკი, განმცხადებლების მიერ მასზე სავარაუდო თავდასხმის დროს ის ნასვამი იყო და თავად მისივე ჩვენების თანახმად, „ბუნდოვნად“ ახსოვდა თავდასხმის დეტალები (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება).
ევროპულმა სასამართლომ იმის შეფასებისას, იყო თუ არა დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი განმცხადებლების ბრალდებისთვის, ყურადღება მიაქცია ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდება ემყარებოდა დაზარალებულის ჩვენებას. სააპელაციო სასამართლომ, დაზარალებულის ჩვენების გარდა, რიგ სხვა არსებით მტკიცებულებებზე მიუთითა (Ibid . § 141). თუმცა, საბოლოო ჯამში, ევროპულმა სასამართლომ მთავარი აქცენტი გადაიტანა საპროცესო გარანტიებზე და მათ გამოყენებაზე, ვინაიდან, თუნდაც მტკიცებულება გადამწყვეტი ყოფილიყო მსჯავრდებისთვის, ეს თავისთავად მე-6 მუხლს არ დაარღვევდა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ განიხილა შუამდგომლობა დაზარალებულის ჩვენების მტკიცებულებად დაუშვებლობის შესახებ მის გამოქვეყნებამდე; დეტალური დასაბუთებით გაამყარა თავისი უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; მოსამართლემ განუმარტა ნაფიც მსაჯულებს დაზარალებულის ჩვენების მნიშვნელობა და მისცა მითითება, ყურადღებით მოკიდებოდნენ ინფორმაციას; აუხსნა, თუ როგორ შეიზღუდა დაცვის უფლება იმის გამო, რომ დაზარალებულის გარდაცვალების გამო მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. ბრალდებულებს შეეძლოთ, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა, მათ ეცნობათ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული დეტალები და შეეძლოთ ჩვენების უტყუარობაზე დავა დაზარალებულის ალკოჰოლიზმსა და „ბუნდოვან“ მეხსიერებაზე მითითებით. საბოლოო ჯამში, ევროპული სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების გამოყენებით, ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ სამართლიანად და ჯეროვნად შეეფასებინათ დაზარალებულის ჩვენება. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid . §§ 142-143).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე გ-----------ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (მისი ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო), მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენებები საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მოწმის ჩვენება არ იყო გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ა-–------ ო--------ის საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებაში, ამასთან მოწმის ჩვენების უტყუარობასა და სანდოობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები გ-----------ის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების, ყოფილ მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციისა და მოწმის შესაძლო დაინტერესებულობის გათვალისწინებით (ა/მანქანა, რომელშიც აღმოჩენილი იქნა ნაქურდალი ნივთები, რეგისტრირებული იყო გ-----------ის სახელზე, მეუღლესთან დაშორების შემდეგ მისი სახლის ეზოში იდგა და შესაბამისად, მოწმესაც ჰქონდა შემხებლობა, ამასთან ვინაიდან მაღაზიიდან მოპარული ნივთები აღმოჩენილი იქნა სწორედ გ-----------ის სახელზე რეგისტრირებულ ა/მანქანაში, მოწმის ჩვენება ა-–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის დღეს დაუკითხავად წაყვანის თაობაზე არაა გამორიცხული წარმოადგენდეს გ-----------ის მიერ ფაქტობრივი გარემოებების მისთვის სასურველი ინტერპრეტაციის მიცემას საკუთარი პასუხისმგებლობის გამორიცხვის მიზნით.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ-----------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წარდგენილ ბრალდებაში ა-–------ ო--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შესაბამისობაშია როგორც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.
საქართველოს სსსკ-ის 13--ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლით, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-–------ ო--------ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც ა-–------ ო--------ი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 504-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 523-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–------ ო--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ა-–------ ო--------ის მიმართ 1--- წლის 23 მარტის დადგენილებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ა-–------ ო--------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
გაუქმდეს 1--- წლის 8 მარტისა და 14 მარტის დადგენილებები სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთებზე და 1--- წლის 23 მარტის დადგენილება ა/მანქანაზე ვაზ 2---1 სახ№О 5-------- ყადაღის დადების თაობაზე.
გაუქმდეს 1--- წლის 5 ივნისის დადგენილება ა-–------ ო--------ის საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე ყადაღის დადებისა და მისი ამოღების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია