განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1----18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-----------–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----------–-----------–-------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1----–-–-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ც-------------------------–---–---–-–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------ში.
ადვოკატი - ზ---–-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 7 აპრილს, მ------------------ი მაღაზია „გ-------------ის“ თანამშრომლებს გაეცნო და მოატყუა, თითქოს ქ.თბილისი, წ-------–--------. N1---ში ჰქონდა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომლის საქმიანობისთვისაც ესაჭიროებოდა მაღაზიაში არსებული გასაყიდი სხვადასხვა დასახელების პროდუქცია და შესთავაზა ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც ის ყოველთვიურად წაიღებდა გარკვეულ პროდუქტს, ხოლო ღირებულებას ყოველი თვის ბოლოს გადაიხდიდა. მაღაზია „გ-------------ის“ ხელმძღვანელი პირები ენდნენ მ------------------ს და გააფორმეს მასთან ხელშეკრულება. 2017 წლის 10 აპრილს მ------------------ი, მივიდა ქ.თბილისი, ვ-–-–------------------–---–ის ქუჩა N1-ში მდებარე, მაღაზია „გ-------------–-“ და თვალთმაქცური ხელშეკრულების საფუძველზე, იმ პირობით, რომ მოგვიანებით გადაიხდიდა პროდუქტების ღირებულებას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა 1301 ლარის ღირებულების ალკოჰოლურ სასმელს, სიგარეტსა და სხვა საკვებ პროდუქტს, რის შემდეგაც გაწყვიტა შპს „გ-------------თან“ ყოველგვარი კავშირი ისე, რომ მათი ღირებულება არ გადაუხდია.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის - ხ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შპს „გ-------------–-“ მენეჯერის პოზიციაზე. 2017 წლის აპრილის თვეში დაუკავშირდა მ------------------ი, რომელმაც შესთავაზა თანამშრომლობა და განუცხადა, რომ ქ. თბილისში, წ-------–--------ირ N1---ში გახსნილი ჰქონდა შპს „ჩ--------ი“, რომლისთვისაც კონსიგნაციით უნდოდა პროდუქციის გატანა, თვეში ერთჯერადი გადახდით. თანხის გადახდა მოხდებოდა ყოველი თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა. მან მ------------------ს განუმარტა, რომ აღნიშნული საკითხი დირექტორთან უნდა შეეთანხმებინა. ესაუბრა დირექტორს, რომელსაც უთხრა, რომ ქალბატონი მ------ იყო კლინიკა შპს „ჩ--------ის“ წარმომადგენელი, რომელსაც უნდოდა მათთან თანამშრომლობა. დირექტორმა გადაამოწმა ნამდვილად არსებობდა თუ არა შპს „ჩ--------ი“ და როდესაც დარწმუნდა, რომ აღნიშნული შპს არსებობდა, აცნობა მ------------------ს, რომ თანახმა იყვნენ აღნიშნული პირობებით გაეფორმებინათ ხელშეკრულება. 2017 წლის 7 აპრილს მ------------------მა მიუტანა ხელშეკრულება, რომელსაც დირექტორი გაეცნო და მოაწერა ხელი. 2017 წლის 10 აპრილს მ------------------ი მივიდა ორ პირთან ერთად პროდუქციის შესარჩევად, თუმცა თავად შერჩევას არ დასწრებია. უბრალოდ მოლარე გააფრთხილა, რომ გატარების შემდეგ ზედნადები მიეტანა მისთვის. მ------------------მა შეარჩია და წაიღო 1300 ლარის ღირებულების პროდუქცია. პროდუქციის წაღების შემდეგ, როდესაც მოლარემ ზედნადები მიუტანა, ნივთების და პროდუქციის დასახელებამ მასში გამოიწვია ეჭვი, ვინაიდან ზედნადებებში მითითებული იყო ისეთი ნივთები, რომელიც ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს არ დასჭირდებოდა. აღნიშნულის შემდეგ მივიდნენ ქ.თბილისში, წ-------–--------ირი N1---ში, დაათვალიერეს სამი სართული და აღმოჩნდა, რომ კლინიკა შპს „ჩ--------ი“ არ არსებობდა. არსებობდა სხვა კლინიკა, რომელშიც არ ფლობდნენ ინფორმაციას აღნიშნული კლინიკის შესახებ. დაუკავშირდნენ მ------------------ს და სთხოვეს შეხვედრა ხელშეკრულების შეცვლის მიზნით, თვეში ორჯერადი გადახდით, მაგრამ მ------------------მა აგრესია გამოხატა მათ მიმართ, მოიმიზეზა, რომ შეხვედრაზე იყო და თავი აარიდა მათთან შეხვედრას. მ------------------ს მათ მაღაზიაში დარჩა ორი ცალი ბავშვის სათამაშო, დაუკავშირდნენ და სთხოვეს მისულიყო წასაღებად. მან განაცხადა, რომ მივიდოდა სათამაშოების წამოსაღებად, თუმცა არ მისულა. აღნიშნულის შემდეგ უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ თანხის გადახდას, რაზეც მ------------------ი პასუხობდა, რომ მას გადახდის ვადა ჰქონდა 25 რიცხვამდე. 25 რიცხვამდე მ------------ი ჩვეულებრივად პასუხობდა სატელეფონო ზარებს, ხოლო 25-ის შემდეგ საერთოდ გამორთო ოთხივე მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც მისთვის იყო ცნობილი. შემდეგ დაუკავშირდა იურისტს, რომელმაც გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ მ------------------ის კომპანია გადასახადს არ იხდიდა. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში შეიტანეს საჩივარი. ბრალდებულის ქმედებით შპს „გ-------------ს“ მიადგა 1300 ლარამდე ზიანი, რომლის ნაწილი - 800 ლარის ოდენობით მ------------------მა საჩივრის შეტანის შემდეგ აანაზღაურა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წელს მენეჯერისგან - ხ----------------ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მომხმარებელს - მ------------------ს ხელშეკრულების საფუძველზე უნდოდა პროდუქციის კონსიგნაციით წაღება. მის მიერ ელექტრონულად გადამოწმდა მ------------------ის კლინიკა შპს „ჩ--------ი“ და დადგინდა, რომ ეს შპს ნამდვილად არსებობდა, თუმცა ფუნქციონირებდა თუ არა, ამის გადამოწმების საშუალება მას არ ჰქონდა. მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზე მ------------------მა მაღაზიიდან წაიღო საქონელი, რომლის ღირებულება მას უნდა ჩაერიცხა ერთ თვეში. მ------------------ს პროდუქციის ღირებულება დათქმულ ვადაში არ ჩაურიცხავს. მასში ეჭვი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მ------------------მა მაღაზიიდან ისეთი პროდუქცია და ნივთები წაიღო, რაც კლინიკას არ სჭირდებოდა. მ------------------ის განმარტებით, მისი კლინიკის მისამართი იყო ქ.თბილისი, წ-------–--------ირი N1--, ასევე ჰქონდა სხვა ფილიალებიც. გადამოწმების მიზნით მივიდნენ მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა იქ არანაირი კლინიკა არ არსებობდა. დაუკავშირდნენ მ------------------ს და მოსთხოვეს თანხის ჩარიცხვა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ერთ თვეში ჩაურიცხავდა თანხას, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ მას თანხა არ ჩაურიცხავს და საერთოდ გამორთო მობილური ტელეფონი. აღნიშნულის გამო საჩივრით მიმართეს საგამოძიებო ორგანოებს. მ------------------ის მიერ შპს „გ-------------ისათვის“ მიყენებული იქნა 1300 ლარის ოდენობით ზიანი, რომელიც საგამოძიებო ორგანოში საჩივრის შეტანის შემდეგ აანაზღაურა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის იანვრის თვეში ვ---------------–ოს სამმართველოს მეექვსე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება შპს „გ-------------ის“ მიმართ თაღლითობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს „გ-------------ის“ დირექტორის დ----------------ის განცხადება, რომელშიც უთითებდა შპს „ჩ--------ის“ დირექტორის მ------------------ის მიერ სავარაუდო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე. მის მიერ გამოკითხულ იქნა დ----------------ე, შპს „გ-------------ის“ მენეჯერი ხ----------------ე, შპს „გ-------------ის“ მოლარე და მ------------------ი. საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია შპს „ჩ--------ის“ წესდებისა და მისი დარეგისტრირების თაობაზე. ასევე, შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით შპს „ჩ--------ი“ სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიდა თუ არა გადასახადებს და გააჩნდა თუ არა რაიმე სახის დავალიანება. მის მიერ გაგზავნილი იქნა წერილები ჯანდაცვის სამინისტროში იმასთან დაკავშირებით შპს „ჩ-------ს“ გააჩნია თუ არა საექიმო, ფარმაცევტული, აფთიაქის დაფუძნების უფლება და იმ ეტაპისთვის ფუნქციონირებდა თუ არა აფთიაქი. პროკურორის მიერ გამოტანილი იქნა პირის ბრალდების შესახებ დადგენილება, რომელიც გააცნო ბრალდებულს. მ------------------ი გამოძახებული იქნა განყოფილებაში, რომელიც დაიკითხა ბრალდებულის სახით.
2011 წლის 1-------------ის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ შპს „გ-------------ის“ დირექტორია დ----------------ე.
2017 წლის 2--------–ის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგენილია, რომ შპს „ჩ--------ის“ დირექტორია მ------------------ი.
2017 წლის 8-------–ის მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა შპს „გ-------------ის“ დირექტორს - დ----------------ეს და შპს „ჩ--------ის“ დირექტორს - მ------------------ს შორის მასზედ, რომ მ------------------მა შეიძინა საკვები პროდუქტები, მინერალები, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები, რომლის მიერ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 25 რიცხვამდე.
2018 წლის 17 იანვრის შპს „გ-------------ის“ დირექტორის დ----------------ის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგენილია, რომ მ------------------ის ქმედების შედეგად შპს „გ-------------ს“ მიადგა 1301 ლარის ოდენობით ზიანი.
2018 წლის 2----------–ის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლ--------------ის მიმართვის წერილით დადგენილია, რომ შპს „ჩ--------ის“ (ს/ნ 4--------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხები არ ფიქსირდება და 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის - მ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის გაზაფხულზე პროექტის ფარგლებში რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, რადგან უნდოდათ სათაო ოფისის გახსნა საქველმოქმედო ცენტრისთვის. ინტერნეტის მეშვეობით მოიძია ინფორმაცია შპს „გ-------------ის“ თაობაზე, მენეჯერს მიაწოდა მის მიერ დაფუძნებული შპს „ჩ--------ის“ რეკვიზიტები, მისამართი და ჩააყენა საქმის კურსში, რომ კლინიკა ჯერ არ იყო გახსნილი და მიმდინარეობდა ფართის მოძიება. მალევე მიუვიდა თანხმობა, რომ მზად იყვნენ მასთან თანამშრომლობისთვის, რის შემდეგ მივიდა და გაესაუბრა მაღაზიის მენეჯერს. შეთანხმდნენ, რომ მაღაზიიდან წაიღებდა პროდუქციას, ხოლო თანხას გადაიხდიდა ყოველი თვის 25 რიცხვამდე. სამი დღის შემდეგ მივიდა მაღაზიაში, მენეჯერს დაუტოვა ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილი დაუბრუნა უკან, თუმცა დირექტორს არ შეხვედრია. ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი დღის შემდეგ წაიღო 1300 ლარის ოდენობით საკვები პროდუქტები, სიგარეტი, ორი ბოთლი ვისკი, თანამშრომლებისთვის საოჯახო ნივთები და თეთრეული. მას არ უთქვამს მენეჯერისთვის, რომ ნივთები სარეაბილიტაციო ცენტრისთვის სჭირდებოდა. მან თავიდანვე განუმარტა, რომ ნივთები სჭირდებოდა თანამშრომლებისთვის. მას არ უთქვამს მენეჯერისთვის, რომ მისი შპს მდებარეობდა ქ.თბილისში, წ-------–ის N1---ში. მან თავიდანვე განუმარტა, რომ ეძებდა კომერციულ ფართს, სადაც შეიძლებოდა განთავსებულიყო მისი კლინიკა და ჩამოუთვალა სავარაუდო სამი მისამართი: ქ.თბილისი, წ-------–--------ირი N1--, ტ-–----------------- და ჭ-------------------. სავიზიტო ბარათი, რომელიც გადასცა მენეჯერს, სამი წლის წინ იყო დამზადებული და მასზე ფიზიკურად ვერ იქნებოდა მითითებული წ-------–--------ირი N1--. დაუკავშირდა ხ------- და ვინმე „------–--, რომელიც ემუქრებოდა და უთხრა, რომ მისი ნახვა უნდოდა. მან განუმარტა, რომ ცხოვრობდა დიღმის მასივში და სთხოვა მისულიყვნენ, თუმცა არ გამოთქვეს მასთან მისვლის სურვილი და მასთან არ მივიდნენ. მაღაზიას თანხა ვერ გადაუხადა იქიდან გამომდინარე, რომ მისი კლინიკის გახსნა დაგვიანდა. როცა უკავშირდებოდნენ, პასუხობდა, რომ აუცილებლად დაფარავდა თანხას, თანხის გადახდას თავს არ არიდებდა. მას არ გამოურთავს მობილური ტელეფონი, რა ნომერიც ორი წლის წინ ჰქონდა, იგივე ნომერი აქვს ეხლაც. მის მიერ ზიანის თანხა გადახდილი იქნა საქმეზე გამოძიების დაწყებამდე და მისთვის ბრალის გაცნობამდე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მან თავიდანვე განუმარტა მაღაზიის მენეჯერს, რომ ოფისი ჯერ არ იყო გახსნილი და ჰქონდა სამი სავარაუდო ვარიანტი, სადაც ოფისი უნდა გაეხსნა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მაღაზიის მენეჯერისა და დირექტორის ჩვენებებით ირკვევა, რომ მ------------------მა მაღაზიის მენეჯერს თავიდანვე უთხრა, რომ მისი შპს-ს ოფისი მდებარეობდა ქ.თბილისში, წ-------–--------ირ N1---ში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მას მაღაზიიდან წაღებული ნივთები უნდოდა თანამშრომლებისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ეტაპისათვის მას არც კი ჰქონდა გახსნილი თბილისში სარეაბილიტაციო ცენტრი და იგი მოქმედებდა მარტო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ დაზარალებული მხარისთვის ცნობილი იყო მისი საცხოვრებელი მისამართი, თუმცა არ გამოთქვეს სურვილი, რომ მისულიყვნენ მასთან. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული მხარე დაინტერესებული იყო კუთვნილი თანხის ამოღებით, რის გამოც ეჭვის გაჩენისთანავე დაუკავშირდნენ მ------------------ს და წარმომადგენლებიც კი გააგზავნეს დაზარალებულის მიერ მითითებულ ვითომდა ოფისის მისამართზე, ასევე, რეგულარულად ხდებოდა ბრალდებულთან მობილურ ტელეფონზე დაკავშირება. შესაბამისად, დაზარალებული მხარის მოქმედებებიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია განმარტება იმის თაობაზე, რომ დაზარალებულმა მხარემ არ მოინდომა ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე მისვლა და ბრალდებულთან კომუნიკაცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება მოგონილია ბრალდებულის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდგომ, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მ------------------ის შერაცხულ ბრალდებაში გამართლების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და წინააღმდეგობაშია მათთან, კერძოდ:
სასამართლო განმარტავს, რომ მ------------------ის მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რა განზრახვა ამოძრავებდა მას უშუალოდ ქმედების განხორციელებისას. ბრალდებულის განზრახვა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ნივთებს, უტყუარად დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ერთობლიობაში შეფასებით, კერძოდ:
დაზარალებულის წარმომადგენლის - ხ----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მაღაზიაში მივიდა ბრალდებული მ------------------ი, რომელმაც განუმარტა, რომ დაფუძნებული ჰქონდა შპს „ჩ--------ი“, რომლისთვისაც სჭირდებოდა კონსიგნაციით პროდუქციის გატანა, ხოლო თანხას გადაუხდიდა ყოველი თვის 25 რიცხვში. აღნიშნული გარემოების თაობაზე აცნობა დირექტორს - დ----------------ეს, რომელმაც გადაამოწმა ნამდვილად არსებობდა თუ არა მსგავსი შპს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად არსებობდა მ------------------ის მიერ მითითებული შპს, დათანხმდა ბრალდებულის წინადადებას. გააფორმეს ხელშეკრულება, რის შემდეგ მ------------------მა მაღაზიიდან წაიღო სხვადასხვა სახეობის ნივთები. თავად ნივთების შერჩევის პროცესს არ დასწრებია, თუმცა მოლარეს მისცა მითითება, რომ შერჩეული ნივთების ზედნადები გადაეცა მისთვის. მ------------------მა განუმარტა, რომ კლინიკის მისამართი იყო ქ.თბილისი, წ-------–--------ირი N1--. ბრალდებულის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეეპარა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც წაღებული ნივთების ჩამონათვალი ნახა, რომელიც მოიცავდა ისეთ პროდუქციას, რაც სამკურნალო ცენტრს არ დასჭირდებოდა. შემდეგ ბრალდებულმა საერთოდ გამორთო ტელეფონი, ხოლო მისამართზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბრალდებულის მიერ მითითებულ მისამართზე კლინიკა არ არსებობდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა მაღაზიის დირექტორის - დ----------------ის მიერ მიცემული ჩვენებითაც.
მოწმე მ---------------ას ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ მუშაობდა შპს „გ-------------–-“ მოლარის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა გაყიდული პროდუქციის გატარება. 2017 წლის აპრილის თვეში მასთან მივიდა მენეჯერი - ხ----------------ე, რომელმაც მიიყვანა ქალბატონი და უთხრა, რომ აღნიშნულ ქალბატონს მაღაზიიდან უნდა წაეღო პროდუქცია, ხოლო საფასურს მოგვიანებით გადაიხდიდა. რასაც მიუტანდა, გაეტარებინა და ამონაბეჭდი გადაეცა მისთვის. ქალბატონმა მიიტანა სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც გაატარა და წაიღო. ამის შემდეგ ამობეჭდა პროდუქციის ამონაბეჭდი, რომელიც მიუტანა მენეჯერს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ჩადენის ხერხზე, თუ როგორ და რა გზით დაეუფლა მ------------------ი მაღაზია „გ-------------ის“ კუთვნილ პროდუქციას. იგი ნდობაში შევიდა დაზარალებულთან, რომელთანაც გააფორმა ხელშეკრულება იურიდიული პირის სახელზე, რადგან რომ არა ამ ტიპის ხელშეკრულება, დაზარალებული მხარე, როგორც ფიზიკურ პირს მ------------------ს, არ ენდობოდა და არ გაატანდა პროდუქციას. ბრალდებულს ხელშეკრულების გაფორმება ესაჭიროებოდა იმისთვის, რომ სხვის კუთვნილ ნივთებს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა. რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, მან მიუთითა ის მონაცემები, რაც დარეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. საქმეზე გამოკვლეული 2018 წლის 2----------–ის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიმართვით დადგინდა, რომ შპს „ჩ--------ის“ (ს/ნ 4--------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხები არ ფიქსირდება. შესაბამისად, აღნიშნულით დასტურდება ის გარემოება, რომ ფაქტობრივად ზემოთმითითებული შპს რეალურად საქმიანობას არ ახორციელებდა.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს ბრალდებულის ქცევას პროდუქციის წამოღების შემდგომ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც პროდუქციის წაღებიდან გავიდა რამდენიმე დღე, მ------------------მა გათიშა ტელეფონი, რაც თავის მხრივ მიუთითებს, რომ მას არანაირი მზაობა არ ჰქონდა, რომ თანხა გადაეხადა. მას წინასწარ ჰქონდა განზრახული როგორ უნდა მოეტყუებინა შპს „გ-------------ის“ წარმომადგენლები. ბრალდებულის ქმედებამ დაზარალებულ მხარეში ეჭვი გამოიწვია, რის გამოც ხ----------------ემ და დ----------------ემ გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ რაში სჭირდებოდა სარეაბილიტაციო ცენტრს ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი, მივიდნენ ბრალდებულის მიერ მითითებულ მისამართზე ქ.თბილისში, წ-------–--------ირი N1---ში, თუმცა იქ არანაირი სარეაბილიტაციო ცენტრი არ დახვდათ, რის შემდეგ მათ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიზანი თავიდანვე იყო ნივთების დაუფლება და არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მ------------------ს თავიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ ხელშეკრულების დადებით მოატყუებდა დაზარალებულს და დაზარალებულის შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლებოდა სხვის კუთვნილ პროდუქციას.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულის მიერ თაღლითურად დაუფლებულ ნივთებზე, რომლის ნაწილი მას დარჩა შპს „გ-------------–-“. თუკი ბრალდებულს ნივთები სჭირდებოდა სარეაბილიტაციო ცენტრისთვის, ასეთ შემთხვევაში გაუგებარია რაში დასჭირდა ალკოჰოლი, სიგარეტი, რომელიც სრულიად გამოუყენებელია ისეთი დაწესებულებისათვის, როგორიცაა სარეაბილიტაციო ცენტრი. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ მ------------------ს შპს „გ-------------–-“ დარჩა რამოდენიმე ნივთი წამოსაღები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთები ეკუთვნის მ------------------ს, ეს ნივთები მას დღემდე არ წაუღია მაღაზიიდან.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის არსებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ხშირ შემთხვევაში თაღლითობის ჩადენისას დაზარალებულის შეცდომაში შეყვანა ხდება დაზარალებულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა ავტომატურად არ გამორიცხავს ბრალდებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებები მიუთითებს წინასწარი განზრახვით მოტყუებით ჩადენილ ქმედებაზე, რომლის მეშვეობითაც იგი დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ პროდუქციას. ბრალდებულს ხელშეკრულების გაფორმება დასჭირდა დაზარალებულის ნდობის მოსაპოვებლად, რათა მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ პროდუქციას, რადგან რომ არა ზემოთმითითებული ხელშეკრულება, დაზარალებული არ ენდობოდა მ------------------ს და არ გაატანდა პროდუქციას.
სასამართლოს შეფასებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ მ------------------მა მოიპოვა რა შპს „გ-------------ის“ წარმომადგენლების ნდობა, მოტყუებით დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ 1301 ლარის ღირებულების ალკოჰოლურ სასმელს, სიგარეტს და საკვებ პროდუქციას, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ------------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. დანაშაულის შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.
იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, ნათელია, რომ ბრალდებული მ------------------ი მოტყუებით დაეუფლა შპს „ გ-------------ის“ კუთვნილ ალკოჰოლურ სასმელს, სიგარეტს და საკვებ პროდუქციას.
სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ შპს „გ-------------ისათვის“ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1301 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ------------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ------------------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, იმ გარემოებას, რომ მ------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, რომ მას ჰყავს ერთი შვილი, იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია და მიაჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მ------------------ის რესოციალიზაციისათვის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე და 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინებით ბრალდებულ მ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 3 000 (სამი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: მ---–---------------ას (პირადი N3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე, ქ----------------------------------------- (საკადასტრო კოდით 4------------------ - ძველი საკადასტრო კოდი N-------------------- იმ წილს, რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი