გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
190210119002817953
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-136-19

(საქმე N190210119002817953)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23 აპრილი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - ე-–--- გ------ა

წარმომადგენელი - ნ----- შ-------–---–ი

 

მოპასუხე - ხ------- ს--------ა

წარმომადგენელი - ლ-- პ---------ი

 

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის 2018 წლის 1 ივნისს დადებული შეთანხმება და მოპასუხე ხ------- ს--------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი თანხის 9 315 ლარის და 200 აშშ დოლარის (492 ლარის) ანაზღაურება.

1.2. მოპასუხეს დაეკისროს სასამართლო ხარჯები - სახელმწიფო ბაჟი - 294,21+100=394,21 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი - 50 ლარი, ასევე საამართლოს გარეშე ხარჯი - ადვოკატის მომსახურების საფასური - 1500 ლარი.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის მაისის ბოლოს მოსარჩელეს მოპასუხემ შესთავაზა მის მიერ გახსნილი სალონის 50%-იან წილში შესვლა, რომელიც აპრილის თვიდან იჯარით ჰქონდა აღებული და ამუშავებდა. მხარეთა შორის გაფორმდა 2018 წლის 1 ივნისის შეთანხმება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეები ხსნიან სალონს და დებენ 9315 ლარს და 200 აშშ დოლარს.

ე-–--- გ------ა მთელი 7 თვის მანძილზე მუდმივ რეჟიმში ითხოვდა კანონიერი, ოფიციალურად დამოწმებული სახით მეწილეობის დარეგისტრირებას, რაზეც მოპასუხე საწყის ეტაპზე თანხმობას ეუბნებოდა, ბოლოს კი უარი განუცხადა. წარმოიშვა უთანხმოება, დეკემბრის დასაწყისში ხ------- ს--------ამ განაცხადა, რომ ის გადის წილიდან, სალონი უნდა დაიკეტოს, გაიყიდოს ინვენტარი და მეიჯარეც აღნიშნულზე ინფორმირებულია.

მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული შეთანხმების , როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობას და თანხის დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - ხ------- ს--------ამ, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოპასუხეს ხ------- ს--------ას სალონის ფართი იჯარით ჰქონდა აღებული 2018 წლის 21 აპრილიდან 2019 წლის 21 აპრილამდე, იჯარის თანხა კი შეადგენდა 400 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 21 აპრილის იჯარის ხელშეკრულება (დანართი #2).

 

3.1.2. მოსარჩელე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და სალონის ფუნქციონირებისათვის სხვა ხარჯებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ამონაწერი (დანართი #3)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა შორის 2018 წლის 1 ივნისს შედგენილი შეთანხმების შინაარსის მიხედვით, ქ.რუსთავში, კოსტავას 14/1ა-ში, ს--------ა ხ------- და ე-–--- გ------ა ხსნიან სალონს - ,,Nail & Beauty Bar by Khadi’’ , რომელშიც დებენ 9315 ლარს და 200 აშშ დოლარს -ლარებში. ყველა საკითხი , რაც ეხება სალონს, გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას, სალონის ინვენტარი გაიყიდება და თანხა გაიყოფა ორზე. შეთანხმებას ხელს აწერს ორივე მხარე.

სასამართლო აღნიშნულ შეთანხმებას არ მიიჩნევს მოტყუებით დადებულ გარიგებად.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული შეთანხმება მოტყუებით დადებული გარიგებაა და ითხოვს რა ბათილად ცნობას, განმარტავს შემდეგს:

2018 წლის მაისის ბოლოს მოსარჩელეს მოპასუხემ შესთავაზა მის მიერ გახსნილი სალონის 50%-იან წილში შესვლა, რომელიც აპრილის თვიდან იჯარით ჰქონდა აღებული და ამუშავებდა. მოსარჩელემ სრული ნდობის გამოცხადების ფონზე, საჩქაროდ გადაწყვიტა ბიზნესის 50% წილის ყიდვა, რადგან მოპასუხე მხარე აჩქარებდა ხელშეკრულების დადებას, დაჩქარების მიზეზად კი ასახელებდა ლეიკემიის დიაგნოზს, რომლის სამკურნალოდაც სასწრაფოდ სჭირდებოდა თურქეთში გამგზავრება და მკურნალობა. ფაქტი იმისა, რომ მოსარჩელე მოტყუებულ იქნა და მხარეებმა - ე-–--- გ------ამ და ხ------- ს--------ამ დადეს სულ სხვა შინაარსის ხელწერილი, რომელიც განსხვავებული იყო მათი ზეპირი შეთანხმებისა, დასტურდება 2018 წლის 1 ივნისის შეთანხმებით, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეები ხსნიან სალონს და დებენ 9315 ლარს და 200 აშშ დოლარს. მოსარჩელე ამ შემთხვევაშიც მოტყუებულია, რადგან მოსარჩელე ყიდულობდა 50% წილს უკვე ამოქმედებულ სალონში და არ ხსნიდა, ასევე მთლიანი თანხით პირადად შედიოდა 50 % წილში, აღნიშნული ხელწერილი დაიწერა სალონში მოწმეების თანდასწრებით . მოსარჩელემ თანხა ხელზე გადასცა მოპასუხეს, რადგან გადარიცხვა არ ისურვა.

ე-–--- გ------ა მთელი 7 თვის მანძილზე მუდმივ რეჟიმში ითხოვდა კანონიერი, ოფიციალურად დამოწმებული სახით მეწილეობის დარეგისტრირებას, რაზეც მოპასუხე საწყის ეტაპზე თანხმობას ეუბნებოდა, ბოლოს კი უარი განუცხადა. წარმოიშვა უთანხმოება, მისი მხრიდან ხშირი იყო კონფლიქტები სალონში მომუშავე პერსონალთან. ხოლო მოსარჩელე ცდილობდა პერსონალის დაცვას, რაც სალონის ინტერესების დაცვის ტოლფასი იყო, რადგან მათ გარეშე სალონი ვერ იფუნქციონირებდა, სწორედ ამ დროს დაიწყო შანტაჟი ხ-------ს მხრიდან და განაცხადა რომ თურმე ინდ.მეწარმეა, იჯარის ხელშეკრულებაც მის სახელზეა და ნებისმიერ დროს შეუძლია გააგდოს სალონიდან. დეკემბრის დასაწყისში კი განაცხადა, რომ ის გადის წილიდან, სალონი უნდა დაიკეტოს, გაიყიდოს ინვენტარი და მეიჯარეც აღნიშნულზე ინფორმირებულია.

მოპასუხე რეგისტრირებული ყოფილა თურმე, როგორც ინდ.მეწრმე, რომელიც რატომღაც გააუქმა 2019 წლის 4 იანვარს და შემდეგ ახლიდან დარეგისტრირდა 15 იანვარს, დასტურდება სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებით.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ სახეზე არ არის არანაირი მოტყუება და შეთანხმებაში ასახულია ის პირობები, რაზედაც რეალურად მოილაპარაკეს მათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები წერილობითი ხელშეკრულების დადებით ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას, ვიდრე ზეპირი შეთანხმების დადებით.

 

ხ------- ს--------ას მხრიდან მოტყუება და იმგვარი ინფორმაციის მიწოდება ან დამალვა, რის გარეშეც ეს შეთანხმება არ დაიდებოდა , არ დასტურდება.

 

2018 წლის 1 ივნისის შეთანხმება არ წარმოადგენს სალონის 50% წილის შეძენის (ნასყიდობა) გარიგებას, როგორც ამას მოსარჩელე მიიჩნევს. შეთანხმების შინაარსიდან აშკარა და ნათელია, რომ მხარეებმა დადეს შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის მიზნით, მისი არსებითი პირობები ცალსახად შეცავს ერთობლივი საქიანობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, როცა ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. 2018 წლის 1 ივნისის შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შენატანებს, ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობასა და ქონების განაწილების წესს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება

- 2018 წლის 1 ივნისის ხელწერილი (დანართი #1)

- მხარის განმარტება, მოწმის ჩვენება და მეიჯარესთან ელექტრონული მიმოწერა;

 

3.2.2. მოპასუხე - ხ------- ს--------ამ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლის, რისთვისაც მოიწვია კერძო აუდიტი და მისი დასკვნის საფუძველზე მოძრავი ქონება შეფასებული 15 062 ლარად, რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტის დასკვნა;

 

3.2.3. მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა წერილი, რომლის თანახმადაც მას სურს გაწყვიტოს მოსარჩელესთან საქმიანი ურთიერთობა და ითხოვს აუდიტის მიერ შეფასებული ქონების ნახევარის - 7 531.50 ლარის და + ხარჯის 503.50 ლარის, სულ 8 035 ლარის გადახდას, დასტურდება 2019 წლის 16 იანვრის წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: .

- 2019 წლის 16 იანვრის წერილი.

-

მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც მისი მოთხოვნის საფუძვლიანობს დაადასტურებდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

შემცილებელს ეკისრება იმ ნორმის ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობის მტკიცება, რომელსაც ის თავის შეცილების უფლებას აფუძნებს. თუ მოტყუების საფუძვლით შეცილებისას, მოტყუება მეორე მხარის დუმილით არის გამოწვეული, შემცილებელმა უნდა ამტკიცოს, რომ გარიგების დადების მომენტში მისი კონტრაჰენტისათვის გასამჟღავნებელი ფაქტების შესახებ ცნობილი იყო, მეორე მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ კონკრეტულად რა მომენტში შეასრულა თავისი გამჟღავნების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გააქარწყლოს შემცილებელმა ეს მტკიცებულება. პოზიტიური ქმედებით გამოწვეული მცდარი წარმოდგენისას მეორე მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ მოგვიანებით რა ინფორმაციის მიწოდებით გააქარწყლა მან ეს თავდაპირველად შექმნილი მცდარი წარმოდგენა. მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი აწევს მოტყუებულს.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რომ სადავო შეთანხმება მოტყუებით დადებული წილის ნასყიდობის გარიგებაა, თუმც სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის თაობაზე შეთანხმებას წარმოადგენს, რომლის მოშლის უფლება მხარეს აქვს, ხოლო მოშლის შემთხვევაში თანხა უნდა გაიყოს თანაბრად, როგორც ეს შეთანხმებაშია აღნიშნული, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ე-–--- გ------ას იმ თანხის ნახევარი უნდა მიეკუთვნოს, რაც სადავო შეთანხმებაშია მითითებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 50-ე, 52-ე, 81-ე, 82-ე, 930-932-ე, 938-ე, 940-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის დანაწესის მიხედვით კი, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი განსაზღვრავს მოტყუებით დადებული გარიგების ცნებას:

1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

81-ე მუხლის მიხედვით, გარიგების საფუძვლად ქცეული მცდარი წარმოდგენა პირს ანიჭებს შეცილების უფლებას, თუ ის გამოწვეულია მისი კონტრაჰენტის მხრიდან მოტყუებით. გარიგების დადებისას მოტყუება ხელყოფს გარიგების მონაწილის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით.

იმისათვის, რათა მოტყუებულ მხარეს ჰქონდეს 81-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება, აუცილებელია, რომ მოტყუება გახდეს გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი, ანუ აშკარა იყოს, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

მოტყუებად ითვლება კონტრაჰენტის „ცდომილებაში განზრახ შეყვანა“. განზრახვა, მიიჩნევა მოტყუების აუცილებელ წინაპირობად და შეუძლებელია შეცდომით მოტყუების შესაძლებლობა.

მოტყუება შესაძლებელია, როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით . ორივე მიზნად უნდა ისახავდეს მეორე მხარისათვის მცდარი წარმოდგენის შექმნას, მის გამყარებას, ან უკვე შექმნილი წარმოდგენის უბრალოდ არ გაქარწყლებას.

მოტყუების ობიექტური შემადგენლობის გარდა 81-ე მუხლის წინაპირობების შესრულებისათვის სუბიექტურ დონეზე აუცილებელია მომტყუებლის შეგნებული გადაწყვეტილება, ე. წ. „მოტყუების განზრახვა“. მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობით, ან სწორი ცნობის დამალვით, კონტრაჰენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას, ან ამყარებს უკვე შექმნილ წარმოდგენას და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მეორე მხარის ნების გამოხატვას. გარდა ამისა აუცილებელია ამ არასწორ წარმოდგენასა და გარიგების დადებას შორის კაუზალური ბმის გაცნობიერება, რაც იკითხება ფორმულირებიდან – „გარიგების დადების მიზნით მოტყუება“. მოტყუების განზრახვა უნდა არსებობდეს უკვე გარიგების დადების მომენტში.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ე-–--- გ------ასა და ხ------- ს--------ას შორის 2018 წლის 1 ივნისს დადებული შეთანხმება სალონის 50% წილის ნასყიდობის მოტყუებით დადებული გარიგებაა, შინაარსისა და არსებითი პირობების მიხედვით აღნიშნული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებას წარმოადგენს.

 

სამოქალქო კოდექსის 930-ე მუხლი განმარტავს ერთობლივი საქმიანობის დეფინიციას : ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად, ხოლო 931-ე მუხლი განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფორმას: ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდს სხვა რეკვიზიტებთან ერთად ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.

 

ამავე კოდექსის 932 -ე მუხლი მიუთითებს , რომ მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.

 

ზემოაღნიშნული კოდექსის მუხლი 938-ე მუხლი ითვალისწინებს უარის შესაძლებლობას ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე : თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე, ხოლო 939-ე მუხლი აწესებს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს, მათ შორისა - ხელშეკრულების მოშლა.

 

სამოქალაქო კოდექსის 940-ე მუხლი ადგენს შეწყვეტის წესს. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად.

 

ხ------- ს--------ამ, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარემ , გამოიყენა უფლება ხელშეკრულების მოშლის, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესების და ასევე 2018 წლის 1 ივნისს შეთანხმების თანახმად კი ის შენატანები, რაც ამ ხელშეკრულებაშია მითითებული, უნდა გაიყოს თანაბრად. ვინაიდან მოსარჩელე არ ეთანხმებოდა აუდიტის დასკვნას ქონების შეფასების თაობაზე და არც მოთხოვნას არ აყენებდა სალონის საქმიანობის დროს ერთად შეძენილი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გაყოფაზე, ამიტომ სასამართლომ იმსჯელა შეთანხმებაში მითითებული თანხის ოდენობით, მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს ამ თანხის ნახევარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის და 394,21 ლარი სასარჩელო მოთხოვნებისათვის, ასევე იურიდიული მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 1500 ლარის ოდენობით.

 

ხ------- ს--------ას ე-–--- გ------ას სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (147.10+100+50 = 297.10) 297.10 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ხ------- ს--------ას ასევე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების საფასურის 196.14 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ე-–--- გ------ას სარჩელი მოპასუხე ხ------- ს--------ას მიმართ 2018 წლის 1 ივნისს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის 2018 წლის 1 ივნისს დადებული შეთანხმება.

 

3. ხ------- ს--------ას ე-–--- გ------ას სასარგებლოდ დაეკისროს 4 657.5 ლარისა და 100 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა.

 

4. ხ------- ს--------ას ე-–--- გ------ას სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (147.10+100+50 = 297.10) 297.10 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ხ------- ს--------ას ასევე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების საფასურის 196.14 ლარის ანაზღაურება.

 

5. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა მოპასუხე ხ------- ს--------ას სილამაზის სალონის - ,,Nail & Beauty Bar by Khadi’’ (მდებარე - ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ N14) ბალანსზე რიცხულ ძირითად საშუალებებზე და ინვენტარზე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი