გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
330210018002665611
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ჯ----"

წარმომადგენელი - ნ------------–-

 

მოპასუხე - შპს ,,კ----------------ა",წარმომადგენლები - მ--------–---–--------------------

 

მოპასუხე - ტ------------------------ი

წარმომადგენელი - დ-----------------

 

დავის საგანი - მოძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „კ----------------ა“-სათვის 2017 წლის 19 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად იჯარის თანხის - 900 ლარის შპს „ჯ----“-ის სასარგებლოდ დაკისრება;

1.2. მოპასუხე შპს „კ----------------ა“-სათვის მოძრავი ქონების იჯარის თანხის - 319,35 ლარის შპს „ჯ----“-ის სასარგებლოდ დაკისრება;

1.3. მოპასუხე ტ------------------------ის უკანონო მფლობელობიდან შემდეგი საიჯარო ქონების გამოთხოვა:

· ხარაჩო - 180 მ2;

· 149 ერთეული დგარი 3 მ-იანი;

· 51 ერთეული დგარი 2 მ-იანი;

· 41 ერთეული დგარი 1 მ-იანი;

· 556 ერთეული 1.45 მ-იანი გამკრავი;

· 240 ერთეული 0.95 მ-იანი გამკრავი;

· 113 ერთეული ხრახნიანი ფეხი;

· 100 ერთეული კოჭის დამჭერი ყვავილი;

· 111 ერთეული დგარის გადასაბმელი გილზი

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე შპს კ----------------ას გადაეცა სამშენებლო ხარაჩოები, დგარები და სხვა მასალა, ხოლო მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა იჯარის თანხა, თვეში 900 ლარი. მოპასუხეს იჯარის თანხა 2017 წლის 19 აგვისტოდან არ აუნაზღაურებია.

 

საიჯარო ქონება დღეისათვის ტ------------------------ის უკანონო მფლობელობაში იმყოფება, რომელიც უარს აცხადებს მათ დაბრუნებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ტ-----------------------მა არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ მისთვის უცნობია შპს „ჯ----“-სა და შპს „კ----------------ა“-ს შორის არსებული საიჯარო ურთიერთობის შესახებ. მას, მშენებლობასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „კ----------------ა“-სთან, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სასამართლო დავა.

 

ტ-----------------------ის კუთვნილ სამშენებლო ტერიტორიაზე მართლაც არის შპს „კ----------------ა“-ს მიერ შემოტანილი გარკვეული სამშენებლო ტექნიკა, თუმცა რამდენად არის ზუსტად ის ნივთები, რაც სარჩელშია მითითებული, უცნობია. ასევე შეუძლებელია მოხდეს მათი იდენტიფიცირება. ამდენად, მოსარჩელე ვერ მოითხოვს მისგან ისეთი ნივთების დაბრუნებას, რაც მას არ გადაუცია.

 

2.2. შპს „კ----------------ა“-მ სარჩელი ნაწილობრივ, მხოლოდ 319,35 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ჯ----“-სა და შპს „კ----------------ა“-ს შორის 2017 წლის აგვისტოს თვიდან არსებობს საიჯარო ურთიერთობა, რომლის საფუძველზე შპს „კ----------------ას“ იჯარით გადაეცა შემდეგი სამშენებლო აღჭურვილობა:

 

· ხარაჩო 180 მ2;

· 149 ერთეული დგარი 3მ-იანი;

· 51 ერთეული დგარი 2მ-იანი;

· 41 ერთეული დგარი 1მ-იანი;

· 556 ერთეული 1.45მ-იანი გამკრავი;

· 240 ერთეული 0,95 მ-იანი გამკრავი;

· 113 ერთეული ხრახნიანი ფეხი;

· 100 ერთეული კოჭის დამწერი ყვავილი;

· 111 ერთეული დგარის გადასაბმელი გილზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- მიღება-ჩაბარების აქტი;

- წერილები.

 

3.1.2. მოპასუხეებს შპს „კ----------------ა“-სა და ტ------------------------ს შორის არსებობს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შპს „კ----------------ა“-ს დაბა წავკისში, ტ------------------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა, რომლის უზრუნველსაყოფად ამ ტერიტორიაზე შეიტანა სხვადასხვა სამშენებლო აღჭურვილობა.

 

აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის მიმდინარეობს სხვა სასარჩელო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „კ----------------ა“-ს განმარტებას, რომ იჯარის თანხა მხოლოდ 319,35 ლარს შეადგენს. ამავდროულად, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება საიჯარო ქირის სახით თვეში 900 ლარის გადახდის თაობაზე.

 

მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 31 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია ქირის თანხა, რაც 319,35 ლარს შეადგენს. ასევე 2018 წლის 23 ივლისის წერილით შპს „ჯ----“ მისგან მხოლოდ 319,35 ლარის ანაზღაურებას ითხოვს. წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ჯ----“-ს მიმართ დავალიანება 2018 წლის 23 ივლისის მდგომარეობით 319,35 ლარს. შეადგენს.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის ამ განმარტებას - ამავე მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 319,35 ლარის საიჯარო ქირის გადახდაზე მხარეები თანხმდებიან იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 19 აგვისტოს, საიჯარო ქონებით აგვისტოს თვეში არასრული სარგებლობის გამო მოიჯარე 319,35 ლარს გადაიხდის. რაც შეეხება 2018 წლის 23 ივლისის გაფრთხილების წერილს, მოსარჩელემ აღნიშნულ რიცხვში შპს „კ----------------ა“-ს ორი წერილი გაუგზავნა, ერთი ეხება 319,35 ლარის ანაზღაურებას, ხოლო მეორე წერილით მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის 28 ივლისამდე დაგროვილი საიჯარო დავალიანების 10227,42 ლარის ანაზღაურებას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული დავალიანება დაანგარიშებულია თვეში გადასახდელი 900 ლარის გათვალისწინებით. იმავეს ადასტურებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სადაც ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 900 ლარს, ხოლო პირველი თვის საიჯარო ქირა 377,42 ლარს.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ არის შპს „კ----------------ა“-ს მიერ დადასტურებული, მოპასუხის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, უარყოფილი მხოლოდ 2017 წლის 11 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურაა 377,42 ლარზე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქმის მასალები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტი, გაფრთხილების წერილები, ასევე თავად შპს „კ----------------ას“ 2018 წლის 9 ივლისის პასუხი) მიუთითებს, რომ შპს „ჯ----“-სა და შპს „კ----------------ა“-ს შორის იჯარის ხელშეკრულება ერთი თვით არ დადებულა, დაიდო საიჯარო ქონების სარგებლობის ვადით და მოიჯარის ეკისრებოდა ყოველთვიური სარგებლობისთვის საიჯარო ქირის გადახდა (შპს „კ----------------ა“ 09.07.2018 წლის პასუხით ადასტურებს, რომ დროებითი სარგებლობის ფორმით დაქირავებული ტექნიკისა და მოწყობილობების ყოველთვიური სარგებლობის გადასახადის გადახდა უწევთ და ტ------------------------ის ქმედების გამო იძულებულები არიან დამატებით იკისრონ საიჯარო ქონების სარგებლობის საფასური, რომელთა ჯამური ოდენობა ყოველთვიურად მატულობს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად

სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

3.2.2. შპს „ჯ----“-ს მიერ შპს „კ----------------ა“-სთვის იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ხარაჩო და თავისი აღჭურვილობა იმყოფება ტ-----------------------ის მფლობელობაში და მისი მხრიდან ადგილი აქვს ამ ნივთებით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობას.

 

დადგენილია, რომ შპს „კ----------------ა“-სა და ტ-----------------------ს შორის არსებობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ნარდობის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა ტ-----------------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შპს „კ----------------ა“-მა მათ შორის მოსარჩელესთან დადო სამშენებლო აღჭურვილობის იჯარის ხელშეკრულება. ტ-----------------------ი არ უარყოფს, რომ მის ტერიტორიაზე შპს „კ----------------ა“-ს მიერ მოხდა გარკვეული სამშენებლო აღჭურვილობის განთავსება, თუმცა უარს აცხადებს მათ დაბრუნებაზე, მოპასუხესთან არსებული დავიდან გამომდინარე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, აღნიშნული საფუძვლით მოძრავი ნივთების დაკავებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის წინაპირობები, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად. ასევე არც ნარდობის ხელშეკრულება ანიჭებს შემკვეთს გირავნობის უფლებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ჯ----“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. შპს „კ----------------ა“-სთვის იჯარის თანხის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

დადგენილია, რომ შპს „ჯ----“-სა და შპს „კ----------------ა“-ს შორის არსებობდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობა, სადაც სადავო არ არის მოპასუხის (მოიჯარის) მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.

 

იჯარის ხელშეკრულება 2017 წლის 19 აგვისტოს გაფორმდა და აგვისტოს თვეში სამშენებლო დგარების-აღჭურვილობის არასრული სარგებლობისთვის მხარეებმა ამ თვის საიჯარო ქირა განსაზღვრეს 319,35 ლარით, ხოლო ზოგადად თვეში გადასახდელი საიჯარო ქირა - 900 ლარით. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან შპს „კ----------------ამ“ არ დაადასტურა მხოლოდ 2017 წლის აგვისტოს ანგარიშ-ფაქტურა, სადაც საიჯარო მომსახურების საფასური 377,42 ლარი არის მითითებულია, მაშინ როდესაც, მიღება-ჩაბარების აქტით მხარეები თანხმდებიან აგვისტოს თვეში 319,35 ლარის ქირის გადახდის პირობაზე. ამდენად, საიჯარო ქირის სახით 900 ლარის გადახდა შპს „კ----------------ა“-ს უნდა დაეკისროს არა 2017 წლის 19 აგვისტოდან, არამედ 2017 წლის 1 სექტემბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამავე დროს, შპს „კ----------------ა“-ს უნდა დაეკისროს მიღება-ჩაბარების აქტით შეთანხმებული აგვისტოს თვის იჯარის თანხის 319,35 ლარის გადახდა, რა ნაწილშიც მოპასუხე ცნობს სარჩელს.

 

5.2. მოპასუხე ტ------------------------ის უკანონო მფლობელობიდან საიჯარო ქონების გამოთხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

დადგენილია, რომ შპს „ჯ----“-ს კუთვნილი საიჯარო ქონება არის მოპასუხე ტ-----------------------ის მფლობელობაში, ისე, რომ მას ამ ნივთებით ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამდენად, მოთხოვნა საფუძვლიანია, და ტ-----------------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს დასახელებული მოძრავი ნივთები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ჯამში 1350 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „კ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-14 მუხლის საფუძველზე პირველ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 972 ლარს, მე-2 სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - 9,58 ლარს, ხოლო მე-3 სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - 60 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 308,42 ლარი და მოპასუხის მიერ ცნობილი თანხის 319.35 ლარის წილი სახ, ბაჟი 9.58 ლარი, სულ 318 (308,42+9,58) ლარი. ხოლო დარჩენილი თანხიდან შპს „კ----------------ა“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 972 ლარის და ტ------------------------ს - 60 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ 2010,72 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 1311 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს "ჯ----" - ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,კ----------------ა"-ს შპს ,,ჯ----"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით 2017 წლის 01 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

3. შპს ,,კ----------------ა"-ს შპს ,,ჯ----"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა 319.35 ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხე ტ------------------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას მოსარჩელე შპს ,,ჯ----"-ს საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ქონება:

· ხარაჩო - 180 მ2;

· 149 ერთეული დგარი 3 მ-იანი;

· 51 ერთეული დგარი 2 მ-იანი;

· 41 ერთეული დგარი 1 მ-იანი;

· 556 ერთეული 1.45 მ-იანი გამკრავი;

· 240 ერთეული 0.95 მ-იანი გამკრავი;

· 113 ერთეული ხრახნიანი ფეხი;

· 100 ერთეული კოჭის დამჭერი ყვავილი;

· 111 ერთეული დგარის გადასაბმელი გილზი

 

და თავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე შპს ,,ჯ----"-ს;

 

5. შპს ,,კ----------------ა"-ს შპს ,,ჯ----"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 972 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

6. ტ------------------------ი შპს ,,ჯ----"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 60 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

7. შპს ,,ჯ----"-ს (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 04.10.2018წ. N1 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (360 ლარიდან) – 318 ლარი (308.42+9.58), (გადამხდელი შპს ,,ჯ----", (ს.კ. 2--------), გადამხდელის ბანკი - სს ,,ბაზის ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა, ბანკის კოდი - TBCBGE22);

 

8. შპს ,,კ----------------ა"-ს და ტ------------------------ის შპს ,,ჯ----"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 1311 ლარის გადახდა;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე