განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/209-19 (№046060219001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05.04.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: გ-------------------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ბ-–-------–-------ე
მამის სახელი: ვ-–---------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ----------–--------------–---–---------------
ადვოკატი: ნ-------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბ-–-------–-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ტყიბულში, კ------–---–----------------- მდებარე სახლში, ბ-–------–-------ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე ე---------–-------ეზე ( მუჭი დაარტყა თვალის არეში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 27 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ბ-–-------–-------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი ( წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ბ-–-------–-------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ბ-–-------–-------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე---------–-------ის ჩვენებით, მოწმე ა---------ის გამოკითხვის ოქმით, ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბ-–-------–-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ბ-–-------–-------ემ აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას; ის პირველადაა სამართალში და ამ შემთხვევამდე სხვა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში არ ყოფილა შემჩნეული; დაზარალებული ითხოვს ბრალდებულის მიმართ ყველა შესაძლო შეღავათის გავრცელებას; ბრალდებულს ჰყავს 5 შვილი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მასი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი არ არსებობს; აღსანიშნავია, რომ ძალადობის შედეგად დაზარალებულს დაზიანება არ აღენიშნება.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული პატიმრობაში იმყოფებოდა 31 დღე 2019 წლის 6 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, რაც უნდა ჩაეთვალოს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ-–-------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 390 (სამას ოთხმოცდაათი) საათის ოდენობით.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ბ-–-------–-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 06 თებერვლიდან 2019 წლის 08 მარტის ჩათვლით (31 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი(31*5=155) და საბოლოოდ ბ-–-------–-------ეს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა(390-155=235) 235 (ორას ოცდათხუთმეტი) საათი, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
3. ბ-–-------–-------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მარტის განჩინებით ბ-–-------–-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად თ-------------------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ა-------------------------–---–--–-----–-------------------------------------- - 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
4. მსჯავრდებულ ბ-–-------–-------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე