გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210118002763296
№2-1362-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.03.2018 წ. ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი: მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე:შპს გ-------–---
მოსარჩელის წარმომადგენელი: კ--------–-–--–-
მოპასუხე: შპს დ-------------
წარმომადგენელი: და--------------–---
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე-შპს დ----------ფს შპს გ-------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს- 38444.33 ლარის გადახდა. აქედან საქონლის ღირებულებიდან გადაუხდელი თანხა არის-9324 ლარი.
მოსარჩელე შპს გ-------–---ს წარმომადგენლის კ--------–-–---–-ს განმარტებით შპს გ-------–--- საკუთრებაში გააჩნია ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი და ბეტონის დამამზადებელი საწარმო, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მ-----–-- ხსენებული საწარმოდან მოსარჩელე მხარემ მოპასუხე მხარეს 2018 წლის სექტემბრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით მიაწოდა- 55790 ლარის ღირებულების მზა ბეტონი. მიწოდებული ბეტონის საფასურს მოპასუხე იხდიდა ნაწილ-ნაწილ, სულ განახორციელა სამი გადახდა-10000 ლარი, 12.10.2018წ. 5000 ლარი 8.11.2018წ. და 11669.67 ლარი 11.11.2018 წ. ცემენტის სახით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა- 26669.67 ლარი და გადასახდელ აქვს 29120 ლარი და 33 თეთრი. საქონლის ღირებულების გადახდა შეთანხმებისამებრ უნდა განხორციელებულიყო ანგარიშფაქტურის მიწოდებისთანავე.
კ--------–-–---–-ს განმარტებით შპს გ-------–--- წარმოადგენს მოგების მიღების მიზნით შექმნილ მეწარმე სუბიექტს. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გაყიდული საქონელი დიდ წილად შეიცავს ორგანიზაციის სახსრებით შეძენილ კაპიტალდაბანდებას, შესაბამისად, ორგანიზაციამ საქონლის დამზადებისათის გაიღო მნიშვნელოვანი ხარჯები. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო ორგანიზაციას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან სამოქალაქო ბრუნვაში ვერ უშვებენ ორგანიზაციის კუთვნილ სახსრებს კვლავწარმოებისათვის და ვერ ასრულებს ორგანიზაცია მესამე პირების წინაშე არსებულ ვალდებულბებეს, რის გამოც ორგანიზაციას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი-9324 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებასაც ასევე ითხოვს მხარე.
მიუხედავად მათი არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხე მხარე დღემდე არ იხდის დავალიანების თანხას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე- შპს დ-------------ს წარმომადგენლის და--------------–-ძის განმარტებით მათ მიერ ნამდვილად იქნა წაღებული 55 790 ლარის ღირებულების მზა ბეტონი შპს გ-------–---დან, მაგრამ ასევე განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანახმად გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის გასვლის შემდეგ 5-დან 10 რიცხვამდე, რადგან დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების წარდგენის თარიღი იყო 2 რიცხვი, ამიტომ პირველი თვე გადახდილ იქნა მატებით, მეორე თვე გადაიხადეს მცირე დანაკლისით, რომელიც შემდეგ თითქმის შევსუებულ იქნა, მესამე თვე არ იყო დასრულებული, თანხა რომ გადაეხადათ და მოსარჩელემ შეუწყვიტა ბეტონის მიწოდება თავისი მანქანებით, ხოლო მალევე საერთოდ შეუწყვიტეს ბეტონის მიწოდება, რამაც მის ორგანიზაციას მიაყენა ზიანი.
და--------------–-ძის განმარტებით მისმა ორგანიზაციამ მოსარჩელე ორგანიზაციას- 11669.67 ლარის ღირებულების ცემენტიც გადასცა და ასევე იგივე თანხაც გაისტუმრა ფულადი სახით. მიიჩნევს, რომ გადასახდელი აქვს მოთხოვნილი თანხა 11669.67 ლარის გამოკლებით. ასევე თვლის რომ ზიანის თანხაც არ უნდა დაეკისროს მის ორგანიზაციას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საქმეშია საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
სასამართლ ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ.16-20 ).
3.2.2. საქმეშია ანგარიშის ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ცემენტის საფასურმა შეადგინა 11.669.67 ლარი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გაქვითულ იქ.
სასამართლ ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ანგარიშის ბარათი (ს.ფ.21).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს გ-------–---ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სკ-ის 50-ე, 319-ე, 317-ე, 316-ე, 361-ე, 394-ე, 412-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილა უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც დადგენილია შპს გ-------–---ს წარმომადგენელმა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 13 დეკემბერს.
6.2. საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ..
6.3. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
6.4. 317-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. როგორვ დადგენილია მხარეტა შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება ბეტონის მიწოდებაზე.
6.5. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილა მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება...
კანონის მითითებული ნორმის არსიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულება შესრულებაშია. შესრულების ვალდებულება მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს არა მარტო მოსარჩელის ვალდებულებას, დროულად შეასრულოს თავის მიერ ნაკისრი სამუშაო, არამედ- მოპასუხის ვალდებულებასაც დროულად აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
6.6. 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ-შპს გ-------–---ა მოპასუხე ორგანიზაციას-შპს დ----------ფს მიაწოდა- 55790 ლარის ღირებულების მზა ბეტონი. აღნიშნული ბეტონის საფასური მოპასუხემ გადაიხა ნაწილობრივ. თანხის სახით გადაიხადა 15000 ლარი, ხოლო 11669.67 ლარის ღირებულების ცემენტი მიაწოდა მოსარჩელე ორგანიზაციას. სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის-და--------------–-ძის განმარტებას, რომ 11669.67 ლარი ფულადი სახითაც გადაუხადა მოსარჩელე ორგანიზაციას, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
შესაბამისად მოსარჩელე ორგანიზაციის-შპს გ-------–---ს მოთხოვნა მოპასუხე ორგანიზაციისათვის-შპს დ-------------სათვის 29120.33 ლარის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მეორე მოთხოვნას-ზიანის დაკისრების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს სხვადასხვა სახის ზიანის ინსტიტუტს, მათ შორის რეალურ ზიანსა და მიუღებელ შემოსავალს. ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი წარმოადგენს დადებით, ანუ მატერიალიზებულ ზიანს, რაც ხელყოფის, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგია.
6.7. საქართველოს სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული, მათ შორის არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამასთან ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ამ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
6.8.როგორც უკვე განიმარტა, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედებით მიადგა მოსარჩელე ორგანიზაციას ზიანი და შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.
მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სრულად ვერ დაასაბუთა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და შესაბამისად მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
როგორც დადგენილია სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს დ----------ფს შპს გ-------–---ს სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახ. ბაჟის თანხა დაკმაყოფილი ნაწილის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს გ-------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს შპს დ----------ფ შპს გ-------–---ს სასარგებლოდ- 29120.33 ლარის გადახდა.
1.2 ზიანის თანხის-9324 ლარის დაკისრების ნაწილში უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
2.სახ. ბაჟის თანხა- 873.60 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი-50 ლარი გადახდეს შპს დ----------ფს შპს გ-------–---ს სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინა კიკნაძე