განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/9---19
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - გ-------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი------------–--ე
ბრალდებული - ფ------- გ----------ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ-------------------------–-----–-–ო-ში.
თარჯიმანი - ფ------------------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
დისპოზიცია: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1. საქართველოს მოქალაქე ფ------- გ----------მა, რომელიც იმყოფებოდა ა------------ში, 2--- წლის ზაფხულში, ზუსტი დრო დაუდგენელია, უკანონოდ გადმოკვეთა გ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ---------ის მიმდებარედ გამავალი საქართველო-ა------------ის სახელმწიფო საზღვარი და გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდებულმა ფ------- გ----------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაადასტურა 2--- წლის ზაფხულს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტი. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, წინასასამართლო სხდომაზე, მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
2.2 ფ------- გ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ბ----------------–----ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ, ფ------- გ----------ის საზღვრის კვეთის მონაცემებით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ფ------- გ----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, აღნიშნული დანაშაულის ობიექტია ჩვენს სახლმწიფოში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. მისი ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში, მისი მხრიდან ქმედება შეიძლება განხორციელდეს საზღვრის - ფეხით, ცურვით, საჰაერო ხომალდით სატრანსპორტო საშუალებით და სხვა საშუალებით უკანონოდ გადაკვეთაში, ან უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომენტიდან, ან თუ მან ვერ მოახერხა საზღვრის გადაკვეთა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მაგალითად დაკავებული იქნა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ. ამ შემთხვევაში დამნაშავის ქმედება დაკვალიფიცირდება - სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობად. დამნაშავე აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მომენტში პირდაპირი განზრახვით მოქმედებს, მოცემულ შემთხვევაში მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ სასჯელის შეფარდებისას იგი გათვალისწინებულ იქნება.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ფ------- გ----------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ფ------- გ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას.
6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ფ------- გ----------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ------- გ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
ფ------- გ----------ისგან ამოღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც ინახება შ---------------------–-–-----------------–----–-–------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე