გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2019
საქმის ნომერი
330210018002503320
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18413-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

 

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - სს ”თ--–--ი”

წარმომადგენელი - ჯ--- მ---------ე

 

მოპასუხე - ნ----- მ-------ე

 

დავის საგანი - მიწოდებული ელექტრონერგიის ღირებულების ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ნ----- მ-------ეს დაეკისროს სს ”თ--–--ის” სასარგებლოდ 769.65 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, სს ”თ--–--ი“ და მოპასუხე იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ა--------ის ნომერია №-------. მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 769.65 ლარის ოდენობით, დავალიანება დაგროვებულია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული დავალიანება ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ”თ--–--ის” საა--------ო ნომერზე №------- ა--------ად რეგისტრირებულია ნ----- მ-------ე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).

ა--------ის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 17-24).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-26).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ”თ--–--ის” მოთხოვნა მოპასუხე ნ----- მ-------ის მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების - 769.65 ლარის ანაზღაურების თაობაზე 487.79 ლარის ნაწილში ხანდაზმულია. რაც შეეხება დარჩენილ დავალიანებას - 281.86 ლარის ოდენობით, მოპასუხის მიერ აღნიშნული ოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 18 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტრენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მ--- მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე განიხილება და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი საიდანაც უნდა აითვალოს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დინება.

 

საქმეში წარმოდგენილი ა--------ის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, მოხმარებული ელექტრონერგიის ხარჯი ფიქსირდება ბოლოს 2--- წლის 25 მარტს, ხოლო ამ დროისათვის მიმდინარე გადაუხდელი თანხაა 363.18 ლარი, რაც შემდგომ იზრდება დარიცხული პორციების ხარჯზე და 2--- წლის 24 მაისის მდგომარეობით შეადგენს 769.65 ლარს. შესაბამისად, სს ”თ--–--ს” 2--- წლის 25 მარტს არსებულ დავალიანებაზე 363.18 ლარზე მოთხოვნის უფლება ა--------ის მიმართ წარმოეშვა 2--- წლის მარტში, კრედიტორს მოთხოვნის უფლება სადავო დავალიანებაზე უნდა გამოეყენებინა 2--- წლის მარტის ჩათვლით.

 

კრედიტორმა სს ”თ--–--მა” სარჩელი აღძრა 2--- წლის 20 ივნისს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 130-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორმა მითითებული სადავო დავალიანების მოთხოვნაზე სარჩელი აღძრა, ხანდაზმულობის სამი წლის ვადის გასვლის შემდეგ, რის შესაბამისადაც, სს „თ--–--ის” სასარჩელო მოთხოვნა 769.65 ლარიდან 487.79 ლარის ნაწილში ხანდაზმულია (დავალიანების ოდენობა სარჩელის შეტანიდან ბოლო სამი წლის - 2--- წლის ივნისის მდგომარეობით).

 

რაც შეეხება დარჩენილ დავალიანებას - 281.86 ლარის ოდენობით, სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც ბრუნვის ისტორიით დგინდება მოპასუხე 2--- წლის 25 მარტიდან არ მოიხმარს ელექტროენერგიას, მისი ხარჯი კვტ.სთ დაფიქსირებული 0.00. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ მიუწოდებია ელექტროენერგია, რომლის ღირებულების გადახდის ვალდებულებაც წარმოეშვებოდა მოპასუხეს. რაც შეეხება ბრუნვის ისტორიაში დაფიქსირებულ ყოველთვიურ ე.წ. პორციებს - 31.32 ლარის ოდენობით მათი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოპასუხესთან რაიმე შეთანხმება ვალის რესტრუქტურიზაციაზე საქმის მასალებით არ დგინდება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სს ”თ--–--ის” სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 144-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.

 

ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2--- წლის 18 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

 

ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე სს „თ--–--ის” ა--------ია. შესაბამისად, მხარეებს სს „თ--–--სა” და მოპასუხეს შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, ა--------ის ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სარჩელი სს ,,თ--–--ის’’ მიერ აღძრულია 2--- წლის 20 ივნისს. შესაბამისად, მოთხოვნა, 2--- წლის ივნისის მდგომარეობით არსებულ დავალიანებაზე ხანდაზმულია, კერძოდ - 487.79 ლარის ნაწილში. (ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მსჯელობა იხ. 3.2.1. პუნქტში).

 

რაც შეეხება დარჩენილ დავალიანებას - 281.86 ლარის ოდენობით, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება ამ ოდენობის ელექტროენერგიის მიწოდების ფაქტი, არც რაიმე შეთანხმება მხარეთა შორის დავალიანების გადანაწილებაზე. ა--------ი 2--- წლის მარტის თვიდან არ მოიხმარს ელექტროენერგიას, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ--–--ის“ მოთხოვნა 769,65 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ”თ--–--ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე