განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ანი ხახანაშვილის,ადვოკატ ი------------–---–--,ბრალდებულ გ------------------–-- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------------------–-- (პირადი #0----------) - დაბადებულის 19---–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ვა–-–----------------–------------------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------------------–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 0---- საათზე, თბილისში, ვ-–-–----------------–---------------------–--------------------ში, გ------------------–-- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ-------------- მიმართ, სახეში ხელის დარტყმითა და ყელში ხელის მოჭერით, განახორციელა ძალადობა. გ------------------–-- აღნიშნული ქმედებით ნ-------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავე დროს, ფიზიკური შურაცხყოფის მიყენებისას, გ------------------–- ნ--------------, დანის დემონსტრირებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც ნ-------------- გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 1---- საათზე, იმავე მისამართზე, თბილისში, ვ-–-–----------------–---------------------–--------------------ში, გ------------------–-- არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ-------------- მიმართ, ფეხების არეში ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, კვლავ განახორციელა ძალადობა. გ------------------–-- აღნიშნული ქმედებით ნ-------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ გ------------------–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ნ--------------, მოწმეების: დ------------------------------------–------------------------------------–------- გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია გ------------------–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
უტყუარადაა დადგენილი, რომ გ------------------–-- მეუღლეს - ნ-------------- 2018 წლის 22 დეკემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტიც და მსხვერპლიც ოჯახის წევრი უნდა იყოს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.
ამდენად, გ------------------–-- ჩაიდინა ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მეუღლეს - ნ-------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შესაბამისად, გ------------------–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლებით და სასჯელები განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსში 2018 წლის 30 ნოემბერს შეტანილი ცვლილებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გამკაცრდა თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის ზომა, კერძოდ, განისაზღვრა ორი წლით, ხოლო კანონის ძალაში შესვლამდე მაქსიმალური ზღვარი იყო ერთი წელი. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს რა სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, გ------------------–- ამ კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელს დაუნიშნავს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახით ითვალისწინებდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, ხოლო სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ------------------–-- დაზარალებულ ნ-------------- მიმართ განახორციელა სამი დამოუკიდებელი ქმედება. ამრიგად, მისი სახით საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის გ------------------–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორივე ეპიზოდში) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, ასევე, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - დამატებითი სასჯელის გამოყენებას.
ამავდროულად, გ------------------–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
აღნიშნული გარემოებების არსებობისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გ------------------–-- მიმართ დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის წესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორ ეპიზოდში - 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (პირველ ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მეორე ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად; მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ------------------–- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, გ------------------–-- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, გ------------------–- დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ------------------–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 22 დეკემბრიდან 2018 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით - 3 (სამი) დღე.
გ------------------–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე