გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.04.2019
საქმის ნომერი
411210019002853954
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 411210019002853954

საქმე # 2/37-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 აპრილი, 2019 წელი ქ. კასპი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მაგისტრი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

მოსარჩელე: ვ-–- ლ-----–---–ი

წარმომადგენელი: გ--------- ქ-------------ე

მოპასუხე: ზ---- ბ--------ე

წარმომადგენელი: ა-–---------- შ--–-----–---–ი

დავის საგანი: დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. არასრულწლოვანი შვილის - მ---- ლ-----–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის - 130 ლარის შემცირება და 50 ლარით განსაზღვრა (მოთხოვნა დაზუსტდა სასამართლო სხდომაზე).

 

სარჩელის თანახმად, მხარეები 2010 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2012 წლის 23 მაისს დაბადებული მ---- ლ-----–---–ი.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ვ-–- ლ-----–---–ს არასრულწლოვანი შვილის - მ---- ლ-----–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა თვეში 130 ლარის გადახდა.

 

2018 წლის შემდეგ ვ-–- ლ-----–---–ის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, შეიცვალა მისი სამსახურეობრივი მდგომარეობა და, შესაბამისად, შეუმცირდა ხელფასიც.

 

მოსარჩელის განმარტებით, ვ-–- ლ-----–---–ს არასოდეს აურიდებია თავი მშობლის უფლება-მოვალეობების შესრულებისათვის, შესაძლებლობის ფარგლებში მუდამ ცდილობს ბავშვთან კონტაქტს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არასწორია, კერძოდ, ვ-–- ლ-----–---–ის მატერიალური მდგომარეობა, ალიმენტის დაკისრების შემდეგ, არ შეცვლილა. მისი განმარტება, რომ საუარესოდ შეიცვალა მისი ფინანსური მდგომარეობა, არ შეესაბამება სიმართლეს; იგი ცდილობს, თავი აარიდოს შვილის რჩენის მოვალეობას. მოსარჩელეს ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი; მათთვის თბილისში იყიდა სახლი, ასევე აჩუქა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიაბში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო მცირეწლოვან შვილზე – მ---- ლ-----–---–ზე ზრუნვას კი არიდებს თავს. მოპასუხე არის უმუშევარი. ის რეგისტრირებულია სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამაში და მისი სარეგისტრაციო ქულა შეადგენს 80200–ს, რის გამოც იღებს საარსებო შემწეობას არასრულწლოვან ოჯახის 1 წევრზე 50 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოსარჩელე 2010 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ---- ბ--------ესთან და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2012 წლის 23 მაისს დაბადებული მ---- ლ-----–---–ი.

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობა; გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის N 2/1304-17 (140210017002063067) გადაწყვეტილება; მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე; მ---- ლ-----–---–ი ცხოვრობს დედასთან ზ---- ბ--------ესთან ერთად.

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის N 2/1304-17 (140210017002063067) გადაწყვეტილება; მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, ვ-–- ლ-----–---–ს არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 23 მაისს დაბადებული მ---- ლ-----–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისრა თვეში 130 ლარი.

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის N 2/1304-17 (140210017002063067) გადაწყვეტილება; მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.4. ზ---- ბ--------ე რეგისტრირებულია სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამაში, მისი სარეგისტრაციო ქულა შეადგენს 80200–ს, რის გამოც იღებს საარსებო შემწეობას არასრულწლოვან ოჯახის 1 წევრზე 50 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ კასპის რაიონული განყოფილების 2019 წლის 14 მარტის N 04-13-04/719 ცნობა.

 

3.2.5. ვ-–- ლ-----–---–ს 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის თებერვლამდე შპს ,,ჯ---------------------------------ისგან" ხელფასის სახით მიღებული აქვს ყოველთვიურად შემდეგი ოდენობის თანხები: 1512 (დაკავებული გადასახადი 302,40), 1310,40 (დაკავებული გადასახადი 262,08), 907,20 (დაკავებული გადასახადი 181,44), 907,20 (დაკავებული გადასახადი 181,44), 1209,60 (დაკავებული გადასახადი 241,92), 806,40 (დაკავებული გადასახადი 161,28), 705,60 (დაკავებული გადასახადი 141,12), 50 (დაკავებული გადასახადი 10), 537,60 (დაკავებული გადასახადი 107,52), 504 (დაკავებული გადასახადი 100,80), 848,40 (დაკავებული გადასახადი 169,68), 554,40 (დაკავებული გადასახადი 110,88), 504 (დაკავებული გადასახადი 100,80), 655,20 (დაკავებული გადასახადი 12842);

 

მტკიცებულება: შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 3 აპრილის № 21-11/35208 მომართვა.

 

3.2.6. ვ-–- ლ-----–---–ი სს „ს----------–--------ში“ არსებული სესხის დასაფარად იხდის 120.28 ლარს.

 

მტკიცეულება: სს „ს----------–--------ის“ 2019 წლის 4 აპრილის № 39/3554 მომართვა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი საფუძველზე, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის - 2012 წლის 23 მაისს დაბადებული მ---- ლ-----–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით გადასახდელი თანხა განისაზღვრა თვეში 130 ლარი 2017 წლის 27 აგვისტოდან.

 

მოსარჩელე ითხოვს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა და გაუარესდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

იმავე კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახადელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდნენ ვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს ალიმენტის ოდენობაში ცვლილებების შეტანა სასამართლოს მიერ.

 

ამდენად, ალიმენტის გადამხდელმა პირმა უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს მტკიცებულებანი იმისა, რომ მას ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც წარმოიშვა ალიმენტის დაკისრების შემდეგ, აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ვ-–- ლ-----–---–ს ალიმენტის ოდენობად განესაზღვრა 130 ლარი;

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ვ-–- ლ-----–---–ის შემოსავალი თვეში შეადგენს დაახლოებით 550-600 ლარს, საიდანაც ყოველთვიურად სს „ს----------–--------ში“ არსებული სესხის დასაფარად იხდის 120.28 ლარს.

 

როგორც აღინიშნა, ვ-–- ლ-----–---–ის შემოსავალ-გასავალი 2018-2019 წლებში, ანუ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, არის თითქმის იდენტური, როგორც ეს გადაწყვეტილების გამოტანამდე იყო (იხ. ფაქტობრივი გარემოებების 3.2.5. - 3.2.6. პუნქტები).

 

აქედან გამომდინარე, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდნენ ვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე, ადგილი არ აქვს. შესაბამისად, ვერც დაკისრებული ალიმენიტის ოდენობა იქნება შემცირებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლებმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. მნიშვნელოვანია მშობლის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილებისას უპირველესად გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით 2019 წლის 12 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერზე მითითებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების ოთხი პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ვ-–- ლ-----–---–ს მოპასუხე ზ---- ბ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში 300 (სამასი) ლარის გადახდა, რაც გონივრულია მოცემული საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

1. ვ-–- ლ-----–---–ის სარჩელი ზ---- ბ--------ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის - 130 (ასოცდაათი) ლარის შემცირებისა და 50 (ორმოცდაათი) ლარით განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის წარმომადგენლის - გ--------- ქ-------------ის მიერ 2019 წლის 16 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელე ვ-–- ლ-----–---–ს მოპასუხე ზ---- ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში 300 (სამასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. №124) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

 

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი