განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/654-18 (№111130418001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
04.04.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი გ-------------–----ე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ნ---------------–ია
მამის სახელი: თ-------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ-------–-------–-----------------------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი;
- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 10:00 საათზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიაში მყოფმა, სამხედრო პოლიციის ინსპექტორმა ნ---------------–იამ, შელაპარაკებისას, ასევე სამშვიდობო მისიაში მყოფ, სამხედრო პოლიციის ინსპექტორ მაიორ თ---------------ეს, დანის გამოყენებით სხეულზე არაერთჯერადი დარტყმით, მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 13 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნ---------------–იას მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს, ნ---------------–იამ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და სადავოდ აღარ ხდის ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავო მტკიცებულებაად ცნო ბრალდებულმა ყველა მტკიცებულება, შესაბამისად, ნ---------------–იას მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ თ---------------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: კ-------------------------------------------------------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, საკუთრივ ნ---------------–იას გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოილუსტრაციებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით;
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ნ---------------–იამ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები: სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ნ---------------–იამ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ ცნო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ბრალდებული პირველადაა სამართალში. კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი(6 წლის და 11 წლის) და აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახს გამოტანილი აქვს ბანკიდან სესხი და სესხის მომსახურების სახით ყოველთვიურად უწევს 365 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა 2030 წლამდე.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დანაშაული ჩადენილია დანის გამოყენებით და საქართველოს შეიარაღებული ძალებში მსახურობის დროს უცხო სახელმწიფოში სამშვიდობო მისიაში ყოფნისას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ნ---------------–იას მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული (ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაოები, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა ვადით ვადით 2 წლამდე) ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული ზომით დანიშვნით.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველად სამართალში მყოფი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი სრულად აღიარებს ბრალად შერაცხულ დანაშაულს და ნ---------------–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში, შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---------------–ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით(დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2. ნ---------------–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (სოფიო გოგლიჩიძეს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარი.
3. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ---------------–იას დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
5.1. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ამერიკული მხარის მიერ, დალუქულ მდგომარეობაში გადმოცემული, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიმუშები, რომელიც კვლევისათვის გადაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5.2 გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოპოვებული და ასევე ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული თ---------------ის სამხედრო კომუფლირებული ზემოთა ჩასაცმელი ე.წ ,,ხებე’’, შარვალი და სამხედრო ჩექმები - რაც ინახება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
5.3 გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოპოვებული და ასევე ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული კ------------------–--ის კომუფლირებული ,,ხებე’’ და შარვალი - რაც ინახება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
5.4 გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოპოვებული და ასევე ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული ნ---------------–იას კომუფლირებული ,,ხებე’’ და შარვალი - რაც ინახება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
5.5 3 ცალ CD დისკზე დატანილი შემთხვევის სურათები - რაც ინახება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოში - დარჩეს მათთან საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე