გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2884-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - კ------- ტ------ე;
წარმომადგენელი - ხ----- კ----ე;
მოპასუხე - თ----- შ-----–--;
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა
1.1. შემცირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, კ------- ტ------ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს კ------- ტ------ეს, თავისი არასრულწლოვანი შვილის - მ---- ტ------ის (დაბადებული - 2010 წლის 17 დეკემბერს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 70 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მას დაეკისრა მისი არასრულწლოვანი შვილის - მ---- ტ------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. განმარტავს, რომ მას დღეის მდგომარეობით არ გააჩნია სამუშაო ადგილი და მისი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტს იხდის და დამატებითაც ზრუნავს შვილზე, ხშირად ბავშვი იმყოფება მამასთან. ის ზრუნავს შვილის აღზრდა-განვითარებაზე და ეკონომიურადაც უზრუნველყოფს მას ალიმენტით დაკისრებული თანხის გარდა სხვა თანხით. ასევე განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით ყავს მეორე ოჯახი, იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ს------- პ------–---- და ყავს ორი საერთო შვილი მასთან. თუ ის მის არასრულწლოვან შვილს - მ---- ტ------ეს გადაუხდის ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით ალიმენტს, ვეღარ შეძლებს მეორე ოჯახის რჩენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ----- შ-----–--მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის ოჯახს ნამდვილად აქვს იმდენი შემოსავალი, რომ გადაიხადოს ალიმენტის დაკისრებული ოდენობა. მათი შვილი მ---- ტ------ე არის პირველ კლასში, მას ყოველთვიურად ესაჭიროება თანხა არა მარტო კვებისთვის, არამედ სწავლა-განათლებისთვისაც. იგი დადის სიმღერასა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლში. მას ყოველთვიურად გაცილებით მეტი თანხა ჭირდება, ვიდრე 150 ლარია. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მოითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. კ------- ტ------ეს და თ----- შ-----–--ს თანაცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 17 დეკემბერს შეეძინათ შვილი - მ---- ტ------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება ; (სასამართლო სხდომის ოქმი)
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება; (სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. კ------- ტ------ე და თ----- შ-----–-- არიან განქორწინებულები, ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი მ---- ტ------ე ცხოვრობს დედასთან, თ----- შ-----–--სთან ერთად. მ---- ტ------ე ხშირად რჩება მამასთან კ------- ტ------ესთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება ; (სასამართლო სხდომის ოქმი)
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება; (სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.3. კ------- ტ------ეს ყავს მეორე ოჯახი და იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ს------- პ------–----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა. აქტის ჩანაწერი 6---------- (ს.ფ. 18).
3.1.4. კ------- ტ------ეს და ს------- პირველს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - კ----- ტ------ე (დაბ. 16.02.2017 წ.) და ა-–---------- ტ------ე (დაბ. 04.06.2018 წ.).
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17).
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 60).
3.1.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით, მოპასუხე კ------- ტ------ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის - მ---- ტ------ის (დაბ. 2010 წლის 17 დეკემბერს) სარჩოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2014 წლის 01 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-16).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კ------- ტ------ის განმარტებით, შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეთათვის სადავო არ არის. სადავოა კონკრეტული საკითხი, შეუმცირდეს თუ არა მოსარჩელეს მასზე დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, რაც სამართლებრივი შეფასების კატეგორიისაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა წარმოადგენს მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა, მას ჰყავს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი მეორე ქორწინებაში და იმისათვის, რომ შეძლოს სამივე ბავშვის ნორმალური რჩენა, ამისთვის საჭიროა ალიმენტის ოდენობის შემცირება.
დადგენილია, რომ კ------- ტ------ეს და თ----- შ-----–--ს თანაცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 17 დეკემბერს შეეძინათ შვილი, მ---- ტ------ე. მხარეები არ ცხოვრებენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი მ---- ტ------ე ცხოვრობს დედასთან, თ----- შ-----–--სთან ერთად და ის ხშირად რჩება მამასთან, კ------- ტ------ესთან. კ------- ტ------ე იმყოფება მეორე ქორწინებაში ს------- პ------–---- და მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2017 წლის 16 თებერვალს დაბადებული კ----- ტ------ე და 2018 წლის 04 ივნისს დაბადებული ა-–---------- ტ------ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ------- ტ------ეს არასრულწლოვანი შვილის - 2010 წლის 17 დეკემბერს დაბადებული მ---- ტ------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით - 2014 წლის 01 მაისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელე კ------- ტ------ე ზრუნავს თავის არასრულწლოვანი შვილზე - მ---- ტ------ეზე.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, დღეის მდგომარეობით მას აღარ გააჩნია სამსახური, რის გამოც გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა. ასევე მას მეორე ქორწინებაში შეეძინა ორი შვილი, რომლებსაც ასევე ესაჭიროებათ ზრუნვა და მატერიალური მხარდაჭერა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოცემულ ეტაპზე მას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ყოველთვიურად არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს, არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ალიმენტის ოდენობის შეცვლას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. მოსარჩელე კ------- ტ------ე ქორწინებაშია სხვა პირთან. მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულება, რაც მის კმაყოფაზე სხვა პირების არსებობის ფაქტს ადასტურებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კ------- ტ------ეს სხვა არასრულწლოვანი შვილებიც ჰყავს. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე კ------- ტ------ეს არასრულწლოვანი მ---- ტ------ის გარდა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება კანონით აქვს დადგენილი, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების - კ----- და ა-–---------- ტ------ეების.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არ დადასტურდა მოცემულ ეტაპზე, მოსარჩელე მხარის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების და თვითდასაქმების შესაძლებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, არასრულწლოვანი შვილი უზრუნველყონ სულ მცირე, სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმაზეც, რომ სარჩენი პირის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამასთან, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. თუმცა, ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას და მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი მ---- ტ------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად უნდა განისაზღვროს 130 (ასოცდაათი) ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირება უნდა მოხდეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად 7,2 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ------- ტ------ის სარჩელი თ----- შ-----–--ს მიმართ, ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოსარჩელე კ------- ტ------ეს არასრულწლოვანი შვილის - მ---- ტ------ის (დაბადებული 2010 წლის 17 დეკემბერს) სასარგებლოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი, 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, შეუმცირდეს 20 (ოცი) ლარით და არასრულწლოვანი შვილის - მ---- ტ------ის (დაბადებული 2010 წლის 17 დეკემბერს) სასარგებლოდ დაეკისროს, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 10 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე თ----- შ-----–--ს, მოსარჩელე კ------- ტ------ის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 7,2 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა